მთავარი,სიახლეები

რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია

13.11.2020
რა უნდა გააკეთოს აჭარის მთავრობამ წაბლანელებისთვის – EMC-ის რეკომენდაცია

„აშკარაა, რომ წაბლანას მოსახლეობისთვის ცარიელი ჭერის და კედლების გადაცემა ვერ იქნება მიჩნეული სათანადო საცხოვრისზე მათი უფლების დაკმაყოფილებად და სახელმწიფოს ეკომიგრანტების მიმართ ვალდებულებები შესრულებულად შეუძლებელია მივიჩნიოთ,“ – აღნიშნულია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის“ ცენტრის მიერ დღეს, 13 ნოემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში სოფელ წაბლანის მცხოვრებლების შესახებ.

წაბლანა ხულოს ერთ-ერთი სოფელია, სადაც ეკომიგრანტები ცხოვრობენ და 31 ოქტომბრის არჩევნებზე პროტესტის ნიშნად ამ სოფელში საარჩევნო უბანზე არავინ მივიდა.

წაბლანელებს საცხოვრებელი კორპუსი ბათუმში აუშენეს, თუმცა ეკომიგრანტებს, დევნილებისგან განსხვავებით, ბინა არ გაურემონტეს. წაბლანელები ამბობენ, რომ მათ რემონტის ფული არ აქვთ და ისევ სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება.

EMC აჭარის მთავრობას მოუწოდებს, შეისწავლოს სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებულთა საჭიროებები. ამ ორგანიზაციას ასევე მიაჩნია, რომ უნდა გაირკვეს წაბლანელებისთვის აქამდე გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა.

„დროულად იქნას შესწავლილი სოფელ წაბლანას სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნები და მათთვის გადაცემული ბინები დროულად იქნას მოყვანილი შესაბამისობაში სათანადო და ღირსეული საცხოვრისის  სტანდარტებთა. 

შესწავლილი, დოკუმენტირებული და გამოქვეყნებული იქნას წაბლანას მოსახლეობის საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა/მართლზომიერება და  დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ ყურადღებას ამახვილებს სოფელ წაბლანას კიდევ ერთ პრობლემაზე – საშიშ საცხოვრებელ გარემოში დარჩენილ ოჯახებს სასმელი წყალიც არ აქვთ.

„..ამჟამად სოფელ წაბლანის მოსახლეობა აჭარელი ეკომიგრანტების დიდი ნაწილის მსგავსად, „გაორებულ“ მდგომარეობაში ცხოვრობს. იმის გამო, რომ ბათუმში მიღებული ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მისაყვანად მოსახლეობას არ გააჩნია საკმარისი თანხები, ისინი აგრძელებენ ცხოვრებას სოფლად მათ ძველ საცხოვრებელ სახლებში, რომლებიც რეალურად სიცოცხლისთვის სახიფათო ზონაში მდებარეობს. „აჭარისწყლის ჰესის“  სამშენებლო სამუშაოების შედეგად სოფლის წყაროების ნაწილი დაშრა, რამაც სოფლისთვის ისედაც ნაკლებად სარგებლიანი სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გაართულა. ამდენად, ადგილობრივ თემს სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში, მძიმე სოციალურ პირობებში და სიღარიბეში უწევს ცხოვრება,“ – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

_____________

ფოტოზე: 31 ოქტომბერი, საპარლამენტო არჩევნები წაბლანაში. წაბლანელები საარჩევნო უბანთან მივიდნენ, თუმცა არც ერთმა მათგანმა არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: