ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  


ქედის პატარა სოფელ ჭინკაძეებში ახლაც არ იციან, გაგრძელდება თუ არა კლდის აფეთქება ისევ. 31 ოქტომბრის საღამოს, მორიგი აფეთქების დროს ასხლეტილმა ქვამ ამ სოფელში, ერთ-ერთი სახლის ეზოში 6 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკული შემთხვევიდან მეორე დღეს გამოძიებამ სამი მუშა დააკავა. პასუხისგებაში არც ერთი პასუხისმგებელი პირი არ მიუციათ. პასუხი არც რომელიმე საჯარო უწყებისთვის მოუთხოვია ვინმეს – უნებართვოდ როგორ აფეთქებდა სოფელში კლდეს კერძო კომპანია.

ვინ არის პასუხისმგებელი ან რას აკეთებდნენ სახელმწიფო უწყებები, როცა კომპანია ყველასთვის ცხადად კლდეს ნებართვის გარეშე აფეთქებდა? – ეს და სხვა შეკითხვები ჩვენ 6 სახელმწიფო დაწესებულებას დავუსვით როგორც თბილისში, ისე ბათუმში. მიღებული საჯარო ინფორმაციების მიხედვით, პასუხისმგებელი არც ერთი მათგანი არ არის. დამნაშავე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც მხოლოდ სამი მუშა გამოვიდა. ისინი აფეთქების დროს ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.

დაღუპული ბავშვის მამა: არ მინდა, ვინმეს ოჯახი გაუბედურდეს ისევ, მე ამის შეცვლა მინდა.

ჭინკაძეებში დაღუპული ბიჭის მამა – გოჩა ოსანაძე უსაფრთხოების ზომების დაცვას იმისთვის ითხოვს, რომ ტრაგედია არ განმეორდეს. ამბობს, რომ ამ თემაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა და შეთანხმდა კიდეც. თუმცა განცდა აქვს, რომ არაფერი შეიცვლება.

„იყვნენ მოსულები, კი. არ ვიცი საიდან იყვნენ, მათი სახელები, ქედის მერიიდანაც იყვნენ… ჩვენი მოთხოვნა მაშინ იყო ის, რომ გაწმინდონ ეს ადგილი ჩამოშლილი მასისგან, ახლა წმენდენ… გაწვიმდა და შეაჩერეს. შევთანხმდით იმაზე, რომ საფრთხე აღარ იყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ სახელმწიფოს ხელი შევუშალოთ მუშაობაში.

ჯერ მაგ დონეზე არ ყოფილა საუბარი – არაფერი არ გაუკეთებიათ, ან რა უნდა გამიკეთონ, რომ ამინაზღაურონ ზიანი. გეგა ზუსტად 6 წლის და 6 თვის იყო. წელს პირველად წავიდა სკოლაში…

არ მომიკითხია და დღესაც არ მაქვს სურვილი გავიგო, როგორ მოხდა, რანაირად მოხდა, რატომ მოხდა. მივიდე და შევეკითხო ვინმეს, მძიმეა… როგორ უნდა ვკითხო?

არ შეიცვლება არაფერი. გავა დრო და ვნახავთ, დრო გვიჩვენებს.

ხვალ იქნება თუ ზეგ, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ვაი და ანალოგიური ჩემს შვილსაც დაემართოს. არ მინდა, ვინმეს ოჯახი გაუბედურდეს კიდევ ერთხელ, მე ამის შეცვლა მინდა“.

რას ამბობენ სოფელ ჭინკაძეებში

„ამ დროისთვის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. ეს რომ არ მოხდეს, გზის გარეშე დარჩება ბევრი ოჯახი… გარდა ამისა, აფეთქებული მასის ჩამოშლის საფრთხე არსებობს,“ – გვიყვება მალხაზ საფარიძე, იგი ქედის მერის რწმუნებულია სოფელში. რწმუნებულის თქმით, მოსახლეობა საფრთხეს ისევ გრძნობს და გეოლოგის დასკვნა მოითხოვეს.

„მათ დაწერეს განცხადება და მოითხოვეს გეოლოგები. გეოლოგებმა შეისწავლეს ტერიტორია და კვირის ბოლოს ალბათ იქნება დასკვნა. მოსახლეობა ამბობს, რომ თუ საფრთხე აღარ არსებობს, მაშინ შესაძლებელია დავილაპარაკოთ მასალის მოპოვების გაგრძელებაზე. აქ ახლა მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომ გაიწმინდოს ადგილი,“ – ამბობს მალხაზ საფარიძე.

„გვითხრეს, რომ უნდა შევწყვიტოთ ყოველგვარი აფეთქებითი სამუშაოები, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. ახლა მხოლოდ ვწმენდთ ტერიტორიას. სავარაუდოდ, იმავე ადგილზე აღარ გაგრძელდება მასალის მოპოვება. ალბათ, სხვა კარიერზე გადავალთ, ჯერ ზუსტად არ ვიცით,“ – გვითხრა გია ღოღობერიძემ, იგი კომპანია „ალბაირაქს“ წარმოადგენს, რომელიც სოფელ ჭინკაძეებში „სტრუკ გრუპ ჯორჯიას“ დაკვეთით სამშენებლო მასალას მოიპოვებდა.

ისევ წინასწარ პატიმრობაში რჩება კომპანია „ალბაირაქის“ სამი მუშა, რომლებიც 31 ოქტომბრის აფეთქების შემდეგ დააკავეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან. მათი წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა პროკურორი პროცესის გადავადებას ითხოვს.

„გადავადება მოითხოვეს, რადგან ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან. ექსპერტიზის დასკვნებით ის მაინც ვერ დადგინდება, რომ მუშები იყვნენ დამნაშავე. ჯერ არ ვიცით, მოსამართლე დაეთანხმება თუ არა პროცესის გადადების მოთხოვნას,“ – ამბობს ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი. ის ახლაც მიიჩნევს, რომ ამ საქმეზე აშკარად „სხვის ნაცვლად სხვა ზის ციხეში“, რადგან მუშები მხოლოდ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, მათთან არც საპროცესო შეთანხმებას ცდილობს პროკურატურა. პროკურატურას ამ დრომდე სხვა პირის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია.

რა გაარკვია სახელმწიფომ – როგორ აფეთქებდა კლდეს კომპანია უნებართვოდ? 

აფეთქების შედეგად ქედაში 6 წლის ბიჭის გარდაცვალებიდან 42 დღე გავიდა – რა გაარკვია სახელმწიფომ ამ დროის მონაკვეთში? ჭინკაძეებში კლდეს ბათუმში ზღვის ნაპირსამაგარი სამუშაოებისთვის აფეთქებდნენ. სამუშაოები აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ჟილინის არხის მიმართულებით დამცავი კედლის – ქვანაყარი ბერმის აშენებას ითვალისწინებს. პროექტზე, აზიის განვითარების ბანკისგან მიღებული სესხით, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მუშაობს. სამუშაოების ჩატარებაზე ხელშეკრულება სახელმწიფოს ჰოლანდიურ კომპანია – STRUIJK GROUP-თან აქვს გაფორმებული.

„სტრუიკ გრუპ ჯორჯიამ“ სამშენებლო მასალის მოპოვება თურქეთში რეგისტრირებულ კომპანია „ალბაირაქს“ დაუკვეთა. ეს კომპანია მოიპოვებს მასალას და ბათუმში ჩამოაქვს. ჰოლანდიური კომპანია კი მოპოვებულ მასალას პლაჟზე ყრის.

რაც შეეხება უშუალოდ აფეთქებას – 31 ოქტომბერს კლდე კომპანია „დინამიტი ლ.დ.“-მ ააფეთქა. ამ კომპანიას „ალბაირაქმა“ კონკრეტული აფეთქების უზრუნველყოფა დაავალა.

„სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა. განკარგულების მიხედვით, „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ 65 ათასი კუბური მეტრი ანდეზიტ-პორფირიტი უნდა მოეპოვებინა სოფელ ჭინკაძეებში. ამავე განკარგულების მიხედვით, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

წიაღის ეროვნული სააგენტოდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, ბავშვის დაღუპვიდან მეორე დღეს და 6 ნოემბერს განხორციელდა „სამთო მინაკუთვნის ადგილზე დათვალიერება და შესწავლა“. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიუხედავად, აპრილიდან ნოემბრამდე წიაღის სააგენტო ჭინკაძეებით არ დაინტერესებულა.

„დათვალიერება/შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მისასვლელი საკარიერო გზის ნაწილი გაყვანილია სამთო მინაკუთვნის გარეთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია 2018 წლის 15 ნოემბრის #22/8908 წერილით გაეგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონულ სამმართველოს, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირების მიზნით,“ – აღნიშნულია წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში.

დაფიქსირებულ დარღვევაზე რეაგირება ჯერ არ ჰქონიათ.

წიაღის ეროვნულ სააგენტოში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვას, სად იყო ინსპექტირების სამსახური აპრილიდან ნოემბრამდე?

ამ უწყებიდან ასევე მოგვწერეს, რომ 15 ნოემბერს გაუგზავნეს წერილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და აცნობეს შემდეგი:

„დათვალიერება/შესწავლის და წარმოდგენილი დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოები ნაწარმოებია ბურღვა-აფეთქებითი მეთოდის გამოყენებით. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, 2018 წლის 15 ნოემბერს, #22/8907 წერილი გაეგზავნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, იმის დასადგენად, იყო თუ არა გაცემული აფეთქებითი სამუშაოების ნებართვა/თანხმობა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კარიერზე,“ – ვკითხულობთ წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიერ გამოგზავნილ წერილში.

სამუშაო რომ ნებართვის გარეშე სრულდებოდა, ეს 15 ნოემბრამდე ორი კვირით ადრე, 31 ოქტომბერს განაცხადეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. მართალია, „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ ლიცენზიისგან მთავრობამ გაათავისუფლა, თუმცა აფეთქებაზე თანხმობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან კომპანიას აუცილებლად უნდა მიეღო.

აჭარის ეკონომიკის სამინისტრო: არ გვქონდა ინფორმაცია, რომ აფეთქებდნენ

„სამუშაოები შეიძლება გაგრძელდეს“ – ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ პირველ ნოემბერს თქვა, ტრაგედიიდან მეორე დღეს. მაშინ მინისტრმა პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა: „ნებისმიერი სუბიექტი, სახელმწიფო მოღვაწე თუ სხვა, მკაცრად დაისჯება…“

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, „2018 წლის 01 იანვრიდან 06 ნოემბრამდე არ მოუმართავთ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების მიმდებარე ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე წინასწარი შეტყობინებით. გამომდინარე აღნიშნულიდან, 2018 წლის 01 იანვრიდან 06 ნოემბრამდე პერიოდში, უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და საამფეთქებლო სამუშაოების განხორციელებაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შემოწმებას არ საჭიროებდა,“ – ვკითხულობთ წერილში.

ამ პასუხის მიხედვით, სამინისტრო ამბობს, რომ მას აფეთქებების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

სამინისტროდან მიღებული იმავე წერილის მიხედვით, სოფელ ჭინკაძეებში აფეთქებით სამუშაოებზე სამინისტროს ნებართვა ტრაგიკულ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე გაუცია, ოღონდ სხვა კომპანიისთვის: „სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვაზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეების ტერიტორიაზე არსებულ ანდეზიტის კარიერზე, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვა სამინისტროს მიერ გაცემული იყო შპს „ნიტრო ალტექსიზე“ (ს/ნ 205287223), რომელმაც მხოლოდ ერთჯერ შეასრულა
შესაბამისი საამფეთქებლო სამუშაოები (31.09.2018 წ.) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“.

აფეთქება, რამაც ბიჭი იმსხვერპლა 31 ოქტომბერს, განახორციელა „დინამიტ ლ.დ.“ სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია სწორედ ამ აფეთქების შესახებ არ ჰქონდათ.

რას გააკეთებდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, თუკი ეცოდინებოდა, რომ ნებართვის გარეშე აფეთქებდნენ? – სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ კომპანიას ამ შემთხვევაში 1000 ლარით დააჯარიმებდნენ და ინფორმაციას წიაღის ეროვნულ სააგენტოს მიაწვდიდნენ.

ვის უნდა სცოდნოდა ის, რომ უკანონოდ აფეთქებდნენ? 

ეს ის შეკითხვაა, რომელზეც პასუხს ყველა უწყება იცილებს თავიდან: ქედის მერია, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წიაღის ეროვნული სააგენტო, გარემოსზედამხედველობის დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი, რომლის ნაპირგამაგრების პროექტის ფარგლებშიც აფეთქებდნენ კლდეს ჭინკაძეებში.

აი, რა პოზიცია აქვთ გარემოსზედამხედველობის დეპარტამენტში:

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2017 წლის 15 დეკემბრიდან აღარ არის უფლებამოსილი განახორციელოს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (წიაღით სარგებლობის) ლიცენზიების, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან დადგენილი წესით გათავისუფლებული პირის მიერ, წიაღით სარგებლობის სათანადო პირობების სახელმწიფო კონტროლი“.

ამავე წერილში გარემოსდაცმცველებმა მოგვწერეს, რომ ლიცენზიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო წიაღის ეროვნული სააგენტოა:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წიაღის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების (წიაღით სარგებლობის) ლიცენზიების პირობების შესრულებაზე მაკონტროლებელ ადმინისტრაციულ ორგანოს. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს სხვა ამოცანებთან ერთად წარმოადგენს წიაღის უკანონო, სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა…“

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების კამერალური დამუშავება და შედეგებს გაცნობებთ დამატებით,“ – გვიპასუხეს წიაღის ეროვნულ სააგენტოში.

პასუხისმგებლობის საკითხზე წერილობით და მოკლედ გვიპასუხეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში:

„პასუხისმგებლობა ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაზე, ისევე როგორც აფეთქების პროცესის ორგანიზებასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ეკისრებათ კარიერის ოპერატორ კომპანია „ალბაირაკს“ და მის ქვეკონტრაქტორ შპს „დინამიტს“.

სახელმწიფომ არ იცის, რამდენად ხარისხიანად ამაგრებენ სანაპიროს ბათუმში

როგორ ტარდება ნაპირის გამაგრების სამუშაოები და რას აპირებს „სტრუიკ გრუპ ჯორჯია“? – კითხვები ამ კომპანიას ელ.ფოსტით დავუსვით, თუმცა არავინ გამოგვეხმაურა. „ბათუმელები“ „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ოფისშიც მივიდა, სადაც გვითხრეს, რომ არ სცალიათ და ვერ დაგველაპარაკებიან.

 

„სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ოფისი ბათუმში

როგორ სრულდება პროექტით გათვალისწინებული სამუშაო? – მუნიციპალური განვითარების ფონდს ჩვენ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების მოწოდება ვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო არ ფლობს დოკუმენტაციას, რითაც დადასტურდება შესრულებული სამუშაოს ხარისხი.

„აღნიშნული პროექტი ჯერ არ დასრულებულა და, შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მხარეებს შორის არ შემდგარა. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობის პროცესის ზედამხედველობას, მათ შორის შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს, საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალი“ ახორციელებს,“ – წერია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოგზავნილ წერილში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ამ დროისთვის შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 46 პროცენტი. საჯარო ინფორმაციაში ფონდმა მოკლედ გვიპასუხა პასუხისმგებლობის შესახებ, ვრცელი ინფორმაცია კი, თავად პროექტის შესახებ მოგვაწოდეს:

„ამ პროექტის მიზანია ქ. ბათუმის  სანაპიროს დაცვა შავი ზღვის ეროზიისაგან. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სანაპიროს დაცვის ღონისძიებები მოიცავს დაახლოებით 5.5 კმ-იან სანაპირო ზოლს და ითვალისწინებს 1750 მ სიგრძის ნაპირსამაგრი ნაგებობის (ქვის წყობა) მოწყობას და პლაჟის აღდგენას ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით მიმდინარე მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის (SUTIP) მე-4 ტრანშის ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელია სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“. საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა საკონსულტაციო კომპანია „ტექნიტალმა“ (იტალია). სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კონტრაქტორი კომპანია „სტრუიკი“ (ნიდერლანდები).

კონტრაქტის ღირებულება შეადგენს 55 614 181 ლარს. შესრულებულია სამუშაოების 46%.“

ნაპირგამაგრების სამუშაოები ბათუმის ახალ ბულვარში

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი