მთავარი,სიახლეები

რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

04.12.2020 • 3284
რას წერდა კოვიდით გარდაცვლილი 31 წლის ქალი ოჯახს და რას აცხადებენ სამინისტროში

დღეს, 4 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, ბათუმში 31 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შემთხვევას აუდიტის ჯგუფი და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. მისი თქმით, შეისწავლიან იმ მიმოწერას, რომელიც პაციენტს ოჯახის წევრებთან ჰქონდა გარდაცვალებამდე.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხდება გარდაცვალება, ორსულობა მაქვს მხედველობაში და ყველა დედის დანაკარგი არის დიდი ტრაგედია. გარდაცვალების ყველა შემთხვევას რეგულირების სააგენტო და აუდიტის ჯგუფი შეისწავლის, მათ შორის ამ კონკრეტულ შემთხვევასაც.

ის ინფორმაცია, რომელიც დღეს ჩვენ კლინიკიდან გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ ეტაპები, რომელიც გაიარა პაციენტმა არის ის ეტაპები, რომელიც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. ჩაღრმავებულ ანალიზს, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ. გარდაცვალება უკავშირდება ფილტვის მძიმე დაზიანებას. რადგან თანმხლები დაავადებები რასაც შესაძლოა გამოეწვია გარდაცვალება, არ ფიქსირდება, ამ შემთხვევის ღრმა ანალიზიც ჩატარდება“, – ამბობს თამარ გაბუნია.

დღეს დილიდან TV პირველი ავრცელებს გარდაცვლილი ქალის მიერ ოჯახის წევრებისთვის გაგზავნილი სმს-ებს, სადაც გარდაცვლილი წერს, რომ მას ყურადღებას არ აქცევენ და „არ შემოდიან, მხოლოდ 24 საათში ერთხელ“, რომ „უყვირიან“.

შეტყობინებები, რომლებსაც 31 წლის ქალი ოჯახის წევრებს უგზავნიდა. ფოტო: TV პირველი

თამარ გაბუნიას თქმით, ინფორმაციას სჭირდება დადასტურება და გადამოწმება.

„ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტრო არის იმისთვის, რომ პრევენციულად სრულიად გამორიცხულია ასეთი ტიპის, შეუფერებელი დამოკიდებულება პაციენტთან და ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი ტარდება საავადმყოფოებში იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები არ იყოს. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას რაც ვრცელდება, სჭირდება გადამოწმება და ამაზეც სამინისტროს აქვს რეაგირების მექანიზმი“, – ამბობს გაბუნია.

31 წლის ქალი ბათუმში გუშინ გარდაიცვალა. მას რამდენიმე დღის წინ საკეისრო ოპერაცია გაუკეთეს. ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

___

მთავარ ფოტოზე: გარდაცვლილი ქალი და smsის სქრინი, რომელიც ტვ პირველმა გაავრცელა. 

ამავე თემაზე:

ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც ერთი კვირის წინ იმშობიარა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: