მთავარი,სიახლეები

შოთა არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას

13.11.2020 • 923
შოთა არველაძე: გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას

გუშინ, 12 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს.

გადამწყვეტი და ისტორიული მატჩის წაგების შემდეგ სოციალურ ქსელებში გულშემატკივართა შეფასებები სხვადასხვაგვარი იყო. საკუთარ დამოკიდებულებაზე შოთა არველაძეც წერს სოციალურ ქსელში:

„შეხვედრა “დინამო არენაზე”, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, გულშემატკვირთა გარეშე გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00 საათის შემდეგ გარეთ გადაადგილება აკრძალულია, საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები ფეხბურთელებს “დინამო არენასთან” ქომაგობდნენ.

ძალიან სამწუხაროდ და ყველასთვის გულსატკენად დასრულდა მატჩი, რომელსაც 2 წელი ველოდით. თუმცა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ასეთი მნიშვნელობის მატჩი, ჯერ ამ ნაკრებს, ამ ფეხბურთელებს არ უთამაშიათ. ასეთმა წნეხმა, პასუხისმგებლობამ, ფსიქოლოგიურმა ზეწოლამ და ცარიელმა ტრიბუნებმა ფეხბურთელებზე ყველაზე მეტად იმოქმედა.

ნამდვილად ვერ მოვიწონებ და ვერ დავეთანხმები გადაწყვეტილებას, სტადიონზე გულშემატკივრის არ დაშვების შესახებ. ეს ჩვენი მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო. ვალდებულები ვიყავით, ეს ფაქტორი ჩვენ სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. ამხელა ქალაქში, ამხელა სტადიონზე ამის ორგანიზება შეიძლებოდა. გულშემატკივარი იმსახურებდა ამ მატჩზე ყოფნას და ფეხბურთელებიც იმსახურებდნენ მათ მხარდაჭერას.

მიუხედავად მძიმე შედეგისა, ეს მარცხი კარგ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ და უნდა ვცადოთ, რომ ამ რანგის მატჩები კიდევ ვითამაშოთ. არც აქამდე გავსულვართ დიდ საფეხბურთო ფორუმზე, არც ჯგუფური ეტაპი მოგვიგია და არც ფინალში გვითამაშია. ამიტომ, სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და იმ მიზნისკენ სიარული, რომელსაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ჰქვია, გუშინდელი დღით არ უნდა დავასრულოთ. მოდის თაობა, რომელიც ამას მიაღწევს”, – წერს ყოფილი ფეხბურთელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: