როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 სექტემბრის 21 საათიდან 17 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 18 სექტემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 19 სექტემბერს კი – დროგამოშვებით წვიმა.

321 კოვიდპაციენტი კლინიკებში და 158 კოვიდსასტუმროში – ბათუმი დღეს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, დღეისათვის ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 კოვიდინფიცირებული პირი გადაყვანილია კოვიდსასტუმროში.

სასტუმროში გადაყვანილი პირების შემთხვევაში დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ, თუმცა ამ ადამიანებს იზოლირება აუცილებელია, ვირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

ნონა ეფაძის თმით, ინფიცირებულია მედპერსონალიც, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რამდენი პირია ჯანდაცვის სფეროდან ინფიცირებული.

ერთ-ერთი ბოლო ინფორმაციით, ინფიცირებულია კლინიკა „მედცენტრის“ პერსონალი – 4 პირი. როგორც ამ კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია და არც ერთი სხვა დადასტურება არ ყოფილა. „კლინიკაში ვირუსი იყო შემოტანილი გარედან, ეს პირები გადიან მკურნალობის კურსს, მათი გარემოცვა თვითიზოლაციაშია. კლინიკის თანამშრომლებს ორი დღის წინ დაუდასტურდათ ვირუსი. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას“, – გვითხრეს კლინიკაში.

ნონა ეფაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კოვიდის მართვაში ისევ 6 კლინიკაა ჩართული და „მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა მატება მოსალოდნელია, დღესდღეობით არსებობს სარეზერვო საწოლები“.

წუხელ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღეის მონაცემებით ბათუმში ინფიცირებულია 9 ორსული. ინფიცირებულები არიან ბავშვები, პედაგოგები, პოლიციელები, მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლები…

___

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა

16 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-ზე მეტი PCR ტესტი.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 479 პაციენტი, აქედან 321 სამედიცინო დაწესებულებებში, 158 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობაზე.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

______________

ამავე თემაზე: 

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2758  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

სახელმწიფოს მიერ შექმნილი ვებგვერდის, stopcov.ge-ს მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 31-ით გაიზარდა და ამჟამად 1412-ია.

ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

პანდემია გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს – ამირან გამყრელიძე

„პანდემიაა მსოფლიოში, რომელიც საუკუნეში ერთხელ არის ხოლმე, რომელმაც უკვე მილიონამდე ადამიანი შეიწირა, 29 მილიონი ადამიანი დააინფიცირა, პროგნოზი კიდევ არ არის სახარბიელო“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში. მისი თქმით, სერიოზული გამოწვევა იქნება ნოემბერი:

„პანდემია ჯერჯერობით გრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს იღებს, ვერ ჩერდება, ერთადერთი – შემსუბუქდა ოდნავ. ჩვენ არ ვიცით, ნოემბერში, როდესაც გრიპის სეზონი დაიწყება, ზედდება რა მასშტაბის იქნება. უნდა შევძლოთ [გამკლავება], ეს სერიოზული გამოწვევაა ნებისმიერი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

14 სექტემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ის მაჩვენებლის მატებისთვის.

„სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, –  განაცხადა მან.  კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია.

აჭარაში კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს სახლში უმკურნალებენ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მსუბუქ შემთხვევებს საკარანტინო სივრცეების გარდა, ბინაზეც, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ჩართულობით უმკურნალებენ.

„დაიწყო თბილისში და განსაკუთრებით აჭარაში მსუბუქი შემთხვევების საკარანტინო სივრცეებში მართვა. ჯერ ჰოსპიტალში რამდენიმე დღე სრული გამოკვლევა და შემდეგ მე-3, მე-4 დღიდან საკარანტინო სივრცეში მართვა. ასევე აჭარაში მალე დაიწყება უკვე სახლში ანუ ბინაზე მართვა პირველადი ჯანდაცვის ექიმების მიერ, ეს ეხება მხოლოდ მსუბუქ შემთხვევებს“, – განაცხადა ამირამ გამყრელიძე „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.

პირველი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 414 პაციენტი, აქედან 285 – სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ, პაციენტებს იღებს ექვსი კლინიკა.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე 6 მძღოლი დააჯარიმეს [ფოტო]

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 6 მძღოლი დაჯარიმდა, 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის და 4 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე პარკირებისთვის.

ფოტოები გადაღებულია ბოლო ორი დღის განმავლობაში.

„კონსერვატორების“ კანდიდატი ბათუმში „ოცნების“ ფრაქციის უფროსია -„სატელიტები არ ვართ“

„კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, დღეს, 15 სექტემბერს, ნატალია ძიძიგური დაასახელა. ნატალია ძიძიგური ამ დრომდე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარეა.

გასული წლის ნოემბერში „კონსერვატორებმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს და „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ. ამჯერად „კონსერვატიული პარტია“ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობს და შვიდ მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატი ჰყავს.

„მე საკრებულოში ვპოზიციონირებდი ყოველთვის, როგორც კონსერვატორი, ფრაქციულობა პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უშლის ხელს… „კონსერვატორებმა“ დატოვეს უმრავლესობა, მაგრამ შემდეგ შიდაპარტიული მოლაპარაკება ჩატარდა, ეს გავიარეთ და მე ზვიადის გვერდით დავრჩი, „კონსერვატიული პარტია“ არ მიმიტოვებია,“ – გვითხრა ნატალია ძიძიგურმა. მას ვკითხეთ, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, როცა ფრაქციაში „ქართული ოცნების“ კვოტით შესულ წევრებთან ერთადაა და ამ დრომდე ფრაქციის სახელწოდება მარტივი გზავნილის შემცველია: „ქართული ოცნება კონსერვატორები“. მათ ერთიანი პოლიტიკური ხედვები აქვთ.

„მე შევედი საკრებულოში „ქართული ოცნების“ სიით, მაგრამ „კონსერვატორების“ კვოტით…“ – დასძინა ნატალია ძიძიგურმა.

რატომ იყო აუცილებელი „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ერთ ფრაქციაში ყოფნა, თუკი „კონსერვატორები“ ამ პოლიტიკურ ძალას გაემიჯნენ? – ამ კითხვას ნატალია ძიძიგურმა კონკრეტულად არ უპასუხა. „ეს ტექნიკური საკითხია, ჩვენ გავივლით ამას ფრაქციულად…“ – გვიპასუხა მან. დეპუტატობის კანდიდატმა ვერ დაგვიკონკრეტა, რა იყო ეს ტექნიკური საკითხი, რამაც ნატალია ძიძიგურს დამოუკიდებლობაში ხელი შეუშალა.

„ქართულ ოცნებასთან“ ერთ ფრაქციაში ყოფნა ხომ არ იყო საჭირო იმისთვის, რომ ამ ფრაქციის წევრებს და, მათ შორის, ნატალია ძიძიგურს დამატებითი ფინანსური სარგებელი მიეღო საკრებულოს რიგითი წევრისგან განსხვავებით? – ესეც ვკითხეთ „კონსერვატორების“ დეპუტატობის კანდიდატს.

„კონსერვატორებისთვის“ არასდროს ყოფილა ფინანსური თემა მთავარი, ჩვენთვის მთავარი ღირებულებებია,“ – გვიპასუხა ნატალია ძიძიგურმა.

რატომ იყო ეფექტური ფრაქციის შენარჩუნება და რა ღირებულება დაიცვეს ამით „კონსერვატორებმა“? – ნატალია ძიძიგურმა გვითხრა, რომ თბილისიდან ბათუმში ბრუნდება, გზაშია და ჩვენი ხმა ცუდად ესმის.

„არანაირი სატელიტები არ გამოვდივართ, ჩვენ ჩვენი კამპანია გვაქვს და გეგმები… „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენ არც კონფლიქტი გვაქვს და არც არაფერი. არ გამოვრიცხავთ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციური მთავრობის შექმნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზვიად ძიძიგური, „კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე. ის ვერ ხედავს პრობლემას, როცა მისი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იმავდროულად ბათუმის საკრებულოში „ქართულ ოცნებასაც“ წარმოადგენს.

„ამომრჩევლისთვის საიდუმლო ხომ არ არის ის, რომ 8 წლის განმავლობაში ჩვენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით და ვთანამშრომლობდით ყველაფერში, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვიღებთ – კარგზეც, შეცდომებზეც… პარტიას არ ჩაუთვლია საჭიროდ, რომ ფრაქციები უნდა დაშლილიყო თვითმმართველობების დონეზე,“ – გვითხრა ზვიად ძიძიგურმა. ნატალია ძიძიგურის მსგავსად, ვერც მან ვერ დაგვისაბუთა, რატომ იყო საჭირო „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ფრაქციაში დარჩენა, თუკი „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებას“ გაემიჯნენ.

როგორ გაიგოს ამომრჩეველმა ბათუმში, ნატალია ძიძიგური „კონსერვატორების“ კანდიდატია, თუ „ქართულ ოცნებას“? – ესეც ვკითხეთ ზვიად ძიძიგურს.

„ამაზე ნუ ინერვიულებთ… ფრაქცია ჩვენ გვაქვს ყველა რაიონში, ზოგან ჩვენი რესურსით, ზოგან – სხვებთან ერთად, ამაში მე რამე განსაკუთრებულს და პოლიტიკურ ტრაგედიას ვერ ვხედავ,“ – დაგვემშვიდობა ზვიად ძიძიგური.

____

მთავარი ფოტო: ზვიად ძიძიგური და ნატალია ძიძიგური

„ბათუმში ხარ ნამყოფი” – მარტვილში მეოთხეკლასელი სკოლაში არ შეუშვეს

„ჩემი შვილი ჩემთან ისვენებდა ბათუმში ერთი კვირით, მარტვილის რაიონის სოფელ დიდი ჭყონის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობს. მივიდა დღეს სკოლაში და უკან გამოაბრუნეს, ერთ კვირაში მოდი, ბათუმში ხარ ნამყოფიო – უთხრეს. გამოპრანჭული წავიდა, ყვავილებით. თვეები ელოდა კლასელებთან შეხვედრას, ძალიან მოწყენილი დაბრუნდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ირაკლი კუკანია. მან ამის შესახებ დღეს ფეისბუქზეც დაწერა.

ბათუმის ბულვარში განთავსებულ კარავში რამდენიმე დღის განმავლობაში ტესტირება უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. კითხვაზე, თუ რატომ არ გაუკეთა ირაკლი კუკანიამ შვილს ტესტი სკოლაში წაყვანამდე, მან გვიპასუხა, რომ „არანაირი მითითება არ ყოფილა, თუ ბათუმში ნამყოფებისთვის აუცილებელი იყო ტესტირება. ბავშვს არც ვირუსის რაიმე სიმპტომები ჰქონია”.

სოფელ დიდი ჭყონის პირველი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მეოთხეკლასელი მოსწავლე მართლაც ამ მოტივით გაუშვეს დღეს სახლში. სკოლის დირექტორის, დავით ნაჭყებიას თქმით, ამ სკოლაში 140 ბავშვი სწავლობს და ვერ წავიდოდნენ თუნდაც მინიმალურ რისკზე.

„მართალია, ბავშვის ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას და ძალიან განიცადა, რომ გავუშვით, მაგრამ ასე მოხდა.

მთელმა სკოლამ გაიგო, რომ ბავშვი 2 დღის წინ ბათუმში იყო და უხერხულობას გამოიწვევდა სკოლაში. შეიძლება სულ არ ჰქონდა ეს ვირუსი ბავშვს, მაგრამ მინიმალური რისკიც თუ არსებობს, რატომ გავრისკოთ.

დამრიგებელი და სასწავლო ნაწილი მოვიდა დღეს და მითხრეს, რომ რამდენიმე დღის წინ იყო ბათუმში ბავშვი, გადავწყვიტე ერთი კვირით წასულიყო სახლში და მერე მოსულიყო სკოლაში.

განათლების და ჯანდაცვის სამინისტროს აქვს რეკომენდაცია 20 აგვისტოს შემდეგ ბათუმში ნამყოფი მასწავლებლებისთვის: ისინი უნდა დაიტესტონ და ორკვირიან კარანტინში უნდა იყვნენ, მაგრამ სამინისტროებს არ აქვთ რეკომენდაცია ბათუმში ნამყოფ ბავშვებთან რას ვშვრებით. ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მივიღე, სხვა ბავშვების, სკოლის უსაფრთხოებისთვის“, – გვითხრა სკოლის დირექტორმა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმი კორონავირუსის სწრაფი გავრცელების და მომატებული შემთხვევების გამო  წითელ ზონად იქცა.

11 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაახლოებით 2100 მასწავლებელი იყო ნამყოფი აჭარის ზღვის სანაპიროზე და ისინი დაიტესტებოდნენ, თუმცა არ გაკეთებულა განცხადება, რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო იმ მოსწავლეებთან დაკავშირებით, რომლებიც აჭარაში ისვენებდნენ.

როგორ უნდა მოიქცნენ სკოლები, თუ მოსწავლე ბათუმში ისვენებდა და მას PCR ტესტი ჩატარებული არ აქვს? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს, თუმცა განმარტება ამ საკითხზე ჯერჯერობით არ მიგვიღია.

როგორ გაიცნო ანდრიამ პირველი მასწავლებელი ეკრანზე

ანდრია 6 წლისაა და 15 სექტემბერს სკოლაში უნდა წასულიყო. სწავლა დაიწყო, თუმცა ანდრიას „ონლაინსკოლაში“ მოუწია პირველი გაკვეთილის მოსმენა, ონლაინში შეხვდა მის პირველ მასწავლებელსაც. ანდრიამ ჯერ არ იცის, როგორი ფერისაა მისი სკოლა, რამდენი თანაკლასელი ჰყავს, რადგან ონლაინგაკვეთილზე ისინი ვერ დაინახა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ გაკვეთილზე სახლში უნდა ყოფილიყო, ანდრია მაინც დილით ადრე ადგა. ამბობს, რომ ცოტა დაეზარა, თუმცა პირველი გაკვეთილის ინტერესის გამო მაინც ადრე ადგა.

ტანზე ახალი ვარდისფერი პერანგი ჩაიცვა, ახალი ჯინსის შარვალი და თეთრი ფეხსაცმელი მოირგო. მაგიდაზე ახალი წიგნებიც დაალაგა. სანამ პირველი ონლაინგაკვეთილი დაიწყებოდა, მანამდე თითქმის ყველა წიგნი გადაათვალიერა. თითქმის ყველა მოეწონა, განსაკუთრებით კი „ქართული ენა“.

ონლაინჩართვის დროს ანდრია მხოლოდ მასწავლებელს ხედავდა ეკრანზე, თანაკლასელებს – ვერა. მიმოწერაში ვხედავდით, რომ ყველა ბავშვს წვდომა არ ჰქონდა კადრთან და მასწავლებლის მხოლოდ ხმა ესმოდა. გაცნობისა და მოკლე მიმოხილვის შემდეგ, მასწავლებელმა ბავშვებს მულტფილმი ჩაურთო. შემდეგ, მცირე ხნით, ანდრიასთან ინტერნეტი გაიჭედა. სანამ დედა ტექნიკურ ხარვეზს ასწორებდა, ანდრიამ თამაშისთვის დრო იხელთა და ლახტით ხტუნაობა დაიწყო.

ანდრია მანველიძე წელს პირველად უნდა წასულიყო სკოლაში, თუმცა პირველი გაკვეთილი ონლაინში ჩაუტარდა.

კავშირის აღდგენა იმ დროისთვის მოხერხდა, როცა მასწავლებელი უკვე ემშვიდობებოდა ბავშვებს. „ამ დისტანციური სწავლის დროს ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ“, – ასე დაემშვიდობა მასწავლებელი ანდრიას ონლაინში. თუმცა დედა შიშობს, რომ თუ გაკვეთილები ონლაინ დიდხანს გაგრძელდება, შესაძლოა ანბანის შესწავლა ანდრიას გაუჭირდეს.

„ანბანი წინასწარ არ ვასწავლე, ასე გვეუბნებოდნენ, სკოლაში აღარ ისწავლის და ყურადღება გაეფანტებაო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ალბათ ისევ მე მომიწევს ანბანი ვასწავლო“, – გვითხრა თეონამ.

თეონა და მისი მეუღლე ყოველდღიურად და სრული დატვირთვით მუშაობენ, ამიტომ ანდრიას გაკვეთილების მომზადება ცხრა საათის შემდეგ მოუწევს. „მეფიქრება, რომ ბავშვი არ გადაიღალოს“, – ამბობს თეონა.

მისი თქმით, ონლაინსწავლების გამო ნერვიულობენ მასწავლებლებიც, რადგან ამ ფორმატით ბავშვებთან ურთიერთობა მათთვისაც გამოწვევაა.

ანდრია მანველიძე წელს პირველად წავიდა სკოლაში, თუმცა პირველი გაკვეთილი ონლაინში ჩაუტარდა.

„გასულ წელს შედარებით ადვილი იყო, რადგან პირველ სემესტრში მაინც ისწავლეს მეტ-ნაკლებად ბავშვებმა, ახლა კი თავიდანვე ონლაინში უწევთ ურთიერთობა მასწავლებელთან და ეს გაართულებს სწავლებას“, – ფიქრობს თეონა.

ის ახლა იმაზეც ფიქრობს, როგორ დაესწრება მისი შვილი ონლაინგაკვეთილებს სხვა დღეებში, რადგან დედა და მამა  დილით გადიან სამუშაოდ, სახლში კი მხოლოდ ბებია-ბაბუა და ანდრია რჩებიან.

„კომპიუტერის ჩართვა შეიძლება ვასწავლო და დაეხმარებიან ანდრიას, მაგრამ მეცადინეობაში ვერა. ამიტომ არ ვიცი, რა იქნება, დაესწრება ონლაინგაკვეთილებს ანდრია ყოველთვის, თუ ვერა“.

სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ანდრია მშობლებმა კერძო სკოლაში შეიყვანეს, რადგან იქ ბავშვი დღის მეორე ნახევრამდე რჩება და მეცადინეობასაც ახერხებს. „თუ სწავლა დისტანციურად დიდხანს გაგრძელდება, ალბათ საჯაროში გადაყვანა და რეპეტიტორის დაქირავება მომიწევს“, – გვეუბნება თეონა.

კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ახალი სასწავლო წელი დღეს, 15 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 1 577 სკოლის შენობაში განახლდა, 730-მდე სკოლამ კი დისტანციურად დაიწყო სწავლა, მათ შორის, აჭარაში.

ანდრიამ უკვე იცის, რომ ქვეყანაში კორონავურისის პანდემიაა და რომ კორონასგან თავის დასაცავად ხელები ხშირად და კარგად უნდა დაიბანო. „პირბადე კი იმიტომ უნდა გაიკეთო, რომ კორონავირუსი არ შეგეყაროს“.

ონლაინგაკვეთილის შემდეგ ანდრია ისევ თავის ფერად სათამაშოებს დაუბრუნდა. ამბობს, რომ ონლაინგაკვეთილმა დაღალა. ბიჭს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავის ნამდვილ სკოლაში წავა, რომელიც, მისი აზრით, წითელია ან ყვითელი.

ანდრიას პირველი გაკვეთილი ონლაინში იხილეთ ვიდეოში:

15 სექტემბერს სკოლის შენობებში სწავლა 730-მდე სკოლამ ვერ განაახლა – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 15 სექტემბერს, სწავლა საკლასო ოთახებში 1 577-მა სკოლამ განაახლა, დისტანციურად კი  – 730-მდე სკოლამ.

დისტანციური მეთოდით დაიწყო სწავლა ბათუმში და აჭარაშის დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც კორონავირუსის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში იმატა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით, ასევე სახელმძღვანელოებითა და პირველკლასელთა კომპიუტერებით, რომელთაც მოსწავლეებს ეტაპობრივად გადასცემენ. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, 15 სექტემბერს, ბევრს პირველკლასელს ბუქი შესაძლოა არ ჰქონდეს მიღებული.

„რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა აქვთ, სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინინსტრუმენტებით – Microsoft office 365-ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს“, – აცხადებს სამინისტრო.

ამ დროისთვის განათლების სამინისტროს ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, ქვეყნის მასშტაბით რამდენ მოსწავლეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ გააჩნია ტექნიკური საშუალებები ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად.

___________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ცვლილება საკარანტინო წესებში – ახალი დადგენილება დღეს ამოქმედდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებული პირი 8-დღიან იზოლაციას გაივლის. შესაძლოა ეს იყოს კარანტინი ან  თვითიზოლაცია. მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება PCR ტესტირება და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებს დატოვოს საიზოლაციო სივრცე. იზოლაციის დაწყებიდან მე-12 დღეს პირი ვალდებულია ჩაიტაროს PCR ტესტი განმეორებით – შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის [№322] დადგენილებაში დღეიდან, 15 სექტემბრიდან, ამოქმედდა.

დადგენილების მიხედვით, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტის იზოლაციის ვადის ხანგრძლივობას განსაზღვრავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურების უფლებამოსილი პირი. კარანტინიდან თვითიზოლაციაში ან თვითიზოლაციიდან კარანტინში გადაყვანის შემთხვევაში, თვითიზოლაციის ან კარანტინის დღეებს დააკლდება აქ გატარებული დღეების რაოდენობა.

ამავე დადგენილების შესაბამისად, უცხოელი ვიზიტორი, რომელიც საქართველოში შემოვიდა, ვალდებულია სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში ჩაიტაროს PCR ტესტირება საკუთარი ხარჯებით, ტესტირების პასუხის მიღებამდე კი 24 საათით შევიდეს კარანტინში [საკუთარი ხარჯით], ხოლო უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ნებართვის გამცემი უწყების გადაწყვეტილების შესაბამისად:

  • მომდევნო 12 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა ან საკუთარი ხარჯით შევიდეს 8-დღიან კარანტინში, ხოლო საკარანტინო სივრცის დატოვებისას მე-12 დღეს ან ვირუსის რომელიმე სიმპტომის გამოვლენისთანავე საკუთარი ხარჯით ჩაიტაროს PCR კვლევა.

ეს არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების ან კარანტინის გარეშე. მოგზაურები ამ ქვეყნებიდან ვალდებულნი არიან, ქვეყანაში შემოსვლისას თან იქონიონ უკანასკნელი 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ PCR ტესტირება.

იგივე წესები ვრცელდება ბინადრობის უფლების მქონე პირებზეც.

დადგენილების მიხედვით, ამ პირებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე 8-დღიანი კარანტინის გავლისა და უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთები.

მთავრობის გადაწყვეტილებით ეს პროცესი იმართება ელექტრონული პლატფორმის (სოფტის) მეშვეობით, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება:

  • იზოლაციის მე-8 დღეს ტესტირებასდაქვემდებარებულ პირთა მონაცემების იდენტიფიცირება საკარანტინო სივრცეების მიხედვით.
  • მე-8 დღეს ტესტირებაჩატარებული პირების შესახებ მონაცემების დამუშავება საკარანტინო სივრცეების დატოვების მიზნით.
  • იმ პირთა გამოვლენა, რომელთაც მე-12 დღეს არ ჩაიტარეს ტესტირება.
  • მონიტორინგს ახორციელებს სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

უცნობი ტრადიციული კერძები აჭარიდან

აჭარის მთიანეთსა თუ ბარში გავრცელებულ კერძებს განთქმულ ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. აჭარულ სამზარეულოსაც ცალკე თავისებური სახესხვაობები აქვს: ლაზური კერძების ძირითადი ინგრედიენტი ხშირად თევზია, მთიან აჭარაში ნაღების, კარაქის, რძისა თუ ყველისგან დამზადებულ კერძებს ვხვდებით. ქობულეთში გარდა რძის პროდუქტებისა, ხორცისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნებაცაა.

არაფერს ვამბობთ ბორანოზე, სინორზე, აჭარულ ხაჭაპურსა და აჩმაზე. ეჭვიც არ გვეპარება, რომ დაგიგემოვნებიათ და რეცეპტებზე არ შევჩერდებით. გარდა ცნობილი კერძებისა, აჭარაში უამრავი ნაკლებად ცნობილი კერძიცაა, უძველესი და გემრიელი.   

 

მალახტო – ჭყინტი ლობიო ისრიმის წვენში

ტრადიციულად მალახტოს აჭარაში ისრიმის წვენით მომზადებულ ჭყინტ ლობიოს უწოდებენ. მომჟავო ისრიმის წვენი ლობიოს პიკანტურ გემოს აძლევს. მალახტო ლობიოს ცივად მიირთმევენ. ძალიან უხდება ცხელი მჭადი.

მწვანე ლობიოს ხარშავენ და შემდეგ გატარებულ ან დაბლენდერებულ ნიგოზს, სანელებლებსა და ისრიმის წვენს ამატებენ. ისრიმი მკვახზე ყურძნის წვენისგან დამზადებული საწებელია.

იახნი

იახნი მდიდრულ კერძად მიიჩნევა, ტრადიციულად ქობულეთში ამზადებენ საუკეთესოდ. ეს ხბოს ხორცისგან მომზადებული სადღესასწაულო ცხელი კერძია ნიგვზითა და სანელებლებით.

იახნის მომზადებისას ინგრედიენტების რაოდენობა და დოზები მზარეულის გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული. კარგად არის თუ არა კერძი მომზადებული, იგრძნობა ფერზე, წვენის სისქესა და გემოზე.

იახნი ძალიან სწრაფად ცივდება და სუფრასთან ერთხელ მიტანილი შეიძლება ხშირად შეცხელდეს.

კერძი განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს, გაცხელებული, როცა სანელებლები კარგადაა შერეული წვენს და განსაკუთრებულ არომატს აძლევს მას.

ქაფშიატაღანერი

ეს ძველი ლაზური კერძია. წვრილად დაჭრილ ქაფშიას მწვანილებით ამზადებენ და კატლეტივით წვავენ.

300-400 გრამ დამარილებულ ქაფშიას აცლიან ძვლებს და წვრილად ჭრიან, ამატებენ ასევე წვრილად დაჭრილ 1 კგ. ხახვს, თითო კონა წითელი ჭარხლის ფოთოლს, ქინძს, პრასს, ოხრახუშს, რეჰანს, 4-5 კბილ ნიორს, 2 ცალ კარტოფილს, 4-5 ბულგარულ წიწაკას, 4-5 პომიდორს, 1 ჭიქა მჭადის ფქვილს და სანელებლებს გემოვნებით. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი ერთად იზილება კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და იწვება ზეთში კატლეტივით.

ნიგვზიანი გოგრა

ნიგვზიანი გოგრაც ლაზური დესერტია. გოგრის, ტკბილი სიროფის და ნიგვზის ნაზავი რბილ და სასიამოვნო გემოს ქმნის. დესერტი განსაკუთრებით უხდება უშაქრო ჩაისა და ყავას.

ნახევარ კილოგრამ თეთრ, მშრალ გოგრას აცლიან კანს, ჭრიან მომცრო, თანაბარ ოთხკუთხედებად. როცა ცოტათი დააკლდება მოხარშვა, წურავენ. გადააქვთ ფართო ჭურჭელში და ასხამენ მდუღარე, ნიგვზიან სიროფს. ნიგვზიანი სიროფი ცალკე მზადდება: 300 გრამ გატარებულ ნიგოზს აყრიან ჭიქა შაქარს, ასხამენ ჭიქაზე ნაკლებ წყალს და ადუღებენ.

ჩირბული

ჩირბული აჭარული ცხელი კერძია კვერცხით, ნიგვზითა და სანელებლებით. ხმელი ქინძი, ზაფრანა, ოხრახუში, ნიორი, ერბო, ხახვი, პომიდორი, კვერცხი და ნიგოზი – ეს არის ინგრედიენტები, რითაც ჩირბულს ამზადებენ.

კანგაცლილ პომიდორს ამატებენ წვრილად  დაჭრილ და ერბოში მოშუშულ ხახვს.

შუშავენ ერთად ოდნავ შესქელებამდე, ამატებენ წვრილად დაჭრილ ან დაჭყლეტილ ნიორს, გატარებულ ნიგოზს, სანელებლებს, მარილს, პილპილს და ურევენ. კარგად ათუხთუხებულ მასას ამატებენ მთელ-მთელ კვერცხებს. თავდახურულ ჭურჭელში კვერცხი წვენში კარგად უნდა მოიხარშოს. ბოლოს ამატებენ ზაფრანას, რეჰანს და ოხრახუშს. მიირთმევენ ცხლად. ჩირბული განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, თუმცა დიდებიც არ ამბობენ უარს ამ სწრაფად მოსამზადებელ, ყოველდღიურ კერძზე.

ყაისაფა

ყაისაფა ტრადიციული აჭარული ნუგბარია. თუ ყავასთან ერთად ამ დესერტით გიმასპინძლდებიან აჭარაში, დიდი პატივია. ყაისაფა დელიკატესია. ამზადებენ ქლიავის ჩირით, დამბალი და შერბილებული ხილის ტყლაპით, კარაქითა და ნიგვზით.

ყაისაფა საკმაოდ მსუყე დესერტია და რეკომენდებულია სადილსა და საუზმეს შორის მირთმევა ცხელი ჩაის ან ყავის თანხლებით.

დოშორვა

ეს იგივე დოს წვნიანია. მსუბუქი, მომჟავო და სწრაფად მოსამზადებელ დოშორვას ბავშვებისთვის ამზადებენ ხშირად. აჭარაში დოშორვა საუკეთესო კერძად მიიჩნევა ასევე ნაბახუსევზე, მოსაფხიზლებლად.

დოშორვა ძალიან დაეხმარება დიეტაზე მყოფებს. ნაკლებკალორიული, მსუბუქი წვნიანი შიმშილის გრძნობას აქრობს და ძალების აღდგენაში ეხმარება ორგანიზმს.


მასალაში გამოყენებული „ბათუმარანის” ფოტოები და ლაზური კერძის – ქაფშიატაღანერის ფოტო ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის მიერ გამოცემული კალენდრიდან.

ბათუმში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 2700-ზე მეტი PCR ტესტი.

ბოლო მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 414 პაციენტი, აქედან 285 – სამედიცინო დაწესებულებებში, 129 კი საკარანტინო სივრცეში იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

___________

დადასტურდა კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა – 15 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 15 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1369 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836

პირველი სექტემბრიდან საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება.

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს – 5 ოქროს წესი

აქამდე სამსახურსა თუ პირად ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სტრესს ახლა პანდემიისა და მისი შედეგების შიშიც დაემატა, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია შევძლოთ სტრესის მართვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ სტრესის მართვის 5 ოქროს რჩევა შემოგთავაზოთ:

1. იმოძრავეთ

რეგულარული ვარჯიში სხეულისა და გონების დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს განწყობას, მაგრამ გახსოვდეთ, საუკეთესო შედეგისთვის ფიზიკურ აქტივობას ინტენსიური სახე უნდა მისცეთ, ცხადია, აქ ფიტნესდარბაზებში საათობით ვარჯიში და სპორტის რომელიმე სახეობაში ოქროს მედალოსნობა არ მოგეთხოვებათ, საუბარია ისეთ აქტივობებზე, რომელთა გაკეთება სახლშიც შეგეძლებათ და გარეთაც.

ვარჯიშისას ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინებს, ეს სწორედ ის ჰორმონებია, რომლებიც თავს კარგად გვაგრძნობინებენ, თანაც ამ დროს ძალიან მარტივია ყოველდღიური საზრუნავიდან ყურადღება უფრო სასიამოვნო საფიქრალზე გადაიტანოთ.

რამდენად უნდა ივარჯიშოთ კვირის განმავლობაში? ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, კვირის განმავლობაში სულ ცოტა 150 წუთი უნდა დახარჯოთ ზომიერად ინტენსიურ აქტივობებში, მაგალითად, სწრაფ სიარულში ან კვირაში მინიმუმ 75 წუთი დაუთმეთ უფრო ძლიერი ინტენსივობის ვარჯიშს, როგორიცაა ცურვა, სირბილი ან სხვა სპორტი. ან თქვენით შეადგინეთ საშუალო და ძლიერი ინტენსივობის აქტივობების ექვივალენტური კომბინაცია. უკეთესი შედეგისთვის, მოზრდილებმა უნდა გაზარდონ ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა კვირაში 300 წუთამდე, ან გააკეთონ მისი ექვივალენტი საშუალო ინტესნივობის აქტივობა. კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები კი უნდა გააკეთოთ კვირაში 2 ან მეტ დღეს.  თუ რაიმე ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებთ ვარჯიშისთვის სათანადო დროის დათმობას, ხელს ნუ ჩაიქნევთ, გახსოვდეთ, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა ჯობია სრულიად უმოძრაობას.

2. აკეთეთ სასიამოვნო საქმე 

აუცილებლად გამოყავით დრო თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობისთვის. შეეცადეთ, რომ ყოველ დღე, თუნდაც 15-20 წუთის განმავლობაში, გააკეთოთ რაიმე ისეთი, რაც თავს კარგად გაგრძნობინებთ და რა თქმა უნდა, სტრესის დაძლევაშიც დაგეხმარებათ. ახლავე შეგახსენებთ იმ საქმიანობებს, რომლებიც შესაძლოა ამ სტრესულ დროს სრულად გადაგავიწყდათ: მოაშენეთ მცენარეები და იზრუნეთ მათზე, წაიკითხეთ წიგნები, ხატეთ ის, რაც გიხარიათ და ხატეთ ისე, როგორც გამოგივათ, ან საკუთარი ხელებით გააკეთეთ სასარგებლო ნივთები სახლისთვის, უსმინეთ აუდიოწიგნებს და აუცილებლად იცეკვეთ – ყველგან და ყოველთვის, როცა მოგესურვებათ.

3. გამოიმუშავეთ ჯანსაღი ჩვევები

რეგულარული, დაბალანსებული დიეტა ჯანმრთელობისთვის რომ სასარგებლოა, ნამდვილად გეცოდინებათ, თუმცა ჯანსაღი საკვები რომ გუნება-განწყობილების კონტროლშიც რომ გეხმარებათ, შესაძლოა ყოველთვის არ გახსოვდეთ. თქვენი საკვები უნდა იყოს სავსე ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით და უცხიმო ცილებით. ჯანსაღი სხეულები უკეთესად უმკლავდებიან სტრესს.
ნუ შეეცდებით სტრესთან გამკლავებას ალკოჰოლისა და ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ამ გზით მოგვრილი შვება დროებითია. ნუ გაექცევით და შენიღბავთ სირთულეებს – გაუსწორეთ პრობლემებს თვალი და მოაგვარეთ ისინი ფხიზელი გონებით.
გამოიძინეთ, ძილი აუცილებელია გონებისა და სხეულის გამართული მუშაობისთვის. დაღლილობისას ტვინი ვერ მუშაობს სათანადოდ სხარტად და რაციონალურად, შესაბამისად სტრესის დონეც მატულობს.

4. ილაპარაკეთ საკუთარ პრობლემებზე

თუ რამე გაწუხებთ, ამაზე საუბარი სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ პრობლემებზე საუბარი სირცხვილი არ არის, პირიქით, ეს ნდობის გამოვლინებაა ადამიანების მიმართ და ძალიან კარგი საშუალება იმის მისახვედრად, რომ ასეთი პრობლემებით თქვენ მარტო არ ხართ, სხვების მაგალითები, გამოცდილება და მხარდაჭერა კი ყოველთვის სასარგებლოა. ვის ესაუბროთ? რა თქმა უნდა, მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ნებისმიერ სანდო ადამიანს, ვინც შეიძლება სასარგებლო რჩევა მოგცეთ ან უბრალოდ მოგისმინოთ და თანაგიგრძნოთ.
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ ესაუბროთ საკუთარ თავს, ოღონდ იმისთვის, რომ სტრესი შეამციროთ და პირიქით არ მოგივიდეთ, ესაუბრეთ საკუთარ თავს მზრუნველი და პოზიტიური მესიჯებით, ზუსტად ისე, როგორც ამას ძალიან ახლო მეგობართან საუბრისას იზამდით.

5. დაეხმარეთ სხვებს

ცხადია, აქ არც ვინმეს დაფინანსება და არც რაიმე სახიფათო გმირობები მოგეთხოვებათ, თქვენ უკეთ იცით რა სახის დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ თქვენ გარშემომყოფ ნაცნობ თუ სრულიად უცხო ადამიანებს. გააკეთეთ ყოველდღე რაიმე, თუნდაც ძალიან მცირე სასარგებლო საქმე სხვებისთვის, იქნება ეს მოხუცი ადამიანის ქუჩაზე გადაყვანა, ვინმეს დაპურება, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა, მეგობრის მოსმენა თუ ნებისმიერი სხვა რამ, მოგეხსენებათ. ძალიან რთულია იყო მოწყენილი, როცა ვინმესთვის სასარგებლო ხარ.

 

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კოვიდის 6 შემთხვევაა, თავშესაფარში კარანტინია

ბათუმში, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ მოხუცთა თავშესაფარში, კორონავირუსის 6 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 1 ინფიცირებული თავშესაფრის თანამშრომელია, დანარჩენი კი თავშესაფარში მცხოვრებნი არიან.

თავშესაფრის დირექტორმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინფიცირების წყარო უცნობია და ამჟამად თავშესაფარში კარანტინია.

„ერთი ინფიცირებული თანამშრომელია, ოღონდ ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფება დაწესებულებაში, შვებულებაში იყო. ექვსიდან ხუთი სამწუხაროდ მობინადრეა. დილიდან, როგორც კი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ისინი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ყველა მობინადრეს და თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება და ველოდებით ტესტირების პასუხს.

ჩვენთან იმყოფებოდნენ ეპიდემიოლოგები, მოგვცეს რეკომენდაციები, როგორ უნდა მოვიქცეთ. ყველა მობინადრე და თანამშრომელი იმყოფება დაწესებულებაში, ვიმყოფებით კარანტინის მდგომარეობაში. ოღონდ ჩვენ კარანტინი გამოვაცხადეთ 2 სექტემბრიდან“, – ამბობს დეკანოზი იოანე.

მისივე თქმით, ერთი ინფიცირებული 38 წლისაა, დანარჩენები 50 წელს გადაცილებულები არიან, ერთი პირი კი 70 წლამდე ასაკისაა.

ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აჭარის 6 საოლქო კომისიაში დროებითი წევრები შეარჩია. 12-წევრიან კომისიაში ხუთი ცესკოს მიერ შერჩეული მუდმივი წევრია, ერთ წევრს კი თითოეული არჩევნებისთვის კონკურსის წესით ირჩევენ.

კომისიაში ინტერესების დასაბალანსებლად  დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ცესკომ ოლქებში დროებით წევრად პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, ნეიტრალური პირები შეიყვანოს, რადგან მმართველ პარტიას საოლქო კომისიაში სამი პირის წარდგენის შესაძლებლობა აქვს, თითო წევრს კი წარადგენენ კვალიფიციური პარტიები [რომლებმაც წინა არჩევნებზე ბარიერი გადალახეს და პარლამენტში თავიანთი წარმომადგენლობა ჰყავთ].

ამის მიუხედავად, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის დროებით  წევრად ნათია წულაია შეარჩია. ის ამ დრომდე სპეციალისტად მუშაობდა უმაღლეს საბჭოს ფრაქციაში – „ქართული ოცნება აჭარა“. ფრაქციას დავით ბაციკაძე ხელმძღვანელობს, ხოლო ფრაქციის წევრები არიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, რომელიც 2020 წლის არჩევნებზეც ქობულეთის მაჟორიტარობის კანდიდატია „ოცნებიდან“ და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ისევ „ოცნების“ სიაში იქნება.

სიაში იქნება ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბაციკაძეც.

„უმაღლესი საბჭოს“ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნათია წულაია ხელშეკრულებით აყვანილი პირი იყო და ეს ხელშეკრულება ერთი თვის წინ შეუწყდა.

ქედის #80 საარჩევნო ოლქის კომისიაში დროებითი წევრი მზიური შავაძე იქნება. ის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ციალა შავაძის დაა. მზიური შავაძე ამავე ოლქში ცესკოს შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტი არჩევნებშიც.

რაც შეეხება თავად ციალა შავაძეს – ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარედ დანიშვნამდე, მის ახლო კავშირებზე სახელისუფლებო პარტიასთან „ბათუმელები“ ადრეც წერდა.

              „ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ია ბერიძე შეარჩიეს. ის ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსის – ირაკლი კვირკველიძის მეუღლეა. ია ბერიძე ცესკოს მიერ შერჩეული წევრი იყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

შუახევის #82-ე საოლქო კომისიის დროებითი წევრი რომან დარჩიძე იქნება. ის კიდევ რამდენიმე არჩევნებზე მუშაობდა ოლქის წევრად, თუმცა ყოველთვის ცესკოს წარმოადგენდა და არა რომელიმე პარტიას. იგივე შეიძლება ითქვას კობა სალუქვაძეზეც, რომელიც ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში შეარჩიეს დროებით წევრად.

ხულოს #84-ე საოლქო  კომისიაში დროებითი წევრი თემურ შამანაძე იქნება. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თემურ შამანაძე „კონსერვატორებს“ წარმოადგენდა. ეს პარტია „ქართულ ოცნებასთან“ იყო კოალიციაში.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თითოეულ ოლქს 12 წევრი ეყოლება. შესაბამისად, აჭარის საოლქო კომისიებში ასეთი მოცემულობა გვაქვს:

  • 6 წევრი – ცესკოს მიერ შერჩეული
  • 3 წევრი – „ქართული ოცნება“
  • 1 წევრი – „ნაციონალური მოძრაობა“
  • 1 წევრი – „ევროპული  საქართველო“
  • 1 წევრი – „პატრიოტთა ალიანსი“.

საუბნო კომისიებში შერჩეული პირების მონაცემები ცესკოს ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია.

ჯანმო: ვაქცინა არ იქნება პანდემიის დასასრული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს ოქტომბერსა და ნოემბერში COVID 19-ით გარდაცვალების დღიური მაჩვენებლის მატებისთვის.

„სიტუაცია უფრო გამკაცრდება. ოქტომბერსა და ნოემბერში ჩვენ ვიხილავთ მეტ სიკვდილიანობას”, –  განაცხადა მან.  კონტინენტზე ამჟამად აღინიშნება ახალი შემთხვევების მასიური მატება, მაგრამ გარდაცვალებათა მაჩვენებელი შედარებით სტაბილურია.

ჯანმოს ცნობით, კვირას, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოში 307 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 29 007 970 და გარდაცვალების 924 000-ზე მეტი შემთხვევა ვირუსისგან.

ჯანმოს ევროპის რეგიონის 55 წევრი ქვეყანა 14-15 სექტემბერს ონლაინ შეხვედრას მართავს, რათა განიხილონ თავიანთი საპასუხო ქმედებები ახალ კორონავირუსთან მიმართებაში.

„გამუდმებით მესმის: „ვაქცინა იქნება პანდემიის დასასრული“: რა  თქმა უნდა, არ იქნება… ჩვენ არ ვიცით დაეხმარება თუ არა ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფს. ახლა ჩვენ ვხედავთ გარკვეულ ნიშნებს, რომ იგი დაეხმარება ერთ ჯგუფს, მაგრამ არა მეორეს.

პანდემიის დასასრული იქნება ის მომენტი, როცა ჩვენ, მთელი საზოგადოება ვისწავლით, თუ როგორ ვიცხოვროთ პანდემიასთან ერთად. ეს ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ამავე თემაზე: 

როდის დასრულდება პანდემია? – გერმანელი მეცნიერების პროგნოზები

1,5 მილიარდი დოლარი ბელარუსს რუსეთისგან – ლუკაშენკო პუტინს ხვდება

სოჩში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ბელარუსიის მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო ხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა იმართება მხოლოდ ლუკაშენკოსა და პუტინს შორის. ბელარუსიაში უკვე თვეზე მეტია იმართება აქციები ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის გასაპროტესტებლად.

ბელარუსიაში საპროტესტო აქციების ტალღის შემდეგ ეს ლუკაშენკოსა და პუტინის პირველი შეხვედრაა პირისპირ. ლუკაშენკოს კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ უკვე გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ პუტინმა „დიქტატორთან დიალოგი არჩია ბელარუს ერთან საუბარს“. ინფორმაციას პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ BBC ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტები შექმნილ სიტუაციას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო ჭრილში რეგიონის მდგომარეობას, გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრის დასაწყისში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გასცემს ბელარუსისთვის 1,5 მილიარდ დოლარ კრედიტს. პუტინმა დადებითად შეაფასა ლუკაშენკოს ინიციატივა, გაატაროს ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმები. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ბელარუსი ერი თავად გაერკვევა შექმნილ სიტუაციაში გარე ძალების ჩარევის გარეშე და მშვიდობიან დიალოგს შეძლებენ ერთმანეთთან დაპირისპირებული მხარეები.

პუტინმა დაპირება გასცა ასევე, რომ გაგრძელდება რუსეთისა და ბელარუსის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში. ლუკაშენკომ მადლობა გადაუხადა პუტინსა და რუსეთის ყველა მოქალაქეს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ მოვლენებში მხარდაჭერის გამო. პუტინს ლუკაშენკო დაჰპირდა, რომ მუდმივად საქმის კურსში ჩააყენებს ბელარუსში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ბელორუსის შს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ კვირას ბელარუსში საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევისთვის 774 ადამიანი დააკავეს.

ოფიციალური მოსკოვი ლუკაშენკოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს. გასულ კვირას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არჩევნებს ყოველთვის თან სდევს გარკვეული უკმაყოფილება და აქციები ბელარუსში არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველა ლუკაშენკოს წინააღმდეგია.


წყარო: BBC

მთავარ ფოტოზე: ალექსანდრე ლუკაშნკო/ფოტო: ANDREI STASEVICH/BELTA/TASS

თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს – რჩევები მშობლებს

იუნისეფი საქართველოში მცხოვრები მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს, თუ როგორ შეუძლიათ მათ დაეხმარონ ბავშვებს განცდების მართვაში სკოლების გახსნისა და სკოლაში დაბრუნების პერიოდში covid 19-ის პირობებში. გთავაზობთ ამ რეკომენდაციებს:

თუკი თქვენს შვილს სკოლაში დაბრუნების ეშინია:

შიშის დაძლევაში დახმარებისთვის ბავშვს ესაუბრეთ, ჰკითხეთ, რა აღელვებს და უთხარით, რომ ღელვა და ნერვიულობა ბუნებრივი განცდაა.

ბავშვი შესაძლოა ნერვიულობდეს ან არ სურდეს სკოლაში დაბრუნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ თვეების მანძილზე შინ სწავლობდა. იყავით გულწრფელი. მაგალითად, შეგიძლიათ შვილს აუხსნათ, რა ცვლილებები შეიძლება დახვდეს სკოლაში, მაგალითად, მოუწიოს დამცავი საშუალებების –  პირბადის ტარება.

გარდა ამისა, სკოლაში ბავშვებს შესაძლოა გაუჭირდეთ მეგობრებისა და მასწავლებლებისაგან ფიზიკური დისტანციის დაცვა – შეგიძლიათ თქვენი შვილი წაახალისოთ, დაფიქრდეს ასეთ პირობებში მჭიდრო ურთიერთობისა და კავშირის შენარჩუნების სხვა გზებზე.

დაამშვიდეთ ბავშვი, აუხსენით, რომ უსაფრთხოების არსებული ზომები საჭიროა ბავშვებისა და მასწავლებლების ჯანმრთელობის შენარჩუნების ხელშესაწყობად და შეახსენეთ, რომ მასაც შეუძლია წვლილის შეტანა ბაქტერიების გავრცელების პრევენციაში, თუ ხელებს საპნით დაიბანს და ხველის ან ცემინების დროს პირს მოხრილი იდაყვით დაიფარავს.

შეახსენეთ ბავშვებს პოზიტიური ასპექტები – რომ ისინი შეძლებენ მეგობრებისა და მასწავლებლების ნახვას (თუ ფიზიკურად ბრუნდებიან სკოლაში და საკლასო ოთახებში) და განაგრძობენ ახალი ცოდნის შეძენას.

თუ თქვენი შვილი დამცავი საშუალებების ტარების გამო ნერვიულობს, რა უნდა ვუთხრათ მას?

ეს საუბარი უნდა წარმართოთ ემპათიით, უნდა უთხრათ, რომ იცით, რომ იგი ღელავს კორონავირუსის გამო, და რომ საუბარი ჩვენს ემოციებზე, და იმაზე, რაც გვაწუხებს, სასარგებლოა. ბავშვებს შესაძლოა ასევე დაეუფლოთ ბრაზი ან იმედგაცრუება, თუ უჭირთ პირბადის ტარება, განსაკუთრებით სირბილის ან თამაშის დროს. შეგიძლიათ დაამშვიდოთ, აუხსნათ, რომ ბევრი ზრდასრული დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი ოჯახი იყოს უსაფრთხოდ; იმავდროულად, ხაზი გაუსვით, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ჩვენგანმა დაიცვას რეკომენდებული ზომები, რათა მოვუფრთხილდეთ ჩვენი საზოგადოების შედარებით უფრო მოწყვლად წევრებს.

როგორ შემიძლია ჩემი შვილი წავახალისო, სკოლაში დაიცვას სიფრთხილე. როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ფიზიკური დისტანციის დაცვა და ასე შემდეგ?

კორონავირუსის და სხვა დაავადებებისაგან ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ხელების ხშირი დაბანის წახალისება. ამ საუბრისას ბავშვი არ უნდა დაშინდეს. აჰყევით მის საყვარელ სიმღერას ან იცეკვეთ ერთად, რათა სწავლა აქციოთ სახალისო აქტივობად. აუხსენით ბავშვს, რომ ბაქტერიები უხილავია, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს. როდესაც ბავშვი გაიაზრებს, რატომ უნდა დაიბანოს ხელები, უფრო დიდი ალბათობით შეასრულებს ამ რჩევას.

შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს შვილს, როგორ დაიფაროს პირი მოხრილი იდაყვით დახველების ან დაცემინების დროს, და სთხოვოთ, გითხრათ თუ იგრძნობს, რომ სიცხე აქვს, თუ ახველებს ან სუნთქვა უჭირს.

თუ თქვენი შვილი, რომელიც სკოლაში ბრუნდება და  არ მოხვდა იმ ჯგუფში, რომელშიც მისი ახლო მეგობრები არიან. ამის გამო იგი უფრო გარიყულად გრძნობს თავს, როგორ შეიძლება მან უფრო მეტი კავშირი იგრძნოს კლასთან და თავის მეგობრებთან?

თუ თქვენი შვილის სკოლაში ბავშვები ეტაპობრივად ბრუნდებიან, ბავშვი შესაძლოა ღელავდეს მეგობრებისაგან განცალკევების გამო. როდესაც სკოლების ოფიციალური გახსნა გამოცხადდება, დაეხმარეთ მას სკოლაში დასაბრუნებლად მომზადებაში, აუხსენით, თუ როდის და როგორ დაბრუნდებიან სკოლაში.

თუ ბავშვს წინასწარ ეტყვით, რომ სკოლები შესაძლოა კვლავ დაიხუროს, ეს დაეხმარება მას მოსალოდნელი ცვლილებების პერიოდისათვის მომზადებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, მუდმივად შეახსენოთ, რომ სწავლა შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას – სკოლასა და სახლში.

მათთვის, ვისაც ინერნეტი აქვს, ონლაინთამაშების, სოციალური მედიის და ვიდეოჩეთის პროგრამების გამოყენება უსაფრთხოდ და ზედამხედველობის პირობებში შესაძლოა კარგი შესაძლებლობა იყოს, შეინარჩუნონ კავშირი, ისწავლონ და ითამაშონ თავიანთ მეგობრებთან, მშობლებთან და ნათესავებთან, ვიდრე სკოლაში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, შეგიძლიათ ურჩიოთ თქვენს შვილებს, ინტერნეტსივრცეში გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და მხარი დაუჭირონ პირებს, ვისაც დახმარება სჭირდება ამ კრიზისის პერიოდში.

შეგიძლიათ ურჩიოთ ბავშვს ისეთი ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოძრაობაში – მაგალითად, ონლაინვარჯიშების ვიდეოები ბავშვებისთვის და ვიდეოთამაშები, რომლებიც მოითხოვს ფიზიკურ მოძრაობას. არ დაგავიწყდეთ, დააბალანსოთ ონლაინგართობის დრო რეალურ სივრცეში აქტივობებთან, მათ შორის, გარეთ გატარებულ დროსთან, თუ ეს შესაძლებელია.

როგორ შემიძლია დელიკატურად გავარკვიო, როგორ უმკლავდება ამ ყოველივეს ჩემი შვილი?

მნიშვნელოვანია, ბავშვთან საუბრები წარმართოთ მშვიდად და პროაქტიულად – დაინტერესდით, როგორ გრძნობს თავს. ბავშვის ემოციები მუდივად შეიცვლება და თქვენ უნდა დაანახოთ მას, რომ ეს არ არის პრობლემა.

სკოლაში თუ შინ, აღმზრდელებს შეუძლიათ ბავშვების ჩართვა შემოქმედებით, საინტერესო აქტივობებში, როგორიცაა თამაში და ხატვა, რათა დაეხმარონ მათ უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში გამოხატონ და გამოთქვან უარყოფითი განცდები, რომლებიც მათ შესაძლოა ჰქონდეთ. ეს ეხმარება ბავშვებს, რთული განცდების – მაგალითად, ბრაზის, შიშის ან სევდის – გამოსახატად პოზიტიური გზების პოვნაში.

ვინაიდან ბავშვებზე ხშირად დიდ ზეგავლენას ახდენს მათ გარშემო მყოფი ზრდასრული პირების, მათ შორის, მშობლებისა და მასწავლებლების ემოციები, მნიშვნელოვანია, რომ ზრდასრულებმა კარგად მართონ საკუთარი ემოციები და შეინარჩუნონ სიმშვიდე, მოისმინონ ბავშვების პრობლემები, ისაუბრონ გულისხმიერად, თანაგრძნობით და დააიმედონ, დაამშვიდონ ისინი.

რას უნდა მივაქციო ყურადღება, როდესაც ჩემი ბავშვი განაახლებს სკოლაში სიარულს?

ბავშვის ფიზიკური ჯანმრთელობის კონტროლის და სახლში დაბრუნების მიმართ ყურადღების გარდა, უნდა დააკვირდეთ სტრესის და მღელვარების ნიშნებს. კორონავირუსის პანდემია შესაძლოა გავლენას ახდენდეს თქვენი შვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია, ბავშვს გააგებინოთ, რომ ადამიანი ზოგჯერ შეიძლება აღელდეს და რომ ეს ნორმალურია. როდესაც არ ხართ დარწმუნებული, როგორ მოიქცეთ, საუკეთესო მიდგომაა ემპათია და მხარდაჭერა.

ამას გარდა, არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვების სკოლაში დაბრუნების შემდეგ შესაძლოა გაიზარდოს სტიგმატიზაციისა და ჩაგვრის („ბულინგის“) შემთხვევები, კორონავირუსის შესახებ გარკვეული დეზინფორმაციის გამო. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ ვირუსს არავითარი კავშირი აქვს ადამიანის გარეგნობასთან, მის წარმომავლობასთან ან იმასთან, თუ რა ენაზე ლაპარაკობს იგი. ბავშვს უნდა ურჩიოთ, მისთვის სანდო ზრდასრულ ადამიანს უთხრას სკოლაში ნებისმიერი შეურაცხყოფის ან ჩაგვრის შემთხვევის შესახებ. შეახსენეთ თქვენს შვილებს, რომ ყველა იმსახურებს იმას, რომ სკოლაში და ონლაინ იყოს უსაფრთხოდ. ჩაგვრა არასოდეს არის გამართლებული და თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს სიკეთის და კეთილმოსურნეობის გავრცელებაში და ერთმანეთის მხარდაჭერაში.

ჩემი შვილი ნერვიულობს სკოლაში და ონლაინ სივრცეში ჩაგვრასთან დაკავშირებით, როგორ ვესაუბრო მას ამის შესახებ?

თუ თქვენი ბავშვი ღელავს სკოლაში ან ონლაინ სივრცეში ჩაგვრის გამო, მნიშვნელოვანია უთხრათ, რომ იგი მარტო არ არის და რომ ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენთან ან სხვა, მისთვის სანდო ზრდასრულთან დალაპარაკება. რაც უფრო მეტს ესაუბრებით თქვენს შვილებს ბულინგის შესახებ, მით უფრო თამამად გეტყვით, თუ შეესწრება ან განიცდის ჩაგვრას. ყოველ დღე ჰკითხეთ ბავშვს, როგორ ჩაიარა დღემ სკოლაში და ონლაინ აქტივობების შესახებ, ასევე როგორ გრძნობს თავს. ზოგიერთმა ბავშვმა ემოციები შესაძლოა ვერბალურად არ გამოხატოს, ამდენად, უნდა დააკვირდეთ აღელვებული ან აგრესიული ქცევის ნიშნებს, რაც შესაძლოა პრობლემაზე მიუთითებდეს.

ამას გარდა, ბავშვებთან ღიად და გულახდილად უნდა ისაუბროთ ინტერნეტში უსაფრთხოების შენარჩუნების შესახებ. გულახდილად ესაუბრეთ თქვენს შვილებს, გაარკვიეთ, ვისთან ურთიერთობენ და როგორ. დარწმუნდით, რომ ესმით კეთილგანწყობილი და მხარდამჭერი ურთიერთობის მნიშვნელობა და იციან, რომ შეურაცხმყოფელი, დისკრიმინაციული ან არასათანადო ურთიერთობა არასოდეს არის მისაღები. თუ თქვენი შვილის მიმართ განხორციელდება ასეთი მიუღებელი დამოკიდებულება, მოუწოდეთ, დაუყოვნებლივ გითხრან ამის შესახებ თქვენ ან სხვა სანდო ზრდასრულს. ფხიზლად იყავით, თუ შენიშნავთ, რომ თქვენი შვილი გულჩათხრობილია ან უხასიათოდაა, ან თუ კომპიუტერს ან სხვა ხელსაწყოს იყენებს ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტად ან ნაკლებად, ეს შესაძლოა იყოს ნიშანი, რომ მის მიმართ ონლაინ ჩაგვრა ხორციელდება“.

იუნისეფის რჩევით, მნიშვნელოვანია, მშობლები გაეცნონ შვილების სკოლის უსაფრთხოებისა და ბულინგთან დაკავშირებულ წესებს, რეფერირების მექანიზმებს და მიიღონ ინფორმაცია დახმარების ცხელი ხაზ(ებ)ის შესახებ.

__________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

„ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ბათუმის N28 საჯარო სკოლას კომპიუტერები აჩუქა

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ გენერალურმა დირექტორმა ანზორ დიასამიძემ ბათუმის N28 საჯარო სკოლას (ურეხის დასახლება) კომპიუტერები აჩუქა.

„ანრის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ დიასამიძემ ბათუმის N28 საჯარო სკოლას საჩუქრად კომპიუტერები გადასცა
„ანრის“ გენერალურმა დირექტორმა, ანზორ დიასამიძემ, ბათუმის N28 საჯარო სკოლას კომპიუტერები აჩუქა

ეს ტენდენცია სასწავლებელში დიდიხანია დამკვიდრდა და მომავალშიც გაგრძელდება. სასწავლებლის ადმინისტრაცია ყოველთვის უწყობდა ხელს მომავალი თაობების განვითარებას, რადგან ბათუმის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელ „ანრის“ მიზანია, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ქალაქის, რეგიონისა და მთლიანად ქვეყნის განვითარებაში.

დღეს, როდესაც სასწავლო დაწესებულებები დროებით დისტანციურ სწალებაზე არიან გადასული,  მათი ტექნიკური გამართულობა არის მნიშვნელოვანი, ახალი კომპიუტერები კი ხელს შეუწყობს სკოლის ადმინისტრაციას, შეუფერხებლად წარიმართოს სასწავლო პროცესი. ამის გარდა, დღეს, თანამედროვე მსოფლიოში. კომპიუტერი არის ცოდნის გაღრმავების ერთ-ერთი გზა.

კომპიუტერების გადაცემის ცერემონია გაიმართა ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლაში, დირექტორისა და სკოლის მასწავლებლების თანდასწრებით.

#განათლებაესარისგანვითარება!

ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ვებგვერდზე
https://www.mtc-anri.edu.ge/

ვითხოვ დასაქმებას, რომ ოჯახი მშიერი არ დამეხოცოს – კაცი მთავრობის სახლთან

„პანდემიის დროს განსაკუთრებით გაჭირდა სამსახურის პოვნა. ყველგან მეუბნებიან, რომ ვაკანსია კი არა, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეამცირეს,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები აკაკი დავითაძე. მას აჭარის მთავრობის სახლთან შევხვდით. მოქალაქე სამუშაოს ითხოვს, ასევე „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას.

აკაკი დავითაძის შესახებ „ბათუმელები“ 2020 წლის იანვარშიც წერდა. მაშინ ის თირკმლის გაყიდვას აპირებდა. აკაკი დავითაძე 6 წლიდან ქუჩაში იზრდებოდა. ახლა მას ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. აკაკის ოჯახი ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

„…პროფესიული განათლება მაქვს, მიმტანობაც შემიძლია, სერვისმენეჯმენტიც, მიმუშავია კიდეც, სულ ვშრომობ, როცა ჯანმრთელობა ხელს მიწყობს, მაგრამ ახლა, თუ დამიჯერებთ, ახალი ბულვარიდან დაწყებული, აქ ჩამოსვლამდე ყველა კაფე დავიარე და უარი მითხრეს… პანდემიის დაწყებამდე სადაც ვმუშაობდი, იქაც ჩემი ადგილი მენეჯერმა შეითავსა.

ბინის ფული თვეში 400 ლარი მაქვს გადასახდელი, უკვე 2 თვეა არ გადამიხდია ქირის ფული, გუშინწინ დიასახლისმა გასაღები ჩამომართვა… იძულებული გავხდი, ცოლ-შვილი სოფელში გამეშვა, მე მეგობართან ვრჩები,“ – გვითხრა აკაკი დავითაძემ.

აკაკი დავითაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ყოველთვიურად ოჯახი სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს – 280 ლარს. მოქალაქის თქმით, სოციალურად დაუცველის სტატუსის გამო მას „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვაზე უარი უთხრეს.

„მერიაში არჩილ ჩიქოვანს შევხდი. მითხრა, რომ კრიტერიუმები ჩემი შემუშავებული არ არისო… მომიხსენით ეს სოციალური დახმარება-მეთქი და მაშინ ხელფასი უნდა გქონდეს მინიმუმ 1200 ლარიო. ჯანდაცვის მინისტრსაც შევხვდი, ნინო ნიჟარაძეს… ყველა მპირდება დახმარებას, მაგრამ საბოლოოდ არაფერი გამოდის,“ – უთხრა აკაკი დავითაძემ „ბათუმელებს“.

აკაკი დავითაძის თქმით, მას მერიამ, ასევე აჭარის მთავრობამ, პანდემიის დროს ერთჯერადი დახმარება გამოუყო -სარეზერვო ფონდიდან 1000 ლარი ჩაურიცხეს.

სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით იკეტება

შექმნილი რეალობიდან გამომდინარე,15 სექტემბრიდან, ჩვენი მომხმარებლებისა და სერვისცენტრის თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით დაიხურება მომსახურების ოფისები თბილისსა და რეგიონებში.

პანდემიის პირველი დღიდან კომპანია ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი

დღესაც, ისევე როგორც პანდემიის საწყის დღეებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა ონლაინ მომსახურებით ისარგებლოს, რათა ოფისში მისვლის აუცილებლობა მოიხსნას.

24 საათიან რეჟიმში იმუშავებს სილქნეტის ქოლ ცენტრი 2 100 100; ონლაინ დახმარება და ფეისბუქის მესინჯერი;

 მობილური ქსელისთვის: 

  • სიმ ბარათის შეძენასაქართველოს ფოსტის 81 სერვის ცენტრიდან არის შესაძლებელი;
  • სიმ ბარათის შეცვლა და პორტირება –  შეკვეთა ხდება საიტზე https://salerequest.silknet.com/ და მოქმედებს მიტანის სერვისი
  • ცნობის გაცემაშესაძლებელია დისტანციურად 

ფიქსირებული ქსელისთვის:

  • ტელეფონის დადგმა/აღდგენა, მისამართის ცვლილება, ჩართული სერვისის გაუქმებადისტანციურად მოხდება;
  • სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს მიეცემა საშუალება მოწყობილობები ჩააბაროს ოფისების გახსნის შემდეგ;
  • დავალიანების გადანაწილება და ცნობის გაცემა  დისტანციურად შესრულდება;
  • პულტის შეძენისას მიტანის სერვისი მოემსახურება მხოლოდ თბილისს;

აპლიკაციით mysilknet (მობილური ქსელი) და პორტალით mysilknet.com (ფიქსირებული ქსელი) შესაძლებელია სერვისის მართვაბალანსის ნახვა, პაკეტის ცვლილება, ანგარიშსწორება და სხვა.

სილქნეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსზე გარე რეკლამაში 1000 დოლარი მოგვთხოვეს – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ [ერთ] მუნიციპალურ ავტობუსზე საარჩევნო რეკლამის განთავსებაში კომპანიამ ენმ-ს 1000 დოლარი მოსთხოვა, რაც ბევრად აღემატება რეალურ ფასს, რა ფასადაც რეკლამირების უფლება აქვს ამ კომპანიას ბათუმის საკრებულოსგან გადაცემული.

გიორგი კირთაძის თქმით, 31 ივლისს ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებზე გარე რეკლამის უფლება 30 წლით გაესხვისებინა. „აუქციონზე ერთადერთი, ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია, შპს „ალმა“ მონაწილეობდა, რომლის უკანაც, როგორც ვიცით, დგას „ვისოლ ჯგუფი“ და ბიძინა ივანიშვილი“, – ამბობს კირთაძე.

„ქართული ოცნების“ რეკლამა ავტობუსების მოსაცდელებზე

„დღეს დავურეკეთ ამ კომპანიას და ვთხოვეთ, რომ რადგან „ქართული ოცნების“ ბანერები უკვე არის გაკრული ავტობუსებზე, იქნებ ჩვენც მოგვცეთ რეკლამის განთავსების საშუალება-თქო. გვითხრეს, რომ ჯერჯერობით ადგილი არ აქვთ, მაგრამ თუ გამოუჩნდებათ ადგილი, 800 დოლარი და დამატებით დღგ-ე უნდა გადავიხადოთ ერთ ავტობუსზე რეკლამის განთავსებაში, რომელიც 1 კვ. მეტრზე გადაანგარიშებით, 300 ლარია. ანუ, 300 ლარად ყიდის კომპანია იმას, რაც მერიისგან იყიდა 2,20 ლარად“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

მისი განცხადებით, კომპანია „ალმას“ მუნიციპალური ავტობუსების გარდა, რეკლამის უფლება გადაცემული აქვს ავტობუსების გაჩერებებზეც.

„ოღონდ ეს ადგილები უფასოდ აქვს გადაცემული და ამაზე ცალკე ხელშეკრულება გაფორმდა – მხოლოდ მოვლა-პატრონობის ვალდებულებით და რეკლამის განთავსებით. ამ გაჩერებებზეც მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატების რეკლამებია განთავსებული. ჩვენ კი მოსაცდელებზე ბანერის განთავსებაშიც, თვეში 1000 დოლარი მოგვთხოვეს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

კირთაძის თქმით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარით ფინანსდება. „ჩვენ ამ თანხას ვიხდით იმაში, რისი გამომუშავება თავადაც შეუძლიათ? სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, რადგან, ერთი მხრივ, თითქოს წამგებიანი კომპანიაა „ბათუმის ავტოტრანსპორტი“, რომელიც ასეთ ხელშეკრულებას აფორმებს კერძო კომპანიასთან, რაც ცალსახად კორუფციაა“, – ამბობს კირთაძე.

„ბათუმელები“ კომპანია „ალმასაც“ დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რა ღირს გარე რეკლამა პოლიტიკური პარტიებისთვის, როგორც მუნიციპალური ავტობუსების ფასადზე, ასევე ავტობუსების გაჩერებებზე. კომპანიაში გვითხრეს, რომ პასუხს წერილობით მოგვწერენ.

კომპანიის პასუხს მიღების შემთხვევაში აქვე შემოგთავაზებთ.

ავარიული დაზიანების გამო გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე წყლის მიწოდება შეწყდა

ბათუმის წყლის ინფორმაციით ავარიული დაზიანების გამო დღეს, ღამის 12:00 საათამდე წყალი შეუწყდა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე (გრიბოედოვის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე) მცხოვრებ აბონენტებს.
„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით, “გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდგენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით”, – წერია განცხადებაში.

1222 სისხლის ნიმუშიდან კორონავირუსი გადატანილი მხოლოდ ერთს ჰქონდა – გამყრელიძე ახალ კვლევაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუშინ, 13 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა სეროპრევალენტობის კვლევა. სეროპრევალენტობის კვლევა იძლევა ინფორმაციას ინფექციის ცირკულირების შესახებ – თუ რამდენ ადამიანს, მოსახლეობის დაახლოებით რა პროცენტს აქვს გადატანილი ინფექცია ისე, რომ ამის შესახებ არ იცის (ძირითადად, უსიმპტომოდ).

კვლევა ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომი ჩატარდა.

ამირან გამყრელიძის თქმით, კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი პრინციპით აიღეს 1 222 სისხლის ნიმუში, რომელშიც განისაზღვრა Immunoglobulin G (IgG) ანტისხეულების არსებობა.

“როცა იმუნოგლობელინ G კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია და ამ 1 222 ნიმუშში მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი, მარტვილის რაიონში. სისხლის აღება მოხდა 17-25 აგვისტოს პერიოდში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს. ყველანაირად უნდა შევინარჩუნოთ ის დაბალი მაჩვენებლები, რომლებიც ამ პერიოდამდე ქვეყანას გვაქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, სეროპრევალენტობის კვლევა უახლოეს მომავალში თბილისსა და რუსთავშიც ჩატარდება.

ამავე თემაზე:

4 მუნიციპალიტეტში სეროპრევალენტობის კვლევა დაიწყო – გამყრელიძე

 

აჭარაში უკვე 6 კლინიკა მიიღებს კოვიდპაციენტებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში კოვიდპაცინეტებს უკვე 6 სამედიცინო დაწესებულება მიიღებს. ეს დაწესებულებებია:

რესპუბლიკური საავადმყოფო, კლინიკა „მედალფა“, ინფექციური საავადმყოფი, ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, მეზღვაურთა საავადმყოფო  და სამშობიარო სახლი.

350 საწოლფონდია მობილიზებული – განაცხადა დღეს, 14 სექტემბერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ასევე მზადაა ე.წ. კოვიდსასტუმროებში 400 ნომერზე მეტი უსიმპტომო პაციენტების მისაღებად.

დილის მონაცემებით, ბათუმის სამ კლინიკაში უკვე 238 კოვოდინფიცირებული პაციენტია, რეგიონში სულ უფრო მეტი საწოლია საჭირო ინფიცირებულთა სამკურნალოდ.

ასევე, დღეის მონაცემებით, აჭარაში, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება 97 პაციენტი. ეს ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, თუმცა კვეთრად გამოხატული სიმპტომები არ აქვთ.

ბოლო დღეებია აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ფაქტობრივად აღარ აკეთებს აქცენტს კლასტერებზე, რადგან ვირუსის შემთხვევები დასტურდება ყველგან.

__________

ფოტოზე: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო. ფოტო: აჭარის მთავრობა

სწავლა აჭარის მაღალმთიანეთშიც დისტანციურად დაიწყება

აჭარის მაღალმთიანეთში ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტში სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მიიღო. მიზეზი ხულოში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევაა.

“დისტანციურად დაიწყება სწავლა ხვალიდან, 15 სექტემბრიდან. განათლების სამინისტრო  მუშაობს, რომ სრულ მზადყოფნაში მოიყვანოს როგორც ტექნიკური, ასევე ინფრასტრუქტურული ნაწილი სკოლებში. სკოლების უდიდესი ნაწილი მზადაა საკლასო ოთახებში განახლდეს სწავლა, თუმცა მომატებული ეპიდრისკების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აჭარაში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება ერთიანად, პირველი ოქტომბრიდან,” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის განათლების სამინისტროს უკვე მზად აქვს სასწავლო წიგნები სკოლებისათვის და ბუკები პირველკლასელებისთვის.

საქართველოს დიდ ქალაქებში საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში პირველ ოქტომბრამდე სწავლის გადადების შესახებ 11 სექტემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. გადაწყვეტილება ეხება სასწავლო პროცესს შენობაში, ხოლო დისტანციური სწავლების პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.

 

სწავლა საკლასო ოთახებში ხელვაჩაურშიც პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

ექიმი ლევან ანთაძე PCR ტესტირების პასუხების დაგვიანებასა და მედპერსონალის დეფიციტზე

ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძე, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა ბათუმში, ხელისუფლებას აქტიური ქმედებისკენ მოუწოდებს [ლევან ანთაძე ბოლო რამდენიმე კვირაა მედალფას აღარ ხელმძღვანელობს, თუმცა მას სამსახურიდან წამოსვლის მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრია].

ლევან ანთაძის თქმით, ბათუმში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებული კოვიდინფიცირების შემთხვევებმა სერიოზული პრობლემები შექმნა ჯანდაცვის სფეროში.

„ბათუმელები“ ლევან ანთაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გამოვყოფთ რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემას, რომელთა მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეპიდსიტუაციის სწორად და ეფექტურად მართვისთვის.

ბოლო დღეების განმავლობაში მოიმატა PCR ტესტირებების რაოდენობამ, რამაც გამოიწვია ლაბორატორიების გადატვირთვა, შედეგად ხდება ტესტის პასუხების დაგვიანება და პასუხების ნაკლებ სანდოობა.

კლინიკები გადატვირთულია და ყოველდღიური შემთხვევათა რაოდენობა გადაცდა 100-ს, მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ მოსალოდნელია ყოველდღიურ შემთხვევათა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ზრდა. მოქმედი პროტოკოლით ყველა პაციენტი უნდა მოხვდეს კლინიკაში. ანუ ყოველდღიურად უნდა გავხსნათ მინიმუმ 100-საწოლიანი საავადმყოფო.

მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე მედპერსონალის დეფიციტის საკითხი, რაც გამოწვეულია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რისკთან, ასევე კოვიდკლინიკების მწირ დაფინანსებასთან. მედპერსონალის გადატვირთულობა პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ინფექციის გავრცელების რისკთან.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს დროულად და გადაუდებლად. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

[checklist]

  • უნდა გაიზარდოს PCR ლაბორატორიების რაოდენობა აჭარაში.
  • უნდა შეიცვალოს კოვიდ ინფექციის მართვის პროტოკოლი, რაც ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას და გულისხმობს მსუბუქი მიმდინარეობით მიმდინარე დაავადების მართვას თვითიზოლაციის პირობებში, რისთვისაც სასწრაფოდ აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის რგოლის აქტიური ჩართვა კოვიდინფექციის მკურნალობაში. მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ 50-60% შემთხვევაში პაციენტის მართვა ხდება ოჯახის პირობებში.
  • მძიმე სამუშაო პირობებიდან და შექმნილი კადრის დეფიციტიდან გამომდინარე აუცილებელია კოვიდთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს დაენიშნოს ხელფასზე სახელმწიფო დანამატი განურჩევლად სამედიცინო დაწესებულების საკუთრების ფორმისა. ეს უნდა შეეხოს როგორც კოვიდკლინიკებს, ასევე PCR ლაბორატორიებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ცხელების ცენტრების თანამშრომლებს.

[/checklist]

ყველა ეს ქმედება გადაუდებლად აუცილებელია, რათა ეფექტურად ვმართოთ შექმნილი მძიმე ეპიდვითარება აჭარაში და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება,” –  აცხადებს ლევან ანთაძე.

ჯანდაცვის მინისტრი: დამატებით 350 საწოლი გამოიყო, მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბათუმში უკვე 6 სამედიცინო კლინიკაშია შესაძლებელი კორონავირუსით დაავადებულთა მკურნალობა, გამოიყო 350 საწოლი, საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი.

„ჩვენ უკვე ავამუშავეთ საავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე.

დღეიდან კოვიდინფიცირებულებს აჭარაში შემდეგ კლინიკებში უმკურნალებენ: ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, მედალფა, ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის სამშობიარო სახლი, მეზღვაურთა საავადმყოფო და ქობულეთის სამედიცინო ცენტრი.

14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 97 კოვიდინფიცირებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმის სამშობიარომ Covid 19-ით ინფიცირებული 7 ორსული მიიღო

კორონავირუსით დაინფიცირებულ ორსულებს ბათუმის სამშობიარო სახლში უმკურნალებენ. კლინიკამ დღეს, 14 სექტემბერს, 7 პაციენტი უკვე მიიღო.

ბათუმის სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის იზოლირებული ბლოკი მოეწყო და აქ სულ 22 ორსული ქალის მიღებაა შესაძლებელი. იზოლირებული იქნებიან კოვიდინფიცირებული პაციენტების ჩვილებიც.

რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სამშობიარო სახლი 9 სექტემბერს რამდენიმე დღით დაიკეტა, როცა კორონავირუსი აქაც დაფიქსირდა. კლინიკის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ ტესტირების შემდეგ ყველა პასუხი უარყოფითი იყო და სამშობიარომ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობა განაახლა.

14 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 108 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამჟამად სტაციონარში მკურნალობს 238 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშ კი იმყოფება 97 კოვიდინფიცირებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გერმანული სტიპენდია ქართველი სტუდენტებისთვის

გერმანული ორგანიზაცია „Humanity first“-ი 2020-2021 სასწავლო წლებში ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიას აწესებს. სტუდენტი უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ან უნდა ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. ორგანიზაცია სულ 15 სტუდენტს დააფინანსებს შევსებული აპლიკაციის საფუძველზე. სტიპენდიის მოცულობა 2 500 ლარია.

სტუდენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და უნდა სწავლობდეს საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებელში.

იმისათვის, რომ მიიღოთ აპლიკაციის ფორმა, შეტყობინება უნდა გააგზავნოთ მეილზე: info@ge.humanityfirst.org ან ფეისბუქის გვერდზე: HumanityfirstGE.

სტიპენდიის მსურველებმა განაცხადი 30 სექტემბრამდე უნდა გააკეთონ.

ლეიკემიით დაავადებული 34 წლის კაცი დახმარებას ითხოვს

34 წლის ჯაბა ნიჟარაძე დახმარებას ითხოვს, მას მწვავე პრომოლეიციტური ლეიკემია აქვს. ჯაბა ნიჟარაძე ქობულეთში, სოფელ ალამბარში ცხოვრობს.

„გვჭირდება ძვირადღირებული კვლევები, რის საშუალებაც არ გვაქვს, ასევე არ გვაქვს ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენის საშუალება,“ – ამბობს ჯაბა ნიჟარაძის ცოლი, რიტა ნოღაიდელი. მისი თქმით, ჯაბას ლეიკემია 16 წლის წინ დაუდგინეს, თუმცა მკურნალობის შედეგად წლების განმავლობაში ჯაბა კარგად იყო და მშენებლობაზე მუშაობდა.

„ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან მძიმედაა. სოციალურად დაუცველის სტატუსი არ გვაქვს, მაგრამ დახმარება გვჭირდება, ჯაბა პირველი ჯგუფის ინვალიდია,“ – გვითხრა რიტა ნოღაიდელმა.

ჯაბა ნიჟარაძეს შეგიძლიათ დაეხმაროთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

„JSC Liberty Bank, BANK CODE: LBRTCE22

GE88LB0711104778184740

თურქეთში 30 წლის ქართველი ქალი ქმარმა მოკლა – მედია

თურქული მედიის ინფორმაციით, წუხელ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, საკუთარ სახლში პოლიციამ  ქალი მოკლული იპოვა.

პოლიციის ინფორმაციით, 30 წლის ქალს დანით არაერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე აღენიშნებოდა ცემის კვალი. ქალი საქართველოს მოქალაქეა.

თურქული მედიის ცნობით, ქალი მეუღლემ მოკლა.

პოლიცია ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ კაცს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა.

___

მთავარი ფოტო: haberturk

აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი. ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

Exit mobile version