რას ითხოვენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები – აჭარის მთავრობასთან აქცია დაიწყო

დღეს, 7 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის წინ განახლდა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია:

  • საბანკო ვალდებულებების გადავადება, სესხების გაყინვა 
  • სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა აჭარაში
  • უმუშევრობის კომპენსაციის გაზრდა და გახანგრძლივება
  • რესტორნებზე დაწესებული რეგულაციის მოხსნა 
  • ქირით მცხოვრები ადამიანების დახმარება 
  • სასწავლო პროცესის აღდგენა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში 
  • საზღვრების გახსნა

აჭარის მთავრობის წინ აქცია გუშინ, 6 ოქტომბერსაც გაიმართა. აქციის მონაწილეები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად უმუშევარი დარჩნენ. მათ შორის არიან კაზინოების თანამშრომლები, მიკროავტობუსების მძღოლები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ რესტორნებში დაწესებული შეზღუდვის გამო და ა.შ.

აქციის მონაწილეები გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მთავრობის თავმჯდომარე მათ არ შეხვდა. აჭარის მთავრობამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა შეერჩიათ სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე აქტივისტი მთავრობასთან შესახვედრად, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათივე თქმით, კერძო, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდება.

გუშინ აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის რამდენიმე მონაწილე დარჩა და შიმშილობა დაიწყო. მათ დღეს გვითხრეს, რომ თორნიკე რიჟვაძე მოშიმშილეებთან გამოვიდა და ისინი ყავაზე მიიწვია, თუმცა მათ უარი თქვეს.

„ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ იმ ხალხის წინაშე, ვინც ჩვენ უკან დგას, ამიტომ არ შევხვდით ცალკე,“ – ამბობს აქციის მონაწილე ქეთი თუთბერიძე.

აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, ნათია ლუაშვილმა, რომელიც კაზინოს ყოფილი თანამშრომელია, გვითხრა, რომ ისინი თორნიკე რიჟვაძისგან შუამდგომლობას ელიან:

„ამ ადამიანმა უნდა შეასრულოს თავისი საქმე, ის ვალდებულია იყოს შუამავალი ჩვენსა და ზემდგომ ხელისუფლებას შორის, გაიხსენოს ბატონმა თორნიკემ რისთვის ზის კაბინეტში“, – ამბობს ნათია.

აქციაზე არიან მუსიკოსები, რომლებიც მას შემდეგ, რაც საქართველოში აიკრძალა ქორწილები და, ასევე, აჭარაში საღამოს 10 საათის შემდეგ იკეტება რესტორნები, შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„რეგულაციების გამო დავკარგეთ სამუშაო ადგილები, 8-ზე ვიწყებდით მუშაობას და 10 იკეტება ყველაფერი. უმუშევარი დავრჩით, ბანკის ვალები გადასახადი გვაქვს, კომუნალური გადასახადები… დაგვაბრუნონ ჩვეულ რიტმში, მუშაობის საშუალება გვინდა, დარბაზები გვინდა გაიხსნას, რესტორნები. აი, დემონსტრაციულად ვიხსნი პირბადეს, რადგან სულერთია რა მომკლავს, პანდემია თუ შიმშილი, დასაკარგი არაფერი მაქვს,“ – ამბობს ნანა კუხალაშვილი, მომღერალი.

„275 ლარს ვიხდი ბანკში, 200 ლარით როგორ უნდა ვიცხოვრო? მინდა მუშაობის საშუალება და მე მივხედავ ჩემს თავს, არავის არაფერს მოვთხოვ,“ – ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე, მუსიკოსი გელა აბაშიძე, რომელიც აქამდე რესტორანში მუშაობდა.

ბათუმში კორონავირუსით 51 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid19 მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი“.

დღეს ბათუმში უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ამავე თემაზე: 

ბათუმში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ტელევიზია დააჯარიმეს თანამშრომლების ჩხუბის კადრების გასაჯაროებისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. დასაქმებულების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა. სწორედ EMC ავრცელებს ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილების შესახებ.

საუბარია პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტის, ფიზიკური დაპირისპირების, ამსახველ კადრებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

აღნიშნული ინციდენტი მასში მონაწილე თანამშრომლების აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მაუწყებლის თანამშრომლების შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების საკითხი და დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის ბადეში, გადაცემა „მთავარში“ კანონის დარღვევით გავრცელდა თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება.

EMC: “სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა მაუწყებლის მიერ განმცხადებლების მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ მაუწყებელმა განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებით – მისი გავრცელებით, დაარღვია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პრინციპების დაცვის ვალდებულება. ინსპექტორმა მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 44-ე მუხლის დარღვევისათვის. როგორც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორთან დაფიქსირებულ პოზიციაში აჭარის მაუწყებელმა უარყო „მთავარის“ ჟურნალისტებისათვის ვიდეომასალის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა გზით მოიპოვეს ჟურნალისტებმა ვიდეომასალა”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდეომასალის გასაჯაროების გარეშეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 3 თანამშრომლის გათავისუფლებას მაუწყებლის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგად გათავისუფლებული პირები სამსახურში აღადგინეს.

__________________

მთავარ ფოტოზე:  აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების საპროტესტო აქცია, ინციდენტის შედეგად გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით. 31 ივლისი, 2020.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

ბათუმში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის 21 საათიდან 8 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 6 – 11 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 9-10 ოქტომბერს, მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფები სოფლად თემებს აძლიერებენ

საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) მართვისა და განვითარების დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში კი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და თანამონაწილეობას ითვალისწინებს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფები აერთიანებენ ადგილობრივ კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ისინი მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავენ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს შეიმუშავებენ. შემდგომ ეტაპზე კი ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდასაჭერად გრანტებს გასცემენ. ჩვენ რამდენიმე LAG-ის შესახებ მოგიყვებით და მათ მიერ განხორციელებულ საქმიანობას გაგაცნობთ.

თეთრიწყაროს LAG

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი თეთრიწყაროში არსებობის სამ წელს ითვლის. ამ დროში LAG-მა შეძლო მოსახლეობის მხრიდან წამოსული ნიჰილიზმი გაექრო და ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთო როგორც სამოქალაქო, ისე საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. არსებული პრობლემების გამოაშკარავებითა და მათი გადაჭრით, მთლიანად შეიცვალა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცხოვრებისადმი დამოკიდებულება – ისინი მიხვდნენ, რომ შესაძლებელია საკუთარი სურვილები თუ ოცნებები მშობლიურ მხარეში რეალობად აქციონ.

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობა თანმიმდევრულია – ყველაფერი იწყება პრობლემის დასმით და მიზნად ისახავს მის გადაჭრას სამივე სექტორის წარმომადგენელთა მიერ. როგორც ამბობენ, ხელშეწყობას ტურიზმის, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორი მოითხოვდა – აქ არ არსებობდა ტურისტისთვის მიმზიდველი ლოკაციები, ხოლო ფერმერებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა შეესყიდათ საჭირო აგრო-ტექნიკა, რაც პირდაპირ კავშირშია მოსავლიანობასთან. ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით, LAG-მა თეთრიწყაროში ახალი შესაძლებლობები გააჩინა, მოსახლეობას საშუალება მიეცა რეალურად გადაეჭრათ პრობლემები. გასულ წელს მუნიციპალიტეტში 500 ჰა-ზე მეტი მიწის ნაკვეთი დამუშავდა, ასევე ინვესტიცია ჩაიდო საოჯახო სასტუმროების კეთილმოწყობასა და მშენებლობაში. გარდა ამისა, თეთრიწყაროს LAG-ი აქტიურად ჩაერთო ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე გამართულ აქტივობებში, რამაც ხელი შეუწყო მუნიციპალიტეტის ცნობადობის ზრდას.

როგორც ნინო ტიკურიშვილი, თეთრისწაროს LAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, მათი ფუნქციონირება ევროპულ LEADER მიდგომას ეფუძნება, რაც განვითარების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას გულისხმობს: „გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივებმა უკეთ იციან თემის საჭიროებები, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას მოსახლეობა ახდენს და თავადვე განსაზღვრავს ამ პრობლემების მოგავრების გზებს. ხაზი უნდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ LAG-ი წარმოადგენს მულტისექტორულ პლათფორმას, სადაც გაერთიანებულია სამოქალაქო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მისი განსაკუთრებულობა და ეფექტუტობაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ყველა სექტორის წარმოამდგენელი ერთი მაგიდის გარშემო იკრიბება და საერთო მიზნისთვის საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს უზიარებს გუნდს.“

თეთრიწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა უკვე 80-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა, რითაც მთლიანად შეცვალა რეგიონის ეკონომიკური და სოციალური გარემო: „რთულია გამოყო კონკრეტული პროექტი, თუმცა საბავშვო ბაღების ხელშეწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია იყო. საგრანტო პროგრამის I ფაზაში დაფინანსდა საბავშვო ბაღების პროექტი, რომლის ფარგლებშიც 9 საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მოეწყო სათამაშო მოედნები ევრო სტანდარტების დაცვით. III ფაზის ფარგლებში კი მოხდება მათი შიდა ინვენტარისა და ავეჯის განახლება, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს საჯარო ბაღების პირობებს მთელი რეგიონის მასშტაბით“ – ამბობს ნინო

ქედის LAG

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბებისა და ევროპული მოდელის LEADER მიდგომის შედეგად, მოხდა რეგიონში ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ადგილობრივი ბიზნესების ხელშეწყობა, შეიქმნა დამატებით სამუშაო ადგილები. დაიწერა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მოხდა პრიორიტეტული სფეროებისა და რესურსების იდენტიფიცირება, რის შედეგადაც  გამოიკვეთა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამოქმედო არეალი.

ქედას დიდი რესურსები გააჩნია როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანური, რომელიც აქამდე არ იყო კარგად ათვისებული. მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა ერთიანი სტრატეგიული ხედვა ეკონომიკური განვითარებისთვის, საქმიანობები ძირითადად სოფლის მეურნეობითა და ტურიზმით შემოიფარგლებოდა, ვერც მომსახურების სფერო აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ამასთანავე მუნიციპალიტეტის ცნობადობა საკმაოდ დაბალი იყო. ერთ-ერთი მიზეზი რამაც ეს განაპირობა იყო სათემო ორგანიზაციების სიმწირე, რეგიონში არ ხდებოდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ დაფინანსდა პროექტები, LEADER მიდგომის დანერგვით კი მოხდა თემების მობილიზება, საზოგადოების ჩართვა და მათი მონაწილეობის მიღება ქედის განვითარებაში. ასე რეგიონში გაჩნდა ახალი შესაძლებლობები, რამაც ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას შეუწყო ხელი, ჩამოაყალიბა სტრატეგიული ხედვა და წაახალისა უწყებათაშორისი თანამშრომლობა, რადგან LAG-ში შედიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორებიდან. ქედის LAG-ში მუშაობის მეთოდი სრულიად თანამონაწილეობრივია, რომელიც არა მხოლოდ თემების გააქტიურებას უწყობს ხელს, არამედ მათ აერთიანებს ერთი მიზნის ქვეშ.

ქედის LAG-ის ჩართულობით დაფინანსდა 90-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივა, რამაც ხელი შეუწყო სხვადასხვა დარგის განვითარებას. როგორც ქედის LAG-ის თავმჯდომარე, გიორგი აბულაძე ამბობს, ერთ-ერთი თვალსაჩინო პროექტი  ბეტონის ბოძების დამზადებასა და ვენახის მოწყობის სერვისს მოიცავს და მას ავთანდილ ცინცაძე ხელმძღვანელობს.

ქედის მუნიციპალიტეტში 180 ჰექტარზეა გაშენებული ვენახები და მეღვინეობაც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ბაზარზე კი ზემო აჭარის ღვინის სახეობები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. ვენახის გაშენება დიდი რაოდენობით ხის რესურსის გამოყენებას მოითხოვს, რადგან ვენახის ბოძები ძირითადად ხისგან მზადდება. ავთანდილ ცინცაძემ კი ეს პრაქტიკა ბეტონის ბოძებით ჩაანაცვლა, რაც შედეგად  ხეების ჭრის საჭიროებას ამცირებს. მსგავსი მომსახურეობა რეგიონში მხოლოდ ავთანდილ ცინცაძეს, პროექტის ავტორს აქვს. ბეტონის ბოძები გაცილებით მეტი ხნის გამძლეობით გამოირჩევა ვიდრე წაბლის ბოძები, რაც ამჟამად პრაქტიკაში გამოიყენება. პროექტის შედეგად დაინერგა როგორც ვენახის და ღობის ბოძების დამზადების სერვისი, ისე ვენახის ბაღის გაშენების/განახლების მომსახურეობა.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის სამივე სექტორის წარმომადგენლები ისევ აგრძელებენ ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას, მიაჩნიათ, რომ განვითარებული მუნიციპალიტეტი უპირველეს ყოვლისა დგას მოწადინებულ და აქტიურ ადგილობრივთა ძალისხმევაზე.

ხულოს LAG

ხულოს LAG-მა მნიშვნელოვნად შეცვალა მუნიციპალიტეტის გარემო. არ არსებობდა აქტიური სამოქალაქო ტიპის ორგანიზაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა სამოქალაქო აქტივიზმის ჩამოყალიბებას. ახლა კი აქ იგეგმება განვითარებაზე ორიენტერებული აქტივობები, რაც მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის საერთო ძალისხმევით განვითარებას.

როგორც ხულოს LAG-ის წევრი ასლან ტუნაძე ამბობს, LAG-მა შემოიტანა სამოქალაქო ორგანიზაციის სახე მუნიციპალიტეტში, რაც მანამდე არ არსებობდა: „LAG-ის მეშვეობით შეგვიძლია უამრავი პრობლემის მოგვარება როგორც დამატებითი გრანტების მოძიების მხრივ ასევე, ჩვენი საუბრების და ადვოკატირების კამპანიების ჩატარების მიმართულებით. ახლა მნიშვნელოვნად გამარტივდა მობილიზაციის კამპანიების ჩატარება – თითქმის ყველა სოფლიდან გვყავს წარმომადგენელი, რაც ძალიან ამარტივებს საჭირო ინფორმაციის გავრცელებას.“

აღსანიშნავია, რომ ხულოს LAG-ის ფარგლებში შეიქმნა ვიწრო დაინტერესებული ჯგუფები, მაგალითად, საოჯახო სასტუმროების მეპატრონეთა ქსელი, რომლებიც ურთიერთთანაშრომლობენ და ერთანეთს გამოცდილებას უზიარებენ. აგრეთვე, ამ ეტაპზე LAG-ის ბაზაზე იქმნება ახალგაზრდული გუნდი, რომელიც აქტიურად განახორციელებს სხვადსახვა ღონისძიებას.

 

ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მუნიციპალიტეტში საზოგადოების მეტად ჩართულობა გამოიწვია. LAG-ის მმართველი ჯგუფის წევრი მადონა ბოლქვაძე ამბობს: “LAG-ში გაწევრიანების შემდეგ უფრო აქტიური გავხდი და დავინტერესდი სხვადსხვა სათემო პრობლემით. LAG-ის ფარგლებში ვცდილობ მაქსიმალურად ვიაქტიურო და მოსახლეობას პრობლემების მოგვარების პროცესში დავეხმარო, თუნდაც რჩევის სახით ან მათი საკითხის საჭირო პირებამდე მიტანით’’.

LAG-ის საქმიანობაში ჩაბმულია 30-ზე მეტი აქტიური მოქალაქე ხულოს მუნიციპალიტეტიდან, როგორც სამოქალაქო და კერძო, ასევე საჯარო სექტორიდან. როგორც ხულოს LAG-ის ხელმძღვანელი როდამ შავაძე ფიქრობს, LAG-ში რაც შეიძლება მეტი განსხვავებული სფეროს, გამოცდილების, ასაკისა და გემოვნების ადამიანი უნდა იყოს ჩართული, რათა უფრო მრავალფეროვანი გახდეს აქტივობები და საქმიანობები: ეს საშუალებას მოგვცემს უფრო ობიექტურები ვიყოთ და მეტი ადამიანის ინტერესი მოვიცვათ. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალგაზრდების აქტივობა, რადგან მომავალი მათზეა დამოკიდებული, მჯერა, მათი გაძლიერება ფუჭად არ ჩაივლის’’.

ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ჯამში 73 პროექტი დააფინანსა, რომლებიც სხვადასხვა სახის ღირებულებას ქმნიან მუნიციპალიტეტში. ამ ეტაპზე შეგვიძლია გამოვყოთ ბიზნეს პროექტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს გარემო. ჩვენ დავაფინანსეთ ორი სამკერვალო პროექტი – ერთი დაბა ხულოში, ხოლო მერე ღორჯომის თემში. ორივე სამკერვალოში 15-მდე ქალია დასაქმებული. როგორც ისინი ამბობენ ეს მათთვის პირველი სამსახურია და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს მუშაობით.

LAG-მა ასევე დააფინანსა ბესიკ დეკანაძე, რომელმაც შეძლო სტომატოლოგიური სახელოსნოს სრულად აღჭურვა: ეს დამეხმარება, რომ უფრო დაბალ ფასებში მოვემსახურო მაღალმთიანი აჭარის სტომატოლოგიურ კლინიკებს, მოსახლეობას კი გადასახადი შევუმსუბუქო. საშუალოდ 15-20-%ით ნაკლებ ფასად ვაწარმოებ სტომატოლოგიურ პროდუქტებს, ვიდრე ქალაქ ბათუმში ხერხდება. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ კონკურენციის კუთხით, ხოლო მეორე მხრივ მოსახლოებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათის გაჩენით.“

დედოფლისწყაროს LAG

დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების  ჯგუფმა თავისი არსებობის და მუშაობის 3 წლიან  პერიოდში  გადაწყვეტილება მიიღო 111 ინიციატივის  დაფინანსებაზე და შექმნა ასეულობით სამუშაო ადგილი. პროექტების განხორციელების დროს სრულად დასაქმდა სამშენებლო ორგანიზაციები, ადგილობრივი მომწოდებლები, მძღოლები, მოხდა 500-მდე აპლიკანტის დატრენინგება პროექტის სრული განაცხადების, ბიზნეს-გეგმების შედგენაზე.

როგორც LAG-ის პრეზიდენტი, ქალბატონი ანა ბენაშვილი გვიყვება, ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება შეიძინეს LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებმაც: „ჩვენ  სერიოზული მომზადება გავიარეთ ტრენინგების მრავალფეროვანი კურსით,  ევროპული LAG-ების მუშაობის გასაცნობად ორჯერ ვიყავით სასწავლო ვიზიტით ჩვენს პარტნიორებთან – რუმინეთსა და ესპანეთში,  გვქონდა საინტერესო შეხვედრები,  ადგილზე გავეცანით მათი საქმიანობის მეთოდოლოგიას და დავათვალიერეთ LAG-ების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებსაც სერიოზული წვლილი შეაქვთ რეგიონის განვითარებაში.  ევროკავშირი, ENPARD-ის პროგრამებით  ეხმარება ჩვენს ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში, ეროვნული გეგმების   ადგილობრივ დონეზე  განხორციელებაში,  კონკრეტული საჭიროებების გამოვლენასა და არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ, LAG-ები ვართ ის ინსტრუმენტი, რომელიც ამას ახორციელებს რეგიონის, მუნიციპალიტეტის და თითოეული სოფლის, თემის დონეზე. სწორედ ეს არის LAG-ის მისიაც – სვლა ევროპული დემოკრატიისკენ, განვითარებისკენ სექტორთაშორისი თანამშრომლობითა და  LEADER მეთოდოლოგიის დანერგვით.“

დედოფლისწყაროს LAG-ში თითქმის ყველა სოფლის წარმომადგენელია, ამ სამწლიანმა საქმიანობამ გამოაცოცხლა სოფლის მოსახლეობა, მათ გაუჩნდათ ამბიცია, წერონ პროექტები, კვლავ მიიღონ დაფინანსება და გააძლერონ ან დაიწყონ ბიზნეს საქმიანობა: „ვისაც ამისთვის კვალიფიკაცია არ ყოფნის, LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები ვუწევთ კონსულტაციებს და ვეხმარებით პროექტების წერაში. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა LAG-ებთან, გვაქვს საქმიანი ვიზიტები ერთმანეთთან, ვუზიარებთ გამოცდილებას, ვეცნობით წარმატებულ  პროექტებს და ვგეგმავთ სამომავლო თანამშრომლობას“ – გვიყვება ქალბატონი ანა.

LAG-ი ერთნაირად ზრუნავს როგორც კერძო სექტორის-ბიზნესის  განვითარებაზე, ასევე სოციალური სერვისების გაუმჯობესებაზე. მათ გააფართოვეს სასტუმროების ქსელი, სასწავლო-საგანმანათლებლო, საინფორმაციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები; Covid-19-თან დაკავშირებით, კომუნალური მომსახურების ცენტრს და ჯანდაცვის, სამაშველო ორგანიზაციებს შეუძინეს  სპეცტექნიკა და მაღალი გამავლობის ავტომანქანები, ბაღები აღჭურვეს სანიტარია-ჰიგიენისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის დისპენსერებით;  სამშენებლო  და  აგრარულ სექტორში ჩართულ მოსახლეობას  შეუძინეს  საჭირო ტექნიკა, გადააიარაღეს ღვინის მარნები, ლაბორატორიები,  სპირტის და ხილის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სხვადასხვა პროფილის  სახელოსნოები:

„მაგალითად, ,,ნასრაშვილების მარანი“ არის  საერთაშორისო გამოფენების მონაწილე და  უკვე  აქვს საექსპორტო შეთავაზებები.  ქეთევან ჩალახეშაშვილის  ყველის გადამამუშავებელ  საწარმოს  უკვე ,,ფრესკოს“ ქსელში შეაქვს თავის პროდუქცია, ,,აგროჰაბში“ იყიდება სოფელ ოზაანში ჯაბა გიგოლაშვილის სატაცურის საწარმოს პროდუქტი.  სამთაწყაროში 86 ჰექტარზე ახლადგაშენებული კაკლის პლანტაციისთვის ბენეფიციარს დაუფინანსდა  სარწყავი სისტემის წყალსაქაჩი მოწყობილობა,  ნელნელა და ეტაპობრივად, ადგილობრივ  ბაზარზე გაჩნდა  LAG-ის ბენეფიციარების ჩირი ,,ჩაროზი“, კაკალი,  რძის პროდუქტი, სათბურებში მოყვანილი ხის სოკო,  სხვადასხვა დასახელების ბოსტნეული,  დეკორატიული ყვავილები; ქათმის, ხოხბის და კაკაბის  წიწილები,  ტიხრული მინანქრთ შესრულებული ვერცხლის სამკაულები,  რკინის და მინის ნაკეთობები, თეთრეული. საზღვარგარეთ (შეკვეთებით) იგზავნება  სახელოსნო ,,ფესვებში“ დამზადებული  ქართული ფარდაგები,  თექის და ტყავის ხელჩანთები.  იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს საწარმოები უფრო გაძლიერდებიან  სხვა მიმართულებებითაც განვითარდებიან“ – ამბობს ქალბატონი ანა.

ახალქალაქის LAG

ახალქალაქი, ისევე როგორც ბევრი სხვა მუნიციპალიტეტი საქართველოში, ძირითადად აწყდება პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაო ძალისა თუ ადგილების დეფიციტთან, ურბანიზაციასთან და ახალგაზრდების გადინებასთან. თუმცა, არსებობს გამოწვევები, რომლებსაც სხვა მუნიციპალიტეტში ნაკლებად შეხვდებით.

აქ მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური სომეხია (93,8%), 5,7%-ს შეადგენენ ეთნიკური ქართველები, ხოლო 0.5%-ს -სხვა ეთნიკური ჯგუფები: რუსები, ბერძნები და ა.შ. მოსახლეობაში მნიშვნელოვანი პრობლემაა ქართული ენის ცოდნის თვალსაზრისით და მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უმჯობესდება, იკვეთება სოციალური ინტეგრაციის პრობლემა, რომელიც განათლებასთანაა კავშირში – ცხადია, რომ ენის პრობლემა ქმნის კომუნიკაციის ბარიერებს. აქედან გამომდინარე, ეთნიკური უმცირესობების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის საჭიროა ქართული ენის სწავლება, რაშიც აქტიურადაა ჩართული ახალქალაქის LAG-ი.

გარდა მნიშვნელოვანი კენომომიკური, სოციალური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებისა, აღსანიშნავია LAG-ის ტრენინგ ცენტრი, რომელიც წელიწადზე მეტია ადგილობრივ ახალგაზრდებს ქართული და ინგლისური ენის უფასო სასწავლო კურსებს სთავაზობს. ენების გარდა ცენტრში ისწავლება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის, ხატვისა და სხვა საგანმანათლებლო კურსები.

LAG-ის ეფექტური მუშაობა დამოკიდებულია მის წევრებზე – სწორედ ადგილობრივი კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის მობილიზებით ხდება რეგიონში პრობლემების შეფასება და მათზე რეაგირების მოხდენა. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე, განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებს.

ახალქალაქის LAG-ის პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს. დღემდე, LAG-ის მიერ 40-ზე მეტი ადგილობრივი ინიციატივაა მხარდაჭერილი. კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მათ ნაყოფიერად გამოიყენეს. LAG-ის სასწავლო ცენტრმა ონლაინ სწავლება დაიწყო, რაც გულისხმობდა ადგილობრივი ეთნიკური სომეხი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის კუთხით ცოდნის გაღრმავებას. საგულისხმოა, რომ პირველი ონლაინ სესია ჯგუფმა სწორედ ქართული ენის დღეს, 14 აპრილს განახორციელა. ინიციატივაში 30 ადამიანი ჩაერთო. მათთვის პროექტი ბევრს ნიშნავს, რადგან პირდაპირ ჭრის იმ პრობლემას, რასაც ყოველდღიურობაში მრავლად აწყდებიან.

„სახელმწიფო ენის დაუფლება ახალგაზრდა თაობისთვის არის საკუთარ სამშობლოში ინტეგრირების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, თუ არ ფლობ მშობლიურ ენას, ადაპტაცია გიჭირს. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კი სწორედ ამ პრობლემის გადაჭრაში ეხმარება ახალგაზრდებს, რითაც უმარტივებს ქვეყანაში ცხოვრებასა და კომუნიკაციას“ – აღნიშნავს ახალქალაქის LAG-ის წევრი და რესურსცენტრის დირექტორი, ტერეზა ჩივჩიანი.

როგორც ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფში ამბობენ, ისინი სამომავლოდ მრავალი სიახლის დანერგვას გეგმავენ. სურთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრან თემში არსებული პრობლემები და ამით ადგილობრივებს ცხოვრება გაუადვილონ.


პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ : „ფაქტები და მონაცემები“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები  სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები – ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეო ისტორიები სრულად განთავსებულია კამპანიის გვერდზე ჩემი სოფელი

ბათუმში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა – 65 და 70 წლის ქალები.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 წლის ქალს კორონავირუსის ფონზე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე – „შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა“.

ასევე სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლის კოვიდინფიცირებულ კაცს  აღენიშნებოდა: „თიკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები დაავადებები: მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ციროზი“.

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 62 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 4 – ბოლო 24 საათში.

ეგვიპტეში 2600 წლის წინანდელი სარკოფაგები აღმოაჩინეს

ეგვიპტეში, საკარას ნეკროპოლში 59 სარკოფაგი აღმოაჩინეს მუმიებით. აქვე იპოვეს 28 ხის ფიგურა ძველეგვიპტური ღმერთების გამოსახულებით.

აქამდე უცნობი სარკოფაგების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტის სიძველეთა საკითხებისა და  ტურიზმის მინისტრმა, ჰალიდ ალ-ანანიმ გაავრცელა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სარკოფაგები 26 საუკუნის წინანდელია, ისინი კარგადაა შემონახული.

სარკოფაგების ნაწილი მოხატულია, მინისტრის თქმით, ისინი ეგვიპტის დიდ მუზეუმში გამოიფინება, გიზის პირამიდებთან ახლოს.

სარკოფაგები საკმაოდ მიუდგომელ ადგილას, მიწის ზედაპირიდან 11 მეტრის სიღრმეში იპოვეს. ექსპერტების თქმით, დამარხვის შემდეგ ამ სარკოფაგებს აქამდე არავინ შეხებია.

თითქმის ყველა სარკოფაგში აღმოჩნდა ღვთისმსახურთა და მაღალი იერარქიის წარმომადგენელთა მუმიები.

სარკოფაგები სპეციალურად აგებულ სამ შახტში აღმოაჩინეს, სადაც ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ იყო 2500 წელზე მეტხანს განლაგებული.

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/KHALED ELFIQI

______________

წყარო: BBC

ბათუმში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 ოქტომბერი

7 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 65 წლის ქალი და 70 წლის კაცი.

ბოლო 24 საათში აჭარაში ვგამოჯანმრთელდა 280 ადამიანი.

ბოლო ორი დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს.

დღეისათვის აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის – 472 პაციენტი, 15 არასრულწლივანი და 20 ოსრული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 23 პაციენტი.

აჭარაში კორონავირუსს ბინაზე 1000-ზე მეტი პირი მკურნალობს ექიმების დისტანციური მეთვალყურეობის ქვეშ. Covid სასტუმროებში – 886 პირია მოთავსებული,  მათგან 92 არასრულწლოვანი.

აჭარის კლინიკებში 7 ოქტომბერს სულ 53 თავისუფალი საწოლია.

7  ოქტომბერს საქართველოში სულ კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მთავრობის სახლთან შიმშილობა დაიწყეს, საპროტესტო აქცია დღეს განახლდება

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია დღის 3 საათზე განახლდება.

საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან გუშინ პანდემიის შედეგად უმუშევრად დარჩენილმა ადამიანებმა გამართეს. ისინი ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გუშინ ღამით აჭარის მთავრობის სახლთან აქციის შვიდმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო.

„მეგობრებმა პლედები მოგვიტანეს, ზოგს მანქანაში ეძინა, ზოგს გარეთ… დღეს კარვის აღჭურვილობაც გვექნება. ჩვენი მოთხოვნები იგივეა, საპროტესტო აქცია გრძელდება,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე, საპროტესტო აქციის მონაწილე.

გუშინ საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა უშედეგოდ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სახლში ეწვია და ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.

კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 ადამიანი

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა არის 9753.

ჯამში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

დღეის მონაცემებით კარანტინში იმყოფება 5655 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში მკურნალობს 1230 ადამიანი.

 

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის თანხა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დრომდე „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით კი, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება 2021 წლიდან იგეგმებოდა.

„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადავადდა დეტალური პროექტირება, შესაბამისად, გადაიწია გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების თარიღიც. აქედან გამომდინარე, მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული“, – გვითხრეს დეპარტამენტში 6 ოქტომბერს.

ამონარიდი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილიდან, რომელიც „ბათუმელებმა“ 2020 წლის 13 იანვარს მიიღო. გზის მშენებლობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით იგივე მოგვწერეს დეპარტამენტიდან 2020 წლის 8 ივნისს

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს შორის, კონტრაქტი, 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა. კონტრაქტის ღირებულებაა 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი.

„ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნული იყო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ 8 ივნისს მიიღო.

რაც შეეხება საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა გზებს აჭარაში – 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 2021 წელს 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული; ამავე პროექტისთვის 2022 წელს კი – 55 მილიონი ლარი.

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, ამ გზის მშენებლობა 2022 წელშიც გაგრძელდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობა პანდემიის გამო „მნიშვნელოვნად შეფერხდა“.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყება კი, მთავრობამ ვერც პანდემიამდე უზრუნველყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს და ხელახლა ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადეს.

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით 5-კილომეტრიანი მონაკვეთი სახელმწიფომ დააფინანსა [ხელშეკრულება შპს „მამისონთან“, 2020 წლის 9 ივნისს, 14 581 880 ლარზე გაფორმდა], გზის დანარჩენ მონაკვეთს კი, 95 მილიონი ლარით, ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წელს 30 მილიონი ლარია გაწერილი, 2022 წელს – 50 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს – 15 მილიონი ლარი.

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით, ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: „გონიოს ხიდი“ მდინარე ჭოროხზე / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

პირველად საქართველოში, თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge -ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.

„თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე, რაც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. პროცესების ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადატანა და მათი გაციფრულებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად, განვადების სერვისით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დისტანციურად შეძლებენ და ამისათვის მათ ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“, – ირაკლი ევგენიძე, თიბისის განვადების განვითარების ლიგის ხელმძღვანელი.

სასურველი ნივთის შესაძენად, Tbcganvadeba.ge -ზე დამტკიცებული ონლაინ განვადების გამოყენებას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.

ვებ-გვერდს მუდმივად დაემატება ახალი ფუნქციები, ასევე განახლდება პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი.

ბათუმში უმუშევარი მოქალაქეები შიმშილობის აქციას აანონსებენ

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას პროცენტის გაზრდის გარეშე, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს შესთავაზეს შეერჩიათ სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე აქტივისტი მთავრობასთან შესახვედრად, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან, მათივე თქმით, კერძო, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდება.

საღამოს 8 საათზე მთავრობის სახლთან ხალხის რაოდენობა შემცირდა, თუმცა აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი კარვებს გაშლიან და შიმშილობას დაიწყებენ აჭარის მთავრობის სახლთან.

აქცია ბათუმში დღეს, დღის 4 საათზე დაიწყო. მონაწილეებმა მსვლელობა ბათუმის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს და აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქციაში მონაწილეობენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად უმუშევარი დარჩნენ. მათ შორის არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, სტუდენტები, რომლებიც ვერ იხდიან სწავლის გადასახადებს, მუსიკოსები, რომლებიც რესტორნებში დაწესებული შეზღუდვის [აჭარაში რესტორნები და კაფე-ბარები საღამოს 10 საათზე იკეტება] გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ა.შ.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე ახლა რამდენიმე მონაწილე რჩება. ისინი აცხადებენ, რომ აქ დარჩებიან და კარავს გაშლიან, ხვალ კი, უმუშევრად დარჩენილები ბათუმში აქციის განახლებას აპირებენ.

 

„ხელჩაკიდებული ვმუშაობდით“ – ენმ-ს კანდიდატი უმაღლესი საბჭოს „სანოტარო კანტორად“ გადაქცევაზე

„ხელიხელჩაკიდებული ვმუშაობდით…“ – ამ სიტყვებით სცადა ელგუჯა ბაგრატიონმა იმ ვითარების ახსნა, როცა უმაღლესი საბჭოს უმრავლესობაში „ნაცმოძრაობა“ იყო და ვერ ბედავდა მთავრობის კრიტიკას. როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმაღლესი საბჭოს მუშაობის ის მოდელი მოსწონთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ.

წარსულის გააზრების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ კომუნიკაციის გაუმჯობესებას აპირებს ხალხთან, თუკი ხალხმა ამ პოლიტიკურ ძალას ისევ ანდო მანდატი და აჭარის უმაღლეს საბჭოში შეუშვა. ძირითადად კომუნიკაციის ნაკლებობით და ხალხთან ნაკლები ლაპარაკით ხსნის ელგუჯა ბაგრატიონი 2012 წელს „ნაცმოძრაობაზე“ ამომრჩევლის გაბრაზებას და არა იმით, რომ, მაგალითად, უმაღლესი საბჭო არაერთ უკანონობაზე არათუ მთავრობის კრიტიკას, არამედ ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა. ელგუჯა ბაგრატიონი „ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერია და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო ელგუჯა, რატომ არის მნიშვნელოვანი თქვენი მოხვედრა ისევ უმაღლეს საბჭოში? 

დღეს არის მთავარი გამოწვევა სიღარიბე და ჩამოშლილი ინსტიტუციები ქვეყანასა და რეგიონში, რაც გვაძლევს სტიმულს, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში და დავაკომპლექტოთ მთავრობა, ვიზრუნოთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი რეგიონი განვითარების იმ ტემპებს, რომელიც იყო ჩვენს რეგიონში და ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.

  • ამომრჩეველმა უკვე გნახათ უმაღლეს საბჭოში, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ისე ოპოზიციის როლში. რატომ იქნება ამომრჩევლისთვის საინტერესო ისევ თქვენი იქ შესვლა?

იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიწყო აჭარის განვითარება და ადამიანების ეკონომიკური მომძლავრება, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ტურისტული პოტენციალი და მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება გაუმჯობესდა…

  • თქვენს პოლიტიკური ძალა 2012 წელს ხელისუფლებიდან იმიტომ წავიდა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა. მიხეილ სააკაშვილი დღეს იხდის ბოდიშს. თქვენ რას ნანობთ იმ პერიოდიდან, როცა წარმოადგენდით მმართველ პოლიტიკურ გუნდს? 

ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად, რაც შეიძლება სწრაფად გადაგვედგა ნაბიჯები და სწრაფად ჩაგვეტარებია რეფორმები, მოსახლეობასთან ფიზიკურად ახსნის საშუალება არ გვქონდა. მე ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა. მოსახლეობასთან მეტი უნდა გვესაუბრა, უფრო მეტად უნდა ყოფილიყო ამ ყველაფერში მოსახლეობა ჩართული და მეტად აღქმადი იქნებოდა მათი ჩართულობით გაკეთებული ყველა რეფორმა.

  • აჭარის რეგიონში რა იყო კონკრეტული პრობლემა თქვენი მმართველობის დროს, რასაც შეცვლით, თუკი ამის საშუალება მოგეცათ?  

ჩვენ გვავიწყდება, რა დროს და რა ხელისუფლება ჩავიბარეთ. თქვენ გახსოვთ, რომ მაშინ ქურდული სამყარო მართავდა ქვეყანას. ელემენტარულად პირობები არ არსებობდა ქვეყანაში: შუქი, გზა, წყალი, ბიუჯეტი არ არსებობდა და ფულს იღებდა თითქმის ყველა სახელმწიფო უწყების თანამშრომელი. ამ ყველაფერთან მოგვიწია ჩვენ შეჯახება და ამ ყველა პრობლემის გამოსწორება, სახელმწიფო ინსტიტუციების ჩამოყალიბება, ბიუჯეტის შევსება და ქვეყნის ეკონომიკურად მომძლავრება. რეფორმები ყოველთვის არის ვიღაცისთვის მტკივნეული. მაგალითად, „გაიშნიკი“, რომელიც ქუჩაში იდგა და ითხოვდა ფულს, იმისთვის იყო რეფორმა მტკივნეული. ყველა რეფორმა, რომელიც ჩატარდა, იყო მტკივნეული, ვისაც არაკანონიერი გზა გადაეკეტა, მაგრამ ამ რეფორმებმა მოიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარება, სამუშაო ადგილები და ჩვენი რეგიონის აღმშენებლობა.

  • ანუ შეცდომები არ იყო? 

ჩვენ ამ რეფორმების დროს ძალიან ვჩქარობდით, რადგან სწრაფად გვინდოდა გაგვეკეთებინა ყველაფერი, მოსახლეობასთან ნაკლები კომუნიკაცია გვქონდა ამ რეფორმებთან დაკავშირებით, ნაკლებად ვესაუბრებოდით. უფრო მეტად უნდა ჩაგვერთო მოსახლეობა, უნდა აგვეხსნა, რატომ იდგმებოდა ეს ნაბიჯები და რისთვის, თუმცა მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჩვენ დღემდე არ გაგვიწყვეტია. მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა რეგიონში, ეს იყო მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და აღმშენებლობისთვის გადადგმული ნაბიჯები.

  • მაშინ და ახლაც უმაღლეს საბჭოს ხშირად უწოდებენ „სანოტარო კანტორას“, რომელიც ვერც კი ბედავს მთავრობის კონტროლს და კრიტიკას. 

ჩემი პოლიტიკური ძალის უპირატესობა იყო ის, რომ ვმუშაობდით გუნდურად, ხელიხელჩაკიდებული, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანო ვმუშაობდით იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადადგმულიყო ნაბიჯები. ერთ გუნდში მუშაობამ მოიტანა ეს განვითარება, რაც რეგიონში გვქონდა.

  • უკანონობა, ქონების ჩამორთმევა, არაერთი სხვა პრობლემა იყო მაშინაც, რაზეც დეპუტატები ხმას არ იღებდნენ… 

ოპოზიციაში ყოფნამ კიდევ უფრო კარგად დაგვანახა, როგორი უნდა იყოს უმაღლესი საბჭო, მთავრობა და შესაბამისად ხელისუფლება. ჩვენ ყველაფერი საკუთარ თავზე გადავიტანეთ და მზად ვართ, კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ქვეყნის აღმშენებლობისთვის.

  • თქვენ გეყოფათ გამბედაობა, გააკრიტიკოთ პარტიული ვერტიკალი, თუკი უმრავლესობაში იქნებით, მაგალითად, გააკრიტიკებთ პრემიერ სააკაშვილს? 

პრემიერი სააკაშვილი თუ იქნება, ეს იქნება ხალხის გადაწყვეტილება. თუკი ხალხი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ვალდებული ვართ, ყველა ჩვენგანი ხალხის გადაწყვეტილებას პატივი ვცეთ…

  • უმაღლეს საბჭოში თქვენ იმიტომ ხართ, რომ აკრიტიკოთ, აკონტროლოთ მთავრობა. 

უმაღლესი საბჭო არის აჭარის საკანონმდებლო ორგანო, შესაბამისად, მისი კონტროლის აჭარის რეგიონში აჭარის მთავრობის იქით ვერ მიდის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავაკონტროლებთ მთავრობას, რომელსაც დავაკომპლექტებთ, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ იყოს სწორედ ისეთი მთავრობა, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზე იზრუნებს ყოველდღიურად კონტროლის მექანიზმს გამოვიყენებთ.

წინა შემთხვევაში რა უშლიდა ხელს, რომ ეფექტური ყოფილიყო უმაღლესი საბჭო, როცა თქვენი იყო უმრავლესობა? 

რომ არ ყოფილიყო უმაღლესი საბჭო აქტიური, დამერწმუნეთ, რომ ვერც ის რეფორმები ჩატარდებოდა. უმაღლესი საბჭო და მთავრობა თუკი შეთანხმებულია და მათი საზრუნავი არ იქნება მოსახლეობის კეთილდღეობა, რა თქმა უნდა, არ გამოვა სხვანაირად. ყველა გადაწყვეტილებას მაშინდელი უმაღლესი საბჭო იღებდა მთავრობასთან ერთად. ეს ყველაფერი აისახა რეგიონზე… რა თქმა უნდა, კრიტიკის საფუძველი არსებობს, როცა ერთად იღებ გადაწყვეტილებას, თანაბრად იყო გადანაწილებული ეს პასუხისმგებლობა.

  • ანუ თქვენ ისევ ხელიხელჩაკიდებული აპირებთ სიარულს, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ… რაში გვჭირდება უმაღლესი საბჭო, თუკი საკანონმდებლო ხელისუფლება აღმასრულებლის აქტიურ კონტროლს არ აპირებს? 

მერწმუნეთ, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს იყო კრიტიკა, ეს ხდებოდა ურთიერთშეთანხმებულად. რა თქმა უნდა, ყველა გადაწყვეტილებას ახლდა კრიტიკა…

  • თუ ეს ასე იყო, რატომ ვერ ვხედავდით ამას? რატომ რჩებოდა კრიტიკა დახურულ კარს მიღმა?

კრიტიკა და კონტროლი იყო, რა თქმა უნდა… მაშინ უმაღლესი საბჭო იყო ახალშეკრებილი, ამ ინსტიტუციამ მაშინ დაიწყო ჩამოყალიბება. თქვენ ნახეთ, რომ თანდათან ყალიბდება უმაღლესი საბჭო ისე, რომ მთავრობის ერთი ხელის მოსმით მიღებულ გადაწყვეტილებას ყოველთვის გააკრიტიკებს.

  • ჯერ ჩანს, რომ ის ისევ კომფორტზეა ორიენტირებული, მათ შორის, ხელოვნურად ფრაქციების შექმნით, როგორც ეს თქვენი უმრავლესობაში ყოფნის დროს იყო. 

არასდროს ჩვენ არ შეგიქმნია ხელოვნური ფრაქცია, როგორც ახლაა, როცა „ოცნებას“ აქვს ჩამოყალიბებული სამი ფრაქცია… ჩვენ მხოლოდ „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შევქმენით ტექნიკური ფრაქცია, ბიუროში დამატებითი ხმები რომ მიგვეღო. ამ ბიუროს დამატებითი ხმების შედეგი იყო, მაგალითად, დავით ბაციკაძის თანამდებობიდან გადაყენება. „ქართული ოცნება“ კი, ამ კრიზისის დროსაც იღებს კომფორტს ამ ხელოვნურად შექმნილი ფრაქციებიდან…

  • თქვენ იყავით ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე. რის გაკეთება შეძელით ქობულეთისთვის, რომელიმე პროექტი რომ გაიხსენოთ. ახლა თქვენ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც ხართ.

ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, როცა ქობულეთის საკრებულოში ვიყავი, არის ის, რომ ვერ მოვასწარით ქობულეთის ისე განვითარება, როგორც ეს ბათუმში შევძელით. მეტი რესურსი იყო მიმართული ბათუმისკენ. ჩვენ ქობულეთის განვითარება დავიწყეთ 2011 და 2012 წლებში და ვეღარ მოესწრო ბევრი პროექტი. ქობულეთის ყველა პრობლემა დღეს ჩემთვის ნაცნობია, ყველა სოფლის და დაბის პრობლემა. მთავარი პრობლემა დასაქმებაა. ძირითადად ქობულეთის მოსახლეობა სოფლის მეურნეობით და ტურიზმით არის დაკავებული, ამ კრიზისმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია, საბანკო დავალიანებები აქვს მოსახლეობას… ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა.

  • უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის დროს რამდენჯერმე დაგაკავეს. ხელისუფლება ამბობდა, რომ ამას მიზანმიმართულად აკეთებდით ყურადღების მისაქცევად. რა სტრატეგით აპირებთ ამჯერად პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას? 

არ ვიცი, დაკავებით თუ ვინმე ცდილობას ამას… მე მაკავებდნენ ძირითადად მაშინ, როცა ვაპროტესტებდი აჭარის სანაპირო ზოლის განადგურებას, როცა ბიძინა ივანიშვილი მიათრევდ ხეებს, ამას ემსახურებოდა ეს ბრძოლები… მე მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებ, არ მეშინია ამ დაკავებების და ივანიშვილს. ყოველთვის ვიდექი წინა მხარეს და დავდგები აუცილებლად ისევ წინა მხარეს.

რა ტიპის დარღვევებია, თქვენი დაკვირვებით, წინასაარჩევნოდ? 

ხედავთ, რომ ყველა საჯარო მოხელე ტერორის ქვეშაა, დავალებულია, რომ ის ადამიანები, რომლებიც არიან მათ გარშემო, მოიტანონ მხარდამჭერების სია, ადამიანები, რომლებიც იღებენ სოციალურ დახმარებას, აშანტაჟებენ და ეუბნებიან, რომ მოუხსნიან დახმარებას, თუკი „ოცნებას“ ხმას არ მისცემენ. გარდა ამისა, პატიმრების ოჯახებს ატერორებენ და ეუბნებიან, რომ თუკი ხმებს მოუტანებენ, ამ ადამიანებს ექნებათ შეღავათები, ან მოუხსნიან პირობით მსჯავრს… ამ სიებს ამზადებს სუსი და ყველა სოფლის გამგებელს, კოორდინატორებს აქვs ინფორმაცია, ვინ სად არის დასაქმებული, ვინ არის პატიმარი… ამ ფაქტებს ჩვენ ძალიან მალე გავასაჯაროვებთ.

ევროპაში კორონავირუსით დაღლილობა მატულობს – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე „Covid-19-ით დაღლილობის” საწინააღმდეგოდ ზომების მიღებას ითხოვს, რადგან ვირუსთან დაკავშირებულმა აპათიამ ზოგან მაღალ დონეს მიაღწია.

„მიუხედავად იმისა, რომ დაღლილობა სხვადასხვა გზით იზომება და მაჩვენებლის დონეები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით, დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს მონაცემი 60% -ს აღწევს“, – განაცხადა ჰანს კლუგემ დღეს, 6 ოქტომბერს.

კლუგემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით დაღლილობის ასეთი მაჩვენებელი მოსალოდნელი იყო. „მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ძალიან დავიღალეთ, მჯერა, რომ შესაძლებელია აღვადგინოთ ძალისხმევა COVID19-ით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც ვართ,“ – განაცხადა მან.

კლუგემ ისაუბრა იმაზე, თუ რა ზომების მიღება შეუძლიათ ევროპის ქვეყნებს. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ ებრძოლონ COVID19-ის გავრცელებას საზოგადოებრივი პულსის მუდმივი მეთვალყურეობით და „მოქალაქეების საჭიროებების ახალი, ინოვაციური გზით დაკმაყოფილებით“:

„მომავალ სადღესასწაულო სეზონში შესვლისთანავე დაგვჭირდება დაღლილობის წინააღმდეგ ბრძოლა ახალი, ინოვაციური გზებით, მოქალაქეთა საჭიროებების გათვალისწინებით… შემოქმედებით მიდგომებს შეუძლიათ თემების დაცვისას აღადგინონ სოციალური კმაყოფილება. ჩვენ დავინახეთ მცურავი კინოთეატრების, ახალი ფორმატის კულტურული ღონისძიებების ეფექტურობა. მეცნიერების, სოციალური და პოლიტიკური საჭიროებების დაბალანსებით ჩვენ შეგვიძლია განვავითაროთ პრევენციული ზომები, რომლებიც კულტურულად მისაღები იქნება,” – განაცხადა ჰანს კლუგემ.

„პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს იმ მზარდ მონაცემებს, რომლებიც ადამიანების ქცევისა და დაღლის შესახებ გვაქვს… ინდივიდუალური გამოცდილებისა და კულტურული ნიუანსების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ რეაგირების უფრო ეფექტური სტრატეგიები.  ჯანმო/ევროპამ იმუშავა 27 ქვეყანასთან, რათა შეეგროვებინა მონაცემები ქცევითი ანალიზის ინსტრუმენტით. ეს ინსტრუმენტი ზომავს დაღლილობას იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აღიქვამენ ადამიანები დაავადების რისკებს, რა არის მათი დამცავი ქცევები“, – განაცხადა მან.

კლუგე ამბობს, რომ ის მიესალმება შემზღუდავი ზომებისა და რეგულაციების განხილვის პროცესში ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს გარდა სხვა დარგის ექსპერტების ჩართულობას:

„გერმანიაში მთავრობა კონსულტაციებს გადიოდა ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან, თეოლოგებთან, ასევე ქცევით და სოციალურ მეცნიერებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების საგანმანათლებლო პროგრესში“, – აღნიშნა მან.

დაიცავით წესები, სხვაგვარად ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 6 ოქტომბერს.

მინისტრის თქმით, აჭარაში ინფიცირების დონე მომატებულია, თუმცა სტაბილურად.

„ის, რომ დღეს ოდნავ შემცირებული გვქონდა რაოდენობა, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი, 80%-ზე  მეტი გახლავთ საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, რომელთაც პრაქტიკულად სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ. მომდევნო პერიოდში ველოდებით შემთხვევების შემცირებას და გამოჯანმრთელებულების მატებას. სექტემბრის თვეში 2200-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს,“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის თქმით, ის, თუ როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება მომდევნო დღეებში აჭარაში, დამოკიდებულია თითოეულ მოსახლეზე, იმაზე, თუ როგორ დაიცავენ მოქალაქეები დისტანციას, შეამცირებენ გადაადგილებას, ატარებენ ნიღაბს და მუდმივად გააკონტროლებენ ხელის ჰიგიენას.

„მოსახლეობას მივმართავთ წესების დაცვისკენ. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას,“ –  განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

V-VII კლასის მოსწავლეების ცოდნა და უნარები ელექტრონული ტესტირებით შეფასდება – naec

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იწყება მე-5 და მე-7 კლასებში გადასული მოსწავლეების ცოდნისა და უნარების შესაფასებელი ტესტირება. პროექტი – „შეფასება განვითარებისთვის“  საპილოტეა და მასში ასამდე სკოლა და 200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს.

მოსწავლეები მათემატიკასა და ქართულში შეფასდებიან.

„პირველ ოთხ კლასში მიღწეული შედეგები შეფასდება მე-5 კლასის დასაწყისში, ხოლო პირველი ექვსი კლასის მანძილზე მიღწეული შედეგები მე-7 კლასში ტესტირებით შემოწმდება. დიაგნოსტიკური შეფასება დაეხმარება სკოლებს, ამ შედეგების შესაბამისად დაგეგმონ ახალი სასწავლო წელი,“ – აცხადებს გამოცდების ცენტრი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, საცდელი ტესტირების შედეგები გამოქვეყნდება ელექტრონული პლატფორმის და ტესტირების ფორმატის დახვეწის მიზნით, „მაქსიმალურად რომ ასახავდეს სკოლის საჭიროებებს“.

ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეების ტესტირება მთლიანად ელექტრონული პროგრამით ჩატარდება და შეფასებასაც ელექტრონულად მიიღებენ მოსწავლეები.

„შეფასების შედეგები წარმოდგენილი იქნება როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე კლასის დონეზე. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებს და მშობლებს თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის მანძილზე მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ“.

ელექტრონული ტესტირება 12-16 ოქტომბერს ჩატარდება.

აჭარას არ ჰყავს კრიტიკული პაციენტები – ლევან რატიანი

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი ლევან რატიანი აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. რატიანის თქმით, მან ბათუმსა და ქობულეთში ყველა კოვიდკლინიკა მოინახულა და ისინი სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

„აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვიღაცისთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმისთვის, რომ შეგვეფასებინა მდგომარეობა, მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება მათთვის  გაგვეზიარებინა. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. მთავარი რაცაა, ისაა, რომ არ ჰყავს აჭარას კრიტიკული პაციენტები,“ – თქვა ლევან რატიანმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, კლინიკებში მკურნალობენ თუ არა მძიმე პაციენტები და არის თუ არა საკმარისი მედპერსონალი, ლევან რატიანმა უპასუხა, რომ ყველა კლინიკას გამოცდილი პერსონალი ჰყავს.

„მე რამდენიმე დღეა ვიმყოფები რესპუბლიკურ საავადმყოფოში. თითქმის ყველა მძიმე პაციენტის ანამნეზი ვიცი, იმის მკურნალობის მეთოდები ვიცი. ახალი გახსნილია კლინიკა. კლინიკა აღჭურვილია ტექნიკურ-მატერიალური ბაზით ისე, როგორც უნდა იყოს თანამედროვე კლინიკა. რაც შეეხება მედპერსონალს, ძალიან კარგი გამოცდილი მედპერსონალი გყავთ. ყველა მათგანთან მქონდა შეხება. მართალია, კოვიდინფექციასთან ბრძოლა ახალი დაწყებული აქვთ, მაგრამ ამ ახალ დაწყებულ ბრძოლას ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს და იმედია, ასე გააგრძელებენ. მედპრესონალის რაოდენობა საკმარისია.

ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, არის აღჭურვილი ტექნიკურ-მატერიალური ბაზით, რომელსაც მოითხოვს კორონავირუსთან ბრძოლა. აქედან გამომდინარე, ისეთი პროტოკოლით ხდება მართვა, რაც სამყაროშია. ყველა  ექიმი გადამზადებულია, იციან ის ნიშა, რომელიც მათ უნდა მართონ და პაციენტების დამძიმების შემთხვევაში, იციან როგორ უნდა მოიქცნენ,“ –  თქვა ლევან რატიანმა.

 

უმუშევრების საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლთან აქცია იმართება. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: მძღოლები, მუსიკოსები, კაზინოს თანამშრომლები, თურქეთში დასაქმებული ქალები და სხვა პირები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევარი დარჩნენ, ითხოვენ საბანკო ვალდებულებების უპროცენტოდ გადავადებას, აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას და უმუშევროპის კომპენსაციის შენარჩუნებას.

საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
საპროტესტო აქცია ბათუმში. 6 ოქტომბერი. ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის ნინო  ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსის გამო აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება.

„ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარის რეგიონში გვაქვს, ეს არის ძალიან მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეს შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა. ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან კოვიდის შემთხვევების რაოდენობა და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის წინაპირობას არ იძლევა.

მომდევნო დღეებში, შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ეპიდემიოლოგებისა და სხვა სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე, ცენტრალური დონიდან, საკოორდინაციო საბჭო მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 6 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბათუმში ამ წუთებში  აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილნი არიან სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, ბათუმის კაზინოებში დასაქმებულები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ და კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები.

მათი მთავარი მოთხოვნებია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 25 სექტემბრიდან აჭარაში შეჩერებულია მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების  მოძრაობა, ხოლო 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. საღამოს 10 საათამდე მუშაობს რესტორნები. აჭარაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.

ბათუმში აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილნი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას გაყინული პროცენტით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს შესთავაზეს, შეიკრიბოს აქციის რამდენიმე აქტივისტი მთავრობასთან შესახვედრად, თუმცა აქციის მონაწილეები ამაზე უარს აცხადებენ. ისინი საჯაროდ ითხოვენ პასუხს, რადგან, მათივე თქმით, კერძო, დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრები უშედეგოდ მთავრდება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ისიც  განაცხადა, რომ მთავრობიდან უყურადღებობის შემთხვევაში აჭარის მთავრობის სახლთან გაშლიან კარვებს.

აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. აქვე იმყოფება აჭარის პოლიციის უფროსი კოტე ანანიაშვილიც.

ამავე თემაზე: 

დაგვახრჩო ვალებმა, გაგვეცით პასუხი – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან [LIVE]

დაგვახრჩო ვალებმა, გაგვეცით პასუხი – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან [LIVE]

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, ბათუმის კაზინოებში დასაქმებულები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ და კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები.

მათი მთავარი მოთხოვნებია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება.

„დაგვახრჩო ვალებმა“ „გაგვეცით პასუხი“ „დავიღალეთ უმუშევრობით“ „გამოდით მთავრობის სახლიდან, რომელი მოხვედით დღეს ფეხით სამსახურში“ „ჩვენს უკან არიან შვილები, მშობლები, მოგვეცით საშუალება ვიარსებოთ“ – ისმის აქციაზე.

„ჩვენ ვიხდიდით სახელწიფო გადასახედებს, ახლა სახელწიფო დაგვიდგეს გვერდით, გაყინოს ბანკის გადასახედები,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„მაშინ, როცა ყველაფერი დაპაუზდა, რატომ არ პაუზდება სესხები, რატომ არ პაუზდება პროცენტები? უამრავი ადამიანი იღვიძებს შიშით, რომ მისი სახლი გაიყიდება სესხების გამო. როგორ ვაგვარებთ ამ პრობლემას? როგორ ვაგვარებთ იმ ადამიანების პრობლემას, რომლებიც უმუშევარი დარჩნენ?“ – აცხადებს თამაზ ბაკურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი.

აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ელიან.

 

საქართველოში შემოტანილი ერთ ტონამდე გაყინული ღორის ხორცი საბაჟოზე გაანადგურეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 936 კილოგრამი გაყინული ღორის ხორცი შემოვიდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახულ მონაცემებს, სამსახურის თანამშრომლებმა ხორცი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველად მიიჩნიეს და შესაბამისი წესით გაანადგურეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ჩატარების შედეგად, დადგინდა, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

შესაბამისი კანონის მოთხოვნების თანახმად, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას. ასეთ დროს საქონლის განადგურება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით ან დაწვის მეთოდით“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ვითხოვთ სესხების გადავადებას, არსებობის საშუალებას – აქცია ბათუმში

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ  მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალდნენ, დაკარგეს სამუშაო ადგილები. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ.

„ვითხოვთ გზის გახსნას, სესხების გადავადებას, გაყინული პროცენტების ჩამოწერას, ვითხოვთ არსებობის საშუალებას, ეს არაა ოპოზიციის პროტესტი, ესაა ხალხის პროტესტი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი დღეს ბათუმის ახალ სტადიონთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართებიან აჭარის მთავრობის სახლისკენ.

„ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოთხოვნა, მაგრამ პირველი მოთხოვნაა საბანკო ვალდებულებების შეჩერება. რადგან უმუშევრად დავრჩით და სახელწიფო კომპენსაციის სახით 200 ლარს გვიხდის მხოლოდ, სხვა სამსახურს არ გვთავაზობს, ჩვენ იძულებულნი გავხდით ქუჩაში გამოვიდეთ და ისე დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.

ვგრძნობთ იმას, რომ არავის არ აინტერესებს რას შევჭამთ ხვალ, რა იქნება ხვალ. ჰგონიათ, რომ 200 ლარით რეალურია ცხოვრება მთელი თვის მანძილზე. 200 ლარად ოჯახი კი არა ერთი ადამიანი ვერ გაიტანს თავს. თუ იციან როგორ ვიცხოვროთ 200 ლარად, გამობრძანდნენ და მასტერკლასები ჩაგვიტარონ“, – გვითხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ოვაშვილმა, კაზინოს ყოფილმა თანამშრომელმა.

„გაყინულია და გაჩერებულია ქალაქი, სამსახურშიც ვეღარ მივდივართ ვისაც სამსახური გვაქვს, კორონას ბრძოლას გადაგვაყოლეს ყველა,“ – გვითხრა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

აქცია ბათუმში გრძელდება. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლისკენ მიემართებიან.

აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში
აქცია ბათუმში

სად იცხოვრებს 12 წლის გოგო, რომლის ოჯახიც ჯოჭოში მეწყერმა იმსხვერპლა?

ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში, მეწყერმა ერთი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა. სახლში იმ დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. მშობლებისა და 14 წლის ძმის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ 12 წლის თიკო თედორაძე ოჯახის წევრებისა და საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა.

ორგანიზაცია „კეთილსოფელის“ ხელმძღვანელმა, მანანა სარიშვილმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მარტოდ დარჩენილ 12 წლის თიკოს მისი ორგანიზაცია აჩუქებს საცხოვრებელ ბინას.

დეტალებზე „ბათუმელები“ მანანა სარიშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ხუთსართულიანი კორპუსი ბათუმში, სხალთის ქუჩაზე შენდება.

„მე ვაშენებ ბათუმში ხუთსართულიან კორპუსს, რომელშიც საჩუქრად გადავცემ ბინებს იმ ოჯახებს, ვისაც ჰყავს შშმ პირი, არიან მრავალშვილიანი და უსახლკარო, მეწყრით დაზარალებულები. ოთხი სართული უკვე აშენებულია და იმედია  მალე დასრულდება“, – ამბობს მანანა სარიშვილი.

მისი თქმით, კორპუსში საცხოვრებელი ფართობების გარდა განთავსებული იქნება სარეაბილიტაციო ცენტრი შშმ პირთათვის და დღის ცენტრი აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის. სარიშვილის თქმით, თიკო თედორაძეს ამ კორპუსში გარემონტებული ბინა  მშენებლობის დასრულების შემდეგ გადაეცემა.

თიკო თედორაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა მწერალმა გიორგი კეკელიძემაც. როგორც ის ფეისბუქში წერს, თიკო თედორაძე დეკემბრიდან „გურული დღიურების ფონდის“ სტიპენდიას მიიღებს.  „სულ მივადევნებთ თვალ-ყურს – თიკა საუკეთესო განათლებას მიიღებს“, – წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქზე.

რაც შეეხება აჭარის მთავრობას, მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სტიქიის ზონაში მისვლის დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავრობა მარტოდ დარჩენილ არასრულწლოვან გოგონას დაეხმარება.

„ყველაფერს გავაკეთებთ, მას ექნება აბსოლუტური მხარდაჭერა და გვერდში დგომა სახელმწიფოსგან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებთან.

„ბათუმელები“ დღეს, 6 ოქტომბერს, დაუკავშირდა აჭარის მთავრობას და ჰკითხა, კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი. მთავრობის პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები პირველ ოქტომბერს, გვიან ღამით განვითარდა. მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

განახლებული ინფორმაცია: თიკო თედორაძის საკითხზე აჭარის მთავრობიდან „ბათუმელებს“ დღეს, 7 ოქტომბერს დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ 12 წლის თიკოს აჭარის მთავრობა საცხოვრებელ ბინას გადასცემს. ჯერჯერობით აჭარის მთავრობაში არ დაუკონკრეტებიათ ბინის გადაცემის დრო და მდებარეობა. „ამ ეტაპზე დაზუსტებით ის შეგვიძლია გითხრათ, რომ გოგონას ლეპტოპი გადაეცა საჩუქრად“ – გვითხრეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

_______________________________

მთავარ ფოტოზე: თიკო თედორაძე მანანა სარიშვილთან ერთად

პროფსასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა  სწავლის დასრულებამდე გადაუვადდება. ასევე, სკოლის დასრულების წელს გაწვევა გადაუვადდება პროფესიულ სასწავლებელში ჩარიცხვამდეიმ მოსწავლეს/აპლიკანტს, რომელიც პროფსასწავლებელში აბარებს.

კანონში შეტანილი ცვლილებით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ:

[checklist]

  • „არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით“ [მაგალითად, თუ პროფესიულმა სტუდენტმა ადრე უკვე ისარგებლა გადავადებით სწავლის დამთავრებამდე – უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე, ან სარეზიდენტო [ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში] პროგრამის დამთავრებამდე – ასეთი პროფესიული სტუდენტი ხელახლა გადავადებით ვეღარ ისარგებლებს];
  • „არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე“.

[/checklist]

შესაბამისი ცვლილება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტმა 2020 წლის 29 სექტემბერს შეიტანა და ის ძალაში 5 ოქტომბრიდან შევიდა.

ის, რომ პროფსასწავლებლის სტუდენტებს გაწვევას გადაუვადებდნენ, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მიმდინარე წლის 2 ივლისს განაცხადა.

„პროფესიულ განათლებაში კურსები არის ერთწლიანი ან რამდენიმეთვიანი და ეს ვერ გახდება სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების ინსტრუმენტი, რადგან ეს იქნება ერთჯერადი გადავადება და ახალგაზრდებსაც მივცემთ შესაძლებლობას, რომ შეიძინონ პროფესია“, – თქვა მაშინ გიორგი გახარიამ.

 

 

49 წლის კაცმა ყოფილ ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა – შსს

ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით თბილისში 49 წლის კაცი დააკავეს.

თუ მას დანაშაული დაუდასტურდა, 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა 5 ოქტომბერს… ყოფილ მეუღლეს, 1970 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება“, – წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ცნობაში.

სამართალდამცველებმა მ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს [ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა].

აჭარაში Covid19-ით სიკვდილიანობა 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელ ქვეყანაში

აჭარაში Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4-ჯერ მეტია, ვიდრე მთლიანად საქართველოში.

ოფიციალური სტატისტიკა ასეთია:

  • ქვეყანაში, 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, 3 716 900 ადამიანი ცხოვრობს
  • 6 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებეული
  • 6 ოქტომბრის მონაცემებით, გარდაიცვალა 58 პაციენტი

„ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე საქართველოში გამოდის, დაახლოებით, 16 ინფიცირებული (ანუ სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე უდრის 16-ს).

შედარებისთვის, სომხეთში სიკვდილიანობა 1 მლნ მოსახლეზე 334-ია, აზერბაიჯანში — 59, თურქეთში — 100, რუსეთში – 148, აშშ-ში – 649, შვედეთში – 583, ესტონეთში – 50 და ა.შ..

აჭარა

რაც შეეხება აჭარას, საიდანაც შემოდგომაზე დაიწყო ეპიდემიის ძლიერი ტალღა — 5 ოქტომბერს „ბათუმელებისთვის“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მიწოდებული ინფორმაციისა და 6 ოქტომბრის განახლებული სტატისტიკის თანახმად:

  • ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში Covid19-ით 25 ადამიანი გარდაიცვალა
  • ამასთან, აჭარის მოსახლეობა 2020 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით შეადგენს 351 900 ადამიანს

„ნეტგაზეთის“ გაანგარიშებით, აჭარაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1 მლნ მოსახლეზე დაახლოებით უდრის 71-ს.

აჭარაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი (71) დაახლოებით 4.4-ჯერ მეტია, ვიდრე მთელს საქართველოში (ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, სადაც ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ვერ ვრცელდება).


გირჩევთ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი (Covid-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე) ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია.

https://netgazeti.ge/news/487238/

ვის და რას შეამოწმებს შრომის ინსპექცია – კანონი ამოქმედდა, რა შეუძლია ახალ სამსახურს

2020 წლის 5 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი შრომის ინსპექციის შესახებ, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უქმდება და მის ნაცვლად იქმნება სსიპ შრომის ინსპექციის სამსახური.

ახალი სამსახური რჩება სამინისტროს დაქვემდებარებაში და მას უხელმძღვანელებს მთავარი შრომის ინსპექტორი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა 2021 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა დანიშნოს. ამავე პერიოდში უნდა დასრულდეს დეპარტამენტის ფუნქციების და უფლებამოსილებების გადაცემა ამ სამსახურისთვის.

სამუშაო ადგილებზე შრომითი ნორმების დარღვევისთვის შრომის ინსპექციას შეუძლია დამსაქმებელი გააფრთხილოს, დააჯარიმოს, შეუჩეროს სამუშაო პროცესი.

ინსპექტირება კი სამსახურს შეუძლია განახორციელოს:

[checklist]

  • დაინტერესებული პირის საჩივრის საფუძველზე [ამასთან, შრომის ინსპექტორი და შრომის ინსპექციის სამსახურის ყველა თანამშრომელი ვალდებული არიან არ გაამჟღავნონ საჩივრის ავტორის ან/და გამოკითხული პირის ვინაობა. ინსპექტირებისას შრომის ინსპექციის სამსახური არ უთითებს, რომ ინსპექტირება საჩივრის საფუძველზე დაიწყო];
  • საკუთარი ინიციატივით, „ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად;
  • „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი ნორმების დარღვევის თაობაზე ნებისმიერი იდენტიფიცირებადი პირის შეტყობინების საფუძველზე.
  • ინსპექტირების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავარი შრომის ინსპექტორი.

[/checklist]

[red_box]ახალი კანონით შრომის ინსპექტორი უფლებამოსილია:[/red_box]

[checklist]

  • თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში [„ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ობიექტებზე შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების შესაბამისად];
  • სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს ნებისმიერ შენობაში/სივრცეში, თუ აქვს საფუძველი გონივრული ეჭვისთვის, რომ არსებობს იძულებითი შრომის ან შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევა;
  • მოითხოვოს საჭირო ვადით სამუშაო ადგილის, სამუშაო სივრცის ან მისი ნებისმიერი ნაწილის ხელშეუხებლობა, რაც გონივრულობის ფარგლებში აუცილებელია სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განსახორციელებლად;
  • მოიძიოს, გამოითხოვოს და გამოიკვლიოს ნებისმიერი მასალა, ნივთი ან/და ნივთიერება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან, ან/და ნებისმიერი ინფორმაცია ან დოკუმენტი, რომელსაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს;
  • ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქოს ან/და ამოიღოს ამ მუხლის საფუძველზე წარმოდგენილი ნებისმიერი მასალა, ნივთი, ნივთიერება ან დოკუმენტი ან გადაიღოს ასლი. დალუქვასთან ან/და ამოღებასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის, დალუქვის ვადები, განისაზღვრება მასალის, დოკუმენტის ან ნივთის დალუქვის ან/და ამოღების შესახებ მინისტრის სამართლებრივი აქტით;
  • აიღოს ნებისმიერი მასალის, ნივთის, ნივთიერების ან ატმოსფერული ჰაერის ნიმუში; განახორციელოს აზომვა, ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, აწარმოოს ჩანაწერები, გააკეთოს ამონაწერი;
  • გამოკითხოს სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფი ნებისმიერი პირი. შრომის ინსპექტორი უფლებამოსილი არ არის, აღნიშნულ პირს მოსთხოვოს ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომლის საფუძველზედაც შესაძლებელია ამ პირის მხილება;
  • კონფიდენციალურობის დაცვის პირობით შრომის ინსპექციის სამსახურში მიიწვიოს დამსაქმებელი, დასაქმებული ან ნებისმიერი სხვა პირი და გაესაუბროს მას;
  • შეამოწმოს ან დაათვალიეროს დამსაქმებლის სამუშაო ადგილი ან სამუშაო სივრცე, მასალა, მანქანა-დანადგარი ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა ან/და ხელსაწყო;
  • ინსპექტირებისადმი დაქვემდებარებულ სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში მყოფ ნებისმიერ პირს მოსთხოვოს ამ პირის განკარგულებაში არსებული მასალის, ნივთის, ნივთიერების ან დოკუმენტის გადაცემა ან/და ნებისმიერ დოკუმენტში არსებული ჩანაწერის განმარტება, რასაც შრომის ინსპექტორი ინსპექტირების განსახორციელებლად გონივრულობის ფარგლებში აუცილებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის დამსაქმებლის სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში;
  • საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს შესაბამისი თარჯიმნის ან ტექნიკური ექსპერტის დახმარება;
  • „საქართველოს შრომის კოდექსის“, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა და გასცეს შესაბამისი მითითებები.

[/checklist]

შრომის ინსპექტორი ვალდებულია, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, არ გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გახდა ცნობილი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შრომის ინსპექტორს დაეკისრება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. აღნიშნული ვალდებულება შრომის ინსპექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაშიც უნარჩუნდება.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა არ ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე, დაზვერვის სამსახურზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და მათდამი დაქვემდებარებულ უწყებებზე, თუ ამ კანონით გათვალისწინებული საკითხები რეგულირდება ამ უწყებებში მოქმედი სპეციალური კანონმდებლობებით.

ამასთან, სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელ ორგანოებში (მათ შორის, იმ ორგანოებში, რომლებშიც შექმნილია ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის რეგისტრი/ქვერეგისტრი) ინსპექტირების განხორციელება, დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გამოთხოვა, აგრეთვე სამუშაო ადგილზე ან სამუშაო სივრცეში ინსპექტირების განხორციელებისას ფოტო და ვიდეოტექნიკის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

შრომის ინსპექციის შესახებ კანონის მოქმედება არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს.

კანონის მიხედვით, მთავარი შრომის ინსპექტორი ნიშნავს იმდენ შრომის ინსპექტორს, რამდენიც აუცილებელია შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ საკუთარი ფუნქციების ეფექტიანად შესრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან, „მთავარი შრომის ინსპექტორი ვალდებულია შრომის ინსპექტორთა დანიშვნისას გაითვალისწინოს მათი კვალიფიკაცია და გენდერული ფაქტორი. საჭიროების შემთხვევაში მამაკაც და ქალ შრომის ინსპექტორებს შეიძლება სპეციალური მოვალეობები დაეკისროთ“.

მთავარ შრომის ინსპექტორთან იქმნება საკონსულტაციო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, რომელიც სამსახურისთვის რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

მრჩეველთა საბჭო შედგება 7 წევრისგან: დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი; პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი და სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი.

2021 წლის 1 იანვრამდე:

  • ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს მთავარ შრომის ინსპექტორს.
  • მთავარი შრომის ინსპექტორი თანამდებობაზე დანიშვნიდან 3 თვის ვადაში იწვევს მრჩეველთა საბჭოს პირველ სხდომას.
  • სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს: შრომის ინსპექციის სამსახურის დებულებისა და შრომის ინსპექტორთა ქცევის კოდექსის დამტკიცება.

შრომის ინსპექციის სამსახურმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე სამინისტროში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები კი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

შრომის ინსპექციის სამსახურისთვის განზრახ ხელის შეშლა ითვალისწინებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას – პირის დაჯარიმებას 100 ლარიდან 10 000 ლარამდე.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმევის შემდეგ, საწარმოებს, სავაჭრო ობიექტებს და სხვადასხვა ორგანიზაციას მუშაობის უფლება სამუშაო ადგილებზე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის საფუძველზე მიეცათ. რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლს კი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ახორციელებს.

რის ნიშანი შეიძლება იყოს თვალის დაღლილობა და სიწითლე

ასტიგმატიზმი საკმაოდ გავრცელებული დეფექტია, რომლის დროსაც ადამიანი მკაფიოდ ვეღარ ხედავს. ოფთალმოლოგი, მედიცინის დოქტორი ელიტა ხვედელიძე ამბობს, რომ თუ პრობლემა უყურადღებოდ დარჩება, შესაძლოა მხედველობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვიოს. თუმცა სპეციალისტი ამბობს, რომ ასტიგმატიზმის აღმოჩენა რთული არ არის.

  • ქალბატონო ელიტა, რა იწვევს ასტიგმატიზმს?
ასტიგმატიზმი თანდაყოლილი, გენეტიკურად განპირობებული თვალის რეფრაქციის (შუქის გარდატეხვის) სისტემის დეფექტია, რომელიც ვითარდება რქოვანას ან ზოგჯერ ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით. ჯანმრთელი თვალის რქოვანას თანაბარი სფერული ზედაპირი აქვს, ასტიგმატიზმის დროს კი ეს სფერულობა ირღვევა. ასტიგმატიზმის ეფექტი (რასაც შეძენილ ასტიგმატიზმსაც ეძახიან) შეიძლება გამოიწვიოს თვალის ანთებითი დაავადებების ან ტრავმების შემდეგ განვითარებულმა ნაწიბურებმა და ლაქებმა.

 

  • როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ასტიგმატიზმი ბავშვებსა და დიდებში?

ბავშვს რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, მშობელმა შეიძლება იმითაც ამოიცნოს, რომ ის ახლოს უყურებს ეკრანს, მაგალითად, ახლოს მიდის ტელევიზორის ეკრანთან; ასევე უწითლდება თვალები, ხშირია თვალის ხამხამი, ცრემლდენა. უფრო მოზრდილ, მაგალითად, სკოლის ასაკის ბავშვებში წერა-კითხვის დროს აღინიშნება თვალის დაღლილობა, მხედველობის დაქვეითება, თავის ტკივილი შუბლის არეში; დიდებთანაც – ანალოგიურად, დაბალი მხედველობა შორს, ასევე შუქზე გაღიზიანება, მაგალითად, ასეთ ადამიანებს ურთულდებათ ღამით საჭესთან ჯდომა, სწორედ შემხვედრი ავტომანქანების შუქის გამო.

სიმპტომები:

[checklist]

  • თვალების წვა და ე.წ. ქვიშის მარცვლების შეგრძნება თვალებში
  • თვალების ჩაწითლება
  • მხედველობის გაორება ან გამოსახულების გამრუდება
  • ფოკუსირების გაძნელება ან შეუძლებლობა
  • საგნებამდე დაშორების განსაზღვრის გართულება, სივრცეში ორიენტაციის გაძნელება
  • თვალის სწრაფი დაღლა კითხვის, ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან მუშაობის დროს
  • ტკივილი წარბზედა რკალებში, თავის ხშირი ტკივილი

[/checklist]

 

  • როგორია ასტიგმატიზმის კორექცია?

კორექციის რამდენიმე სახე არსებობს, მათ შორის, არის სათვალე, რომელიც გამრუდებულ მხედველობას ასწორებს, შესაბამისად ხსნის თვალების დაღლილობას, ტკივილს და ადამიანი ხედავს მკაფიოდ. ასევე მუშაობს კონტაქტური ლინზებიც, რომლებიც თვალთან ერთიან ოპტიკურ სისტემას ქმნიან და ლაზერული კორექცია – რომელიც დაბალი და საშუალო ხარისხის ასტიგმატიზმის კორექციისთვის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია. ლაზერული კორექცია აუმჯობესებს მხედველობას და შესაძლებლობას გვაძლევს სათვალის და ლინზების ტარებისგან გავთავისუფლდეთ.

_____________

ფოტოზე: ელიტა ხვედელიძე. ფოტო: FB

ბათუმში, ევროპის მოედანზე „მედეას“ ძეგლიდან ფილები ჩამოცვივდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე განთავსებული „მედეას“ ძეგლი დაზიანდა. პიედესტალზე, რაზეც მედეას ქანდაკებაა, მარმარილოს ფილები მოირყა და ძირს ჩამოცვივდა.

ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ბათუმის მერიამ რკინის ღობით შემოსაზღვრა. როგორც „ბათუმელებს“ მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში უთხრეს, ფილების ჩამოცვენის მიზეზები დადგინდება და პიედესტალი თავიდან მოპირკეთდება.

„15 წელია უკვე ეს ძეგლი დგას, მასალა გამომშრალია და შესაძლოა ამიტომ ჩამოცვივდა ფილები. ჩამოვიყვანეთ მერიის კონტრაქტორი ჯგუფი, შპს „კოლეგი 21-ე“, ვინც ძეგლების მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, ეხლა მიმდინარეობს განხილვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ძეგლის რეაბილიტაცია.

განიხილება სამი ვარიანტი, ერთ-ერთი საუკეთესო უნდა შევარჩიოთ. ან მთლიანად უნდა დაიშალოს და თავიდან ავაწყოთ, ან სხვა ვერსია უნდა განვიხილოთ. ტექნიკური საკითხებია და ამაზე მიდის მსჯელობა, დღის ბოლომდე გვეცოდინება რა მიმართულებით ვიმუშავებთ“, – ამბობს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი დევაძე.

მედეას ძეგლიდან ჩამოცვენილი მარმარილოს ფილები.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ევროპის მოედანზე „მედეა“ 2007 წელს დაიდგა, მონუმენტის ავტორი სკულპტორი დავით ხმალაძეა. როგორც ძეგლის აღწერაში ვკითხულობთ, „მედეა“ დასავლეთ საქართველოს რეგიონის კოლხეთის კეთილდღეობის და სიმდიდრის სიმბოლოა. ამბავი ეფუძნება მითს კოლხეთის მეფის, აიეტის შვილის მედეას და ოქროს საწმისის შესახებ.

დაზიანებული ფილები „მედეას“ ძეგლზე. ბათუმი, ევროპის მოედანი.

 

 

ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან

„ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მაიმუნობებთან შედარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მომწონს“, – ეს ამბავი საუბნო კომისიაში ცესკოს მიერ დანიშნულმა ერთ-ერთმა წევრმა „ბათუმელებს“ სრულიად შეუფარავად გაუმხილა და იქვე დასძინა, რომ „მას ინაშვილიც მოსწონს“.

„ოცნება“ – 3, „ნაციონალური მოძრაობა“ – 1, „ევროპული საქართველო“ – 1, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული – 6, ანუ ერთ უბანზე სულ 12 პირი დათვლის ჩვენს ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ. მათზეა დამოკიდებული, რამდენად ობიექტურ და სამართლიან გარემოში წარიმართება საარჩევნო პროცესი და რამდენად ზუსტად იქნება ასახული ამომრჩევლის გადაწყვეტილება კონკრეტული უბნის შემაჯამებელ ოქმში.

კანონის თანახმად და ზემოთ ჩამოთვლილი შემადგენლობითაც სახელისუფლებო პარტიას საუბნო კომისიებში სამი წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა კომისიებში ოლქის წარმომადგენლების „ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, საქმე სხვაგვარადაა.

ბათუმის საოლქო კომისია 99 საარჩევნო უბანს აერთიანებს, რომელთაგან „ბათუმელებმა“ 60-მდე საუბნო კომისიის წევრები გადაამოწმა [სახელობითი სია ცესკომ 21 სექტემბერს გამოაქვეყნა]. ორი კვირის განმავლობაში მონაცემების დამუშავების შედეგად, თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ოლქის წარმომადგენლებად კომისიებში წელსაც ის პირები იმუშავებენ, რომლებიც ამ არჩევნებამდე სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ფორმით – აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიებში „ოცნების“ ინტერესებს იცავდნენ. მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ.

ამის საილუსტრაციოდ, დიდი ალბათობით, ბათუმის ნებისმიერი საუბნო-საარჩევნო კომისია გამოდგება, შეგვიძლია პირველივეთი დავიწყოთ:

ნაილე ფუტკარაძე ბათუმის #1 საუბნო საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიამ წარადგინა, როგორც მიუკერძოებელი, არაპარტიული პირი. მიუკერძოებელი 6 პირის შეყვანას საარჩევნო უბანზე კანონმდებლობა ითვალისწინებს კომისიის დასაბალანსებლად, იმისთვის, რომ კენჭისყრით ან სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების დროს ყველაფერი სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ არ გადაწყდეს.

ნაილე ფუტკარაძე უბნის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.

როგორც „ბათუმელებმა გაარკვია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის ამავე კომისიაში [#1] „ოცნების“ ინტერესებს იცავდა.

ამავე კომისიაში ოლქმა წარადგინა დალი ბოლქვაძეც. ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნების“ წარმომადგენელი იყო ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში.

#4 საუბნო საარჩევნო კომისიაში სოფიო ლაბაძე შეარჩიეს, მას „ოცნებასთან“ თანამშრომლობის უფრო ხანგრძლივი გამოცდილება აქვს: სოფიო ლაბაძე მმართველმა პარტიამ საუბნო-საარჩევნო კომისიაში ორჯერ წარადგინა – 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ამავე უბანზე ოლქმა წარადგინა მაია კობალაძეც, რომელსაც მოგვიანებით კომისიის თავმჯდომარეობაც ჩააბარეს. მაია კობალაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე #73 საუბნო კომისიაში „ოცნებას“ წარმოადგენდა, სამაგიეროდ წელს ნეიტრალური პირის მოვალეობის შესრულება დააკისრეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ოცნების“ ინტერესებს იცავდა ამ საარჩევნო კომისიის [#4] კიდევ ერთი წევრი ნატო ლაკია. საბოლოო ჯამში, „ბათუმელებმა“ დაადგინა, რომ #4 საუბნო საარჩევნო კომისიაში მინიმუმ 6 პირს „ოცნებასთან“ დადასტურებული კავშირი აქვს. 

კიდევ ერთ – ბათუმის #27-ე საარჩევნო უბანზე საოლქო კომისიამ ზვიად თურმანიძე შეარჩია, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე საარჩევნო საუბნო კომისიაში ის „ოცნების“ ინტერესებს წარმოადგენდა. ზვიად თურმანიძე  სოციალურ ქსელში „ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერით გამოირჩევა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ის საჯარო მოხელეა, ბათუმის მერიის სსიპ-ში – „კულტურის ცენტრშია“ დასაქმებული.

ფოტო ზვიად თურმანიძის ფეისბუქიდან, რომელიც 23 სექტემბერს არის გამოქვეყნებული. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე ამომრჩეველს ხვდებიან.

ზვიად თურმანიძე გვარწმუნებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიაში მუშაობისას იქნება ნეიტრალური და ამაში ხელს არ შეუშლის პირადი სიმპათიები მმართველი პარტიის მიმართ:

„არჩევნების დროს, ამ ერთი თვის განმავლობაში, ჩემს მოსაზრებებს არ გამოვხატავ, არც ფეისბუქზე და არც ისე – ოლქიდან დანიშნული პირი ვარ და იმიტომ. ამ ერთი თვის განმავლობაში ყველანაირად აპოლიტიკური ვიქნები. ადრე შეიძლება გამოვხატავდი ჩემს სიმპატიებს ფეისბუქზე, მაგრამ ახლა არა, ამ ეტაპზე თავს ვიკავებ ყოველგვარი პარტიებისგან, რადგან ოლქის წარდგენილი ვარ და ვიცავ მოსახლეობის ინტერესებს. ჩემგან ამ პერიოდში არანაირი მოწოდება და არც მინიშნება არ იქნება“.

ბათუმის #17 საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრად შეარჩიეს ასევე ფიქრია აფაქიძე, ბათუმის საკრებულოში განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარიძის მეუღლე. ირაკლი პატარიძე საკრებულოში „ოცნების“ კვოტით მოხვდა, საჯარო მოხელეა თავად ფიქრიაც, ის ბათუმის მერის წარმომადგენელია თამარის დასახლებაში. ირაკლი პატარიძე ამ დრომდე „ოცნების“ აქტიური წევრი და მხარდამჭერია.

ბათუმის #68-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში კი საოლქო კომისიამ გენადი წულუკიძე წარადგინა.

სქრინი საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საოლქო კომისიის წევრის ფეისბუქგვერდი

„ოცნების“ მიმართ თავის სიმპათიებს სოციალურ ქსელში ისიც აქტიურად გამოხატავს, ხშირად აზიარებს მთავრობის საპიარო მასალებს, მის გვერდზე ხშირად შეხვდებით პარტიის თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის ფოტოებსაც საქებარი მინაწერებით. ცესკოს მასალების არქივის მიხედვით, მას „ოცნებასთან“ გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს. გენადი წულუკიძე „ქართული ოცნების“ წარდგენილი პირი და კომისიის თავმჯდომარე იყო 2017 ადგილობრივი თვითმმართველობის, 2016 წლის საპარლამენტო, 2014 წლის თვითმმართველობისა და 2013 წლის  საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს მაიმუნობებთან შედარებით, რა თქმა უნდა, „ოცნება“ მომწონს, მაგრამ საარჩევნო უბანზე ნეიტრალური ვიქნები; ადრეც მომწონდა, მაგრამ ნეიტრალური ვიყავი – ვინმემ თქვა ასე არ იყოო? მასე მე ინაშვილიც მომწონს“, – გვითხრა გენადი წულუკიძემ სატელეფონო საუბარში.

ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს ხშირად შეხვდებით ტარიელ თებიძის ფეისბუქის გვერდზეც, ის #28-ე საუბნო-საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის წარმომადგენელია, მის გვერდზე ხშირად შეხვდებით პრემიერ გიორგი გახარიას საპიარო მასალებს.

კიდევ ერთი „ნეიტრალური“ წევრის – ტარიელ თებიძის ფეისბუქგვერდი

რატომ მოხდა, რომ „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი პირები ცესკომ კომისიებში „ნეიტრალურ“ პოზიციებზე წარადგინა? – ამ საკითხზე კითხვებს და კრიტიკას ცესკო მისი საქმიანობის და კომისიის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და აცხადებს, რომ როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიები კონკურსის წესით არჩევენ პირებს მათი პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით, კონკურსები კი ღიად და გამჭვირვალედ ტარდება.

ამის მიუხედავად, 2020  წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ თემაზე გაჩენილმა კითხვებმა ერთგვარი უხერხულობა ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიასაც შეუქმნა. მან თავი დაიზღვია და საოლქო, ასევე საუბნო კომისიებს სპეციალური რეკომენდაციითაც მიმართა. ჟვანიამ თქვა:

„…  მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რაც შესაძლოა განიხილებოდეს როგორც რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო ქმედება; მათ შორის სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის გამოყენება პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციისთვის, ასევე პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობა.“

სხვათა შორის, ამ მოწოდების შემდეგ ბევრმა მათგანმა – საუბნო კომისიის ბევრმა წევრმა, საკუთარი ფეისბუქის გვერდი საგულდაგულოდ გაასუფთავა „ოცნების“ საპიარო მასალებისგან. თუმცა ბევრს ამაზეც კი არ ჰქონია რეაქცია.

რა შეეხება გამოცდილებას, რაზეც ცესკო მიუთითებს, სხვადასხვა დროს საარჩევნო კომისიებში თუნდაც ზემოთ ჩამოთვლილი პირებით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ გამოცდილება ნამდვილად დაუგროვდათ, თუმცა სადამკვირვებლო მისიები კვალიფიკაციას  მათ მუდმივად უწუნებენ.

საქართველოში 2012 წლიდან დღემდე ჩატარებული საარჩევნო დოკუმენტებით, მათ შორის ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრების შინაარსით დგინდება, რომ კენჭისყრის დღეს ისეთი დარღვევების დაფიქსირებისას, რომლის შემდეგაც კონკრეტული საუბნო-საარჩევნო კომისიის შედეგების გადასინჯვის ან ბათილობის თაობაზე იწყება მსჯელობა, დღის წესრიგში უმეტესად სწორედ ამ პირების უფლებამოსილების საკითხი დგება.

უბნებზე მივლენილი დამკვირვებლები არამხოლოდ ამ საარჩევნო მოხელეების კომპეტენციაზე აკეთებენ აქცენტებს, არამედ ხშირად ხაზს უსვამენ მათი მხრიდან მიზანმიმართულ და პროვოკაციულ მოქმედებებსაც, დამკვირვებლები წერენ, რომ ისინი ხშირად რეაგირების გარეშე ტოვებენ საფუძვლიან მითითებს დარღვევის შესახებ.

ბევრ მათგანს სხვადასხვა არჩევნების დროს დისციპლინარული პასუხისმგებლობაც დააკისრეს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის საარჩევნო კომისიებში დაბრუნებულიყვნენ – მათ მიმართ ზემდგომი კომისია ყოველთვის ლოიალურია და მკაცრი სანქციის მოთხოვნის მიუხედავად, ძირითადად საყვედურს იყენებს.

2018 წლის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოების შუალედური არჩევნების საიასა და „სამართლიანი არჩევნების“ მომზადებულ ერთობლივ შეფასების ანგარიშში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ  საარჩევნო მოხელეების კვალიფიკაციის დაბალი დონე იწვევს უბნის გახსნის, კენჭისყრის, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევას.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ კითხვის ნიშნების გარეშე არც საოლქო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ჩაუვლია, „ოცნებასთან“ კავშირი აქაც გამოიკვეთა, ამ თემაზე „ბათუმელებმა“ ადრეც დაწერა.

ვინ შეარჩია ცესკომ დამოუკიდებელ წევრებად ოლქებში და ვის რა კავშირი აქვს „ოცნებასთან“

იგივე გადანაწილება გვაქვს საოლქო კომისიებშიც. თავის მხრივ, ცენტრალური კომისია ასევე კონკურსის წესით ირჩევს საოლქო კომისიაში წარსადგენ 5 პირს, რომლებიც თავიანთი უფლებამოსილების ვადით, მუდმივმოქმედ წევრებად ითვლებიან, ხოლო თითო წევრს ოლქში სამუშაოდ ცენტრალური საარჩევნო კომისია [ცესკო] ყოველი არჩევნებისთვის კონკურსის წესით ამატებს.


მთავარი ილუსტრაცია: მარიამ მუთიძე

კოვიდით ინფიცირებული 55 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა – დღევანდელი მონაცემები

დღეს, 6 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 4358 პირს მკურნალობენ – ამის შესახებ დღეს, დილას ბრიფინგზე მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენელმა.  „აქტიური ქეისი გახლავთ 4358“ – განაცხადა მან.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 9 მათგანი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.

ენდელაძემ ასევე ისაუბრა რეგიონების მიხედვით კორონავირუსის შემთხვევების განაწილებაზე. დღევანდელი მონაცემები ასეთია:

  • აჭარა – 348 
  • თბილისი – 99 
  • იმერეთი – 59 
  • სამეგრელო -ზემო სვანეთი – 19 
  • მცხეთა-მთიანეთი – 10 
  • შიდა ქართლი – 4
  • კახეთი – 3
  • გურია – 3 

დანარჩენ რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების ერთეული შემთხვევებია დადასტურებული.

სულ საქართველოში ბოლო 24 საათში 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

ბათუმში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ბოლო 24 საათში ბათუმში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, 68 წლის კაცი, 64 წლის ქალი და 84 წლის კაცი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 68 წლის კაცს COVID 19-თან ერთად ჰქონდა პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

ასეთივე დიაგნოზი ჰქონდა 64 წლის ქალს –  COVID 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლებ დაავადებთან ერთად: ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა.

სამინისტროს ცნობით, 84 წლის კაცს გადატანილი ჰქონდა ინსულტი, მას COVID 19-ის ფონზე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

 

აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა

6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა.

ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში პირველად ფიქსირდება ახალი შემთხვევების კლება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 209 კოვიდ დადებითი პაციენტი. დღეის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობს 470 პაციენტი, მათ შორის, 19 არასრულწლოვანია და 20 ორსული. რეანიმაციაშია 24 პაციენტი.

სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით აჭარაში კოვიდპაციენტებისათვის თავისუფალია 58 საწოლი.

გუშინ, 4 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

საქართველოში 4 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ბოლო 24 საათში

6 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში ბოლო 24 საათში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 58 ადამიანია გარდაცვლილი კოვიდით.

stopcov.gov.ge-ს 6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

______________

ფოტოზე: რესპუბლიკური საავადმყოფოს ექთანი. წყარო: nplg.gov.ge, ციფრული ფოტოგამოფენა„ქართველი ექთნები ეპიდემიის წინა ხაზზე“

Exit mobile version