განათლება,მთავარი,სიახლეები

ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

03.12.2020 • 2682
ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? – რატომ არ ემატებათ სპეციალურ მასწავლებლებს ხელფასი

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე ყველა პედაგოგს, ვისაც 15 საათი აქვს, 100 ლარი დაემატება ხელფასზე. ვისაც უფრო ნაკლები საათები აქვთ, მათი დანამატი საათების პროპორციული იქნება.

სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას სპეციალური მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ეს არ არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან მათ სახელმწიფომ მთელი წლის განმავლობაში არ მისცა შესაძლებლობა სტატუსი აემაღლებინათ – ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე სპეციალური მასწავლებლები არ მონაწილეობდნენ, შემოდგომის გამოცდა კი გაუქმდა.

„სპეციალურმა მასწავლებლებმა რა დააშავეს ნეტა, მათ შრომას რომ არავინ არაფრად აგდებს“, – წერს ერთ-ერთი პედაგოგი, თიკო სარალიძე სტატიის კომენტარში, რომელიც „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა და მასში საუბარია 100 ლარით მასწავლებლის ხელფასის ზრდაზე.

კიდევ ერთი მასწავლებელი ამავე სტატიის ქვემოთ წერს, რომ სპეცმასწავლებლებს 18 საათიც აქვთ, თუმცა ხელფასი მაინც არ შეესაბამება მათ შრომას. „სამარცხვინო ხელფასი გვაქვს“, – წერს პედაგოგი გვანცა დეკანოიძე.

„მიხარია, რომ საგნის მასწავლებლებს ემატებათ ხელფასი, მაგრამ სპეციალურ მასწავლებლებზე არაფერს ამბობთ? ჩვენ მასწავლებლები არ ვართ? ჩვენი მიზერული ხელფასი სირცხვილი არ არის? ჩვენი ბრალია, რომ სქემაში ჩართვას წლები მოანდომეთ? ჩვენი ბრალია პანდემია? ჩვენი არსებობა ასე არაფრად ღირს ნუთუ განათლების სისტემისთვის, რომ 1800 მასწავლებლის დისკრიმინაციას ახდენთ.

ჩვენი ბრალი არ არის, რომ კიდევ დიდხანს მარადიულ მოლოდინში გვამყოფებთ და რომ ისევ რაღაცა უშლის ხელს ჩვენს გამოცდას. გამოცდის გარეშეც გვეკუთვნის ხელფასის მომატება, ჩვენც გვყავს შვილები, ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ჩვენ გვინდა ჩვენი შრომის დაფასება“, – წერს კიდევ ერთი პედაგოგი.

დღეს, 3 დეკემბერს, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც სპეციალურ მასწავლებლებზეც საუბრობს. თუმცა არსად არ არის ნახსენები ხელფასის ან დანამატის ზრდა 2021 წლიდან.

„ბათუმელებმა“ სამინისტროს ჰკითხა, რატომ არ მოხვდნენ სპეციალური მასწავლებლები იმ კატეგორიაში, ვისაც 100 ლარი უნდა დაემატოს ხელფასზე, თუნდაც პროპორციული გადანაწილებით? სამინისტროს კითხვაზე პასუხი არ გაუცია.

სამინისტროს ოფიციალური პოზიციაა, რომ სპეციალურ მასწავლებლებთან მიმართებაში პოზიტიური ნაბიჯი მაშინ გადაიდგა, როცა ისინი საგნის მასწავლებლებთან გაათანაბრეს და მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემაში ჩართეს.

ამ ცვლილების მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლებს პრაქტიკოსი მასწავლებლების სტატუსი მიენიჭათ და შესაძლებლობა აქვთ, სტატუსი საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე აიმაღლონ.

ბოლო ცვლილების მიხედვით, სპეციალურ მასწავლებელს გამოცდის ჩაბარება მხოლოდ მომავალი წლიდან შეეძლება. თუმცა გამოცდების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის. საქართველოში 1500-ზე მეტი სპეციალური მასწავლებელია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: