მთავარი,სიახლეები

ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება

12.11.2020
ვინ წაიღებს მანდარინს პანდემიის დროს? – მინისტრის განმარტება

„დაახლოებით 347 ტონა ციტრუსი უკვე ექსპორტირებულია, ციტრუსის რეალიზების პრობლემა წელს ფერმერს არ ექნება, განსაკუთრებით თუ არ დამძიმდა ეპიდსიტუაცია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი. ციტრუსის სეზონი უკვე დაიწყო. აჭარის რეგიონში წელს 40 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან.

ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ციტრუსი სომხეთშია გატანილი – 262 ტონა, მეორე ადგილზეა რუსეთი – 68 ტონა.

„ექსპორტიორები თუკი მივლენ იმ დონეზე, რომ მიმოსვლის და კომუნიკაციის პრობლემა შეიქმნა, ეს არის პრობლემა, სხვა მხრივ ჩვენ ლოჯისტიკაში აქტიურად ვართ ჩართულები, მაგალითად, ვინც ლოგიკურად დაასაბუთა საჭიროება, კომენდანტის საათის დროს საშვებიც დავუშვით მათთვის, ვისაც ღამით გადაადგილება სჭირდება… ამ ეტაპზე ეს პრობლემა არ დგას, ექსპორტიორები ციტრუსის გადატანისთვის ემზადებიან. წელს შედარებით მცირე და ხარისხიანი მოსავალია,“ – გვითხრა გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი წელს, წლებთან შედარებით, მანდარინის ფასის ზრდას ელის, რადგან მოთხოვნა მაღალია. გიორგი სურმანიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მიუხედავად ციტრუსი საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით სომხეთში გაიტანეს.

ციტრუსი გაიტანეს ევროკავშირის ქვეყნებშიც, მაგალითად, ჩეხეთში, თუმცა სულ 20 ტონა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ ქართველ მეციტრუსეებს მაინცდამაინც ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მოლოდინი და სურვილი არ უნდა ჰქონდეთ.

„ეს საკითხი გავიარე იმ ასოციაციასთან, რომელსაც გაჰქონდა ციტრუსი ევროპის ბაზარზე. მითხრეს, რომ ფასებს შორის განსაკუთრებით დიდი სხვაობა არ არის, ხოლო ევროკავშირში გატანა უფრო მეტ რესურსს და მენეჯმენტს მოითხოვს, ვიდრე უკრაინაში, რუსეთში ან ბელორუსიაში. ევროკავშირის ბაზარზე ჩვენ გვყავს კონკურენტი ყველა მიმართულებით: თურქეთი, მაროკო, იტალია, ესპანეთი. ისინი უკვე დამკვიდრებული არიან ევროკავშირის ბაზრებზე და წლებია ეს ბაზარი ათვისებული აქვთ, კონკურენციას ვერ გავუწევთ,“ – აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძე.

გიორგი სურმანიძე მიიჩნევს, რომ მეციტრუსეებმა თავად უნდა განსაზღვრონ, რა ტიპის მანდარინის ბაღის მოვლა-პატრონობა სურთ. მინისტრი განმარტავს, რომ ე.წ. საადრეო ჯიშის მანდარინი საექსპორტოდ მიმზიდველი არ არის, რადგან ის მალე ფუჭდება.

„მე ვფიქრობ, თუ ბაღი პატარაა, მაშინ ჯობია საადრეო ჯიშის მანდარინი ჰქონდეს ფერმერს, რადგან ადრე შემოსული მანდარინის ფასი წელს დაფიქსირდა  დაახლოებით ლარ-ნახევრიდან 2 ლარამდე. დიდ პლანტაციებში კი, ტრადიციული ჯიშების მოვლა ჯობია,“ – დასძინა გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს დაახლობით 7 ათას ტონამდე არასტანდარტული მანდარინის მოსავალს ელის. მთავრობა ისევ აპირებს ამ ნაწილში მეციტრუსის სუბსიდირებას – 10 თეთრი ისევ ბიუჯეტიდან დაიფარება, 10 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. სამინისტროს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან დაახლოებით 30 ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო იმუშავებს აჭარის რეგიონში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: