მთავარი,სიახლეები

კომისია მოამზადებს ვაქცინაციის გეგმას საქართველოში – გახარია

03.12.2020 • 974
კომისია მოამზადებს ვაქცინაციის გეგმას საქართველოში – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს კორონავირუსის ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე.

ამის შესახებ გახარიამ დღეს, 3 დეკემბერს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ თანხა უკვე გადაიხადა ვაქცინის დროულად შემოტანისთვის.

„შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე.

ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის.

ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამრელიძის თქმით, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დამტკიცდება, საქართველო დაახლოებით 600-700 ათას დოზას მიიღებს.  გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ეს მიმდინარე წლის ბოლოს ან მომდევნოს დასაწყისში მოხდება.

გუშინ, 2 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დაამტკიცა Pfizer/ BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა  ფართო გამოყენებისათვის.

დიდ ბრიტანეთში იმუნიზაცია სავარაუდოდ  რამდენიმე დღეში დაიწყება მაღალი პრიორიტეტის მქონე ჯგუფებისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: