მთავარი,სიახლეები

ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ისევ აქციებისთვის ემზადებიან

03.12.2020 • 1254
ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ, ისევ აქციებისთვის ემზადებიან

უახლოეს მომავალში ბათუმში შესაძლოა გაჩნდეს კიდევ ერთი ადგილი, სადაც მოქალაქეები ტრანსპარანტებით გამოვლენ და მთავრობისგან პასუხებს მოითხოვენ – აქციას თურქეთში, საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქში დასაქმებული, ახლა სამსახურის გარეშე დარჩენილი ქალები აანონსებენ. ისინი პანდემიის პირობებში ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

მათი პროტესტის მოტივი სოციალური სიდუხჭირეა. ქალები ამბობენ, რომ ამჯერად ოჯახებთან ერთად გამოვლენ და მათი აქცია ხალხმრავალი იქნება.

უსამსახუროდ დარჩენილი ქალები ამბობენ, რომ არ აპირებენ აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ, ამიტომაც საკუთარი პროტესტის გამოსახატად სხვა ადგილს აირჩევენ.

თურქეთში დასაქმებულებს შორის უმეტესობა ქალია. ისინი ამბობენ, რომ მათი ხელფასი ოჯახებში ერთადერთი შემოსავალი იყო.

მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთის საზღვარი პანდემიის მიზეზით ჩაიკეტა, ქალები სამსახურის და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, მთავრობისგან კი გრძელვადიანი პროტესტის შემდეგ მხოლოდ ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და სასურსათო კალათი მიიღეს. მათივე თქმით, სასურსათო კალათი დაახლოებით ერთი თვის სამყოფ პროდუქტი იდო. ამ დახმარების მიღების შემდეგ კი ზუსტად სამი თვე გავიდა.

„ახლობლები დაგვეხმარნენ“, „ფული ვისესხეთ“, „ნაცნობების აფთიაქებიდან წამოვიღეთ წამლები… პროდუქტი“, „ბოლო რესურსიც ამოგვეწურა, ვეღარავის ვთხოვთ დახმარებას“, – ამბობენ ისინი და ამჯერადაც დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ.

„დაგვეხმაროს მთავრობა ან დაგვასაქმოს“, – ამბობენ  თურქეთში დასაქმებული ქალები, რომლებიც დასაქმებულები აღარ არიან.

დარეჯან დიასამიძე მათ შორისაა, ვინც ყოველდღიურად თურქეთში გადადიოდა სამუშაოდ და უსამსახუროდ დარჩა. ის ახლა ახლობლების იმედად ცხოვრობს. ამბობს, რომ საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ სამსახურს ბათუმში ეძებდა:

„ასაკის გამო დამიწუნეს, 48 წლის ვარ. არანაირი შემოსავალი არ მაქვს, ვარ მარტოხელა. ვისესხე ფული ახლობლებისგან, წამლები მჭირდება, რისთვისაც კიდევ უნდა ვისესხო ფული, სხვა გზა არ მაქვს“.

კიდევ ერთი უმუშევრად დარჩენილი ქალის – ციცინო თებიძის თქმით კი, იმ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ხელფასი დაკარგა, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების გარდა მის ოჯახს არანაირი შემოსავალი არ მიუღია:

„როგორ ვცხოვრობთ და ვაი-ვაგლახით. ცხრა თვეში ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და სასურსათო კალათა მივიღეთ. თვეში 100 ლარის მხოლოდ წამალი გვჭირდება, რადგან ამ წამლებზე ვარ დამოკიდებული. ოჯახში 2 არასრულწლოვანი გვყავს“.

ციცინოს განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ისიც, რომ იპოთეკით დატვირთული თავისი ბინა დაგირავებული აქვს, თავად კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

ქალის თქმით, ამ დრომდე თურქეთში მისი ყოფილი დამქირავებელი ეხმარებოდა.

ციცო ქადაგიძის თქმით, მისმა ოჯახმა თავი იმით გაიტანა, რომ მეუღლე სამარშუტო მიკროავტობუსზე მუშაობდა: „ყოველდღიურად  შემოჰქონდა მცირე თანხა, ახლა ისიც უმუშევარი დარჩა. ყველაფერი ჩაიკეტა. რა უნდა ვქნათ?“

კიდევ ერთი ქალი, მზია მჟავანაძე მამასთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. მათი ერთადერთი შემოსავალი მამის პენსიაა. ამბობს, რომ ყველა საარსებო რესურსი ამოწურული აქვს, ამიტომაც დახმარებას მთავრობისგან ელის.

„თურქეთში აღებული ხელფასით ვიხდიდი გადასახადებს და დავალიანებასაც.

ბინა საფინანსო ორგანიზაციაში მაქვს დაგირავებული. დამირეკეს და მითხრეს, რომ თანხას თუ ვერ გადავიხდი, ჩემს საქმეს სააღსრულებლოს გადასცემენ“, – გვითხრა ქალმა.

საქართველო-თურქეთის საზღვარი ოფიციალურად 15 მარტს ჩაიკეტა. თურქეთ-საქართველოს საზღვარს პანდემიამდე ასობით ქალი კვეთა ყოველდღიურად, ისინი მეზობელი ქვეყნის საზღვრისპირა ქალაქებში მომსახურების სფეროში მუშაობდნენ; ასევე სეზონურ სამუშაოზე – ჩაის და თხილს კრეფდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: