დღეს ბათუმში კორონავირუსის 129 შემთხვევა გამოვლინდა

18  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 114 ბათუმში დაფდიქსირდა, ხოლო 11 ქობულეთში, 3 ქედაში და ერთი შუახევში –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა – 18 სექტემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ვებგვერდის, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435 -ია.

ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

გუშინ, 17 სექტემბერს, ქვეყანაში 179 ახალი შემთხვევა გვქონდა,

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

„იმ დღეს ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ადრე წასვლა გადავწყვიტე სახლში. სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს,“ – გვიყვება ადვოკატი როინ აბაშიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ბათუმელები“ კოვიდ19-ით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ესაუბრა ამ დაავადების სიმპტომებზე – რას გრძნობენ ისინი.

„…დამირეკეს თუ არა, რესპუბლიკურის ცხელების ცენტრში მაშინვე ჩემი ფეხით მოვედი, ვნერვიულობდი. გამიზომეს სიცხე, 39 და ხუთი ხაზი აჩვენა თერმომეტრმა… ეს სიცხე რამდენიმე დღეს არ იწევდა. მერეც. შემდეგ ფილტვების ანთება გამივითარდა, სუნთქვაც ძალიან მიჭირდა… ადრე, ჩვეულებრივი გრიპის დროს, მსგავსი არაფერი მქონია. სუნთქვის აპარატი არ დამჭირვებია, მაგრამ ძალიან მძიმედ ვიყავი. ახლა სიცხე აღარ მაქვს, უკვე კარგად ვარ, მკურნალობის კურსს ვაგრძელებ. მეუბნებიან, ასე თუ გაგრძელდა, 23-ში გაგწერთო,“ – გვიყვება როინ აბაშიძე.

როინ აბაშიძის თქმით, ის 4 სექტემბერს მივიდა ბულვარში გაშლილ კარავში ტესტის ასაღებად. ამბობს, რომ ეს თავის დასაზღვევად გააკეთა.

„…მე ოთხი დღის შემდეგ დამირეკეს, 8 სექტემბრიდან ვმკურნალობ,“ – დასძინა „ბათუმელებთან“ როინ აბაშიძემ.

უკვე მეოთხე დღეა მკურნალობს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ე.ბ. მას სიცხე აღარ აქვს, მაგრამ წელის ტკივილს ამ დრომდე ტკივილგამაყუჩებლით ებრძვის. ე.-ს ექიმებისთვის მას შემდეგ მიუმართავს, როცა წელის ტკივილი აუტანელი გახდა.

„…მეც იმ ადამიანებს ვეკუთვნი, ვინც ბოლო დროს კორონავირუსს ეჭვის თვალით უყურებდა,“ – გვიყვება ე.ბ. მას ვინაობის გამხელა იმ მიზეზით არ სურს, რომ ახლობლებმა არ გაიგონ მისი ინფიცირების შესახებ. – „თავდაპირველად ამ ვირუსის არსებობა მჯეროდა, მაგრამ მეორე ტალღის დროს ხელისუფლების უპასუხისმგებლობაზე გავბრაზდი – როგორ შეიძლება ორ და სამ შემთხვევაზე ქალაქს კეტავდე, ახლა კიდევ ამდენი შემთხვევაა და არაფერი დაკეტილა, მაგალითად, ხოფის ბაზრობა და ასე შემდეგ. ამ მიდგომებმა განმაწყო სკეპტიკურად.

ჩემი ისტორია სიცხით დაიწყო: თავდაპირველად ჩვეულებრივი გაციება მეგონა და მარტო „პარაცეტამოლს“ ვსვამდი, მაგრამ წელიც მტკიოდა. ნაცნობ ექიმს დავურეკე. მითხრა, ვიდრე თირკმელს შეგიმოწმებ, კორონავირუსზე გაესინჯეო. იმ დღეს არსად წავსულვარ…

ღამის 4 საათზე გაუსაძლისმა ტკივილმა გამომაღვიძა, ძალიან მტკიოდა წელი, სიარული მიჭირდა, ფეხზე დგომაც… 112-ს დავურეკე და დახმარება ვითხოვე, 10 წუთში მოვიდა ბრიგადა,“ – გვიყვება ე.ბ.

ე.ბ.-ს ცხელების ცენტრში ტესტირებიდან 12 საათში დაუდასტურდა კორონავირუსი. ექიმებმა მას ფილტვის ანთების დიაგნოზიც დაუსვეს, რომელიც მსუბუქ ფორმაშია და მკურნალობის კურსს აგრძელებს. ე.ბ.-ს სურვილია, ყველამ დროულად ჩაიტაროს ტესტირება და ამით დაავადების გავრცელებას შევუშალოთ ხელი.

„პალატაში მარტო ვარ, დროულად მაწვდიან მედიკამენტებს და საკვებს ერთჯერად პაკეტებში, სამედიცინო პერსონალი აღჭურვილია…

…ახლა ბევრი მირეკავს და მეუბნება, ჩვეულებრივად გაცივებული იქნებიო. ერთი პაციენტია, არ სჯერა, რომ კორონავირუსი აქვს, გამიშვით აქედანო… საშინელება იყო იმის გააზრება, როცა მითხრეს, კორონავირუსი გაქვსო, მაგრამ ეს სტრესი უკვე დავძლიე. მინდა, რომ დროულად მიმართონ ადამიანებმა კლინიკებს, სხვაგვარად არ გამოვა,“ – ამბობს ე.ბ.

რატომ ეჭვიანობს ბავშვი ახალშობილ და/ძმაზე – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ხანდახან ბავშვებს ძალიან უჭირთ ახალშობილი დის ან ძმის მიღება, პირველი ბავშვი ეჭვიანობს ოჯახში ახალ წევრზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მატებას მშობლების მეტი ყურადღება მიაქვს. ბავშთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად ბავშვი ჯერ კიდევ ორსულობამდე უნდა შევამზადოთ ამ სიახლისთვის.

  • ქალბატონო ირმა, როგორ მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია, რომ მალე მას პატარა ძმა ან და ეყოლება?

საერთოდ, ბავშვს სასურველია წინასწარ მივაწოდოთ მას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარა არსება სახლში ძალიან საყვარელი და სასაცილოა. მაგალითად, როცა ქუჩაში ვხედავთ ვიღაცას ჩვილით ხელში,  დავანახოთ ბავშვს, თუ როგორ თამაშობს ჩვილი ჩხარუნათი, ყურადღება გავუმახვილოთ იმაზე, თუ როგორი საყვარელი შეიძლება იყოს სახლში ასეთი პატარას ყოლა. თუ პროტესტი  გაუჩნდა – „არ მინდა, იმიტომ, რომ იტირებს”, აუხსენით, რომ სამაგიეროდ ხშირად ეთამაშება, გააცინებს და დიდ სიხარულს მოუტანს. გარდა ამისა, ჩავურთოთ ბავშვს ინტერნეტში მოკისკისე ახალშობილების ვიდეოები. აუცილებლად უნდა დავანახოთ ისიც, რომ  ბავშვი ზოგჯერ ტირის და ისიც უნდა ავუხსნათ, თუ რატომ ტირის.

Შეიძლება ავიღოთ პატარა თოჯინა, ვეთამაშოთ, Რომ გვყავს სახლში პატარა და მას ფრთხილად უნდა მივექცეთ, ნაზად ავიყვანოთ ხელში, თუ ეუხეშა, თოჯინის ნაცვლად ვიტიროთ, მოვეფეროთ და ვაჩვენოთ ჩვენი ემპათია.

არასწორია ბავშვს ყველაფერი ვარდისფერ ფერებში და პოზიტიურად დავუხატოთ – ცრუ მოლოდინების გამო ის ახალშობილისგან მხოლოდ სიცილს და თამაშს მოელის, ამასობაში მოვა პატარა, რომელსაც გაზები აწუხებს, მუცელი სტკივა და ტირის. ბავშვისთვის ეს შოკისმომგვრელი ხდება, ძალიან ისტრესებიან ამ დროს.  როცა დედას მუცელი ეზრდება და მშობიარობის პროცესი ახლოვდება, უკვე  ფაქტის წინაშე უნდა დავაყენოთ ბავშვი და ვუთხრათ, რომ გვეყოლება ოჯახის ახალი წევრი, იმიტომ, რომ ეს არის ნორმა, შენც ასე მოხვედი და გახდი ახალი წევრი ჩვენი ოჯახისთვის.

  • ასაკთან მიმართებაში რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

ეს ძალიან ინდივიდუალური მომენტია, შეიძლება ერთსა და იმავე  ასაკში ეს სიახლე ერთი ბავშვისთვის იყოს დამანგრეველი და ძალიან დიდი სტრესის საფუძველი, მეორესთვის კი პირიქით – იყოს ძალიან დიდი საჩუქარი, რადგან მის ცხოვრებაში ჩნდება არსება, რომელთანაც  ძალიან მხიარულად და ბედნიერად ატარებს დღეებს. აქ არსებითი მნიშვნელობა აქვს მშობლის პოზიციას – თუ ინფორმაციას სწორად მივაწოდებთ ბავშვს, იმდენად მტკივნეულად შეიძლება ვერ აღიქვას ეს სიახლე, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

  • როგორია ბავშვის მოსამზადებელი ეტაპი?

ბავშვის ფსიქოლოგიური მზადება ოჯახის ახალი წევრის მისაღებად ჯერ კიდევ დედის ორსულობის პერიოდში იწყება. ვიწყებთ იმით, რომ თუნდაც მუცლადყოფნის პერიოდში, როცა ნაყოფი მოძრაობს, ხელის შეხებით შევაგრძნობინოთ ბავშვს, რომ  იქ ვიღაც მოძრაობს, ის ცოცხალი არსებაა, ოღონდ ეს ხდება ახსნის, მოფერების, ჩახუტების შემდეგ, რომ ეს მისთვის არ იყოს მოულოდნელი.

ამ პერიოდში უფროსი ბავშვისთვის ყველაზე სტრესულია ის, რომ  ოჯახის ახალი წევრის დაბადების/გაჩენის გამო, პირველად მის ცხოვრებაში, დედას უწევს მისი დატოვება რამდენიმე დღით. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც არ არიან შეჩვეული ბაღს – რადგან ბავშვები, რომლებიც ბაღში დადიან, მიჩვეულნი არიან დედისგან განცალკევებას რამდენიმე საათით. უცებ დედა მშობიარობის გამო მიდის სახლიდან და მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ბავშვი წყდება მას. ამ დროს, რაც არ უნდა თავს ევლებოდნენ მას მამა, ბებია, ბაბუა თუ ოჯახის სხვა წევრები, დედის არ ყოფნა მტკივნეულია ბავშვისთვის. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ამ პირველი განშორებისთვის შევამზადოთ ბავშვი.

სანამ დედა სამშობიაროში წავა, ბავშვი მის გარეშე დარჩენას უნდა შეეჩვიოს, მაგალითად, დედამ უნდა დატოვოს ბავშვი 1-3 დღით მის გარეშე – ჯერ დატოვოს ორი საათით, მერე – სამი საათით… როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედამ დატოვა, მაგრამ ბრუნდება, სამი დღით სამშობიაროში  დედის წასვლა უკვე აღარ ხდება სტრესის საფუძველი, ამას იღებს ჩვეულებრივ ამბად. სასურველია, რომ ბავშვი ზოგჯერ (1-2 ღამით) მამასთან დავაძინოთ და დედა სხვა ოთახში დაწვეს, რომ  ბავშვმა დედის გარეშე იძინოს და დაძლიოს ეს მიჯაჭვულობის მომენტი.

დედისგან განცალკევება 5-6 წლის ასაკშიც შეიძლება იყოს სტრესული, ამიტომ მზადება ამისთვის 8-9 წლამდე ბავშვებთან აუცილებელია.

  • როგორ უნდა შევაჩვიოთ და შევაყვაროთ უფროს ბავშვს ახალშობილი ოჯახის წევრი?

როდესაც სახლში მოჰყავთ ახალშობილი, ნებისმიერ ბავშვს უჩნდება ინტერესი, უნდა რომ შეისწავლოს უცხო არსება. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები ძირითადად სამყაროს აღიქვამენ კინეტიკურად, მათ უნდათ შეეხონ, აკოცონ…  და შეგრძნებებით უნდათ აღიქვან ბავშვიც.  ხშირად, როცა  უფროსი ბავშვი პატარასთან მიდის და უხეშად ეფერება, ეხუტება, ან მის ხელში აყვანას ცდილობს, შეიძლება რაღაც ატკინოს კიდეც და თუ ამ დროს ვტუქსავთ ბავშვს, არ ვუშვებთ ახალშობილთან, ჩნდება უკვე ეგოიზმის მომენტი,  ბრაზი – „ის მე მართმევს დედას, მართმევს ახლობლებს, იმიტომ, რომ ისინი მე მიბრაზდებიან, ეს არის ჩემზე გაბრაზების, გაჯავრების მიზეზი და ამიტომ ის ჩემი მტერია”…  იწყება დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ძალიან სავალალო შედეგამდეც მივიდეს.

უფროს ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენთან ერთად მოეფეროს ახალშობილს, ხელში დავაჭერინოთ, ჩავახუტოთ, ვუთხრათ, რომ ის ჯერ პატარაა და მისი დახმარება სჭირდება. ეს შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურ დახმარებაში, თუნდაც მოვატანინოთ საფენები გამოსაცვლელად,  დაახუროს ქუდი ახალშობილს, ჩააცვას ფეხსაცმელი… გავაკეთებინოთ ისეთი საქმე, რითაც ახალშობილს არაფერს დაუშავებს. ვასწავლოთ, რომ ფრთხილად მოკიდოს ხელი, ფრთხილად მოეფეროს, თუ ამ დროს ატირდა ახალშობილი, უნდა ავუხსნათ  უფროს ბავშვს, რომ პატარებს სჩვევიათ ასე ტირილი და ეს არ ხდება იმიტომ, რომ შენთან აქვს პრობლემა.

  • რამდენად საშიშია ბავშვების ბრაზი ახალშობილის მიმართ?

უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან ბრაზის შემთხვევაში უფროსმა ბავშვმა შეიძლება მართლაც მიაყენოს რაიმე დაზიანება სრულიად დაუცველ პატარას. გაბრაზებულ ბავშვს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ, ჩაეკითხოთ, რატომ არის გაბრაზებული, საკუთარ ემოციებზე ასაუბროთ. დაუსვით კითხვები: „ახლა რას გრძნობ? გაბრაზდი?”, უნდა მოხდეს ემოციის სახელდება, ბავშვმა უნდა გაახმოვანოს რას გრძნობს, რომ მიხვდეს – „აი, მე გაბრაზებული ვარ და ამ ბრაზის გამო მე მესაუბრებიან”. არ უნდა გაუწყრეთ, ნაცვლად ამისა, უთხარით, რომ გესმით მისი – „მესმის რომ გეწყინა, რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ მოდი, დავივიწყოთ და ერთად ვითამაშოთ”. გარდა ამისა, დაიხმარეთ ახალშობილის მოვლის საქმეში – სთხოვეთ წყლის დასხმა პატარას დაბანის დროს, სეირნობისას თვითონ მიაწვეს პატარას ეტლს, მიაწოდოს საწოვარა ტირილის დროს და ასე ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ შევაჩვიოთ ისინი ერთმანეთს.

  • რა დრო შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს?

თუ სწორად მოვიქცევით, ზედმეტად არ დავტუქსავთ უფროს ბავშვს, 2-3 კვირაში შეიძლება ამის მოგვარება, შეიძლება 2-3 დღეშიც კი მოგვარდეს. ეს ყველაფერი გარემოზეც არის დამოკიდებული და ბავშვის ბუნებაზეც. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რაზეა ბავშვი გაბრაზებული ან/და განაწყენებული – ახლა რომ არ მისცეს რაღაც, რომ დაუშალეს ბავშვთან კონტაქტი თუ ზოგადად არის გაბრაზებული და სხვა წყენაც აქვს.

  • თუ მიზეზი ყურადღების დეფიციტია?

უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად გადავანაწილოთ ყურადღება, მესმის, რომ ეს ძალიან რთულია (განსაკუთრებით მაშინ, როცა დედას შინ დამხმარე არ ჰყავს), პატარას გამოცვლა სჭირდება, უფროსი კი ამ დროს თამაშს ითხოვს – უნდა შეეცადოთ ასეთ დროს ყურადღება და ენერგია ორივე ბავშვზე გადაანაწილოთ და არ დატოვოთ უფროსი უყურადღებოდ – “მოდი, ზღაპარი უნდა გიამბო, აქვე დამიჯექი, სანამ დაიკოს ვაჭმევ ან გამოვუცვლი”. შეიძლება დილიდანვე შეითანხმოთ უფროსი ბავშვი –  “მოდი, ახლა სანამ შენი დაიკო გაიღვიძებს თავისუფალი ვარ და გეთამაშები, მერე დამაცადე, რომ მას მივხედო”.

  • რა რჩევას მისცემთ იმავე სიტუაციისას მოზარდი ბავშვების მშობლებს?

შესაძლოა ასეთი სიახლის დროს დეპრესიაც დაეწყოს მოზარდს, ამიტომ ამ ასაკში ყველაზე მთავარია მოზარდს მივცეთ თავისი. მოზარდს აუცილებალად სჭირდება ყურადღება, მოსმენა. ხშირად უნდა დავეკითხოთ აზრი – “შენ როგორ ფიქრობ, ეს როგორ გავაკეთო? დღეს რა ჩავაცვა პატარას?”. მას ავარჩევინოთ რაღაცები, ჩავრთოთ პროცესებში, ოღონდ არა შრომით, რომ მივაბაროთ და ვაკეთებინოთ საქმე. “შენ ვერ წახვალ დღეს მეგობრებთან იმიტომ, რომ მე დახმარება მჭირდება და შენ უნდა დაგიტოვო ბავშვი” – ამაზე ყველაზე დიდი პროტესტი აქვთ ხოლმე,  მაგრამ თუ თვითონ გამოხატავს დახმარების სურვილს, ამის გამო ძალიან ბევრი უნდა ვაქოთ, მისი კარგი საქციელი აუცილებლად ხმამაღლა უნდა დავაფიქსიროთ –  “მადლობა, რომ ასეთი კარგი ხარ, ასეთი ჭკვიანი…, როგორ მეხმარები და რა კარგია, რომ მყავხარ”.  მთავარი კი მაინც ის არის, რომ მშობლები იყვნენ მზად იმისათვის, რომ თითოეულ შვილს, მისი წილი ყურადღება არ მოაკლოს.

დაემატებათ თუ არა მასწავლებლებს 150 ლარი ხელფასზე სექტემბრიდან – გახარიას დაპირება

სრულ განაკვეთზე დასაქმებული მასწავლებლების ანაზღაურება 300 ლარით რომ გაიზრდებოდა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში განაცხადა. მისი თქმით, 150 ლარი უნდა დამატებოდა უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს იმავე წლის სექტემბერში, ხოლო 2020 წლის სასწავლო წლის დასაწყისში ასევე 150 ლარით უნდა გაზრდოდათ ხელფასები პედაგოგებს.

იგივე ჩანაწერია „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტშიც, რომელიც პარლამენტში იყო წარდგენილი.

ამ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში წერია: „საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით 2019 წლის 1 ოქტომბრიდან და დამატებით 150 ლარით – 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან“.

ჯამში, როგორც ბიუჯეტის პროექტში წერია, „აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი“.

„ბათუმელებმა“ საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, აპირებს თუ არა ხელისუფლება დანაპირების შესრულებას – გაეზრდებათ თუ არა პედაგოგებს სექტემბრის თვიდან ხელფასები? აღნიშნულ კითხვაზე სამინისტროდან მთელი დღე ველოდით პასუხს, თუმცა ვერ მივიღეთ.

„ბათუმელები“ რამდენიმე სკოლის დირექტორსაც ესაუბრა და ჰკითხა, ხომ არ აქვთ ინფორმაცია სექტემბერში პედაგოგების ხელფასების ზრდაზე.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი, ნატალია მგელაძე ამბობს, რომ ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული ინსტრუქცია არ მიუღიათ.

„ხელფასები ჯერჯერობით არ გამოგვიწერია. 25 სექტემბრისთვის უნდა გავაკეთოთ და ვნახოთ, მანამდე თუ რამე შეიცვლება“, – ამბობს მგელაძე.

ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორს, დათო ეცადეიშვილსაც ვესაუბრეთ, რომელიც ასევე ამბობს, რომ „ამისთვის ჯერ მინისტრის ბრძანება უნდა გამოიცეს, რომელიც ჯერ არ ჩანს“.

გაიზრდება თუ არა მასწავლებლების ხელფასები სექტემბრიდან, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არც ქობულეთის სკოლებში აქვთ. „ჯერ არ მაქვს ამაზე ინფორმაცია, მაგრამ გვპირდებიან და ვნახოთ, შარშან იყო ამაზე საუბარი“, – გვითხრა ქობულეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ნარგიზ რომანაძემ.

მასწავლებლების ხელფასების ეტაპობრივ ზრდაზე ხელისუფლება 2018 წლიდან საუბრობს. ითქვა, რომ ხელფასები არა მარტო 2019-2020 წლებში, არამედ  ყოველ მომდევნო წელს უნდა გაიზარდოს. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1800 ლარი უნდა იყოს.

______________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი.

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს და ბაღების გაერთიანების უფროსს covid19 აქვთ

ხელვაჩაურის მერის მოადგილეს, კახაბერ ფუტკარაძეს და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების უფროსს – ნატო შერვაშიძეს კორონავირუსი აქვთ. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ დაუდასტურა.

ხელვაჩაურის მერის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული ამ თანამდებობის პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სტაბილურია. კახა ფუტკარაძე კლინიკაში დაახლოებით ერთი კვირის წინ გადაიყვანეს, ნატო შერვაშიძე – ორი დღის წინ.

ჯუმბერ ვარდმანიძე განმარტავს, რომ მერიის ყველა თანამშრომელმა, ასევე თანამშრომლების ოჯახების წევრებმა, გაიარა ტესტირება და სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღეს, 17 სექტემბერს, კორონავირუსი დაუდასტურდა 179 ადამიანს, მათ შორის, 126 ბათუმში.

ქობულეთში, სოფელ ჭახათში, სასაფლაოები გაძარცვეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში სასაფლაოები გაძარცვეს. როგორც ადგილობრივი მცხოვრები გია გეგიძე გვეუბნება, სასაფლაოები ალუმინის მოაჯირებით იყო შემოსაზღვრული.

„სოფელში აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა, პირველი შემთხვევაა, რომ სასაფლაოები გაძარცვეს. უჭირს ხალხს და ალბათ ამას უკავშირდება“, – ამბობს გეგიძე.

გია გეგიძის თქმით, სასაფლაოებიდან მოაჯირები მოიპარეს – „სავარაუდოდ, ჯართში ჩასაბარებლად“.

დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერჯერობით არ ვიცით. შს სამინისტროს განმარტებას, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.

 

უსკოში დარეგისტრირდა საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია”

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

ბლოკში ერთიანდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“ და „ემსახურე საქართველოს“ ლიდერები.

„ჩვენ გვექნება ერთიანი სიები, გვექნება ერთიანი სტრატეგია“ – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ, რომელიც პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატია ბათუმიდან.

ვარშალომიძემ აღნიშნა, რომ ბლოკი „ხელს უწვდის“ მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის ყველა პარტიას, ყველა კავშირსა და მოქალაქეს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

გახშირებული ავტოავარიის გამო სასკოლო ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება

საქართველოს კანონში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ცვლილებები შედის და გახშირებული ავტოავარიების გამო ექსკურსიების რეგულაციები მკაცრდება. კანონი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს:

[checklist]

  • ბოლო 6 თვის განმავლობაში გაცემული ტექნიკური ინსპექტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ასევე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მძღოლი ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება;
  •  შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
  • თუ გასავლელი მანძილი დაახლოებით 500 კილომეტრზე მეტია, მძღოლს უნდა ახლდეს პირი, შემცვლელი, რომელსაც მძღოლის მსგავსად ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა აქვს და არ იმყოფება ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე. მას ასევე უნდა ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა, რომელიც სულ მცირე 5 წლის წინ მიიღო;
  • [/checklist]

ავტომობილი აღჭურვილი უნდა იყოს:

[checklist]

  • შიდა და გარე ხედვის კამერებით;
  • ცეცხლმაქრი და სამედიცინო ჩანთით;
  • იკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იმაზე მეტი სავარძლის ჩადგმა, ვიდრე ქარხნულადაა გათვალისწინებული;
  • ექსკურსიის დროს ყველა მგზავრი უსაფრთხოების ღვედით უნდა სარგებლობდეს;
  • თუ ექსკურსიაზე შშმ პირია, გათვალისწინებული უნდა იყოს მისი საჭიროებები;
  • მგზავრებს უნდა ახლდეს ექსკურსიის ზრდასრული ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხოების ღვედით სარგებლობაზე;
  • [/checklist]

მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი – 400 ლარით. კანონი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები კანონში მესამე მოსმენით დაამტკიცა, ცვლილებების მომხრე 73 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე – არც ერთი.

როდის დაიწყება კოვიდით ინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების მკურნალობა სახლში მალე დაიწყება და ამისათვის უკვე ემზადებიან.

„სახლში, ბინაზე მკურნალობა, განსაკუთრებით უსიმპტომო შემთხვევებში, მიღებული პრაქტიკაა და ჩვენ აჭარიდან ვიწყებთ ამას. ხვალ-ზეგ პირველადი ჯანდაცვის ექიმებს ჩაუტარდებათ ტრენინგი ამასთან დაკავშირებით და მალე დაიწყება“, – განაცხადა დღეს, 17 სექტემბერს, ამირან გამყრელიძემ ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

აჭარაში იმყოფება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეც. 16 სექტემბერს მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია დარჩება აჭარაში და მისი მეთვალყურეობის ქვეშ პირველადი ჯანდაცვის რგოლი მოემზადება იმ ინფიცირებული პაციენტების სამართავად, რომელთაც აქვთ თვითიზოლაციის საშუალება.

კორონავირუსით ინფიცირებული, უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ მარტში ჰქონდა მზად რეკომენდაციები, თუმცა მაშინ გადაწყდა, რომ ყველა კოვიდპაციენტს სახელმწიფო კლინიკაში უმკურნალებდა და სახლში მკურნალობის პრაქტიკა არ დაუშვეს.

მაშინ მომზადებული პროტოკოლის თანახმად, კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს, 14 დღის განმავლობაში უნდა იყოს იზოლირებული, დღეში მინიმუმ ორჯერ უნდა გაიზომოს სიცხე და დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.

რა წესები იმოქმედებს ახლა სახლში მკურნალობის დაშვების შემდეგ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

______________

ფოტო: pexels

 

2 ადვოკატს კოვიდი დაუდასტურდა – ბათუმის სასამართლოს დამსწრე პირები ვეღარ დაესწრებიან

მხარეების გარდა სასამართლო პროცესს ბათუმში დაინტერესებული პირი ვეღარ დაესწრება – ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესების დიდი ნაწილი გადაიდო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, როცა ბათუმში ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„პროცესებს ვატარებთ დისტანციურად, მაგრამ თუკი ეს ვერ ხერხდება, შესაძლებელია, სხდომა ჩატარდეს დარბაზში მხოლოდ მხარეების მონაწილეობით, დამსწრე პირების გარეშე…“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ინგა ფუტკარაძემ. მისი განმარტებით, გადაიდება იმ სასამართლო საქმეების განხილვა, რომელთა კანონით გათვალისწინებული ვადა არ დაირღვევა.

სასამართლოს მენეჯერის თქმით, მოსამართლეები და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები დღეს გაივლიან ტესტირებას კორონავირუსზე, რადგან ადვოკატები, ვისაც covid 19 დაუდასტურდა, სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ.

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსი 126 პირს დაუდასტურდა. ქვეყნის მასშტაბით კი – 179-ს.

როგორ ნაწილდება აჭარაში ახალი შემთხვევების სტატისტიკა – 17 სექტემბრის მონაცემები

17 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს 18-ით ნაკლებია გუშინ დადასტურებულ შემთხვევებთან შედარებით. დღეს, 17 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დაასახელა, როგორ ნაწილდება ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული ახალი შემთხვევები აჭარაში:

  • ბათუმი – 121 ახალი შემთხვევა 
  • ქედა – 1 ახალი შემთხვევა
  • ქობულეთი – 3 ახალი შემთხვევა 
  • ხულო – 1 ახალი შემთხვევა 

აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქება პირველი სექტემბრიდან დაიწყო და ბოლო დღეებში რეგიონში ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24 საათში ასზე მეტია.

დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც ბათუმში იმყოფება, განაცხადა, რომ მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი, რომელთაგან 150 ცარიელია. ბათუმში უსიმპტომო კოვიდპაციენტები უკვე რამდენიმე დღეა გადაჰყავთ საკარანტინო სივრცეებში.

17 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

შეიძლება თუ არა კანდიდატი ჩაეხუტოს ამომრჩეველს – ამირან გამყრელიძის პასუხი

ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და შეზღუდვების დაწესების მიუხედავად, აკრძალვები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე. კანდიდატები საარჩევნო აგიტაციის დროს ხშირად არ იცავენ დისტანციას, ზოგ შემთხვევაში კი, არ უკეთიათ პირბადე და კარგად თუ დაათვალიერებთ, მათივე ფეისბუქის გვერდებზე ნახავთ ამომრჩეველთან ჩახუტების კადრებსაც, მათ შორის, ბავშვებთან.

შეიძლება თუ არა კანდიდატი ჩაეხუტოს ამომრჩეველს? – ამაზე დღეს „ბათუმელების“ კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უპასუხა. მან კანდიდატებს ურჩია „შეიკავონ ემოციები“ და კამპანია დისტანციის დაცვით, „ჩახუტების გარეშე“ აწარმოონ.

დღესვე ამირან გამყრელიძემ განმარტა აჭარაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ და განაცხადა, რომ ვითარება ისევ დაძაბული და საყურადღებოა.

17  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ჩეხეთისგან 186 000 ევროს აპარატურას მიიღებს

ჩეხეთის განვითარების სააგენტო ახალი ინიციატივის – Tied Financial Donation-ის ფარგლებში ბათუმისა და რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოებს ჩეხურ სამედიცინო აპარატურას გადასცემს.

ახალი აღჭურვილობის მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება 2020 წლის ბოლომდე. საერთო ღირებულება 371 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო 186 000 ევროს, ხოლო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფო 185 000 ევროს მიიღებს.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს სახელით ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისში, პეტრ მიკისკამ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი გვაზავამ და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა, ნუგზარ ჯანჯღავამ.

იკვეთება კლება, მაგრამ გვჭირდება სულ ცოტა 7-დღიანი კლების ციკლი – ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა და შეინიშნება კლების ტენდენცია, თუმცა, მინისტრის თქმით, საჭიროა დაფიქსირდეს შვიდდღიანი კლების ციკლი.

„იკვეთება კლება რიცხვებში, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, ეპიდემიოლოგებს, იმისათვის, რომ მათ განსაზღვრონ თუ რა ეპიდვითარებაა ქვეყანაში, ესაჭიროებათ სულ მცირე შვიდდღიანი კლების ციკლი, რაც შემდეგ უკვე მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ, თუ რამდენად კონტროლირებადი გავრცელება არის ინფექციის.

სიტუაცია ამ დროისათვის კონტროლირებადია იმ მხრივ, რომ ეპიდემიოლოგები ეფექტურად მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დღეს, 17 სექტემბერს, აჭარაში იმყოფება მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად.

ტიკარაძის განცხადებით, ამჟამად აჭარაში მობილიზებულია 500-ზე მეტი საწოლი და მათგან 150-მდე საწოლი არის თავისუფალი. მან ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში პაციენტების უმეტესობას აქვს კორონავირუსის მსუბუქი ფორმა.

ბათუმში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა

17  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ამის შესახებ დღეს, 17 სექტემბერს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარაში საბავშვო ბაღში არ დადის ყოველი მეოთხე ბავშვი – კვლევა

დღეს, 17 სექტემბერს, ბათუმში გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

კვლევა მოიცავს საკითხებს როგორც ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ, ასევე განათლების კომპონენტს.

კვლევაში ნათქვამია, რომ აჭარის რეგიონში 3-5 წლის ყოველი მეოთხე ბავშვი (24.7 პროცენტი) არ დადის საბავშვო ბაღში, 5 წლამდე ასაკშის ბავშვების 46.4 პროცენტს არ აქვს სამი ან მეტი საბავშვო წიგნი, ხოლო 38.6 პროცენტს – ორი ან მეტი სახეობის სათამაშო.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, 5 წლამდე ასაკის ბავშვების 38.4 პროცენტი სარგებლობს ელექტრონული მოწყობილობებით დღეში 1 საათზე მეტ ხანს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლია რეგიონებს შორის თბილისის შემდეგ.

ასევე, კვლევის თანახმად, აჭარაში სრული საშუალო განათლების საფეხურის შესაბამისი ასაკის ბავშვების 10.9 პროცენტი სკოლაში არ დადის.

ახალი კორონავირუსის 179 შემთხვევა ბოლო 24 საათში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა  2937 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული.

ვებგვერდის, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 10-ით გაიზარდა და ამჟამად  1422 -ია.

ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

გუშინ, 16 სექტემბერს, ქვეყანაში 196 ახალი შემთხვევა გვქონდა, დღეს 17 -ით ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.

ბათუმის „ევექსის“ პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა – 3 თანამშრომელს covid 19 დაუდასტურდა

კომპანია „ევექსის“ ბათუმის პოლიკლინიკაში გეგმური ტესტირების შედეგად 3 თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, პოლიკლინიკაში პაციენტების მიღება შეწყდა.

კომპანია „ევექსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული თანამშრომლები უკვე გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პრევენციული ღონისძიება, მიმდინარეობს სავარაუდო კონტაქტების მოძიება და უკვე იდენტიფიცირებული პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. კლინიკაში ტარდება დეზინფექცია.

უფასო ტესტირების ჩატარება შესაძლებელია ავტოსადგურთან, ასევე ხოფის ბაზრობასთან გაშლილ კარვებში. PCR ტესტირების ჩატარება კიდევ 4 პოლიკლინიკაში შეიძლება: N1 პოლიკლინიკა – N4 პოლიკლინიკა – საოჯახო მედიცინის ცენტრი, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი.

 

 

ქალი ინტერნეტით გავიცანი, ახლა საკუთარ სახლში აღარ მიშვებს – 61 წლის კაცი

„ჩემს საკუთარ სახლში აღარ მიშვებს ქალი, ვისთანაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში ვიყავი 3 წელი,“ – ამბობს ბათუმში მცხოვრები ალექსანდრე ნიკოლაიშვილი. ის 61 წლისაა და სიმსივნის დიაგნოზი აქვს, რაც ექიმის დიაგნოზით დასტურდება. ალექსანდრეს თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ხიდის ქვეშ ან ავტობუსის გაჩერებაზე უწევს ღამის გათევა. მას საკუთარი სახლი შემაკავებელი ორდერის საფუძველზე დაატოვებინეს.

ალექსანდრე მიიჩნევს, რომ ახლა თვითონაა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ პოლიციას ამის დანახვა არ სურს.

„ის 2017 წლის დეკემბერში ინტერნეტით გავიცანი, მაშინ თურქეთში ცხოვრობდა,“ – გვიყვება ალექსანდრე ნიკოლაიშვილი ქალის შესახებ, რომელიც ახლა საკუთარ სახლში აღარ უშვებს. -„შეხვედრის შემდეგ დავუახლოვდი და შევიფარე, ვეხმარებოდი შეძლებისდაგვარად, შემდეგ ჩამოიყვანა მისი სრულწლოვანი ბიჭი… ეს ქალი ჩემი კანონიერი მეუღლე არ არის, მაგრამ ჩემი ნებართვით ჩემს მისამართზე აღრიცხვის უფლება მივეცი… შემდეგ დაიწყო კონფლიქტები, გამოიძახეს პოლიცია და ჩემ წინააღმდეგ გაფორმდა შემაკავებელი ორდერი. ამ ორდერის ვადა 2 აგვისტოს ამოიწურა, მაგრამ სახლში ვეღარ შევდივარ, საკეტებიც გამოცვალეს. პოლიცია მეუბნება, შედიო, მაგრამ რანაირად? თუ არ გიშვებენ, სასამართლოს მიმართეო. სასამართლოსთვის მიმართვის ხარჯი არ მაქვს, ავად ვარ, თანაც ამას ბევრი დრო დასჭირდება,“ – გვითხრა ალექსანდრემ.

კანონის მიხედვით, შემაკავებელი ორდერი განსაკუთრებულ შემთხვევებში მოძალადის სახლიდან იძულებით გამოყვანის შესაძლებლობას იძლევა იმის მიუხევად, თუ ვინაა მესაკუთრე – მსხვერპლი თუ მოძალადე. შემაკავებელ ორდერს პოლიციის თანამშრომელი გამოსცემს და მისი ვადა ერთი თვეა. იურისტების განმარტებით, ამ ვადის გასვლის შემდეგ, მოძალადედ მიჩნეულ პირს ისევ პოლიციისთვის უნდა მიემართა, თუკი საკუთარ სახლში აღარ უშვებენ და ეს ეკონომიკური ძალადობადაც შეფასდებოდა. ასეთ შემთხვევაში პოლიციის ვალდებულება იქნებოდა მესაკუთრის საკუთარ სახლში დაბრუნება.

რაც შეეხება პირის იძულებით გამოსახლებას – ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო.

„მივმართე კახაბრის პოლიციას, რომ ჩემს სახლში შემიშვან, მაგრამ არაფერი, არავინ დამეხამარა… არ ვიცი, შემაფასეს თუ არა მსხვერპლად, ეს არის ეკონომიკური ძალადობა ჩემზე,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა.

რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან ალექსანდრე ნიკოლაიშვილის მიმართვას? – კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე გამოკითხვებით ალექსანდრე ნიკოლაიშვილის მიმართ ოჯახში ძალადობა არ დასტურდება.

ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა „ბათუმელებს“ ასევე უთხრა, რომ მის წინააღმდეგ შემაკავაბელი ორდერის გამოცემის დროს ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, ანუ ოჯახში ძალადობისთვის ის უკვე მსჯავრდებული პირია. იმის მიუხედავად, რომ შემაკავებელი ორდერიც არ გაუსაჩივრებია, მოქალაქე მიიჩნევს, რომ არავის ჰქონდა მისთვის სახლის წართმევის უფლება.

„მანამდე მიჩივლა, ხელი გამარტყაო… აღიარება მომიხდა. ასეც რომ იყოს, ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სახლი წამართვა?“ – კითხულობს მოქალაქე.

„იმედი მაქვს, რომ ვცხოვრობ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ სოციალურ სახელმწიფოში და ჩემი უფლებები იქნება დაცული,“ – წერს ალექსანდრე ნიკოლაიშვილი წერილში, რომელიც მან უკვე გაუგზავნა პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და სახალხო დამცველს.

იზოლაციაში გადაღებული ფილმების კონკურსი – გამარჯვებული „ლაიქებით“ გამოვლინდება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე წელს წარმოდგენილია სპეციალური საკონკურსო სექცია – COVIDEO, რომელშიც ნაჩვენები იქნება 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, გადაღებული COVID19-ს პანდემიისას, იზოლაციის პერიოდში.

ფილმებს ჟიური შეაფასებს, თუმცა ასევე გაიცემა აუდიტორიის პრიზიც. ფილმების შეფასება ფეისბუქზეა შესაძლებელი. აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ ფილმები და მოწონების ნიშანი, „ლაიქი“ დაუსვათ თქვენთვის საინტერესო ფილმს.

ამ სექციაში გამარჯვებული გამოვლინდება LIKE- ების რაოდენობით თითოეულ ვიდეოზე.

ვიდეოს, რომელიც მოიპოვებს LIKE- ების ყველაზე მეტ რაოდენობას, გადაეცემა BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი. ხმის მიცემა, LIKE-ის დასმა შესაძლებელია 20 სექტემბრამდე (19 სექტემბრის 23.59 საათამდე).

BIAFF COVIDEO – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის პროგრამა  

  1. 1412, ანა ჯაფარიძე, საქართველო, 2020, 4.55 წთ.
  2. „20XX“, გიორგი ქასრაშვილი საქართველო, 2020; 3 წთ.
  3. „კოვიდი“, ლენა ჭაღალიძე, საქართველო, 2020; 2 წთ.
  4. Es Regnet, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2020; 3,30წთ.
  5. „მამა“, გიორგი გოგიჩაიშვილი, საქართველო, 2020; 2.40 წთ.
  6. „სახლში მარტო“, ვალერი ფიფია, საქართველო, 2020;  25წთ.
  7. „კოცნა“, სოფიო ჩხეიძე, საქართველო, 2020; 1.35წთ.
  8. „მცირე რექვიემი ბებიასთვის“, თამარა ბენაშვილი, საქართველო, 2020; 4.40წთ.
  9. „სარკე“, გიორგი ქებურია, საქართველო, 2020; 5წთ.
  10. „ ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია“, ზურაბ ქავთარაძე, საქართველო; 2020; 2.30წთ.
  11. „ჩემი ფილმი“, ირაკლი კიკვაძე, საქართველო, 2020;10 წთ.
  12. „ონლაინ გაკვეთილები“, მარიშკა დიასამიძე, საქართველო, 2020; 2.20 წთ.
  13. „თვითიზოლაცია“ გივიკო ბარათაშვილი, საქართველო, 2020; 3.15 წთ.
  14. „დარჩი შინ“, დანილა ილიოშენკო, საქართველო, 2020; 3წთ.
  15. „როცა მარკერი მთავრდება“, მერცი რთველაძე, საქართველო, 2020; 4.25წთ.
  16. მოჩვენება“, ნაგარაჯუ, ინდოეთი, 2020; 2.20წთ.
  17. „დურგას კარანტინი“, მითეშ თეიქი, ინდოეთი, 2020; 50 წთ.
  18. „სახლი“, ანე როდრიგესი, მექსიკა, 2020; 2 წთ.
  19. კლაუდი, აურელია მენგინ რეუნიონი, 2020; 3.20 წთ.
  20. „ჩემი დაბადების დღე“, შაიან ნაგიბი, ირანი, 2020; 4.35წთ.
  21. „ბუნება ბრუნდება“, ქრისტოფ კუნგი, საფრანგეთი/საქართველო, 2020; 2.20 წთ.
  22. „სოციალური დისტანცია“, ხორშიდ ალამი, ირანი, 2020; 1.30 წთ.
  23. „ბოლო პერფორმანსი“, დევიდ ფილიპსი, კანადა, 2020; 3წთ.
  24. „ მოსაწვევი“, მელთემ ქემილოღლუ, თურქეთი, 2020; 2.20 წთ.
  25. „ღვინო დედასთვის – კარანტინი 2020“,  ვალერის ოლეჰნო, ლატვია, 2020; 2წთ.

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი წელს სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა აჭარაში კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო ფესტივალი გადაიდო და სავარაუდოდ ოქტომბერში ჩატარდება.

უცვლელი რჩება კინოფესტივალის პროგრამა. 

ბათუმში კინოფესტივალი, ტრადიციულად, სექტემბერში იმართება. კინოფესტივალის თარიღი მხოლოდ ერთხელ შეიცვალა, 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის გამო, როცა ფესტივალი სექტემბრის ნაცვლად ოქტომბერში გაიმართა.

______________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

პენსიონერმა ბანკიდან 1800 ლარი აიღო და 3510 უნდა დააბრუნოს – რატომ არ ცვლიან კანონს

„საპენსიო სესხის აღების შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 30-დან 35 %-მდე,“ – გიპასუხებთ „ლიბერთი ბანკის“ ცხელი ხაზის ოპერატორი, თუკი ათასობით პენსიონერის რიგს შეუერთდებით და თქვენც საპენსიო სესხის აღებას გადაწყვეტთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონში ცვლილებები შევიდა და საპენსიო სესხი დაახლოებით 10 %-ით გაიაფდა, პენსიონერებს, რომლებიც ძირითადად მიზერული პენსიის ამარად არიან, ყველაზე მეტის გადახდა უწევთ სესხში.

არაპენსიონერისთვის ანუ ახალგაზრდებისთვის სამომხმარებლო სესხის მაქსიმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22 %-ია. ხელისუფლებაში რთულია იპოვო პასუხი კითხვებზე: რატომ არის პენსიონერებისთვის საბანკო სესხი ისევ ყველაზე ძვირი და რატომ არ გაუიაფდათ სესხი პენსიონერებს?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში 762.6 ათასი პენსიონერი ცხოვრობს, ეროვნული ბანკის 2019 წლის მონაცემებით, კი მათ ნახევარს – 380 403 მოხუცს საპენსიო სესხი აქვს.

„რას გვერჩიან პენსიონერებს, ვერ გავიგე, ჩვენი სესხი ყველაზე ძვირია, არადა, ყველაზე ნაკლები შემოსავალი ჩვენ გვაქვს… თუ პენსიონერი არ ხარ, ბევრად იაფად მოგცემენ სესხს,“ – გვიყვება თბილისში მცხოვრები პენსიონერი, რომელსაც საპენსიო სესხი აქვს. მას ვინაობის გამხელა არ სურს. პენსიონერი გვიყვება, რომ 2018 წელს საპენსიო სესხი დაახლოებით 800 ლარი აიღო 46%-ად და დღემდე იხდის.

„კითხვა უნდა მაგას, რაში მყოფნის?… 100 ლარამდე მარტო წამლებში მჭირდება, 72 წლის ვარ, პენსიაში გასვლამდე ბუღალტრად ვმუშაობდი, სად აღარ მიმუშავია…“ – დასძინა პენსიონერმა.

„წელს ბანკის თანამშრომელი დამიკავშირდა და შემომთავაზა სესხის განახლება. მითხრა, რომ თუკი სესხს დავიმატებდი, დაბალ პროცენტად მომცემდა ბანკი ფულს და სესხის განახლება მოხდებოდა. 280 ლარი დავამატე, თანაც ძალიან მჭირდებოდა. ახალი სესხი 34 პროცენტად მომცეს. თვეში 80 ლარს მიკავებენ ახლა…“ – ამბობს 72 წლის პენსიონერი, რომელიც მარტო ცხოვრობს და პენსია მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

2019 წლამდე პენსიონერებს დაახლოებით 45 %-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით აძლევდნენ სესხს.  ხშირად მოხუცებს წლობით უწევთ ამ სესხის დაფარვა და საბოლოო ჯამში სესხის ორმაგი ოდენობის გადახდა. 2019 წლის პირველი იანვრიდან, მას აქეთ, რაც სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შევიდა და ბანკებს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრა მაქსიმუმ 50 პროცენტამდე შეუძლიათ, პენსიონერებისთვის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 45%-დან დაახლოებით 35 %-ზე ჩამოვიდა.

პენსიონერებს აქვთ კითხვა, რას ერჩის მათ სახელმწიფო, როცა ბანკს აძლევს უფლებას, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთი დაუწესოს პენსიონერებს. მათთვის ცნობილია, რომ სესხებთან დაკავშირებით 2019 წელს კანონი შეიცვალა, მაგრამ ეს ცვლილება მათთვის დიდად სანუგეშო არ აღმოჩნდა.

საპენსიო სესხი საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, 2019 წლის მარტში აუღია ბათუმში მცხოვრებ ასმათ ქათამაძესაც.

ასმათ ქათამაძის საპენსიო სესხი

„150 ლარი მაქვს ბინის ფული გადასახდელი, ვეღარ ვიხდიდი, სოციალურ დახმარებას არ მაძლევენ, ბანკის მადლიერი ვარ – სესხი მომცა, მჭირდებოდა,“ – ამბობს ასმათ ქათამაძე. ის 64 წლისაა და შვილთან ერთად ნაქირავებ ბინაში უკვე 38 წელია ცხოვრობს. ასმათი პენსიიდან ყოველთვიურად სესხს – 65 ლარს იხდის.

ასმათ ქათამაძემ გვაჩვენა ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, სესხის სახით 1800 ლარი აიღო, ბანკს კი, ჯამში 3510 ლარი უნდა გადაუხადოს [სხვაობა 1710 ლარია]. ასმათ ქათამაძის საპენსიო სესხი წლიურად 33.21 %-ად მისცეს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 37.86 %. ასმათი სესხის დაფარვას 2023 წლის სექტემბერში დაასრულებს.

„…თურქეთში გადავდიოდით დედა-შვილი და ვვაჭრობდით – თამბაქო გადაგვქონდა, დაახლოებით 150 ლარი გამოდიოდა თვეში, პენსია ემატებოდა და გაგვქონდა თავი, ახლა 155 ლარი მრჩება მარტო პენსიიდან, 150 ლარს ქირაში ვიხდი, გამოდის, რომ 5 ლარად უნდა ვირჩინოთ თავი.

საღამოობით გარემოვაჭრეებთან გავდივარ, ბოსტნეული, რაც ვერ გაყიდეს, იმას მაძლევენ… ამას წინათ, ქუჩაში მანქანა დამეჯახა, მტკივა ფეხი, ექიმთან ვერ მივდივარ, ვინ იცის, რა მჭირს… ხელჯოხით დავდივარ, ისე – ვეღარ.

შვილი უმამოდ გავზარდე, მალე დავშორდი ქმარს… საერთოდ არ მიჭირდა, ნამცხვარს ვყიდდი ქუჩაში 15 წელი, არაფრის მეთაკილებოდა, სულ ვშრომობდი, ვვაჭრობდი… ახლა უმუშევარია შვილიც. სად არის სამსახური, მითხარით, სად არის სამსახური?

გასულია ახლაც „ბერეგზე“, იქნებ თევზი რამე დავიჭიროო, ეს თევზიც აღარაა წელს. ზის მთელი დღე და ელოდება… მასაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მძიმე სამსახურში ვერ იმუშავებს,“ – გვიყვება ასმათ ქათამაძე და შემდეგ ხელჯოხით გვაჩვენებს, როგორ არის შემოდგმული საწოლი აგურებზე. საძინებელში ჩამოდის წყალი. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედა-შვილის ოჯახისთვის 72 ათასი ქულა მიუნიჭებია. ისინი სოციალურ შემწეობას ვერ იღებენ.

„…რატომ შეიძლება იყოს ყველაზე ძვირი ის სესხი, სადაც რისკი არის ნული?“ – კითხულობს ფინანსისტი ნიკოლოზ ბერიძე. მან პრემიერს ამ საკითხზე წერილი მისწერა და მოითხოვა ნებისმიერი სახის სესხზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 18-20%-მდე შემცირდეს. ფინანსისტი მიიჩნევს, რომ ამ გზით „ლავირების საშუალება ბანკებს აღარ დარჩებათ“.

ფინანსისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნებისმიერი სესხის პროცენტის განსაზღვრის დროს ყველა ბანკისთვის მნიშვნელოვანია რისკები, მაგალითად, ის, რომ შესაძლოა ხელფასი ვერ აიღო.

„პენსიონერის შემთხვევაში კი, ეს რისკი დაზღვეულია თავად სახელმწიფოს მიერ – პენსიონერი ყოველთვიურად იღებს გარანტირებულად პენსიას. ამის გარდა, ხდება სიცოცხლის დაზღვევა. უსამართლობაა ისიც, რომ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ფულს აძლევს დაახლოებით 8 %-ად, ხოლო ბანკი პენსიონერს სესხს აძლევს 35 %-ად,“ – აღნიშნა ნიკოლოზ ბერიძემ.

„ეს პრობლემა შემოდგომიდან აღარ იქნება… სახელმწიფო გადაიხდის საბანკო მომსახურების ხარჯს“, – გვითხრა გასული წლის ზაფხულს აკაკი ზოიძემ, მაშინ ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო პარლამენტში და აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ საპენსიო სესხი, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, 32%-მდე შემცირდა. მაშინ „ბათუმელები“ წერდა მოხუცების შესახებ, ვისი პენსიის დიდი ნაწილიც სესხში მიდის.

აკაკი ზოიძემ თანამდებობა და პოლიტიკაც გასული წლის დეკემბერში ისე დატოვა, რომ ამ დანაპირების შესრულება ვერ შეძლო.

„დაგეგმილი იყო ის, რომ ბიუჯეტში შესულიყო ცვლილება და გამოცხადებულიყო ტენდერი. რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, არ ვიცი. 10 თვეა პარლამენტის წევრი აღარ ვარ და მინდა გაცნობოთ, რომ არავინ მაყენებს საქმის კურსში… ტენდერით სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა საპენსიო სესხებზე საბანკო მომსახურების ხარჯები. ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნებოდა პენსიონერებისთვის,“ – გვითხრა აკაკი ზოიძემ.

აკაკი ზოიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, დისკრიმინაციულია. დისკრიმინაციულ მიდგომაში იგულისხმება ის, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან პენსიონერი გაცილებით იაფად იღებს სესხს, ვიდრე მანამდე.

„სამწუხაროა ეს ფაქტი, რომ მანამდე პენსიონერს უფრო მაღალ პროცენტში აქვს სესხი აღებული, მაგრამ კანონს უკუძალა არა აქვს და სხვაგვარად ვერ გამოვიდოდა სამართლებრივად… შესაძლოა, ბანკი შეუთანხმდეს ან უთანხმდება პენსიონერს, ეს მოლაპარაკების საგანია და ახალი სესხი გაიცემა – ძველი დაიფარება და ახალი საპროცენტო განაკვეთით გაიცემა სესხი,“ – განმარტავს აკაკი ზოიძე.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ასევე არ ეთანხმება არგუმენტს იმაზე, რომ „საპენსიო სესხს რისკი არ აქვს“.

„საბანკო საქმეების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ, როგორც ვიცი, მსოფლიოში რთულად და იშვიათად გაიცემა საპენსიო სესხი, 65 წლის შემდეგ სიცოცხლის დაზღვევა არ ხდება პრაქტიკულად, ან თუ ხდება, ეს პროცენტი მინიმალურია, შესაბამისად, საპენსიო სესხი ყველგან მიიჩნევა რისკიანად და ის ძვირია,“ – დასძინა აკაკი ზოიძემ.

„ბათუმელების“ სატელეფონო ზარს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საერთოდ არ უპასუხა. მისმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ კი, ეს გვიპასუხა:

„…მოგვამრთონ ამ მოქალაქეებმა შეკითხვით და ვეცდებით, რომ ყველა საფეხურზე მოვიძიოთ პასუხი, აღმასრულებელ ხელისუფლებასაც დავეკითხოთ, ასე აჯობებს. ეს მტკივნეული საკითხია და მას უნდა გაეცეს შინაარსიანი პასუხი… მე უხერხულად მიმაჩნია, გიპასუხოთ იმ საკითხზე, რაშიც სიღრმისეულად არ ვარ ჩახედული. პასუხი გაგცეთ და მიკიბ-მოკიბვა დავიწყო, არ იქნება ლამაზი,“ – გვითხრა ვლადიმერ კახაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა კომიტეტის თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს – კობა ნაკაიძეს. ის პრობლემად მიიჩნევს იმას, რომ პენსიონერის სესხი ყველაზე ძვირია, თუმცა ამბობს, რომ კომიტეტში მსჯელობა ან რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამ კუთხით ჯერ არ აქვთ.

„მესმის, რომ ეს პრობლემა არსებობს, მაგრამ კანონს უკუძალა არ აქვს, შესაბამისად, ეს ვერ იმოქმედებდა სესხებზე, რაც მანამდე იყო გაცემული… მე ვფიქრობ, რომ მათზეც უნდა გავრცელდეს და ამ საკითხზე სამუშაოა პირდაპირ. როგორც კი დაიწყება სასესიო კვირა, მე საფინანსო კომიტეტთან გავივლი ამ საკითხს, ეს საკითხი ჩვენს კომიტეტში არ დამდგარა, ეს საკითხი ბანკებთან არის დასალაგებელი, ისევე, როგორც ბევრი სხვა საკითხი,“ – გვიპასუხა კობა ნაკაიძემ.

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ახალი მოწვევის პარლამენტისგან – „ბათუმელები“ პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს დაუკავშირდა, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატია.

„პარლამენტის რეგულირების სფერო არ არის საპროცენტო განაკვეთები და სესხების გაცემის პირობები… ვფიქრობ, სჯობს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდეთ…“ – გვიპასუხა სოციალურ ქსელ ფეისბუქში არჩილ თალაკვაძემ. მას განვუმარტეთ, რომ გადაწყვეტილებას ამ კუთხით პარლამენტი იღებს და პრობლემაა ასევე სავარაუდო დისკრიმინაციული დამოკიდებულება პენსიონერების მიმართ.

„…არ მიმუშავია ამ საკითხზე და ზედაპირულ კომენტარს ვერ გავაკეთებ,“ – დაგვემშვიდობა არჩილ თალაკვაძე.

 

კოვიდი დაგვიდასტურდა, 2 დღეა სასწრაფოს ველით და არ მოდის – მოქალაქე ბათუმიდან

ბათუმში მცხოვრები არჩილ გოგუაძე ამბობს, რომ მაღალი ტემპერატურა ჰქონდა და 12 სექტემბერს კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა. დაიტესტა მისი მეუღლე, სალომე სულაბერიძეც. გუშინ, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი ჯანდაცვიდან შეატყობინეს, რომ კოვიდდადებითი იყვნენ. თუმცა ამ დრომდე, ის და მისი მეუღლე სასწრაფოს არ გადაუყვანია. მათ ჰყავთ პატარა შვილი, რომელიც, ცხადია მათთან ერთად ცხოვრობს და მას ტესტირება არ ჩატარებია. მათთან ერთად ცხოვრობენ მშობლებიც.

„ხუთი დღის წინ გავიკეთე PCR ტესტი, სიცხე მქონდა, გაცივებული ვიყავი და ამიტო გავიკეთე. მეოთხე დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს გამოგიგზავნით ბრიგადას და გადაგიყვანთო. ველოდებით მას შემდეგ. ახლა მე და ჩემი მეუღლეც უსიმპტომოდ ვართ, მაგრამ თუ ინფიცირებულები ვართ, ხომ უნდა ვიცოდეთ ზუსტად? შესაძლოა ტესტი შეცდა, რადგან სიმპტომები არ გვაქვს“, – ამბობს არჩილ გოგუაძე.

არჩილ გოგუაძის თქმით, არა თუ არ გადაიყვანეს, არც კი მოუკითხია არავის მისი მდგომარეობა. „თავადვე დავრეკე და რომ მოვიკითხე ამბავი, მითხრეს შენით უნდა დაგერეკა და მოსულიყავიო.

არჩილ გოგუაძე ამბობს, რომ მან მართლაც დაურეკა შესაბამისი სამსახურს.

არჩილ გოგუაძეს და მის მეუღლეს ნამდვილად რომ შეეყარათ კორონავირუსი, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც ადასტურებენ.

„მე შეტყობინება გავაკეთე, გუშინაც გადავეცი ინფორმაცია და დღეს კიდევ შევახსენე სასწრაფოს და ვუთხარი, რომ ელოდებიან. რატომ არ აკითხავს, ვერ გეტყვით. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შემთხვევაა და ვერ აუდიან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ქეთევან მშვიდობაძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომელი.

მისი თქმით, კოვიდ 19-ით ინფიცირებული პირი კლინიკაში სასწრაფომ უნდა გადაიყვანოს და მას თვითდინებით მისვლის უფლება არ აქვს.

„სასწრაფომ უნდა მიაკითხოს, თვითდინებით ვერ შევლენ, რადგან ორივე ინფიცირებული არიან მშობლები და ბავშვიც უნდა გატესტილიყო. რადგან კერძო სახლში ცხოვრობენ, დასუფთავების სამსახურიც გამოვიძახე დეზინფექციის ჩასატარებლად“, – ამბობს მშვიდობაძე. მისი თქმით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ.

„ბათუმელები“ სასწრაფო დახმარების სამსახურსაც დაუკავშირდა და ჰკითხა, რატომ არ გადაჰყავთ ინფიცირებული პირები კლინიკაში ან რა ვადებში უნდა მიაკითხოს ბრიგადამ. აქ გვითხრეს, რომ პაციენტები პრიორიტეტის მიხედვით გადაჰყავთ.

„დაყოვნება უწევთ პაციენტებს იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს დაავადება. სიმძიმის მიხედვით ხდება პაციენტების გადაყვანა კლინიკებში“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.

ამით ხომ იზრდება კონტაქტში მყოფი პირების ინფიცირების რისკები? – ამ კითხვაზე სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ ეს საკითხი უშუალოდ მათ სამსახურს არ მიემართება.

ამ ეტაპზე არ არის ძალაში შესული მთავრობის ინიციატივა, რომელიც კოვიდ 19-ით ინფიცირებულების სახლში მკურნალობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუკი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. თუმცა სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ პაციენტის გადაყვანის დრო არ არის გაიდლაინში დაზუსტებული. „იცით ალბათ ხომ როგორი მდგომარეობაა და გაზრდილია ინფიცირებულთა რაოდენობაც“, – გვითხრეს სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.


მთავარი ფოტო: არჩილ გოგუაძის ფეისბუქგვერდიდან

ჯანმო: სკოლების დახურვა უნდა იყოს ყველაზე ბოლო საშუალება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სკოლებთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ სკოლების დახურვა უნდა იყოს ყველაზე ბოლო ზომა, ისიც ადგილობრივ დონეზე, იქ, სადაც ვირუსის გავრცელება ინტენსიურია.

„ჩვენ ყველას გვინდა, რომ ბავშვები მალე დაბრუნდნენ სკოლაში. გვინდა ასევე ვიცოდეთ რომ სკოლები უსაფრთხო და მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოა. ზოგიერთ ქვეყანაში სკოლები გაიხსნა, სხვაგან ისინი რჩება დახურული.

„იუნესკომ“, „იუნისეფმა“  და ჯანმომ გუშინ გამოაქვეყნეს განახლებული სახელმძღვანელო COVID-19-ის კონტექსტში სკოლასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების შესახებ. გაიდლაინი მოიცავს პრაქტიკულ რჩევებს სკოლებისთვის, იმ მხარეებისთვის, სადაც არ არის დაფიქსირებული დაინფიცირების შემთხვევები, არის ერთეული შემთხვევები, კლასტერები ან შიდა გადაცემა.

ბავშვებზე, ახალგაზრდებზე და მთლიანად ჩვენს საზოგადოებაზე დამანგრეველი შედეგების გათვალისწინებით, სკოლის დროებით დახურვის გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, როგორც ყველაზე ბოლო საშუალება და მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, იმ ზონებში, სადაც არის ინტენსიური გადაცემა ვირუსის“ – განაცხადა ტედროს გებრეისუსმა. 

მისივე თქმით, ნებისმიერი სკოლა მკაცრად უნდა მიჰყვეს COVID19-ის მართვის გაიდლაინს.

„ჩვენ გვჭირდება პური“ – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო აქცია მთავრობასთან

„6 თვის განმავლობაში 300 ლარი გადმოგვიგდეს“, „დატოვონ კაბინეტები“, „არ მაინტერესებს ბიუჯეტში რა აქვთ, ჯიბეებში და ბანკებში ხომ აქვთ, ამოიღონ და მისცენ ხალხს“, – მსგავსი შინაარსის და კიდევ უფრო რადიკალური განცხადებები კეთდება ამ წუთებში აჭარის მთავრობასთან. ქალებთან შესახვედრად მთავრობის წევრები არ გამოსულან.

თურქეთში დასაქმებულმა ქალებმა, რომლებიც ყოველდღიურად კვეთდნენ საზღვარს და დღის ბოლოს სახლებში ბრუნდებოდნენ, არსებული შეზღუდვების გამო სამუშაო დაკარგეს. ამ ქალებს რეგულარული აქციების შედეგად ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია მისცეს. ახლა ისინი ითხოვენ, რომ კომპენსაცია გაიცეს ყოველთვიურად, ვიდრე საზღვრები არ გაიხსნება.

ქალებმა ამ მოთხოვნით აქცია აქამდეც გამართეს – მაშინ მთავრობის ადმინისტრაციის წევრი დაჰპირდა, რომ მათი მოთხოვნების შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას აცნობებდნენ.  დღეს კი სატელეფონო საუბარში მათ განუცხადეს, რომ ბიუჯეტში ცვლილებებს ვერ შეიტანენ.

აჭარის მთავრობასთან მობილიზებულია პოლიცია.

„ერთადერთი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ არის პირბადე“ – ამირან გამყრელიძე

„ჩვენ ყველა მოვეშვით. არ ვატარებდით პირბადეს დახურულ შენობებში, არ ვიცავდით ხშირად დისტანციას“ – განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პირბადის ტარების მნიშვნელობას.

„გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჯერჯერობით კორონავირუსული ინფექციის შემაკავებელი, საწინააღმდეგო არც ვაქცინაა და არც პირდაპირი მოქმედების წამალი. ერთადერთი იარაღი არის პირბადე.

ბევრი მონაცემებია უკვე, როცა ორს გვიკეთია პირბადე და ერთ-ერთი ინფიცირებულია, თუ როგორ 95 პროცენტით და მეტით მცირდება ვირუსის გადადების ალბათობა. ამიტომ აუცილებელია დახურულ შენობაში პირბადის ტარება. ღია სივრცეებში, სადაც ვერ ვიცავთ დისტანციას, იქაც მოგიწოდებთ, რომ აუცილებლად ვატაროთ პირბადე. და რა თქმა უნდა, დავიცვათ დისტანცია, ხშირად დავიბანოთ ხელები და ამ პერიოდში, სანამ პანდემიაა, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პირველი სექტემბრიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, ეპიდემიის აფეთქების ეპიცენტრი ახლა აჭარაა. დღეს ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

„თურქეთ-საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში“ – ინტერვიუ კონსულთან

თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში, მაქბულე ქოჩაკი ოქტობრიდან პოსტს ტოვებს. მისი მუშაობის სამწლიანი ვადა ამოიწურა და თურქეთის რესპუბლიკას ბათუმში ახალი კონსული ეყოლება. როგორ მუშაობს საკონსულო კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მისი აზრით, შეიცვალა თუ არა საქართველოში ანტითურქული რიტორიკა – „ბათუმელები“ მას ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა.

  • ქალბატონო კონსულო, 15 მარტს ჩაიკეტა საქართველო-თურქეთის საზღვარი პანდემიის გამო. რა შეიცვალა საკონსულოს მუშაობაში? პანდემიის პირობებში ძირითადად რა პრობლემების მოგვარებაში სთხოვენ დახმარებას თურქეთის საკონსულოს როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები?

ცხადია, პანდემია ჩვენს საქმიანობაზეც აისახა. თავიდანვე დაწესდა შეზღუდვები მგზავრთა მიმოსვლაზე, ტვირთის გადაზიდვა გრძელდება, მაგრამ გარკვეული შეზღუდვებით. რეგულაციების დაზუსტებამდე როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მოქალაქეები მოგვმართავდნენ შეკითხვებით 7 დღე 24 საათის განმავლობაში და ვცდილობდით ყველასთვის გაგვეცა პასუხი.

მაგალითად, თუ ტვირთის დაცლა იგეგმება საქართველოში, მძღოლმა 96 საათში უნდა დატოვოს ქვეყანა, თუ აზერბაიჯანის მიმართულებით მიდის მძღოლი – 24 საათში, რუსეთის მიმართულებით – 48 საათში. ვინც არღვევს ამ ვადებს, ეკისრება ჯარიმა, 2 000 ლარი. ზოგჯერ ამ წესის განხორციელება რთულდება, რადგან მძღოლს მანქანა უფუჭდება ან ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არსებობს მარშრუტზე გაჩერების ადგილები, მძღოლებს სხვა ადგილას გაჩერება არ შეუძლიათ. თუ მძღოლი იძულებულია ამ ადგილების გარდა სადმე სხვაგან გააჩეროს, უნდა დაურეკოს 112-ს. სანამ მძღოლებმა ეს გაიგეს და გაითვალისწინეს, ძალიან რთული პროცესი იყო. ერთი პერიოდი, როცა საერთოდ მანქანით გადაადგილება შეიზღუდა, იყო ისეთი შემთხვევები, რომ ხელოსანი ჩვენ მიგვყავდა ჩვენი მანქანით მძღოლთან. ასევე, მიგვიტანია პროდუქტები მძღოლთან, რომელსაც არ შეეძლო დაეტოვებინა ტერიტორია.

კორონავირუსს მოჰყვა შეზღუდვები და ცხადია, სახელწიფო ვალდებულია აკონტროლოს სიტუაცია. ჩვენ პერიოდულად ვუზიარებდით საქართველოში სხვადასხვა უწყებას ინფორმაციას, თუ რა პრობლემები ჰქონდა სატრანსპორტო სექტორს.

მეორე საკითხი, რისთვისაც საკონსულოს მომართავდნენ, შეეხებოდა საზღვრის კვეთას. ვინც საქართველოში საქმიანობდა, თურქეთში დარჩნენ და სურდათ ჩამოსვლა და პირიქით – საქართველოს მოქალაქეებს უნდოდათ თურქეთში ჩასვლა. ჩვენ ვფიქრობდით მეთოდებზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ საკითხის მოგვარება. ამჟამად ბიზნესს თანამშრომლობის ფარგლებში დაშვებულია თურქეთის და სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩამოსვლა საქართველოში. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც უკვე შეუძლიათ თურქეთში წასვლა, თუმცა მათ უნდა მოიპოვონ თურქეთში მუშაობის ოფიციალური უფლება.

რა თქმა უნდა, მოგვმართავდნენ სამკურნალო მიზნით თურქეთში გამგზავრების მსურველები. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც მიეცათ თურქეთში მკურნალობის შესაძლებლობა და ეს არ ეხება არა მხოლოდ გადაუდებელ პაციენტებს, არამედ საქართველოს ნებისმიერ  მოქალაქეს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება და სამკურნალოდ თურქეთში უნდა გამგზავრება.

ამ პერიოდში იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც სჭირდებოდა მოლაპარაკებები, კონსულტაციების შედეგად მოგვარება. პერიოდულად ხდება საკითხების გადახედვა, რადგან სატრანსპორტო სექტორიდან მუდმივად შემოდის ახალი მოთხოვნები, ზოგი ფიქრობს, რომ საჭიროა გაჩერებების ადგილების რიცხვის გაზრდა, ზოგი ფიქრობს, რომ ჯარიმები ძალიან მაღალია, რომ ვადის გახანგრძლივებაა საჭირო და ა.შ. ჩვენი მოვალეობაა, მივიტანოთ ეს ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებამდე და ვიმსჯელოთ ამ პრობლემების მოგვარებაზე. ვცდილობთ, მოვაგვაროთ ეს პრობლემები თანამშრომლობით.

  • საქართველოს ათასობით მოქალაქე დაზარალდა საზღვრის ჩაკეტვის შედეგად. დააზარალა თუ არა თურქეთის მოქალაქეები საზღვრის ჩაკეტვამ?

რა თქმა უნდა. დაზარალდნენ ვაჭრობის და მომსახურების სფეროში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები.

როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები მუშაობენ სავაჭრო სფეროში, მუშაობენ მიმტანებად, გამყიდველებად, მზარეულებად, საწარმოს მენეჯერებად. განსაკუთრებით დაზარალდა სასაზღვრო რეგიონი, ქემალფაშა, ხოფა… ჩაკეტვამ ყველაზე იმოქმედა, მიმოსვლის ნაწილობრივ შეზღუდვამ დააზარალა როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეები. ამან იმოქმედა როგორც ტურისტულ სფეროზე, ასევე მაღაზიებზე, ვაჭრობაზე და ა.შ.

  • „ბათუმელების“ ფოსტაზე შემოვიდა წერილი, თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე გვწერდა, რომ თურქეთში პოლიციამ მათ მიმართ განსაკუთრებით გააძლიერა კონტროლი. რაიმე შეიცვალა თურქეთში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის? ხომ არ დადგენილა ახალი წესები, რაც შესაძლოა, არ იციან საქართველოს მოქალაქეებმა?

არ ვიცი რას გულისხმობს ეს მოქალაქე. ბოლოს თურქეთში მიღებული გადაწყვეტილებით, სავალდებულო გახდა პირბადის ტარება, საქართველოს საელჩოს თურქეთში ასევე ჰქონდა ამაზე განცხადება. აიკრძალა ქორწილები, რეგიონებში შემოღებული იქნა დამატებითი რეგულაციები კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში. ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფიქსირდება შემთხვევების მატება და მოქალაქეები ზოგჯერ ზედმეტად თავისუფლად ვიქცევით, არ ვითვალისწინებთ წესებს. ყველამ რომ დაიცვას წესები, პანდემიის მართვაც იქნება უფრო იოლი, მაგრამ რომ არ ემორჩილებიან მოქალაქეები რეგულაციებს, ამისკენ არის მიმართული ეს კონტროლი.

  • ნიღბის გარეშე გადაადგილებისთვის რამდენია ჯარიმა თურქეთში?

ნიღბის გარეშე გადაადგილებისთვის ჯარიმა არის 900 ლირა, ხოლო კოვიდუსაფრთხოების დარღვევისთვის ჯარიმის მაქსიმალური ზღვარი 3150 თურქული ლირაა.

  • ივლისში სტამბულში „აია სოფიას“ მოუხსნეს მუზეუმის სტატუსი და მეჩეთად გადააკეთეს. ამ საკითხს განიხილავდნენ საქართველოშიც. თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არაერთი ძველი, ქართული ეკლესია-მონასტრის შენობაა. როგორც კონსულს, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ხომ არ განიხილება რომელიმეს მეჩეთად გადაკეთება?  

„აია სოფიათი“ დავიწყებ. ასწლეულების განმავლობაში „აია სოფია“ ემსახურებოდა მოსახლეობას როგორც მეჩეთი და ყოველთვის იყო ღია ყველასთვის. სტატუსის განსაზღვრა არის თურქეთის სუვერენული უფლება, ეს არის კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობა, რომლის დაცვაც ჩვენი მოვალეობაა და როგორც დღემდე, ასევე მომავალში ჩვენ გავუფრთხილდებით „აია სოფიას“. იგი ყველასთვის ღიაა დღესაც. როცა „აია სოფია“ მუზეუმი იყო, გარკვეული საფასურის გადახდა იყო საჭირო შესასვლელად, ახლა არაა საჭირო არანაირი საფასურის გადახდა, ყველას შეუძლია შევიდეს.

რაც შეეხება ჩვენს საერთო კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც თურქეთის ტერიტორიაზე ქართულ ძეგლებს, ასევე საქართველოში – თურქულს, რომელიმე ქართული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეჩეთად გადაკეთების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამაზე საერთოდ არ არის საუბარი. კულტურულ მემკვიდრეობას რაც შეეხება, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს პროტოკოლი და ამ პროტოკოლის ფარგლებში დელეგაციები, ორივე მხრიდან, იკრიბებიან და მსჯელობენ, რომელ ძეგლს უნდა ჩაუტარდეს რესტავრაცია და ამ ფარგლებში ძალიან კარგი, ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმდინარეობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდა არაერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. აქაც არის ძალიან საინტერესო ძეგლები, ხის მეჩეთები, ბათუმის ორთაჯამე, ეს არის ჩვენი ქვეყნების საერთო კულტურული მემკვიდრეობა და ყველას ვალდებულებაა გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ.

გნებავთ თურქეთში, გნებავთ სხვა ქვეყანაში, არ უნდა დაზიანდეს რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

  • საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. ორი კვირის წინ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი გამოფინა, რომელზეც აჭარა მონიშნული იყო წითლად და ეს იყო მინიშნება იმის შესახებ, რომ აჭარას თურქეთიდან ელის საფრთხე. მართალია, ბანერი იმავე დღეს ჩამოხსნეს და მერიამაც გააკეთა განცხადება, რომ ის იყო უკანონოდ განთავსებული, მაგრამ საინტერესოა, თქვენ როგორ აფასებთ ამ ფაქტს?

ეს იყო ღია, ყველასთვის ნათელი დეზინფორმაცია და ამას კარგი პასუხი გასცა აჭარაში საზოგადოებამ.

მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე თურქეთი ყოველთვის მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. 2008 წლის ომის შემდეგ იმდროინდელი ჩვენი პრემიერ-მინისტრი, დღეს უკვე პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოვიდა და გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან გაეროს ტრიბუნიდან ხმამაღლა გამოხატა ეს მხარდაჭერა და ეს არ არის მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერა, ეს გამოიხატება საქმიანობაში, ნებისმიერ ფორმატში ამ მხარდაჭერას  ვაფიქსირებთ.

ჩვენი მიზანია რეგიონში საქართველოს სტაბილურობა, სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ინტერესიცაა. ამ გეოგრაფიულ არეალში საქართველოსა და თურქეთს აქვთ საერთო ინტერესები, ამიტომ ჩვენ ყოველთვის პატივისცემას გამოვხატავდით ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ ერთად: ბაქო-თბილისი ერზრუმი – გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიხანი – ნავთობსადენი, ტანაპი [ტრანს-ანატოლიური მილსადენი], ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა… ეს არის ჩვენი ერების მომავლისთვის მნიშვნელოვანი პროექტები.

თურქეთი უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში და ამის ფარგლებში ძალიან კარგი თანამშრომლობაა ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ძალიან კარგად უპასუხა დეზინფორმაციას. იმედია დაინახავენ ეს წრეები, რომ ეს უკვე აღარ მუშაობს. ჩვენი მიზანია, ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის ვიმუშაოთ და ვერავინ ვერ შეუშლის ამას ხელს, იმიტომ, რომ გაგვაჩნია საერთო ინტერესები და გაგვაჩნია კავშირები, საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე მუშაობს თურქეთში, ჰყავთ თურქი მეგობრები, ოჯახის წევრებივით არიან ერთმანეთისთვის, თურქეთში ცხოვრობენ თავის დროზე საქართველოდან თურქეთში გადასახლებული ადამიანები, რომელთაც აქ ჰყავთ ნათესავები. ამ კავშირებს და საერთო ინტერესებს ხელს ვერავინ შეუშლის, ეს არ არის მარტივი. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩუმდეთ დეზინფორმაციის გავრცელებისას.

ამ ბოლო დღეს ხშირად აპელირებენ იმით, რომ ყველაზე მეტ უძრავ ქონებას თურქები ყიდულობენ ბათუმში, თუმცა ოფიციალური მონაცემები სულ სხვაა.

  • ანტითურქული განწყობები, რომლის გამოყენებასაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, შეიცვალა თუ არა, თქვენი აზრით?  

ჩემი აქ ჩამოსვლიდან დღემდე რასაც ვაკვირდები, რამდენიმე საკითხით ხდება აპელირება. კონტექსტიდან ამოგლეჯილ რამდენიმე გამოსვლას იყენებდნენ, თუმცა წელს შეიცვალა რიტორიკა, აღარ ისმის ყარსის ხელშეკრულებაზე საუბარი, ახლა უფრო ინვესტიციებზეა გადატანილი ყურადღება, რომ შენობები, უძრავი ქონება ეკუთვნით თურქებს.

ჩემი აზრით, დეზინფორმაციის უკვე ძალიან მცირე ნაწილს სჯერა საქართველოში. მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების წახალისება, ხელშეწყობა, როგორც თურქეთში, ისე საქართველოში. ეს ბუნებრივია, მით უმეტეს, ჩვენს შემთხვევაში, როცა საქართველო და თურქეთი მეზობელი ქვეყნები არიან.

  • სამი წელი იცხოვრეთ საქართველოში. რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული და ყველაზე იოლი ბათუმში და, ზოგადად, საქართველოში მუშაობისას?

ყველაზე იოლი ის იყო, რომ თურქეთთან სიახლოვის და ძალიან თბილი გარემოს, სტუმართმოყვარეობის გამო, თავს ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში. ღირსეული ადამიანები გავიცანი და ეს მეგობრობა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში. მახარებს, რომ ახლოსაა საქართველო თურქეთთან და ხშირად მომეცემა აქ ჩამოსვლის შესაძლებლობა.

რაც შეეხება სირთულეს, კოვოდთან დაკავშირებული სიტუაცია იყო ძალიან რთული, რაზეც ვისაუბრე კიდეც.

დეზინფორმაციას რაც შეეხება, თურქეთიდან რომ უყურებ საქართველოს, ეს არ ჩანს და გაკვირვებული ხარ, როცა გესმის, მაგალითად, ყარსის ხელშეკრულებაზე საუბარი. მე როგორც საერთაშორისო სამართლის მცოდნეს, გამეღიმა პირველად, მაგრამ უკვე დღის წესრიგიდან ამოღებულია ეს საკითხი.

თურქეთსა და საქართველოს შორის საზღვარი დადგენილია მილიმეტრებში, არანაირი პრობლემა არ არსებობს და ამაზე მსჯელობა თავიდან ძალიან უცნაურად მომეჩვენა.

  • სად აპირებთ სამსახურის გაგრძელებას?

ორი წელი დავრჩები ანკარაში, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები საქართველოს საპატიო კონსული. კავშირი იმ ადგილთან, სადაც მუშაობდი და ცხოვრობდი, არასდროს არ წყდება. შვებულების დროს აუცილებლად ჩამოვალ.

ამ ერთი წლის განმავლობაში თავი შევიკავოთ ქორწილებისა და დიდი თავშეყრებისგან – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის პერიოდში სჯობს მოსახლეობამ თავი შეიკავოს ისეთი დიდი თავყრილობისგან, როგორიცაა ქორწილი.

„ამ პერიოდში, სანამ პანდემიაა, თავი შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან. ღმერთმა ქნას ბევრი ქორწილი და ბევრი ბავშვი დაიბადოს საქართველოში, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში, სანამ ეს კორონავირუსული ინფექციაა, ამ დიდი თავშეყრებისგან შევიკავოთ თავი, აღვნიშნოთ ეს ჩვენი ბედნიერება შედარებით მოკრძალებულად. ეს დიდი თავშეყრები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ახლა რაც ჩვენ აგვიფეთქდა აჭარაში, ძალიან ბევრი შემთხვევა, ეს კლასტერები დაკავშირებული იყო სწორედ ამ დიდ, უკონტროლო თავშეყრებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს, 16 სექტემბერს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 სექტემბრიდან აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა: ქელეხი, ქორწილი და იუბილე.

ბათუმის შემოსასვლელში ყველგან იქნება პოსტები, თერმოსკრინინგი სავალდებულოა – გამყრელიძე

ბათუმში ყველა დაწესებულებაში, აფთიაქში, მოლში, რესტორანში, ყველგან აუცილებელია მკაცრი თერმოსკრინინგის ჩატარება. ამ ვალდებულების შესახებ დღეს ბათუმში მყოფმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, აჭარიდან გასულ ნებისმიერ ადამიანს ასევე ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.

ამირან გამყრელიძის თქმით, ბათუმის შემოსასვლელებში იქნება შესაბამისი ბლოკპოსტები, რომლებსაც აკომპლექტებენ შს სამინისტროს თანამშრომლები.

დღეს ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ტესტების პასუხების დაგვიანების შესახებაც. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეს მათი ხარვეზი იყო, რაც უკვე გამოსწორებულია. „ჩვენ დღეს გვაქვს სიმძლავრე აჭარაში, რომ ჩავატაროთ 1800 ტესტი ერთ დღეში და ვიღებდით 4, ზოგჯერ 5 ათასს. ახლა ლოჯისტიკა აეწყო და ეს ნაშთი დაახლოებით 2 ათასი ტესტი მიდის თბილისში. ქვეყანაში სიმძლავრე გვაქვს დღეში 15-18 ათასი“.

დღესვე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ „მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება სავაჭრო ადგილებში, ასევე ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებზე, ამიტომ ვისაც დაუფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას“.

170 საწოლი დაემატება, შესაძლოა საჭირო გახდეს მედპერსონალის მობილიზება- ბრიფინგი ბათუმში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში უკვე მობილიზებულია 400-მდე საწოლი კოვიდპაციენტებისათვის და 48 საათის განმავლობაში კიდევ დაემატება 170 საწოლი, რათა მოხდეს პაციენტების ნაკადების უწყვეტი მართვა – ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს, განაცხადა ბათუმში.

„განვიხილავთ პირველადი ჯანდაცვის რგოლის მეტ ჩართულობას, ქალბატონი თამარ გაბუნია [ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე] იმყოფება ჩემთან ერთად, რომელიც დარჩება აჭარაში და მისი მეთვალყურეობის ქვეშ უკეთესად გაიმართება პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომზადება იმისათვის, რომ მათ მართონ ის პაციენტები, რომელთაც აქვთ თვითიზოლაციის საშუალება“,  – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა საჭირო გახდეს მედპერსონალის მობილიზაცია:

„ჩვენ ამ კუთხით დავეხმარებით კლინიკებს, იმისათვის, რომ არ იყოს მათთან პერსონალის დეფიციტი და ესეც დღის მანძილზე გახდება თქვენთვის ცნობილი, როგორ მოხდება ამ პერსონალთან მოლაპარაკება და შემდეგ მათი მობილიზაცია იმ საავადმყოფოებში, რომლებიც იქნებიან სრულად ჩართული კივიდ ინფექციაზე“,  – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღესვე ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძიმ განაცხადა, რომ ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ეს რა ფორმით მოხდება ან სად განთავდება აღნიშნული პუნქტები.

ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში თერმოსკრინინგის პუნქტები მოეწყობა.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო პროაქტიულად მოვახდინოთ თერმოსკრინინგი მთლიანად ქალაქში, შესაბამისად მოეწყობა თერმოსკრინინგის პუნქტები, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, თუმცა ეს არ ნიშნავს არანაირ დამატებით საკარანტინო ღონისძიებების შემოღებას ქალაქში, ანუ ბათუმი და აჭარა არ იკეტება და არ განიხილება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ღონისძიებების ან თუნდაც საკარანტინო ზომების მიღება“ – განაცხადა დღეს, 16 სექტემბერს, თორნიკე რიჟვაძემ.

მან ბათუმელებს მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისა და მინიმალური მობილობისკენ. „რამდენიმე დღეში ჩვენ ველოდებით, რომ ეს დინამიკა გამოსწორდება“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

პირველი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. დღეს ბათუმში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი არ იგეგმება – მთავრობა

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და სრული კარანტინი ქვეყნის მასშტაბით არ იგეგმება, მათ შორის, სრული კარანტინი არც ბათუმში იგეგმება. ამიტომ, ამ მხრივ რაიმე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს, 16 სექტემბერს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მეზვრიშვილის თქმით, არსებული შეზღუდვების კონტროლი გამკაცრებულია, მათ შორის, ბათუმშიც. „თუმცა შეზღუდვები მიმდინარეობს ლოკალურად, იქ, სადაც ამის საჭიროება არსებობს.

პრემიერის დავალებით, ამ ეტაპზე ბათუმში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ადგილზე მიდის მუშაობა. იყო გარკვეული ინფორმაცია მოსახლეობისგან ცალკეულ ხარვეზებთან დაკავშირებით და მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ მის აღმოსაფხვრელად.

გაძლიერებულია თერმოსკრინინგი, განსაკუთრებით ბათუმში. მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება სავაჭრო ადგილებში, ასევე ბათუმში შემსვლელებსა და გამომსვლელებზე, ამიტომ ვისაც დაუფიქსირდება მაღალი ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას,“-ამბობს მეზვრიშვილი.

დღევანდელი მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

რამდენი ბავშვია სკოლის გარეშე დარჩენილი – მთავრობა კვლევას მხოლოდ ახლა იწყებს

საქართველოს მთავრობამ სკოლის მიღმა  დარჩენილი ბავშვების ბაზების შესაქმნელად დადგენილება მიიღო, რომელიც ოთხმა სახელმწიფო უწყებამ უნდა განახორციელოს. ეს უწყებებია: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტო და მანდატურის სამსახური.

დადგენილების მიხედვით, აღნიშნულმა უწყებებმა უნდა შეაგროვონ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების პირადი მონაცემები, შემდეგ ინფორმაცია უნდა დამუშავდეს სტატისტიკურად და განისაზღვროს ბავშვების საჭიროებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბავშვები სახელმწიფომ უნდა ჩართოს ფორმალურ განათლებაში.

დადგენილება ითვალისწინებს, რომ საჭიროების შემთხვევაში  განათლების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ბავშვების ჩართვა დამხმარე სპეციალურ სერვისებში.

დადგენილების მიხედვით, ამ პროექტის განხორციელებისთვის დამატებითი თანხები არ გამოიყოფა ბიუჯეტიდან და ის პროექტში ჩართული სახელწიფო უწყებების ადმინისტრაციული რესურსებით უნდა გაკეთდეს.

გასულ წელს გამოქვეყნდა მონაცემები სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების რაოდენობის შესახებ, რომელიც 2016 წლის კვლევის შედეგებია. ბავშვთა შრომის ეროვნულ კვლევაში, რომელიც  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ ბულგარეთის მთავრობის გრანტის და საქართველოში გაეროს ბავშვთა  ფონდის ხელშეწყობით ჩაატარა, ნათქვამია, რომ კვლევის პერიოდში საქართველოში სკოლის გარეშე 5-დან 17 წლამდე ასაკის თითქმის 11 200 ბავშვი იმყოფებოდა.

სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა ეს მონაცემები თუ შემცირდა.

კვლევის ფარგლებში უნდა შეგროვდეს 6-16 წლის ჩათვლით მოსწავლის სტატუსის მქონე ბავშვების, ასევე იმ ბავშვების პირადი მონაცემები, რომლებიც პირველკლასელთა რეგისტრაციის არც ერთ ეტაპზე არ იყვნენ რეგისტრირებულნი და არ აქვთ მოსწავლის სტატუსი; ასევე, მონაცემები იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა არიან, გადაკვეთილი აქვთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ იმყოფებიან საქართველოში.

პირადი მონაცემები და გადაეგზავნოს პროექტში მონაწილე შესაბამის უწყებებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით პროგრამის მონიტორინგს და ყოველწლიურ ანგარიშგებას განათლების სამინისტრო განახორციელებს.

____________________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

30-მდე ადგილი ბათუმში, სადაც მოქალაქეები სკვერის მოწყობას ითხოვენ – რას უპასუხებს მერია

არაფერი იცავს მწვანე სივრცეს ბეტონის კედლად გადაქცევისგან, მით უმეტეს მაშინ, როცა მას სკვერის ან პარკის სტატუსი არ აქვს. ხოლო თუ ეს მწვანე სივრცე ზღვასთან ახლოსაა, ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მწვანე ფერი, რომელსაც შენი ფანჯრიდან ხედავ, განაცრისფრდება, ფერადი საბავშვო ატრაქციონის ნაცვლად კი შენი ფანჯრის წინ დიდი კედელი ამოვა, რომელიც არამხოლოდ სივრცეს გიკეტავს, გართმევს გამწვანებულ დასვენების ადგილს, საზოგადოებრივ სივრცესაც.

ამას ემატება მთელი რიგი პრობლემები შენს ახალ საცხოვრებელ გარემოში – ბავშვები კარგავენ გასართობ ტერიტორიას, ვიწროვდება ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილი. შენს ბინაში კი იკლებს მზის სხივის შემოღწევის შესაძლებლობა და ასე მატულობს პრობლემების უსასრულო ჩამონათვალი.

სპეციალისტები ბოლო წლებში სულ უფრო მეტს საუბრობენ ბათუმში ჰაერის გადანაწილების პრობლემაზე, რაც, მათივე თქმით, ზღვიდან მომავალი ნაკადების დიდი შენობებით დაბლოკვამ გამოიწვია.

ამ ვითარებაში ეზოებს, სადაც პატარ-პატარა და ზოგ შემთხვევაში მოზრდილი გამწვანებული ადგილები ისევ შემორჩა, მოქალაქეები განსაკუთრებული ინტერესით აკვირდებიან ყველა უცხო პირს, რომელიც მათ მწვანე ეზოს ობიექტივზე აფიქსირებს.

„ვინ ხარ? რისთვის მოხვედი? რატომ იღებ?“ – აქ მცხოვრებლებს ეშინიათ, რომ არ დაკარგონ ის მწვანე სივრცეები, რაც ქალაქში სამშენებლო ბუმის ფონზე შემორჩათ. ასეთი პრაქტიკა ქალაქს აქვს.

     როცა ქალაქს სუნთქვა უჭირს – ბეტონის ქვეშ დამარხული სკვერები ბათუმში

აზა გაბუნია ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პროექტის ფარგლებში – „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“ –  გამწვანებული ტერიტორიები ფეხით შემოიარა, აღრიცხა და იქვე მცხოვრები მოქალაქეების სურვილებიც მოინიშნა. პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

„ამ ადგილების უმეტესობას მოვლა სჭირდება – ზოგან დანაგვიანებულია, არ არის განათება, ბალახის საფარი გასაკრეჭია. მწვანე სივრცეები ვნახეთ ისეთ საზოგადოებრივ დაწესებულებებთან, როგორიცაა სკოლები და ბაღები, მჭიდროდ დასახლებული ეზოები, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადგილებს სტატუსი მიენიჭოს და იყოს დაცული“, – ამბობს აზა.

პროექტი ქალაქში ისეთი გამწვანებული ტერიტორიების შესწავლას ისახავდა მიზნად, რომლებსაც სტატუსი არ იცავს და, შესაბამისად, მათ მოვლაზე მერია არ ზრუნავს. პროექტის ფარგლებში მოხალისეებმა შექმნეს მონიტორინგის ჯგუფი და ბათუმში ასეთი 30-მდე გამწვანებული ნაკვეთი მონიშნეს, რომელთაც, მათი აზრით, სკვერის სტატუსი უნდა მიენიჭოს. მათ ასევე მოამზადეს რუკა, რომელზეც ეს ტერიტორიები გაამწვანეს.

ჯგუფის წევრების მონათხრობით, ასეთ ადგილებში – განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოსაა ან სამეზობლო ეზოებია, ნახავთ სხვადასხვა ხეხილს, ფანჩატურებს, სკამებს, თუმცა, იმის გამო, რომ ახლოს სანაგვე ურნები არ დგას, მათგან ბევრი დანაგვიანებულია. ამის გარდა, მათი უმეტესობა არ არის კარგად განათებული და ადაპტირებული შშმ პირებისთვის. თუმცა ამ ყველაფერს გარკვეული პლუსებიც აქვს – ასეთი სკვერები სტატუსმინიჭებული სკვერებისგან ბუნებრივი საფარით და ხელშეუხებელი სიმწვანით, არათუ დეკორატიული ბუჩქებით, არამედ მრავალწლოვანი ხეებითა და ბუნებრივი სიმწვანით გამოირჩევა. ეს ადგილები პატარა ხელშეუხებელ ნაკრძალებს ჰგავს.

შეიძლება ბევრმა არც იცოდეს ბათუმში ასეთი „მწვანე კუნძულის“ არსებობის შესახებ. ამ ადგილს სკვერის სტატუსი არ აქვს, არც სკამებია განთავსებული, თუმცა ახლოს მცხოვრები ახალგაზრდები ზაფხულობით ამ ადგილს დასასვენებლად ხშირად ესტუმრობენ. ეს ადგილი ერთ-ერთია მათ შორის, რომლისთვისაც „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი“ სკვერის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. ადგილი აეროპორტის დასახლებაშია.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა ისიც, რომ სკვერები, რომლებიც უკვე მოწყობილია და პირობითად აქვს მინიჭებული სახელები, არც ერთი ბრძანებით არ დასტურდება, რომ მათ აქვთ სკვერის სტატუსი.

მონიტორინგის დასრულების შემდეგ ორგანიზაციის სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტზე, რომლითაც მიმართავენ მერიას ამ ადგილებისთვის სკვერის სტატუსის მინიჭების პროცედურის დაწყების მოთხოვნით.

ორგანიზაციამ ერთ-ერთ დიდ გამწვანებულ ზონად შეარჩია ჭოროხის დელტაც, რომელიც გონიოს პოლიგონით გრძელდება, პროექტის მონაწილეები აპირებენ ამ ადგილისთვის ტყეპარკის სტატუსის მინიჭება მოითხოვონ.

კანონმდებლობით ტყე-პარკის სტატუსი შესაძლებელია მიენიჭოს ბუნებრივი ლანდშაფტით და მცენარეების ხშირი საფარით დაფარულ ტერიტორიას, მონიშნული ბილიკებით და პიკნიკებისთვის გამოყოფილი ადგილებით. ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, რომელიც ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ჭოროხის დელტაშია და 314 ჰექტარს მოიცავს, ფაქტობრივად, ხელშეუხებელია. 2017 წელს იყო საუბარი აქ ტყე-პარკის მოწყობაზეც, თუმცა დღემდე გაურკვეველია მისი ბედი.

პროექტის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეთა აქტიურობით შესაძლებელია ეს ტერიტორია ქალაქის უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ სივრცედ გადაიქცეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმს ამ დრომდე ტყე-პარკი არ აქვს.

პროექტი მოსახლეობასთან შეხვედრებს, მათ ჩართულობასაც ითვალისწინებდა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს, მახინჯაურში მცხოვრები მიშა ჩურკვეიძე მონიტორინგის მონაწილეებს მოუყვა, რომ მის უბანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ გამოწვევებთან ერთად აქტუალურია მახინჯაურის პარკის მოვლა-პატრონობის საკითხი. მიშამ გაგვაცნო, თუ რა მდგომარეობაშია აღნიშნული სივრცე და ასევე გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება, თუ როგორ შეიძლება პარკის მდგომარეობის გაუმჯობესება.

„პარკში პირველი პრობლემა ის არის, რომ წყალი დგება წვიმის დროს, სანიაღვრეებია გასაკეთებელი. მეორე ისაა, რომ ბავშვთა მოედანს სჭირდება ისეთი საფარი, რომელიც წყალს ატარებს. ზოგი საქანელა ისეთ მდგომარეობაშია… ჟანგი ჭამს, არამგონია ნახევარი წელიც რომ გაძლოს. პარკის უკან არის ერთადერთი სტადიონი მახინჯაურში, რომელსაც შესასვლელი აქვს სხვა მხრიდან – გაცილებით უკეთესი იქნება, თუ პარკიდან გააკეთებენ შესასვლელს“, – ამბობს მიშა ჩურკვეიძე.

მიშას მერიისთვის კიდევ ერთი საინტერესო რჩევა აქვს:

„პარკის გამწვანება აუცილებელია, ოღონდ ნაძვებით და არა პალმებით. ნესტიან ტერიტორიაზე პალმებს მაინც ვერ გაახარებენ სათანადოდ. რაც შეეხება სკამებს, ისეთი სკამები უნდა დაიდგას, რომელსაც ვერ გადადგამენ ვერსად. ქვაფენილიც შესაცვლელია, განათებაც ისეთია საჭირო, რომელსაც ვერ მოარყევენ”.

მახინჯაურის პარკი
მონიტორინგის პროცესი

„ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია… ბათუმს უნდა გააჩნდეს მეტი გამწვანების სივრცე“ – ეს არის ქალაქში „ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების ერთ-ერთი მთავარი მესიჯი საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების წინ.

რამდენად რეალურია მმართველი პარტიის დანაპირები ბათუმში ახალი პარკებისა და სკვერების შექმნაზე, სახელისუფლებო გუნდში მართლა გაიაზრეს საზოგადოების ეს დაკვეთა, თუ მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა, არჩევნებამდე გამოჩნდება, რადგან პროექტის ავტორები აპირებენ ეს დოკუმენტები საკრებულოს ოფიციალურად არჩევნებამდე წარუდგინონ და მოსთხოვონ მხარი დაუჭირონ ბათუმში სკვერებისა და პარკების მოწყობას.

___

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა, ზომები გამკაცრდა – კორონავირუსი საბერძნეთში

საბერძნეთის მთავრობა კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ზომებს ამკაცრებს. გუშინ, 15 სექტემბერს, საბერძნეთში კორონავირუსის 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი რეგულაციები ამოქმედდა ატიკის რეგიონში, რომელშიც შედის ქვეყნის დედაქალაქი, ათენი. ახალი შეზღუდვების თანახმად, იკრძალება პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ და ღია სივრცეებში, საჯარო თავშეყრის ადგილას, მაღაზიებში, ოფისებში და ა.შ.

ბერძნული მედიის ცნობით, 14 დღით იხურება გასართობი დაწესებულებები, სადაც მუსიკის ცოცხლად მოსმენა იყო შესაძლებელი.

საბერძნეთის მთავრობა 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას ურჩევს ნიღაბი ატარონ ყველგან.

არ დახურულა რესტორნები, კინოდარბაზები და თეატრები, თუმცა რეგულაციების თანახმად, თეატრსა და კინოში დარბაზის მხოლოდ 60 პროცენტი უნდა იყოს დაკავებული, მაყურებელს უნდა ეკეთოს ნიღაბი, ხოლო რესტორნებში ერთ მაგიდასთან არ დაიშვება 6-ზე მეტი ადამიანი.

ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი დასაშვებია მხოლოდ 50-პროცენტიანი დატვირთვით, ამასთანავე, მაყურებლები უნდა ისხდნენ. კონცერტებზე იკრძალება ალკოჰოლი და თამბაქო.

ღია ცის ქვეშ ბაზრობების მუშაობა დასაშვებია, ასევე მხოლოდ 50-პროცენტიანი დატვირთვით, სამმეტრიანი დისტანციის დაცვით.

ახალი რეგულაციები ძალაში 30 სექტემბრამდე დარჩება.

საბერძნეთში იანვრიდან დღემდე კორონავირუსის 13 730 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 313 ადამიანი.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად საბერძნეთის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 14 სექტემბერს დაიწყო.

__________________

ფოტოზე: მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის ნიღბის ტარების წესს. 14 სექტემბერი, ათენის ერთ-ერთი სკოლა. ფოტო: ევროპოს პრესფოტო სააგენტო. EPA/ Thanassis Stavrakis

ქედასა და შუახევს 6-კილომეტრიანი ველობილიკი დააკავშირებს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მთიან აჭარაში პროფესიონალი და მოყვარული ველოსიპედისტებისთვის ახალი ველობილიკი მოეწყობა.

6-კილომეტრიანი ველომარშრუტი შუახევსა და ქედას ერთმანეთთან დააკავშირებს. დეპარტამენტის ცნობით, მარტივ საველოსიპედო ბილიკთან  ერთად  ე.წ. Down Hill–ის,  ექსტრემალური დაშვების ბილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

„სათავგადასავლო და სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით მსგავსი ტიპის ექსტრემალური საველოსიპედო ინფრასტრუქტურა რეგიონში პირველად იქმნება. პროექტის განხორციელებას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ორგანიზაცია CENN-თან ერთად, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალ ველომარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეები, ველო და ავტოპარკინგი, წყლის პუნქტები, საპირფარეშოები, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ველობილიკისადმი ადაპტირებული ინვენტარის ინსტალაცია იგეგმება.

ველობილიკი ძირითადად ტყის ტერიტორიაზე გაივლის. ბილიკზევე მდებარეობს ისტორიული ძეგლი, კავიანის ციხე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, მარშრუტი  ასევე  შეიძენს ეკოსაგანმანათლებლო და სამეცნიერო დატვირთვას. შესაძლებელია მარშრუტის მიმდებარე ტერიტორიებზე განხორციელდეს სამეცნიერო-ტურისტული ექსპედიციები და ლაშქრობები.

___________

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Exit mobile version