Batumelebi | ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი] ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი] – Batumelebi
RU | GE  

ექთნების ხმა – დაუფასებელი შრომა [პოდკასტი]

საქართველოში, სხვადასხვა კლინიკაში დაახლოებით 18 ათასი ექთანი მუშაობს.  ექთნების სახელფასო ანაზღაურება საათში 2 ლარიდან იწყება. ერთ კლინიკაში მომუშავე ექთნის საშუალო ხელფასი 320 ლარიდან 380 ლარამდე მერყეობს. იმის გამო, რომ ხელფასი არასდროს ჰყოფნით ექთნები ყვებიან, რომ რამდენიმე კლინიკაში მუშაობენ. ეს ნიშნავს გადაბმულ მორიგეობას, მუდმივ სტრესს და გადაღლას.

„მიტოვება მინდოდა ჩემი პროფესიის. მაღაზიის გაკეთება. უბრალოდ ახლა, ამ კოვიდის გამო ვერ მივატოვებ“, „ჩემი შვილები არასდროს დასასვენებლად არ წამიყვანია, რადგან არასდროს მქონია ამის საშუალება“, „ერთ კლინიკაში დაღლილი ექთანი მეორე კლინიკაში არ უნდა მიდიოდეს სამუშაოდ“,  –  ამბობენ ექთნები.

ექთნებს არ სურთ, მათი ვინაობის გასაჯაროება, რადგან ფიქრობენ, პრობლემებზე ღიად საუბარი მათ სამსახურს დააკარგვინებს.

მეორე არგუმენტი კი ისაა, რომ საქართველოს კლინიკებში მომუშავე ათასობით ექთანია მათ მსგავს ან უფრო ცუდ  სიტუაციაში. ექთნები ამბობენ, რომ მათ მიერ მოყოლილი ისტორიები, შეგვიძლია ქვეყნის მასშტაბით კლინიკებზე განვავრცოთ და ზოგად სურათს დავინახავთ.

ექთნები ყველაზე საჭირო რგოლია სამედიცინო პერსონალში, ყველაზე მცირე ანაზღაურებით. ანაზღაურება საათში 6 ლარამდე გაეზარდათ იმ ექთნებს, რომლებიც კოვიდპაციენტებთან მუშაობენ. თუმცა ეს სამუშაო რისკის შემცველია.

ექთანი #00001

ჩემს ერთ სამუშაო დღეს მოგიყვებით, რომ მიხვდეთ რამდენად რთულია საქმე, რომელსაც ვაკეთებ. მე ვმუშაობ ქირურგიულ განყოფილებაში. როდესაც კლინიკაში პაციენტი შემოდის, წვება განყოფილებაში, მიმართულების ექიმი გვიწერს დანიშნულებას და ამის შემდეგ, დანიშნულების შესრულება მთლიანად არის ექთნის მოვალეობა.

მიდიხარ, ეცნობი პაციენტს, ექიმი გიწერს რა გამოკვლევა სჭირდება. აკეთებ გამოკვლევას, მათ შორის ლაბორატორიულსაც. ანალიზებსაც ჩვენ ვღებულობთ, კარდიოგრამის გადაღება უნდა, იმასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვამზადებთ საოპერაციოდ. ამას ერთი ქირურგიული პაციენტის  შემთხვევაში ვამბობ, თორემ ჩვენთან არის მრავალი მიმართულება. ნევროლოგიური, ტრავმატოლოგიური, უროლოგიური. ზოგადი ქირურგიის და  ყველა მიმართულების პაციენტს სჭირდება თავისებური მოვლა. ვინც ვმუშაობთ, ყველამ ვიცით, რომელი მიმართულების პაციენტს რა სჭირდება. ჩვენ ვამზადებთ საოპერაციოდ, მიგვყავს საოპერაციოში და… ოპერაციის შემდგომ პაციენტს სჭირდება სულ სხვანაირი მოვლა.

ოპერაციის შემდგომ პაციენტის ჰემოდინამიკას ვაკვირდებით – აუცილებელია წნევის, პულსის და ტემპერატურის კონტროლი. ინფუზური თერაპია, ანტიბიოტიკური თერაპია.

გაითვალისწინეთ, რომ ერთ ექთანს ერთი პაციენტი არ ჰყავს. ერთდროულად ვუვლით 10-15 პაციენტს. განსაკუთრებული სირთულეა, როცა ზოგჯერ გვყავს პირველი დონის პაციენტი. ეს ნიშნავს, რომ რეანიმაციული ღონისძიებები არა, მაგრამ ინტენსიური თერაპია სჭირდება. ასეთ მძიმე პაციენტებსაც ვუვლით. დღევანდელი პროტოკოლით როგორაა იცით? დამლაგებელი/დამხმარე არ გვყავს. არის კლინიკაში დამლაგებელი, მაგრამ მას ერთი მეტრის რადიუსში პაციენტთან მისვლის უფლება არ აქვს, ამიტომ პაციენტს მთლიანად უვლის მედდა. იქნება ეს პამპერსის გამოცვლა, საფენის გამოცვლა, ნახვევის გამოცვლა. ყველა მანიპულაცია, რაც კი დაკავშირებულია მძიმე, საშუალო თუ მსუბუქ პაციენტთან, ყველაფერს აკეთებს მედდა.

ჩვენ არ გვაქვს დასვენების და შესვენების რეჟიმი – 24 საათის განმავლობაში შეიძლება 2 საათი ექთნებმა ერთმანეთს ხელი შევუწყოთ და პოსტზე დარჩეს რიგითი ექთანი, ან დაისვენოს ცოტა.

ექთანი არის კლინიკის გული. ექიმი აძლევს დანიშნულებას და მერე ყველაფერი ექთნის ხელშია. ზოგჯერ ექიმი შემოვლაზე რომაა პაციენტი ვერ ცნობს, რომ ის მისი ექიმია, რადგან ექიმი გაესაუბრება ერთხელ და 24 საათი უვლის ექთანი. რა თქმა უნდა, შრომის ანაზღაურება არის მიზერული. ექთანს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, უზარმაზარი შრომა და ძალიან დაბალი ანაზღაურება. მე ჩემი ხელფასი, 1 თვის  განმავლობაში [8 მორიგეობა] გამომდის 380 ლარი. 7 მორიგეობაში 320 ლარი. ეს მიზერული თანხაა. ამ რვა მორიგეობაზე ვიმატებ ოთხ ან ხუთ მორიგეობას და 600 მაქსიმუმ 650 ლარი გამომივიდეს.

ექთანი #00002

ჩემი შრომის ანაზღაურება საათში 3 ლარია. „ევექსის“ კლინიკაში როცა ვმუშაობდი, საათში 2,40 მქონდა. დღის ექთნები ვართ რვასაათიან სამუშაო გრაფიკზე და მორიგე ექთნები 16 და 24 საათიან გრაფიკზე.

მე, პირადად, ეგ ხელფასი არ მყოფნის, ამიტომ ხან ჩემს კლინიკაში ვითხოვ დამატებით საათებს, ხან სხვა კლინიკებში დავდივარ და იქ ვმუშაობ.

დაღლილები ვართ მუდმივად. დაღლილი ექთანი კიდევ კი იცით, რამდენი შეცდომა შეიძლება დაუშვას ადამიანმა.

3 ლარით როგორ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს? ექთნები ერთი კლინიკიდან მეორეში რომ დარბიან, გგონიათ მათ სიამოვნებთ? მაგრამ 380 ლარით ადამიანი ვერ იარსებებს.

ანაზღაურება არის ძალიან ცუდი. რასაც ჰქვია ჩვენი შრომა არის დაუფასებელი. არასდროს სახელმწიფოსგან, სამინისტროსგან რაიმე დახმარება არ გვქონია.

რამდენჯერაც რამეს ვიტყვით, გვეუბნებიან კერძოა, კერძოა… ამ დროს სახელმწიფოს შეუძლია სტანდარტი დააწესოს, რომ კლინიკამ ვერ გადაუხვიოს იმ სტანდარტს და ჩვენ ვირულად ვერ გვაშრომოს. განსაზღვრონ ერთმა ექთანმა რამდენ პაციენტს უნდა მოუაროს – 10 პაციენტს? 12 პაციენტს? დამხმარე უნდა ჰყავდეს თუ არ უნდა ჰყავდეს?

სტანდარტის დაწესებას ვითხოვთ იმიტომ,  რომ ვერც მთავარმა  ექიმმა, ვერც დირექტორმა და ვერც უფროსმა ექთანმა ვერ უნდა გადაუხვიოს ამ სტანდარტს.

ჩემს განყოფილებაში 26 საწოლია, რომელზეც ორი ექთანია განაწილებული. 13-13 პაციენტი ხვდება თითოს. სტანდარტულად ასეა – ამ 13 პაციენტიდან 5 გაეწერება, ხუთი ახალი შემოდის. ექთანი მანიპულაციასაც თვითონ აკეთებს, პაციენტის გამოცვლაც მას ავალია, საწოლის დამუშავებაც, ანალიზების აღებაც, რენტგენზე წაყვანა-მოყვანა. პამპერსი, ყველაფერი ექთანზეა. ამას გარდა, რაც იმუშავა ის ხარჯი უნდა დაწეროს და მერე კომპიუტერში შეიყვანოს.

ექთანი #00003

კოვიდცენტრის ექთანს სამუშაო ოთახამდე ორი ზონის გავლა უწევს, ერთი ზონა, სადაც სამუშაო ფორმას იცვამს, მეორე ზონაში სპეციალურ აღჭურვილობას იცვამს და საბოლოოდ სამუშაოდ ბოქსებში გადის. ყველაზე მცირე ერთ ექთანს 12 პაციენტი აბარია. 12 საათიანი გრაფიკი გვაქვს. საათში 6 ლარია კოვიდცენტრის ექთანის ანაზღაურება.

კოვიდის პირველი ტალღის დროს ვმუშაობდი – ანაზღაურება საათში 2,60 ლარი იყო. მაშინ კლინიკაში დავინფიცირდი. ძალიან მძიმედ ვიყავი. კოვიდის მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა, თუმცა შემდგომი რეაბილიტაციისთვის არანაირი თანხა არ გამოუყვია – არც კლინიკას და არც სახელმწიფოს. ექთნების შრომა მძიმეა. არ გვაქვს დაზღვევა. არ ვსარგებლობთ არანაირი პრივილეგიით. კოვიდის მეორე ტალღაზე სამუშაო გრაფიკიც  შეიცვალა და შრომის ანაზღაურებაც. 12 საათი ვმუშაობ, შემდეგ 24 საათი ვისვენებ. საათში 6 ლარი მაქვს ანაზღაურება.

პანდემიის გამო ოჯახში ყველა უმუშევარი დარჩა. ამიტომ ვცდილობ დამატებითი სამსახური ვიპოვო. სხვა კოვიდკლინიკებში არის ვაკანსიები და იქ ვაპირებ დამატებით ვიმუშაო.

ძალიან დიდი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის დეფიციტი. ერთ ექთანზე 15-17 პაციენტი მოდის.

ექთანი #00004

ჩემი სახელი და გვარი არ გამოაქვეყნოთ. ისედაც ცუდად გვაქვს საქმე, ისე გააკეთოთ, რომ სამსახურიდან არ გამაგდონ.

განყოფილებაში ვმუშაობ. საათში სამი ლარი მაქვს ანაზღაურება. 8 საათს ვმუშაობ დღეში, მაგრამ ეს მუშაობა არაა. ეს კატასტროფული მუშაობაა. ერთი მათრახი აკლია ჩვენს ხელისუფლებას, რომ მონებად გვათრიხინონ. თუ სირბილი არ იცი, აქ ვერ იმუშავებ. თუ სირბილი იცი, მოასწრებ შენს საქმეს, თუ არადა ვერ მოასწრებ. წამოხვალ ისევ გაუკეთებელი… დაუმთავრებელი.

დამოკიდებულება არის ასეთი – თუ გინდათ იმუშავეთ, თუ არადა წადით სახლში. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი