Batumelebi | 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე 3 მუშა დააჯარიმეს – აფეთქება კარიერზე 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე 3 მუშა დააჯარიმეს – აფეთქება კარიერზე – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმეზე 3 მუშა დააჯარიმეს – აფეთქება კარიერზე

4-4 ათასი ლარით დაჯარიმდნენ მუშები, რომლებიც ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, კლდის აფეთქებაზე მუშაობდნენ. ეს ის სოფელია, სადაც გასული წლის 31 ოქტომბერს, კლდის აფეთქებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში თამაშის დროს 6 წლის ბიჭი დაიღუპა.

უნებართვო აფეთქებაზე ხელისუფლებიდან პასუხისმგებლობა არავის აუღია – ტრაგედიის საპასუხოდ მხოლოდ კლდის აფეთქების სამუშაოები შეჩერდა ჭინკაძეებში. პასუხისგებაში მიცემული სამი მუშა კი, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სისხლის სამართლის წესით დააჯარიმა.

„ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. რეალურად დამნაშავე იყო სხვა… მუშა არავითარ გადაწყვეტილებას არ იღებდა. მათ რასაც დაავალებდნენ, იმას აკეთებდნენ. ეს გაწერილია ხელშეკრულებებშიც და გამოჩნდა მოწმეთა ჩვენებებშიც,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იგი მუშების ინტერესებს იცავდა სასამართლოში და ახლა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის.

კლდის აფეთქებაზე მყოფი სამი მუშა გამოძიებამ პირველ ნოემბერს დააკავა. მათ პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად წარუდგინა ბრალი, რაც გულისხმობს „უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და ბრალდებულები 244-ე მუხლის მიხედვით გაასამართლა – „ფეთქებადი, ადვილად აალებადი, მწვავე ნივთიერების ან პიროტექნიკური ნაკეთობის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან გამოყენების წესის დარღვევა, აგრეთვე მისი უკანონო გადაგზავნა ფოსტით ან ბარგით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

ეს მუხლი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმას ითვალისწინებს.

მსჯავრდებულ მუშებს ჯარიმის – 4 ათასი ლარის გადახდა არ მოუწევთ. მათ სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა ჩაუთვალა სასჯელის მოხდად. მსჯავრდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ და საქართველოც დატოვეს. ისინი თურქეთის მოქალაქეები არიან.

სამშენებლო მასალის მოპოვების სამუშაოებს ჭინკაძეებში ჰოლანდიური კომპანია „სტრუკ ჯორჯიას“ დაკვეთით თურქეთში დაფუძნებული „ალბაირაქი“ ახორციელებდა. ამ კომპანიას ჰყავდა დაქირავებული მუშები, რომლებიც დაჯარიმდნენ. უშუალოდ კლდე კი, კომპანიამ „დინამიტი ლ.დ.“-მ ააფეთქა. დაახლოებით ერთი კვირის წინ პროკურატურამ ამ კომპანიის ორ პასუხისმგებელ პირს წარუდგინა ბრალი – ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების ეტაპზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.

„სავარაუდოდ, ამ შემთხვევაშიც სასამართლო ჯარიმას გამოიყენებს… ისინი 5 – 5 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს,“ – გვითხრა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

სოფელ ჭინკაძეებში სამშენებლო სამუშაოების მოპოვება შეწყვიტა კომპანია „ალბაირაქმა“. ამ კომპანიის წარმომადგენელი, გია ღოღობერიძე ამბობს, რომ დაღუპული ბავშვის ოჯახს ზიანის ანაზღაურების თანხა გადაუხადეს.

„სტრუიკ გრუპ ჯორჯია“ 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა. განკარგულების მიხედვით, „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ 65 ათასი კუბური მეტრი ანდეზიტ-პორფირიტი უნდა მოეპოვებინა სოფელ ჭინკაძეებში. ამავე განკარგულების მიხედვით, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენებაზე ზედამხედველობა წიაღის ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

_____

ამ თემაზე:

ქედაში 6 წლის ბიჭის დაღუპვის საქმე – რა გაირკვა კლდის აფეთქებიდან 42 დღეში  

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი