Batumelebi | „პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი „პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი – Batumelebi
RU | GE  

„პროგრესელი“ ლანა დავითაძე: ყველას ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი

„როდესაც სამზარეულოში ტრიალებ და ფიქრობ, რომელიმე კერძის ან ტკბილეულის მომზადებაზე, გონებაში გიტრიალებს შედეგი: როგორ გააწყობ სუფრას, როგორ “განალაგებ კერძებს, როგორ მოახდენ სერვირებას, რა სისქის კრემი უნდა იყოს, რომ არქიტექტურულად აეწყოს ნამცხვარი, მდგრადობა შეინარჩუნოს, ლამაზი იყოს და თან გემრიელი. პროფესიად არქიტექტურა ავირჩიე, ამ ასაკში კულინარიაში ვცდი, თუმცა ვხატავ კიდეც, ხაზვაც კარგად გამომდის და ვფიქრობ, დიდ მასშტაბებშიც კარგად გამომივა. დიდი გეგმები მაქვს“, – გვიყვება ლანა დავითაძე, რომელიც ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ მე-12 კლასის მოსწავლეა.

ლანა პროფესიულ ღირებულებებს სამომავლოდ აითვისებს, თუმცა აქედანვე იცის, რომ ორგანიზებული და კომუნიკაბელური იქნება:

“სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ღირებულება ყალიბდება. მსოფლიოში გამოწვეული პანდემიის გამო დღეს უპირველესი საზრუნავი და ღირებულება ჯანმრთელობაა. ალბათ ახალგაზრდებს არასდროს გვიფიქრია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობა და როგორი პრობლემის წინაშე შეიძლება დადგეს გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. რაც შეეხება სხვა ღირებულებებს, ახლანდელი თაობა წარმატებასა და კარიერაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე ოჯახის შექმნაზე, როგორც ეს ჩემი მშობლების თაობაში ხდებოდა. სამშობლოს სიყვარულსაც თავისებურად გამოვხატავთ, თითოეული ჩვენგანის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარებას უწყობს ხელს.”

ლანას ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობის გამო სხვა მოსწავლეების მსგავსად დისტანციურად უწევს სწავლა. ამბობს, რომ მასწავლებლებს ორმაგი ენერგია სჭირდებათ, რომ ონლაინ რეჟიმში გაკვეთილები ისეთივე საინტერესო იყოს, როგორც საკლასო ოთახში.

“სწავლა სკოლის კედლებში უფრო კარგია, მაგრამ დისტანციურადაც ვახერხებთ. კომპიუტერთან მეტი დროის გატარება გვიწევს. ადრე გვიშლიდნენ მშობლები, ახლა ზოგჯერ ჩვენც გვწყინდება კომპიუტერთან ჯდომა. თუმცა პანდემიამ საშუალება მოგვცა ჩვენ, ადამიანებმა, დავაფასოთ ის, რაც გაგვაჩნია. თითოეული მოქალაქე ჩართულია სხვა ადამიანების დახმარებაში, ერთმანეთს თანადგომას უცხადებენ. კარგად დავინახეთ, რომ ერთიანი ძალისხმევის გარეშე ვერ დავამარცხებთ პანდემიას“, – გვიყვება ლანა.

ლანას ისტორიაც ძალიან უყვარს. აინტერესებს თავისი და სხვა ქვეყნების წარსული. მუდმივად ეცნობა, როგორ იქმნებოდა არქიტექტურული ძეგლები, რა ისტორიული მოვლენა ედო საფუძვლად და რა მიზანს ისახავდა. ამბობს, რომ ყველა საზოგადოება და კულტურა თავისებურ წესრიგს აწესებს და ნორმებს კარნახობს ადამიანებს.

„მნიშვნელოვანია თვითგამორკვევა, ინდივიდუალური მიზნების დასახვა და მისკენ სვლა. მნიშვნელოვანია ყოველთვის ვიყოთ ისეთები, როგორებიც ვართ და არავითარ შემთხვევაში არ ვცადოთ საზოგადოებაზე მორგება. თითოეული განსაკუთრებული ვართ და ჩვენი ცხოვრების გზა გვაქვს გასავლელი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი