ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

13.11.2020 • 1762
დოლოგანთან 290 800 კუბ.მ წიაღისეულის ლიცენზია სამინისტრომ 93 ათას ლარად გაყიდა

ქედის სოფელ დოლოგანთან ახალ კარიერს მოაწყობენ. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სოფლების – დოლოგნისა და ჭინკაძეების მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია 93 159 ლარად გაყიდა. თანხა გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ლიცენზიის ვადა 7 წელია. ამ პერიოდში ლიცენზიანტს, შპს „რასეს“,  36 350 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე ჯამში 290 800 კუბური მეტრი წიაღისეულის [ანდეზიტო-ბაზალტის გამოვლინება] მოპოვების უფლება აქვს. სამინისტროს ინფორმაციით, ამავე კომპანიას კიდევ აქვს მოქმედი ლიცენზია, რომლითაც ახალი კარიერის მახლობლად რამდენიმე წელია მოიპოვებს წიაღისეულს. ეს კომპანია სამშენებლო მასალებს აწარმოებს.

აუქციონის პირობების თანახმად, კომპანიამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განახორციელოს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით; უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვით.

კომპანია ასევე ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები:

  • ობიექტის ექსპლოატაციის პერიოდში მოხსნილი ფუჭი ქანი დასაწყობდეს, რათა გამოირიცხოს მისი ჩაყრა მდინარის ხეობაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მდინარის შეგუბება და ასევე ქვათაცვენისა და ღვარცოფული პროცესების განვითარება.
  • ობიექტის ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით დამუშავების შემთხვევაში შერჩეული უნდა იქნას მუხტების ოპტიმალური სიდიდე, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს აფეთქებისაგან გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებს.
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა);
  • ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

კომპანიამ ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით).

აუქციონის პირობის მიხედვით, „ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს [ასეთის არსებობის შემთხვევაში] უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება“.

აღსანიშნავია, რომ სოფელ დოლოგანთან, იქ, სადაც შპს „რასე“ წიაღისეულს უკვე მოიპოვებს, რამდენჯერმე ჩამოწვა მეწყერი, მაგალითად, 2015 წელს მეწყერმა მდინარე ბზანა ჩაკეტა და არსებობდა დასახლებული ტერიტორიის დატბორვის საშიშროება.

ტერიტორია, სადაც წიაღისეულის მოპოვებაზე ლიცენზია აუქციონზე გაიყიდა, სოფელ დოლოგანთან და სოფელ ჭინკაძეებთან მდებარეობს / ფოტო: აუქციონიდან

სოფელ დოლოგანთან ახლოს ერთ-ერთ კარიერზე [სოფელ ჭინკაძეებთან] 2018 წელს კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭი დაიღუპა. წიაღისეულს აქ შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ მოიპოვებდა.

სოფელ ჭალახმელასთან [დოლოგანი] კი, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს, ფიზიკურმა პირმა ლევან ხოზრევანიძემ 266 000 კუბური მეტრი წიაღისეული უნდა მოიპოვოს. ამ ლიცენზიანტს წიაღისეული სოფელ ჭარნალის მიმდებარედ უნდა მოეპოვებინა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ადრე გვითხრეს, რომ იქ მას წინააღმდეგობა მოსახლეობამ გაუწია.

ამ თემაზე:

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: