მთავარი,სიახლეები

თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე

03.12.2020 • 1845
თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე

„მერია ბაზარში ვაჭრობას გვაიძულებს, სადაც არავინ შედის და გადასახადი თვეში 300 ლარია. ამას ემატება კომუნალური გადასახადები,“- ამბობენ ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე ქაფშიას ყიდიან.

გარევაჭრობა წერეთლის ქუჩაზე. ქაფშიით მოვაჭრეთა პროტესტი. 3 დეკემბერი, 2020 წელი

დღეს, 3 დეკემბერს, დილით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან დაპირისპირების შემდეგ გარემოვაჭრეებმა ეს ადგილი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვეს.

„მოვიდნენ და აგვყარეს, დახლები დაგვიმტვრიეს და სანაგვე ურნებში ჩაყარეს. აი, ჩემი ხელი, ნახეთ, როგორ გადამიგრიხეს,“- ხელზე ჩალურჯებები გვაჩვენა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ, ნინო ღორჯომელაძემ.

ნინო ღორჯომელაძე ჩალურჯებულ ხელს გვაჩვენებს

ნინო და და სხვებიც აქ წლებია ვაჭრობენ. ნინო ამბობს, რომ მერიის შეთავაზებას ვერ დათანხმდება, რადგან გასულ წელს წერეთლის ქუჩაზე გადახურულ ბაზრობაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

„როგორ შეიძლება ყველთან ერთად თევზიც იყიდებოდეს? თანაც, ჩვენი დახლების წინაა ტუალეტი, სიბინძურეა, იქ საერთოდ აღარ შემოდიოდა მყიდველი… ვინ იცის, რამდენი დღე მარტო მაკარონს ვჭამდი და ჩაის. მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ არც ეს სტატუსი მაქვს. ახლა ჩემი შვილი უმაღლესში სწავლობს, ამის ფულიც მოსაგროვებელი მაქვს“,- გვითხრა ნინო ღორჯომელაძემ.

გარემოვაჭრეებმა იქვე ახლოს მდებარე ბაზარი გვაჩვენეს, სადაც მერია მათ მუშაობისკენ მოუწოდებს. ბაზარში დახლები ცარიელი დაგვხვდა. აქ ერთ დახლზე მხოლოდ ყველის მოვაჭრეა.

ცარიელი დახლები ბაზარში

ბაზრის ადმინისტრაციამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. აქ განმარტეს, რომ ეს ბაზარი კერძო საკუთრებაა, ამხანაგობა „მეგობრობას“ ეკუთვნის და ვალდებულება არ აქვთ არც მერიასთან და არც გარემოვაჭრეებთან.

გარემოვაჭრეების თქმით, დაპირისპირების დროს დაზიანდა მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელიც.

„დაზიანდა, მაგრამ ჩვენი ბრალი არ იყო, დახლებს იღებდა და მაშინ იტკინა ხელი,“- დასძინეს გარემოვაჭრეებმა.

ქაფშიით გარემოვაჭრეებმა უკვე ახალი დახლები მოაწყვეს. აქვეა გაჩერებული მუნიციპალური ინსპექციის ავტომანქანა, თუმცა ინსპექციის წარმომადგენლები ადგილზე აღარ ჩანან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: