მთავარი,სიახლეები

რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა ლევან ვარშალომიძეს

20.11.2020 • 1472
რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა ლევან ვარშალომიძეს

დღეს, 20 ნოემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის წინ ერთგვარად გააფრთხილა აჭარაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხვალ, არჩევნების მეორე ტურზე, ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას გეგმავს.

„ვიწრო არ დარჩეს ეს დერეფანი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„რაც შეეხება განცხადებას ნაცმოძრაობის მხრიდან, რომ სირცხვილის დერეფნები შეეხებოდა მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირებს, დეპუტატებს, ყველას კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო.

ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ, ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში, იქნება პრევენციულ ღონისძიებას დაქვემდებარებული,“ – თქვა მან.

ამავე თემაზე – შსს: სირცხვილის დერეფნები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს

რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ლევან ვარშალომიძეს:

„ყველას გავახსენებ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერები მათი ჩვეული ხელწერით, აგრძელებენ ქალებს, ბავშვებს ამოფარებული, პოლიტიკურ დესტრუქციას.

ძალიან მალეა ის დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა იქნება ერთ-ერთ ობლასტში სააკაშვილის მხრიდან განათხოვრებული, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში“. 

ლევან ვარშალომიძე მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა. საარჩევნო კამპანიის პროცესში ჩართვამდე ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისს ხელმძღვანელობდა.

მთავრობის სხდომა აჭარის მთავრობის სახლში ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, რიჟვაძის პირდაპირ ჩართვაში ისმოდა შეძახილების ხმაც აქციიდან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ოპოზიციის გადაწყვეტილებისა, არ შევიდეს საქართველოს პარლამენტში და აჭარის უმაღლეს საბჭოში, ეს აჭარაში არც უმაღლეს საბჭოს და არც მთავრობას ხელს არ შეუშლის.

რიჟვაძემ აღნიშნა, რომ „ღრმად სულერთია“, შევა თუ არა უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ბარიერი გადალახა.

„ამომრჩევლისთვის ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თითოეული ხმა, მათ მიერ დაფიქსირებული ნება იქნას შესაბამისად რეალიზებული.

ჩვენ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაბამისი პოლიტიკური სუბიექტი, ნაციონალური მოძრაობა მაქვს მხედველობაში და ღრმად სულერთია მათი გადაწყვეტილება უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი მანდატები, რომ როგორც უმაღლესი საბჭოს, ისე აჭარის მთავრობის ფუნქციონირებას არანაირი პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები არ შეექმნას“, – განაცხადა რიჟვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: