ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

14.11.2020
ბათუმში უსკოს შენობასთან ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმში, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შენობასთან, ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია იმართება. პარალელურად, დღეს, 14 ნოემბერს, უსკოს სხდომაც იმართება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

უსკოს დღის წესრიგშია რამდენიმე საკითხი, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემებით ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება.

უსკომ უნდა მიიღოს ასევე განკარგულება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდაჭერები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ არანაირი შემაჯამებელი ოქმები უსკოში არ უნდა შედგეს. „ივანიშვილის მონებო“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, კახა ჯაიანმა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ორ მაჟორიტარულ ოლქში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება პროპორციულ არჩევნებს, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაონამ“ გადალახა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესვლაზეც უარს ამბობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: