მთავარი,სიახლეები

გლეხის პროდუქტი გაიაფდა, სხვა ყველაფერი გაძვირდა | ფასები ბათუმის ბაზრიდან

02.12.2020 • 2090
გლეხის პროდუქტი გაიაფდა, სხვა ყველაფერი გაძვირდა | ფასები ბათუმის ბაზრიდან

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხშირად მოისმენთ უკმაყოფილო მოქალაქეების საუბრებს საკვებ პროდუქტებზე მომატებული ფასის გამო. კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში მართლაც მოიმატა მთელი რიგი პროდუქტების ფასმა.

საკვები პროდუქტების ფასების გასაგებად ბათუმის აგრარულ ბაზარს ვეწვიეთ, მიიჩნევა, რომ  აქ პროდუქტი ყველაზე იაფია.

ბაზარში გვითხრეს, რომ მხოლოდ გლეხების მიერ ჩამოტანილი პროდუქტი გაიაფდა პანდემიისას. საბითუმო მაღაზიების მოვაჭრეებისა და მფლობელების თქმით კი, გაძვირებულია ის პროდუქტებიც, რომელთა სტაბილური ფასიც, წესით, სახელმწიფოს უნდა დაეზღვია.

პურის გამყიდველი ამბობს, რომ პური ბოლო 20 დღის განმავლობაში 5 თეთრით გაძვირდა.

  • თეთრი, დაჭრილი პური – 0,80 ლარი ღირს;
  • რუხი, დაჭრილი პური 0,75 ლარი;
  • აგურის პური კი – 0,75 ლარი ღირს.

„არ ვიცი, სახელმწიფო სუბსიდია რას ეხება. ფაქტია, რომ დისტრიბუტორებს 5 თეთრით გაძვირებული პური მოაქვთ. ფქვილიც გაძვირებულია და ჩვენც მომატებული ფასის დადება გვიწევს“, – ამბობს გამყიდველი.

ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი – ეს არის ის 9 პროდუქტი, რომელთა სტაბილური ფასიც სახელმწიფოს უნდა ეკონტროლებინა, მაგრამ ბათუმის აგრარულ ბაზარში ამ პროდუქტებზეც მომატებულია ფასი:

  • ბრინჯი – 1, 92 ლ.
  • ლობიო – 5, 7 ლ.
  • წიწიბურა – 3, 30 ლ.
  • შაქარი – 1,80 ლ.
  • ლიტრი ზეთი – 5 ლ. [ყველაზე იაფი] ღირს.

სხვა პროდუქტების ფასები 2 დეკემბრის მონაცემებით აგრარულ ბაზარში ასეთია:

  • იმერული ყველი – 10, 11, 12 ლ.
  • წითელი ოსპი – 3,50 ლ.
  • აჭარული დაწნული ყველი – 13 ლ.
  • მეგრული სულგუნი – 14, 15, 16 ლ.
  • იმერული ნადუღი – 6 ლ.
  • სახაჭაპურე ყველი – 10 ლ.
  • აჭარული, მარილიანი მთის ნადუღი 3, 4 ლ.
  • კარტოფილი – 1,20 ლ.
  • ხახვი -1, 80 ლ.
  • სტაფილო – 1,50 ლ.
  • კილოგრამი მწვანილი – 4 ლ.
  • კომბოსტო – 0, 70 ლ.
  • ჭარხალი – 1,50 ლ.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები მომატებულია რძის პროდუქტებზე, რაც გამოწვეულია არამხოლოდ პანდემიით, არამედ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი პირუტყვის ნაკლებპროდუქტიულობით.

„რძის პროდუქტები ამ დროს არ არის ბევრი და ფასიც იმატებს. ამას ემატება ისიც, რომ გლეხს პანდემიაში გაუძვირდა ყველაფერი“, – ამბობს რძის პროდუქტებით მოვაჭრე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით საქართველოში:

  • ზეთი და ცხიმი გაძვირდა 17.3 პროცენტით
  • ყავა, ჩაი და კაკაო გაძვირდა 13.6 პროცენტით
  • თევზეული გაძვირდა 10.3 პროცენტით
  • პური და პურპროდუქტები გაძვირდა 7.8 პროცენტით
  • რძე, ყველი და კვერცხი გაძვირდა 6.0 პროცენტით
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული გაძვირდა 4.5 პროცენტით
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები გაძვირდა 3.5 პროცენტით
  • ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა 2.2 პროცენტით


ამავე თემაზე:

საქსტატი: პური 7.8%-ით გაძვირდა, ზეთი -17.3%-ით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: