მთავარი,სიახლეები

ქვიშის უკანონო მომპოვებელს ტრაქტორი ჩამოართვეს – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

13.11.2020 • 1034
ქვიშის უკანონო მომპოვებელს ტრაქტორი ჩამოართვეს – რა გადაწყვიტა საკონსტიტუციომ

პარლამენტის წინააღდეგ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანია „ბექანისმა“ მოიგო. ეს კომპანია აპროტესტებდა იმას, რომ ქვიშის უკანონოდ მოპოვებისთვის დაჯარიმებასთან ერთად ტრაქტორიც ჩამოართვეს. საკონსტიტუციო სასამართლოში კომპანიამ ის სამართლებრივი ნორმა გააპროტესტა, რომელიც საქმის განმხილველ მოსამართლეს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევდა – წიაღისეულის უკანონოდ მომპოვებელს, დღემდე მოქმედი კანონდებლობით, სამართალდარღვევის იარაღი უპირობოდ უნდა ჩამორთმეოდა.

კომპანია „ბექანისის“ ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა.

საქმის მასალების მიხედვით, კომპანია „ბექანისმა“ ლიცენზიის გარეშე 1 კუბური მეტრი ქვიშა მოიპოვა და მას ჯარიმის გარდა დამატებითი სახდელის სახით ტრაქტორიც ჩამოართვეს, რომლის ღირებულებაც 54 650 ლარი იყო. „ბექანისმა“ გარემოს ჯამში 201 ლარის ღირებულების ზიანი მიაყენა, საიდანაც 200 ლარი წარმოადგენდა სალიცენზიო მოსაკრებლის ღირებულებას, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანი – ერთ ლარს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის უპირობო კონფისკაციას და საქმის განმხილველ მოსამართლეს არ აძლევდა შესაძლებლობას, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, კერძო და საჯარო ინტერესების ადეკვატური დაბალანსების გზით, განესაზღვრა სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის აუცილებლობა, რაც გაუმართლებლად ზღუდავდა საკუთრების უფლებას.

მოპასუხე მხარემ კი განმარტა, რომ სადავო რეგულირება ემსახურებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობის ლეგიტიმურ მიზანს. ამასთან, მოპასუხის მითითებით, მსგავსი შეზღუდვის დაწესება სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღის მოპოვების პრაქტიკაში არსებული გახშირებული შემთხვევებითა და მხოლოდ ფინანსური სანქციების არაეფექტურობით იყო განპირობებული.

შეზღუდვის აუცილებლობის ეტაპზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადად, პირის საკუთრებაში არსებული ქონების იძულებით უსასყიდლოდ ჩამორთმევა წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის ყველაზე მძიმე ფორმას. ამდენად, სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევისას, განსაკუთრებულად იზრდება საზოგადოებრივი საჭიროების უპირატესობის დასაბუთებისა და შეპირისპირებულ ინტერესთა შორის სამართლიანი და თანაზომიერი ბალანსის დადგენის აუცილებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სიმძიმე, გარემოსთვის მიყენებული ზიანის მასშტაბი და სხვა ინდივიდუალური მახასიათებლები, რომელთა ერთობლიობა შესაძლოა განაპირობებდეს სადავო რეგულირებით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას ან სასამართლოს მიერ მის გამოყენებაზე უარის თქმას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებდა  აუცილებლობისა და თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპების მოთხოვნებს და გასაჩივრებული ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებასთან მიმართებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: