სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) სრული ვერსია, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, მასწავლებლების თვითშეფასების მაჩვენებელსაც ასახავს. კვლევა 2018 წლის პერიოდს მოიცავს და აჩვენებს, რომ ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება ბევრ ქვეყანასთან შედარებით მაღალია.
ამ კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა თვითშეფასების მაჩვენებლით საქართველო, მაგალითად, უტოლდება ინგლისს და მასთან ერთად TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის მე-14 პოზიციაზეა.
2013 წელს ქართველი მასწავლებლების თვითშეფასება 84.8 პროცენტი იყო, 2018 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 5.4 პროცენტით არის გაზრდილი. მაშინ, როცა, მაგალითად, საფრანგეთში, კვლევის ციკლში მასწავლებელთა თვითშეფასება 23 პროცენტით არის შემცირებული.
საქართველოს მასწავლებლების თვითშეფასება გაცილებით მაღალია, მაგალითად, იმ ქვეყნების მასწავლებლებთან შედარებით, როგორიცაა: ფინეთი, სინგაპური, იაპონია, კორეა და ესტონეთი.
ეს მაშინ, როცა კვლევის მიხედვით, საქართველოში მასწავლებლები ნაკლებ დროს უთმობენ მოსწავლეების ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვას, ვიდრე ამას TALIS-ის საშუალო მასწავლებელი აკეთებს.
მასწავლებლები ასევე საშუალოდ შედარებით ცოტა დროს უთმობენ მოსწავლეების ნაშრომების გასწორებას, ზოგად ადმინისტრაციულ საქმიანობასა და მასწავლებლებთან ჯგუფებში მუშაობას. პროფესიული განვითარების აქტივობებში ჩართვა, მშობლებთან და მეურვეებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა, მოსწავლეთა კლასგარეშე საქმიანობაში ჩართვა (მაგალითად, სპორტი და კულტურული ღონისძიებები სკოლის შემდეგ), სხვა სამუშაო.
საქართველოში საგნის სწავლების ნაკლები თვითრწმენა მასწავლებელთა მხოლოდ 5 პროცენტს აქვს, ხოლო პედაგოგიკაში მოუმზადებლად თავს მხოლოდ 10 პროცენტი მიიჩნევს.
მასწავლებლად მუშაობის სტაჟის მიხედვით
საქართველო TALIS-ში მონაწილე ქვეყნებს შორის კვლავ მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. საქართველოში ერთსა და იმავე სკოლაში მუშაობის საშუალო სტაჟი 2013 წელს 18 წელი იყო, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა 18.7.
საქართველოში მასწავლებლების ურთიერთშეფასება არასოდეს ხდება მხოლოდ 8 პროცენტის შემთხვევაში, მაშინ როდესაც TALIS-ში მონაწილე ქვეყნების მასწავლებელთა 36.7% ამბობს, რომ მასწავლებელთა ურთიერთშეფასებას მათი პრაქტიკა საერთოდ არ ითვალისწინებს.
საერთაშორისო კვლევა PISA 2018-ის მიხედვით, ტრადიციულად მაღალი მიღწევების მქონე ევროკავშირის წარმომადგენელ ქვეყნებსა და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (OECD ქვეყნებში) ეს მაჩვენებელი 40%-ს აჭარბებს. „შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებელთა ურთიერთშეფასებისა და უკუკავშირის საჭიროება ამ ქვეყნებში შედარებით ნაკლებად დგას და მასწავლებლების საქმიანობის ეფექტურობა და წარმატება უფრო მეტად ეფუძნება ურთიერთთანამშრომლობას და ურთიერთნდობას“, – წერია კვლევაში.
სტრესი სამუშაო ადგილზე
საქართველოს მასწავლებლების 4.9 პროცენტი ამბობს, რომ დიდ სტრესს განიცდის სამუშაო ადგილზე. დაახლოებით 44 პროცენტს კი სამსახურის გამო დრო არ რჩება პირადი ცხოვრებისთვის.
საჯარო სკოლებში მასწავლებელთა დაახლოებით 5%-მდე მიიჩნევს, რომ სამსახური უარყოფითად აისახება მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. „საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებელთა სამსახურით უკმაყოფილება მაღალი არ არის, თუმცა მასწავლებელთა 63% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პედაგოგის სპეციალობა დაფასებული არ არის“.
___
მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან