მთავარი,სიახლეები

სასწრაფოს ხშირად ვიძახებდი, ახლა მრცხვენია – პენსიონერები და პანდემია

12.11.2020 • 2561
სასწრაფოს ხშირად ვიძახებდი, ახლა მრცხვენია – პენსიონერები და პანდემია

ეს ოთხშაბათის მენიუა სოციალურად დაუცველებისთვის, რომლებიც ბათუმის უფასო, მუნიციპალური სასადილოებით სარგებლობენ. ასეთ სასადილოებს პანდემიამდე ბათუმში ყოველდღიურად 5822 ბენეფიციარი აკითხავდა ქილებით, პარკებით, კონტეინერებით, ყველაფრით, რითაც ცხელი თუ ცივი კერძის მიტანა შეიძლება სახლამდე.

ჯავახიშვილის ქუჩის №6 სასადილოში გვითხრეს, რომ აქ ყოველდღიურად 995 ადამიანს აპურებდნენ.

პანდემიის გამო უზარმაზარი დარბაზი ახლა ცარიელია, მაგიდები და სკამები – აკეცილი. ბენეფიციარებისთვის ერთი თვის სამყოფი პროდუქტი სახლში მიაქვთ. სასადილოში მხოლოდ 8 ადამიანი დადის, რადგან ზოგიერთს არ აქვს პირობები შინ საჭმლის მოსამზადებლად. აქვე მზადდება კერძები ყოველდღიურად ურეხის თავშესაფრის 34 ბენეფიციარისთვისაც.

5 კგ. კარტოფილი, 1 ლ.ზეთი, 5 კგ. ფქვილი, 2 კგ. მაკარონი, 1 კგ. ტომატი, 1 კგ. შაქარი, წიწიბურა, კილოგრამ-ნახევარი ლობიო, ვერმიშელი, ბრინჯი და ერთი ქათამი – ეს პროდუქტების ჩამონათვალია, რაც პანდემიის პირობებში, თვეში ერთხელ მიაქვთ თითოეული ბენეფიციარისთვის. თუ სოციალურად დაუცველ ოჯახში რამდენიმე წევრია, ყოველი მათგანი პროდუქტის დამატებით ულუფას იღებს.

80 წლის ნელი ნაჭყებია ბათუმში მუნიციპალური სასადილოებით მოსარგებლე 5822 ადამიანს შორის ერთ-ერთია. პანდემიამდე მისთვის სასადილოდან ახალდამზადებული კერძები შინ მიჰქონდათ, ადგილზე ვერ მიდიოდა, გადაადგილება უჭირს, როგორც მას, ასევე მის შვილს. კერძები მეზობლებს მიჰქონდათ მისთვის. ახლა თვეში ერთხელ იღებს პროდუქტს, რომლითაც კერძის მომზადებას დიდი გაჭირვებით ახერხებს. მეხუთე სართულზე ცხოვრობს, სახსრების დაავადების, კოქსართროზის გამო გადაადგილება უჭირს და დაბლა თვეში მხოლოდ ერთხელ ჩადის. პურის საყიდლად ფანჯრიდან ბავშვებს ათვალიერებს ყოველდღე, მაღაზიაში წასვლა რომ სთხოვოს.

  • „მაწონი, რძის პროდუქტები მიყვარს, მაგრამ ძვირია…”

„გამზადებული კერძები შეღავათი იყო ჩვენთვის. დღეს პური არ მაქვს, წვიმს და ბავშვები გარეთ არ არიან, რომ გავგზავნო. სასადილოდან მოტანილი ფქვილი მოვზილე და ორი პატარა პური გამოვაცხვე შვილისთვის. მე ჩემი გუშინწინდელი პერაშკები მქონდა, ვცდილობ, ცოტა ვჭამო, არ მინდა წონაში მოვიმატო. მაწონი, რძის პროდუქტები მიყვარს, მაგრამ ესენი ხომ ძვირია…

კვირაში ერთხელ მაინც ვიძახებდი სასწრაფოს, ჩემს არეულ წნევებს შველოდნენ, ახლა, ამ პანდემიაში მრცხვენია. სხვას უჭირს ჩემზე მეტად და წნევისთვის სასწრაფო როგორ გამოვიძახო. ამოდიან მეზობლის ბავშვები და მიკეთებენ ნემსებს.

7 ოპერაცია მაქვს გადატანილი: 2 თიაქარზე, კოქსართროზზე, მერე თვალი ამომიღეს, ინსულტიც გადავიტანე, კოლეგებმა მომიარეს ძალიან, ჩემმა გოგოებმა“, – ამბობს ნელი ნაჭყებია.

  • ფანჯრებმორყეული ბინა „141-მილიონიანი ხედით“

ეს მისი ხედია სახლიდან, საიდანაც ბათუმის ახალი სტადიონი ჩანს – მის მშენებლობაში 141 მილიონი გადავიხადეთ. 80 წლის ხანდაზმული რამდენიმე წელია უკვე ვერცერთ ზამთარს ვერ თბება – მისი პენსია, მიუხედავად სახელმწიფო შეღავათისა, გადასახადებს ვერ წვდება. აბაზანისთვის წყალს გაზის ერთ წერტილზე ათბობს, ქვაბით. გაზის გამათბობლის ყიდვას ვერ ახერხებს, არც წყლის გამაცხელებელი აქვს.

ოჯახის ერთადერთი, ძველებური პატარა სპირალიანი დენის ქურა ნელის შვილის ოთახში დგას. 54 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის აუცილებელია სითბო, ნერვული სპაზმი რომ არ დაემართოს.

„ისევ დარჩენია. რა მეშველება. ამას რა გადაიხდის“ – ამბობს პენსიონერი და შვილის ოთახში ჯოხით, ნელ-ნელა შედის. სასწრაფოდ რთავს ქურას, დენი რომ დაზოგოს.

„სახელმწიფოს შეღავათი გამოუცხადებია შუქსა და გაზზე, მაგრამ წყლის გამათბობელს ცალკე ფული უნდა, გაზის გამათბობელს – ცალკე. ერთი პენსიით რა ვიყიდო. 200 ლარი ხომ მაინც ღირს გამათბობელი. ჩემი ღუმელი ეს პლედია, მოვიხურავ და ვზივარ ამ დივანზე ხან ერთ მხარეს ჩამეძინება, ხან მეორეს“, – ამბობს პენსიონერი.

  • „ძალა აღმართს ხნავს”

მის სახლში წვიმს. ბოლო, მე-5 სართულის სახურავი დაზიანებულია და გვეუბნება, რომ ,,ყოველი წვიმა მის თავზე გადადის“. მეექვსე სართულის დადგმა გადაწყვიტეს მეზობლებმა და ინვესტორმა „ხრუშოვკის“ ტიპის ბინაზე. შედეგად სახურავის ის ნაწილი დაზიანდა, ვინც დამატებითი სართულის დადგმა არ მოინდომა.

„ბინის ამხანაგობის თავმჯდომარესაც ვესაუბრებოდი, ინვესტორსაც, მაგრამ შენც არ მომიკვდე. ვერაფერი ვქენით. ძალა აღმართს ხნავს. რად მინდა ახლა მე სართულის დამატება, პენსია ძლივს მყოფნის.

როცა წვიმს, გგონია, რომ ტყვიას გესვრიან, ვერ ვიძინებ, ყურსაცავები მიკეთია, მოქმედებს ეს ძალიან ფსიქიკაზე. მოვიდნენ მერიიდან ერთხელ, ორჯერ, შეაკეთეს, მაგრამ მალევე გაფუჭდა. წყლის „ჟოლობებია“ დაზიანებული, ისევ იგივე სიტუაციაა.

არადა, იცით ეს ბინა რა სიმწრით მოვიპოვე? მარტო მე ვიცი. მე და ჩემი მეუღლე 13 წელი ვიყავით მდგმურები, მერე მისი ქარხნიდან ერთოთახიანი ბინა მოგვცეს 4 ადამიანს: მე, ჩემს მეუღლეს და ორ ბიჭს. ვცხოვრობდით ასე ერთ ოთახში, წლობით, კვირაში სამი დღე მერიაში ვიჯექი, როსტომ დოლიძე იყო მაშინ იქ – უბედურის ერთი. ბინით არ გვაკმაყოფილებდნენ. ჩემს შვილს ტუბერკულოზური ბრონქოადენიტი ჰქონდა და ცალკე ოთახი ეკუთვნოდა, მეორე შვილი სად დამეწვინა? მოსკოვამდე ვიარე და როგორც იქნა მოგვცეს ეს სამოთახიანი“, – გვიყვება ნელი ნაჭყებია.

  • „ვინ მოგაქცევს ყურადღებას, ერთადერთ გზაა – უნდა გაუძლო. დრო დგას ასეთი“

ბინაში კედლები ნარეცხი წვიმისგან სველი და დანესტილია. ხის ძველ, მორყეულ ფანჯრებს პენსიონერი თოკით აბამს, რომ არ გაიღოს და ჩამოცვივდეს.

აწვიმს წიგნებს და სათამაშოებსაც, რომლებსაც ხან აქეთ აწყობს, ხან იქით – იმის მიხედვით, თუ საით ასხამს წვიმა უფრო ნაკლებად. სახურავიდან ჩამონადენ წყალს ტაშტებსა და ვედროებში აგროვებს. კედლებზე წვიმისგან დასველებული მატრასებია მიდგმული გასაშრობად. სამზარეულოს დივნით სარგებლობა შეუძლებელია – ყოველი წვიმისას წყლით იჟღინთება.

„იცით, რატომ დამემართა ამდენი რამე? ბალონი ხომ გახსოვთ, დიდი, წითელი. რომ მოვკიდებდი ხელს, მაღლა ამომქონდა, ამან დამღუპა. ტანმოვარჯიშე და მძლეოსანი ვიყავი ახალგაზრდობაში. ნაკრებშიც ვიყავი, მედლები და ჯილდოები მქონდა, ეს მათამამებდა.

ახლა უფრო მიხარია ყველაფერი, ვიდრე ახალგაზრდობაში. ახალგაზრდა ხომ ისეც ბედნიერი ხარ, ასე უნდა იყოს, სხვანაირად როგორ? ახლა, როცა მარტო დავრჩი შვილთან ერთად, ყველაფერი მიხარია. შვილიშვილი რომ მოდის, ცას ვეწევი სიხარულით, ვინმე რომ მოდის და გამომელაპარაკება, მიხარია, ისე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხანდახან ტელევიზორში დიქტორს ველაპარაკები. მე და ეს ტელევიზორი მეგობრები ვართ.

ყველა იძახის რა დაემართა ნელის, ამ ანგელოზივით ქალს, რას უძლებსო. რა უნდა ვქნა, ვინ მოგაქცევს ყურადღებას, ერთადერთი გზაა – უნდა გაუძლო. დრო დგას ასეთი“, – ამბობს პენსიონერი.

  • „ტელევიზორი რაცხაფრა აცხადებს, მასე ვიქცევით, დაშორებით ვართ, მისლა-მოსლა შევამცირეთ“, – ოცნების ქალაქი. სახლი #139.

73 წლის ეთერ მამულაძეს უცნაურად შევხვდით. ქოხმახებით დასახლებულ ,,ოცნების ქალაქში“ მასთან სტუმრად ჩამოსული ნათესავი ქალი დაგვხვდა, რომელიც სასწრაფოდ საოპერაციო იყო და 3 დღე რეკავდა ცხელ ხაზზე, მაგრამ ამაოდ – პანდემიის პირობებში, როცა ბათუმში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 500-ზე მეტია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს არ სცალიათ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება პანდემიაში ეთერ მამულაძისთვისაც ფუფუნებად იქცა. ამბობს, რომ თვეში ერთხელ მაინც სჭირდება ვიზიტი ექიმთან, მაგრამ ახლა, როცა კოვიდპანდემიაა ყველგან, მისვლის ეშინია და ბოლო 6 თვეა ექიმთან არ ყოფილა – შედეგად  ტკივილის მოთმენა უწევს, რასაც უკვე დიდი ხანია ვეღარაფერს შველის – უბრალოდ ეგუება იმას, რომ რასაც მიირთმევს, არაფერი ერგება, გულის უკმარისობას ებრძვის და უცდის როდის დამთავრდება პანდემია, თავისუფლად რომ მივიდეს ექიმთან ჟანგბადის თერაპიის ჩასატარებლად.

ეთერ მამულაძეც უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარია.

„როცა სასადილო გახსნილი იყო, ეზოს ბადიშებს ვაზიდიებდი. 2 წლის წინ, როცა კარგად ვიყავ, მეც ავდიოდი და ჩამომქონდა, იქ ლობიოო, იქ ცხელი „სუპიო“. ახლა ბადიშები მიზიდავენ პროდუქტს, დამატება ხომ გინდა რაღაც, მარტო ეს პროდუქტი ხომ არ გეყოფა?

ჩემი პენსიიდან 50 ლარი მრჩება, ესაა ჩემი ფული – თვიდან თვემდე სამყოფი.

2 წლის პენსია გამოვიტანე, მიწურ ქოხში ვიყავ, ეს სახლი ავაშენე, 2-წლიანი იყო და 4 წელზე გადამიტანეს, ამ 4 წლის დამთავრება აღარ იქნა.

ტელევიზორი რაცხაფრა აცხადებს, მასე ვიქცევით, ახლო არ ვჯდებით, დაშორებით ვართ, მისლა-მოსლა შევამცირეთ.

სანამ ბათუმში გადმოვიდოდი, სოფელ კალოთაში ვცხოვრობდი, დავაავადდი. 6 თვე იქ გზა-კვალი არ არის, სასწრაფო ვერ ამოდის, ჩამოხერგილი გზებია სოფელში. სოფლიდან გადმეიბარგენ მეზობლები, არავინაა, რომ ვინმემ ციგაზე დაგაჯდომლოს, ჩამოგიყვანოს გზამდე. მაგის გულიზა ავდექ და ჩამოვედ აქ, რომ ექიმი ახლოს არი, სასწრაფო გამოვიძახე, მივედი ექიმთან, ვიმკურნალე, მოვედი. წავალ, ვიმკურნალებ ჟანგბადით, გადასხმებით და მოვდივარ სახლში. ახლა ვერა, მარა როცა იქნება, ხო მივალ კიდე?“ – გვიყვება ეთერ მამულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: