მთავარი,სიახლეები

81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

03.12.2020 • 5557
81 წლის ქალის ამბავი, რომელიც სასწრაფოს 9 დღე ელოდა და კოვიდი მაინც დაამარცხა

„დავამარცხე კოვიდი, ღმერთმა გაახაროს ყველა ექიმი, წამალი გინდა, საჭმელი გინდა, ყურადღება არ დამკლებია, თუ გადავრჩებოდი არ მეგონა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 81 წლის ნათელა ფაღავა. მან კორონავირუსი დაამარცხა და ახლა უკვე სახლშია. ნათელა ფაღავა კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობდა. მას პნევმონია ჰქონდა.

„ახლა რამე აღარ მაწუხებს, ისე სუნთქვა მიჭირდა ძალიან… ჩემს ერთად კიდევ 85 წლის ქალი იყო თბილისიდან, ისიც გამოჯანმრთელდა. ორ დღეში ისიც გაიწერება, მე დღეს გამომწერეს,“ – გვითხრა ნათელა ფაღავამ. ის ხელვაჩაურში, სოფელ ყოროლისთავში ცხოვრობს.

ნათელა ფაღავას შვილი – მარინა ფაღავა გვიყვება, რომ პრობლემა გახდა მოხუცის კლინიკაში გადაყვანა და მისთვის ტესტის დროულად ჩატარებაც.

„40 სიცხე ჰქონდა, ვერ ვუგდებდი, სუნთქვა უჭირდა, სასწრაფოს ვურეკავდი დღეში სამჯერ და ვერ მოვიყვანე. სიმპტომებით მივხვდი, რომ კორონავირუსი ჰქონდა. სასწრაფოს ერთხელ ღამის 4 საათზეც დავურეკე და მითხრა, რაც გაქვთ, ის დაალევინეთო, ვეჩხუბე იმ ოპერატორს… მეორე დღეს ჩემთან უბნის პოლიცია მოვიდა, ასე და ასე ოპერატორი გიჩივით, თურმე ემუქრებითო… მერე ჩავრიე ჯანდაცვა, ჯანდაცვის მინისტრს – ნინო ნიჟარაძეს მივწერე ფეისბუქში და მომაქცია ყურადღება. 20 წუთის მერე ჩემთანაც მოვიდა სასწრაფო, 9 დღე გავიდა ამ ლოდინში…“ – გვითხრა მარინა ფაღავამ.

81 წლის ქალის შვილის, მარინა ფაღავას თქმით, რამდენადაც გაუჭირდა დედის კლინიკაში შეყვანა, იმდენად კმაყოფილია კლინიკაში დედის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით. რაც შეეხება პოლიციასთან მის ურთიერთობას, იმ დღის გაფრთხილების შემდეგ პოლიცია მასთან აღარ გამოჩენილა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: