მთავარი,სიახლეები

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

14.01.2020 • 2311
პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო. ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ 42 760 652 ლარი დაიხარჯება.

აქედან: ხელფასებისთვის 19,5 მილიონი ლარი, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება – გადამზადებაში – 1 მილიონზე მეტი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი იქნება 2,1 მილიონი ლარი, ხოლო საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის 7,2 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილება / წყარო: ცესკო

2020 წელს საქართველოში არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო – ასეთი გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებაში“ მას შემდეგ მიიღეს, რაც 2019 წლის ივნისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა ამ სისტემაზე გადასვლა ერთ-ერთ მოთხოვნად დაასახელეს.

2019 წლის 14 ნოემბერს კი, პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 იყო წინააღმდეგი, რაც აღნიშნული კანონის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კანონპროექტის ჩაგდებას ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ უკან წაიღო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პროტესტის ჩაქრობის მიზნით, გაცემული და უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული დაპირება – 2020 წლის არჩევნებისთვის ე.წ. ნულოვანი (ბუნებრივი) ბარიერის და სრულად პროპორციული სისტემის შემოღების თაობაზე – დღეის მდგომარეობით, პარლამენტის არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს 77 დეპუტატი – პროპორციული, 73 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

თუმცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების მედიატორობით, გრძელდება საარჩევნო სისტემაზე  მოლაპარაკებები.

 

მთავარი ფოტო: თბილისი, 18 ნოემბერი, 2019 / აქციის დაშლა პარლამენტის შენობასთან / ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: