მთავარი,სიახლეები

რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

03.12.2020 • 1533
რას გეგმავს ხელვაჩაურის მერია დამეწყრილი ოჯახების დასახმარებლად 2021 წელს

ხელვაჩაურის მერიას 4 ათასამდე მოქალაქე მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანებული კარმიდამოს და საცხოვრებელი სახლის გეოლოგიურ შესწავლას და დროულ რეაგირებას სთხოვს.

12 ნოემბერს ერთ-ერთი დამეწყრილი ოჯახი აჭარის მთავრობის შენობის წინაც აპროტესტებდა ხელისუფლების გულგრილობას და ამბობდა, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა მათი სახლის გასამაგრებლად, სადაც ღამის გათევა სიცოცხლისთვის საშიშია.

„ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიას წერილობით მიმართა და ჰკითხა, თუ რას აპირებს მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად, რამდენი ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს და როდის დაიწყება უშუალოდ სახლების გამაგრებითი სამუშაოები.

ხელვაჩაურის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, ხელვაჩაურში 53 ოჯახი ექვემდებარება განსახლებას, ხოლო 75 ოჯახი გადაყვანილია დროებით საცხოვრებელ გარემოში.

მერიიდან გვწერენ, რომ ყველა ამ ოჯახს მუნიციპალიტეტი უხდის ბინის ქირას და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება ოჯახების ერთი ნაწილის ეკომიგრანტთა პროგრამაში ჩართვა, ხოლო მეორე ნაწილის – საცხოვრებელი სახლების გამაგრება და ფერდდამცავი ღონისძიებების გატარება.

„ბათუმელები“ მერიას სთხოვდა ინფორმაციას იმის თაობაზე, ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ რამდენმა ოჯახმა მიმართა გეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად და რამდენი მოქალაქის თხოვნა დააკმაყოფილა მერიამ.

მერიის ინფორმაციით, ხუთი წლის განმავლობაში მერიას სულ 3 794-მა მოქალაქემ მიმართა.

„ყველა შემთხვევაში ჩატარდა სათანადო კვლევა,“ – წერს ხელვაჩაურის მერია.

რაც შეეხება დამეწყრილი ოჯახების დახმარებას, როგორც მერიიდან მოგვწერეს, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში პრევენციული და ფერდდამცავი ღონისძიებების განხორციელების მიზნით 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც 2 მილიონი კაპიტალური ტრანსფერია აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 1 მილიონი ლარი დაფინანსდება მუნიციპალიტეტის შემოსავლებიდან.

ხელვაჩაურის მერიამ სპეციალური განყოფილება დაამატა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელსაც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან გრანტები უნდა მოეზიდა მეწყრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა როგორც მერიიდან გვწერენ, მათ არ მოუპოვებიათ ამ მიმართულებით გრანტი.

„მოცემულ პერიოდში შესაბამისი მიმართულებით საგრანტო კონკურსი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ არ იყო გამოცხადებული“, – აცხადებენ მერიაში.

2020 წლის ოქტომბერში აჭარაში, სოფელ ჯოჭოში, მეწყრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ისინი გეოლოგიური მდგომარეობის შესწავლას ითხოვდნენ, თუმცა თვითმმართველობის ორგანოებმა შესაბამისი ზომები დროულად არ მიიღეს.

________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/მეწყერი სოფელ ჯოჭოში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: