მთავარი,სიახლეები

გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება – პროექტის ღირებულება 174,8 მილიონი აშშ დოლარია 

13.11.2020 • 1945
გარდაბანში მესამე თბოსადგური აშენდება – პროექტის ღირებულება 174,8 მილიონი აშშ დოლარია 

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის თანხმობისთვის მიმართა. შესყიდვა გარდაბნის მუნიციპალიტეტში 272 მგვტ სიმძლავრის ბუნებრივ გაზზე მომუშავე მესამე კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობას ეხება. პროექტის ღირებულება 174 837 546 აშშ დოლარია.

„აღნიშნული ღირებულება მოიცავს „ბაზრის კვლევის“ ფარგლებში დაბალფასიანი პრეტენდენტის მიერ თბოსადგურის მშენებლობის Lump sum ფასს [144 837 546 აშშ დოლარი, ყველა გადასახადის ჩათვლით გარდა, იმპორტის გადასახადის, აქციზისა და დღგ-ს განაკვეთისა] და 30 000 000 აშშ დოლარს, რომელიც წარმოადგენს „მესამე თბოსადგურის“ სამშენებლო სამუშაოებთან/მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით „კორპორაციასა“ და „მიმწოდებელს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გადასახდელი დღგ-ს და იმპორტის გადასახადის საორიენტაციო მოცულობას, საიდანაც შემსყიდველის მიერ აღნიშნული გადასახადების გადახდა განხორციელდება ფაქტიურად არსებული ოდენობების შესაბამისად“ – განმარტავს კორპორაცია.

კორპორაცია ხელშეკრულების გაფორმებას თურქულ კომპანია CALIK ENERJI A. S.-თან გეგმავს.  „გარდაბანი 3“-ის მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის სავარაუდო ვადად კი განისაზღვრება პერიოდი – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა. CALIK ENERJI-იმ გარდაბანში ააშენა ასევე 230-მეგავატიანი თბოსადგური „გარდაბანი 1“.

ხელშეკრულება გაფორმდება მას შემდეგ, როცა კორპორაცია მიიღებს შესყიდვების სააგენტოს თანხმობას, ხოლო საქართველოს მთავრობა მიიღებს შესაბამის განკარგულებას.

„ფასთა გამოკითხვის პროცედურაში საუკეთესო წინადადების წარმომდგენ სუბიექტთან ხელშეკრულებას „კორპორაცია“ გააფორმებს, თუმცა ხელშეკრულების გაფორმებიდან გარკვეული პერიოდის (რამდენიმე თვე) შემდეგ, ხელშეკრულებაში თავდაპირველი შემსყიდველი მხარე – „კორპორაცია“ ჩანაცვლდება „მესამე თბოსადგურის“ პროექტის უშუალოდ განხორციელების მიზნით „კორპორაციის“ მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მომავალში დაფუძნებული შვილობილი კომპანიით,“ – აცხადებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 26 სექტემბრის განკარგულების განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ „… ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტემპების გათვალისწინებით, აუცილებელია, 2023 წლისათვის ექსპლუატაციაში იქნეს შეყვანილი ახალი 250 მგვტ („მესამე თბოსადგურის“ თავდაპირველი სიმძლავრე განისაზღვრა 250 მგვტ-ით, ხოლო მოგვიანებით 272 მგვტ-ით) სიმძლავრის თბოსადგური. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ იგეგმება ენგურჰესის (რომელიც ქვეყნის ენერგოსისტემისათვის წარმოადგენს ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილ და იაფ წყაროს) სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება, რის გამოც ქვეყნის ენერგოსისტემას მოაკლდება ელექტროენერგიის მძლავრი წყარო და საჭირო გახდება ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლება. ახალი თბოსადგურის არსებობის შემთხვევაში, ენგურჰესისაგან მიუღებელი ელექტროენერგიის შევსება/დაბალანსება შედარებით იოლად მოხდება“.

კორპორაციის განაცხადის მიხედვით, 2015 წელს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ და სს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილმა კომპანიამ – შპს „გარდაბნის თბოსადგურმა“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაასრულა 230 მგვტ-მდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის („პირველი თბოსადგური“) მშენებლობა, რომელიც იმავე წელს შევიდა ექსპლუატაციაში. 2019 წლის ბოლოს კი დასრულდა ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 230 მგვტ. სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოსადგურის მშენებლობა. აღნიშნული პროექტი განახორციელა ,,კორპორაციის“ შვილობილმა კომპანია შპს ,,გარდაბნის თბოსადგური 2“-მა.

__________________________

მთავარი ფოტო: თბოსადგური გარდაბანში /ფოტო: შპს „გარდაბნის თბოსადგური“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: