მთავარი,სიახლეები

მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

12.11.2020
მინისტრი: ნუ შეგაშინებთ ხურმის დაუკრეფავი ხეები, ჩირი დაამზადეთ

„ნუ შეგაშინებთ, თუკი ხელვაჩაურის დაბლობში შეიძლება შენიშნოთ ხურმის ხეები, რომელიც დაუკრეფავია… ორი და სამი ხე, როდესაც აქვს ფერმერს, თვითონაც უნდა იაქტიუროს ამის გაყიდვაზე, დიდი მანქანებით, ტრაილერით ვერ ირბენს მეწარმე ორი და სამი ხის [ნაყოფის] მოსაგროვებლად,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე ხურმის სეზონთან დაკავშირებით. ფერმერების თქმით, ხურმის ფასი წელს კიდევ უფრო შემცირდა და გაყიდვაც გაჭირდა.

გიორგი სურმანიძე განმარტავს, რომ მხოლოდ ხელვაჩაურისა და ქობულეთის დაბლობებში მოსული ხურმის გაყიდვა გახდა პრობლემა, რადგან ხურმა მარტივად ფუჭდება და ექსპორტიორებს მისი წაღება აღარ სურთ. მინისტრის თქმით, ნესტიანობა განაპირობებს იმას, რომ დაბლობში დაკრეფილი ხურმა მალფუჭებადია.

აქამდე ხომ იყიდებოდა დაბლობში დაკრეფილი ხურმა? – ვკითხეთ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს.

„ექსპორტიორებს ზუსტად წინა წლების გამოცდილება აკეთებინებს ამას, თუმცა არა მგონია, ხურმა ჩაითვალოს მთლად უხეიროდ. მე, პირადად, გავაკეთე ხურმის ჩირი და დამიჯერეთ, ძალიან კარგი გამოდის… ამ გაჭირვების დროს თუ ფერმერი ხეზე არ დატოვებს ხურმას, კარგი იქნება, არაყს გამოხდის ან დაჩირავს,“ – ამბობს მინისტრი გიორგი სურმანიძე.

ფერმერებს, რომლებსაც ხურმა ექსპორტზე გააქვთ, მინისტრი გიორგი სურმანიძე 26 ოქტომბერს შეხვდა. სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე აღნიშნულია, რომ მინისტრი ექსპორტიორებს პროცედურების გამარტივებას დაჰპირდა.

„რეალურად ეს შეეხებოდა მხოლოდ ფიტოსანიტარიული სამსახურის კვირადღეს მუშაობას, ეს პრობლემა მაშინვე მოგვარდა,“ – უთხრა გიორგი სურმანიძემ „ბათუმელებს“.

ხურმის ფასი წელს საშუალოდ 50 თეთრი იყო. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკრაინაში გაიტანეს. გატანილია დაახლოებით 2500 ტონა ხურმა.

გიორგი სურმანიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა აქაც ხარისხია და ფერმერების დამოკიდებულება ხურმის მიმართ.

„მაგალითად, კახეთში მოყვანილი ხურმა 80 თეთრიდან 1 ლარამდეც ღირს, რადგან მისი საბაზრო სახე უფრო ხარისხიანია… ჩვენთან თვლიან, რომ ხურმას არ სჭირდება მოვლა-პატრონობა, გასხვლა, წამლობა, სასუქის შეტანა. ჩვენთანაც აქვს დაკრეფილი ზოგიერთს ხარისხიანი ნაყოფი, ახლა მაცივარში აქვს შენახული და შემდეგ გაიტანენ ბაზარზე,“ – ამბობს გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: