„არ მიმიტოვებია მაინც გადაღება“, – რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენთან საუბრის დროს ილია ჯიშკარიანმა. ის 16 წლისაა და გუშინ, 21 ოქტომბერს, პირველი ოპერატორი იყო, ვინც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გადაღება დაიწყო. ილია ჯიშკარიანს თავდამსხმელმა სავარაუდოდ ორჯერ ესროლა. ილია ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორია.
ილია ჯიშკარიანს რომ თავდამსხმელმა ორჯერ დამიზნებით ესროლა, ამის შესახებ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიაც ჰყვება: „…დაინახა ფანჯრიდან, რომ ვიღაცა უღებდა და მისი მიმართულებით გაისროლა… ავტომატიდან ისროლა ორი ტყვია მისი მიმართულებით. თუმცა მერე, როცა კონტაქტში შევედით მასთან, – 7 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, რაღაცა კონტაქტი დამყარდა, – რომელიღაცა მძევალმა ჰკითხა, ხომ არ დაშავდა ის ადამიანი, რომელსაც ესროლა. მაგრამ მან თქვა, რომ ისე არ უსვრია, რომ დაშავებულიყო,“ – იხსენებს ირაკლი კვარაცხელია.
ილია ჯიშკარიანი „ბათუმელებთან“ იხსენებს, რომ როცა სროლის ხმა გაიგო, ამ დროს ჟურნალისტთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე ხალხის გამოკითხვას იწერდა.
„გავიგონეთ სროლის ხმა და გავიქეცით. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი, შტატივი არ მქონდა ისედაც წამოღებული“, – გვიყვება ილია ჯიშკარიანი, რომელიც არ დაჭრილა და მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო. – „მივედი და ძალიან ცუდი სიტუაცია იყო უკვე იქ, ბანკს ძარცვავენო, გავიგე.
ბანკის პირველ სართულზე იყვნენ ამ დროს, იატაკზე ჰყავდა დაწვენილი ადამიანები… ნიღბიანი კაცი დავინახე ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული, მიდიმოდიოდა… დაახლოებით სამი წუთი ვიღებდი და მივხვდი, რომ დამინახა, შემხედა და ორჯერ დამიზნებით მესროლა.
არ ვიცი რა ვიგრძენი. როგორია, ვიღაც გიმიზნებს და გესვრის, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი… ჟურნალისტმა გაქცევა მოესწრო ამ დროს, მე კამერას დავტაცე ხელი და მანქანას ამოვეფარე. პოლიციელებიც იქვე იყვნენ, გამოდი, ბიჭო, გამოდიო, ყვიროდნენ… პარკის მხარეს გამომიყვანეს, მერე ხეს ამოვეფარე და ისევ ვიღებდი, არ შემიწყვეტია მე გადაღება… მერე მივხვდი, რომ ცოტა ზურგი მეწვოდა…. ნაკაწრები მქონდა, როგორც ჩანს, რეზინის ტყვია მომხვდა… არ ვიცი, როგორ და საიდან, რასაც ვხედავდი, AKM-ის სისტემის იარაღი დამიმიზნა და მესროლა… ამ დროს სხვა ოპერატორები და ჟურნალისტებიც მოვიდნენ.
გამოძიებას ჯერ არ დავუკითხივარ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი პროფესია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ილია ჯიშკარიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში კიბერდანაშაულის სტატისტიკა მზარდია.
2018 წელს პოლიციამ სულ 1051 კომპიუტერული დანაშაული დაარეგისტრირა, 2019 წელს – 1611, ანუ 53%-ით მეტი, 2020 წელს კი, მხოლოდ იანვარ-აგვისტოში დარეგისტრირდა 1543 კიბერდანაშაული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 26.17%-ით აღემატება.
შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო 2012 წლის დეკემბერში შეიქმნა. ამ ორგანოს ევალება კიბერსივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.
საქართველოს კანონმდებლობით კიბერდანაშაული, იგივე კომპიუტერული დანაშაული, ისჯება სისხლის სამართლის სამი მუხლით:
284 – კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის ან მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის ვადა შესაძლოა 5 წლამდე გაიზარდოს;
285 – კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება ანუ კომპიუტერული პროგრამის ან/და სხვა მოწყობილობის, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისათვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა სსკ-ის კოდექსის 158-ე ან 159-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის მიზნით და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
286 კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, რაც მოიცავს კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანებას, წაშლას, შეცვლას ან დაფარვას, და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
მნიშვნელოვანია, რომ მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, გახსნილი საქმეების პროცენტული წილი ყოველ წელს კლებულობს, მაგალითად, 2017 წელს – 36.73%, 2018 – 8.75%, 2019 – 5.31%, 2020-ის აგვისტოს მონაცემებით, კი – 4.86%.
იხილეთ მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზოგადი ინსტრუქციები ინტერნეტრესურსებით უსაფრთხო სარგებლობის შესახებ:
რომის პაპი ფრანცისკე ერთსქესიანთა კავშირის დაკანონების მომხრეა. ამის შესახებ ის რომის კინოფესტივალზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს, რომელსაც „ფრანცისკე“ ჰქვია. ფილმი ოსკარზეა ნომინირებული. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
„ჰომოსექსუალებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ოჯახები. ისინი ღვთის შვილები არიან და ამის უფლება აქვთ. ამის გამო არავინ უნდა იყოს უბედური. უნდა მივიღოთ კანონი სამოქალაქო კავშირზე, ასე ისინი კანონით იქნებიან დაცულები“, – ამბობს დოკუმენტურ ფილმში რომის პაპი.
როგორც ბრიტანულ გამოცემასთან რომის პაპის ბიოგრაფი, ოსტინ ივერი ამბობს, ეს იყო მისი ყველაზე ნათლად გამოხატული აზრი ლგბტ თემის საკითხებისადმი იმ დროიდან, რაც პაპად ეკურთხა: 2013 წლიდან დღემდე.
იეზუიტი სასულიერო პირი, მარტინ ჯეიმსი Reuters– სთან ამბობს, რომ პაპ ფრანცისკეს ღია და საჯარო მხარდაჭერა ერთსქესიანთა კავშირისადმი ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს ეკლესიისა და ლგბტ თემის ურთიერთობის საკითხებში, რაც ერთგვარი მინიშნებაა იმ ეპისკოპოსებისა და საეკლესიო მმართველებისთვის, რომლებიც ერთსქესიანთა კავშირების დაკანონების მოწინააღმდეგეები არიან.
კონსერვატორი კათოლიკეები რომის პაპისგან განცხადების განმარტებას ითხოვენ. როდ-აილენდის შტატის, პროვიდენსის ეპისკოპოს ტომას ტობინის განცხადებაში, მაგალითად, ნათქვამია, რომ პაპის განცხადება ერთსქესიანთა კავშირებზე ეკლესიის სწავლებას ღიად ეწინააღმდეგება და „ეკლესია ვერ დაუჭერს მხარს ამორალური კავშირების დაკანონებას“.
დოკუმენტურ ფილმში „ფრანცისკე“ ნაჩვენებია პაპის დამოკიდებულება მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემებისადმი, მისი ურთიერთობა მიგრანტებთან, ლტოლვილებთან და მისი დამოკიდებულება სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე, ლგბტ თემის საკითხებზე.
22 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან 5 აჭარაში. გარდაცვლილია 4 კაცი და ერთი ქალი. კოვიდით გარდაცვლილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის იყო.
81 წლის კაცი, 49 წლის ქალი და 40 წლის კაცი „ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. 66 წლის კაცი – კლინიკა „მედინაში“, ხოლო 60 წლის კაცი – ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.
22 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მთავრობის მონაცემებით, 22 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ქვეყანაში 381 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის, თბილისში – 48, აჭარაში – 12.
წინასაარჩევნო პროგრამებს და გზავნილებს თუკი გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეკომიგრანტების შესახებ იქ არაფერი წერია. კანდიდატები, რომლებსაც ახლა არჩევნების მოგება სურთ, ირწმუნებიან, რომ ეკომიგრანტების პრობლემა მნიშვნელოვანია – მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და ოპოზიციაში თანხმდებიან, რომ კომპენსაცია, რასაც ეკომიგრანტები სახელმწიფოსგან იღებენ, მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. კანდიდატების პასუხი სხვადასხვაგვარია იმაზე, თუ რატომ აუარეს მათ გვერდი ეკომიგრანტებს. „არჩევნებს რომ მოვიგებთ, მერე დავამატებთ პროგრამაში,“ „სტიქია ისეთი რამეა, როდის რა მოხდება, არაფერი იცი“, ან კიდევ: „ახალ წლამდე მოვიფიქრებთ“, – გვიპასუხეს კანდიდატებმა.
რას უნდა ელოდონ პოლიტიკოსებისგან ის ადამიანები, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობენ? – „ბათუმელებმა“ 5 პოლიტიკური ძალის: „ქართული ოცნების“, „გაერთიანებული ოპოზიციის“, „პატრიოტთა ალიანსის“, „ლელოს“ და „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებთან ინტერვიუები ჩაწერა. რადგან აჭარა საქართველოში ერთ-ერთი აქტიური მეწყერსაშიშია რეგიონია, ჩვენ ძირითადად ამ პოლიტიკური სუბიექტების მაჟორიტარობის კანდიდატებს ვესაუბრეთ ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში.
„ქართული ოცნება“: ფული ისეთი თემაა, მალე გაქრება… ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ
ბატონო ანზორ, წინასაარჩევნო პროგრამაში არაფერი გიწერიათ ეკომიგრანტების შესახებ, თუმცა ალბათ ყოველდღიურად არაერთ ეკომიგრანტს ხვდებით აჭარის სოფლებში. აჭარის მთა მეწყერსაშიში ზონაა. რას ეუბნებით ამ ადამიანებს?
პირველი რიგის ამოცანაა, რომ გამოვნახოთ ყველა რესურსი და მთა არ დაგვეცალოს. უნდა ჩავატაროთ ის სამუშაოები, რაც კონკრეტული ოჯახისთვისაა საჭირო, ფერდსამაგრი იქნება თუ სხვა. მეორე თემაა, როცა ეკომიგრანტები არიან გადასული სხვა მუნიციპალიტეტში და იქ მიმდინარეობს ქონების გადაცემის სამუშაოები ქულების შესაბამისად. ეს პროცესი მიდის, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეს დასაჩქარებელი და დასახვეწია, რადგან ადამიანი, რომელიც წლებია იქ ცხოვრობს და სახლი, სადაც წლებია ცხოვრობს, მისი საკუთრება არ არის, მასაც იმედი ეწურება. ამ წუთში 25 ათასი ლარი გაიცემა ეკომიგრანტებზე იმისთვის, რომ ახალი სახლი იყიდონ. ჩემი წინადადება იქნება, რომ ეს 25-ათასლარიანი პროგრამა მიუღებელია, რადგან ამ ფულით არაფერს ხელი არ ეწყობა.
ეკომიგრანტებისთვის გამოყოფილი ეს თანხა უნდა გაიზარდოს? თუ ეს ასეა, რამდენით უნდა გაიზარდოს და რის ხარჯზე?
რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს. აჯობებს, ხუთი სახლის შეძენას ოთხი შეიძინო და ნაღდი იყოს. უნდა მოხდეს კონკრეტული დათვლა, რამდენია საჭირო… მეორე თემაა, რომ მოსახლეობის ნაწილს დაურიგდა 5 ან 10 ათასი ლარი ერთჯერადი დახმარების სახით, მაგრამ იქ მეწყერი ისევ განვითარდა, ისევ პრობლემაა. ეს შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ. ასე შესაძლოა ფული მისცე ოჯახს, კმაყოფილი იყოს იმ მომენტისთვის, მაგრამ საქმე არ გაკეთდება, ფული ისეთი თემაა, მალე გაქრება და საქმე დარჩება გაუკეთებელი. ეს ფული, რაც გაიცა, საჩუქრად უნდა ჩაეთვალოს. როდესაც გადაწყდება ფინანსური დახმარება ოჯახზე, რეალობა უნდა იყოს გეოლოგის დასკვნა, შემდეგ რაც ხარჯთაღრიცხვით ჯდება, ის უნდა გავაკეთოთ.
ანზორ ბოლქვაძე
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ერთგან არის საუბარი სტიქიაზე: „პირველად საქართველოში სტიქიური რისკის პრევენციის მიზნით დაინერგა ადრეული გაფრთხილების სისტემებიო“. რა ადრეულ სისტემაზეა საუბარი, იქნებ განმარტოთ? ჯოჭოს ტრაგედიამ აჩვენა, რომ ოჯახებს წლების განმავლობაში აქვთ გეოლოგების დასკვნები და მათთვის ხელისუფლებამ ვერაფერი შეცვალა – ცოცხლად დაიმარხნენ ადამიანები.
სტიქია არის ისეთი რამ, როდის რა მოხდება, ადამიანმა არაფერი იცის. დღეს, როცა გერმანიის დახმარებით აჭარის მთიან სოფლებში წყლის და კანალიზაციის სისტემა ეწყობა, ეს არის ზუსტად პრევენცია, ამით შეიზღუდება სტიქია, რადგან ეს კეთდება წესების გათვალისწინებით. პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ სანიაღვრე არხები, ბეტონი ხელს უწყობს სტიქიის განვითარებას.
ჩვენ ვნახეთ ახალი გზები ქვედა ჯოჭოში, სადაც ტრაგედია დატრიალდა, სანიაღვრე არხების გარეშე.
გზებზე სანიაღვრე არხები უნდა გაკეთდეს, ეს აუცილებელია. წყალი, რომელიც მიშვებულია, ყველგან მეწყერს გამოიწვევს, ყველგან იქნება ეს თემა და, რა თქმა უნდა, სანიაღვრე არხებიც ახლა შესაძლოა ერთ ადგილას არ იყოს გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი სანიაღვრე არხი კეთდება. მე შემიძლია ქედაში, შუახევსა და ხულოში ეს თემები ფიზიკურად გაჩვენოთ. ეს ყველაფერი ხელს უწყობს იმას, რომ მეწყერი არ განვითარდეს… რაც შეეხება ქვედა ჯოჭოს, მე მოვიძიე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ამ ოჯახს გეოლოგების დასკვნა ჰქონდა, მაგრამ ეს არ მოიძებნა.
თუ იყავით ქვედა ჯოჭოში, ნახავდით დაღუპული ოჯახის მეზობლებს, რომლებსაც წლების წინ გაცემული დასკვნები აქვთ.
როგორ არ მომხდარა რეაგირება, შეიძლება ასე ყველაფერზე ილაპარაკო, მაგრამ ღმერთი ზეიდან იყურება. გზა მიიყვანეს, წყალი მიიყვანეს, რაც დასჭირდა მისცეს და ახლა მეწყერი თუ განვითარდებოდა, ამის წინასწარი მონაცემები არავის ჰქონდა… უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სოფლებში, სადაც სახლებია აშენებული, არავის აქვს გეოლოგის დასკვნა. მშენებლობის დაწყების მომენტისთვის არავინ არავის არაფერს ეკითხება. თუ მშენებლობას გააჩერებ, ყველაზე დიდი მტერი შენ ხარ – აშენებს და შენ არ აშენებიებ. შესაძლოა, იმ ადგილზე, სადაც სახლი არსებობდა, საერთოდ არ იყო ასაშენებელი, ესეც უნდა მოვიკითხოთ. ეს თემები არსებობს და ვისაც უნდა ეწყინოს და ეტკინოს, უნდა გავითვალისწინოთ.
მიგაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად რეაგირებს ეკომიგრაციის პრობლემაზე, ქვედა ჯოჭოს მაგალითზე რომ ვთქვათ? მე გკითხეთ რეაგირების გარეშე დარჩენილ გეოლოგის დასკვნებზე, გზაზე, რომელსაც სანიაღვრე არხი არ აქვს…
არ ვიცი ახლა ნამდვილად, ხელვაჩაურის თემაში არ ვარ მე ისეთ სიახლოვეში, რომ გიპასუხოთ. არც ისაა სწორი, რომ ხელმძღვანელისკენ პირდაპირ ხელი გაიშვირონ, შესწავლა უნდა ამ ყველაფერს, პასუხსაგები თუ არის, არავის თავზე ხელს არ გადაუსვამენ.
სექტემბერში ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს წაბლანელებმაც. ამ სოფელში 1989 წელს მეწყერმა 21 ოჯახი ჩაიტანა. მოსახლეობა ამბობს, რომ არჩევნებზე საერთოდ არ მივლენ, რადგან ბინები კი აშენდა მათთვის, მაგრამ რემონტის ხარჯი არ აქვთ.
ეს მათი გადასაწყვეტია, თუ არჩევნებზე არ მივლენ. ყველა წაბლანელმა ძალიან კარგად იცის, რომ როცა არჩილ ხაბაძესთან ეს წინადადება განიხილებოდა, პროექტი იყო თუ რაც იყო, ყველაფერი გავაკეთე, ქველმოქმედებასაც მივაღწიეთ, ჩემი წინადადება იყო ეს, რომ კორპუსები აშენებულიყო. იმის მერე, ხელშეკრულების შიგნით რა გააფორმეს, რაზე შეთანხმდნენ, ეს იყო ამხანაგობა, ეს არის შემდეგი საკითხი.
ბინების რემონტთან არჩევნები რა შუაშია? რადგან არჩევნებია, ამიტომ მიტინგიდა ჩაატარო? ამისთვის მაგიდასთან უნდა დაჯდე და მოილაპარაკო. მაინც და მაინც არჩევნები რომ არის და იმას დაუდრი, ასეც არ არის. სახლი რომ საერთოდ არ იყო და ავაშენე, მაშინ კაი კაცი ვიყავი და ახლა, დღესდღეობით რომ შეიცვალა სიტუაცია, ცუდიდა ვიყო? მე რომ ახლა რამეს დავპირდე წაბლანელებს, ამას კანონი მიკრძალავს. მე, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. არჩევნების შემდეგ დავსხდებით და დავილაპარაკებთ. პირველად ვხვდები მაგათ და ვუსმენ თუ? მე მაგათ ძალიან დიდ პატივს ვცემ.
[yellow_box] „ლელო“: როგორც კი 31 ოქტომბერს „ლელო“ გავიმარჯვებთ, პირველ-ორში ჩვენს საარჩევნო პროგრამას დაემატება ეკომიგრანტების ნაწილი [/yellow_box]
კითხვებს ჯამბულ ხოზრევანიძე პასუხობს, „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში. ჯამბულ ხოზრევანიძე ასევე არის „ლელოს“ საპარლამენტო სიის 25-ე ნომერი.
ბატონო ჯამბულ, როგორია „ლელოს“ ხედვა, როგორ უნდა მოგვარდეს ეკომიგრანტების პრობლემები და რა პოლიტიკა უნდა გატარდეს პრევენციისთვის?
მე ვიყავი ოკუპირებული ტერიტორიების, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ასევე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე. შესაბამისად, ეკომიგრანტების პრობლემები ჩემთვის არახალია. ეს პრობლემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ მწყობრი პროგრამა ვერ შეიმუშავა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს პრობლემა.
არც თქვენს პროგრამაშია ნახსენები ეკომიგრანტების პრობლემები.
როდესაც ეკომიგრანტების თემატიკა დავამუშავეთ, ეს ცოტა გვიან მოხდა, პროგრამა უკვე დაბეჭდილი იყო, ვერ მოხდა დეტალური განხილვა და შეტანა პროგრამაში. ჩვენ ეს პრობლემები დეტალურად ვიცით: საქართველოში 31 ათასზე მეტი ეკომიგრანტია, აქედან დაკმაყოფილებულია მხოლოდ 11 ათასი. იქაც მთელი რიგი პრობლემებია, სადაც ჩაასახლეს. ეს ადამიანები ძირითადად პრობლემებთან მარტოდ არიან. ესენი არიან გასული საუკუნის 90-იან წლებში გადასახლებულები, რომლებსაც დღესაც არ აქვთ დაკანონებულ სახლები. ზოგიერთი ეკომიგრანტი იქ 2000 წლის შემდეგ გადავიდა და ახლა სთხოვენ შესაბამის დოკუმენტაციას, გეოლოგიის დასკვნებს. ზოგჯერ მათ ნასახლარებზე ბალახია ამოსული, აღარაფერია… ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთიანი სისტემა უნდა შეიქმნას და ისე მოგვარდეს პრობლემა.
აქამდე იყო მთავარი პრობლემა ფინანსების ნაკლებობა და ზედაპირული, ზერელე დამოკიდებულება. როგორც იცით, ეკომიგრანტები იყოფიან კატეგორიებად. ჩვენ თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, მაგალითად, მესამე და მეოთხე კატეგორიის ადამიანებს, მალე შესაძლოა, ისინიც პირველი კატეგორიაში შევიდნენ, ანუ საშიში გახდეს მათთვის კონკრეტულ ადგილზე ცხოვრება. ამიტომაც, სასწრაფოდ არის დასაწყები სამუშაოები, ეს იქნება ფერდსამაგრი, თუ სახურავებიდან ჩამონადენი წყლებისთვის სწორი მიმართულების მიცემა, რაც იწვევს ასევე ეროზიას.
მეორე პრობლემაა ეკომიგრანტები, რომლებიც სხვაგან ჩავასახლეთ. მათ აქვთ სახლების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა. არ აქვთ სახნავ-სათესი მიწა და ამიტომაც ჩამოვიდნენ „ოცნების ქალაქში“, ეს არის არასწორი პოლიტიკის შედეგი.
ჯამბულ ხოზრევანიძე
თქვენც იყავით მინისტრის მოადგილე. რატომ არ გადაეცით ეკომიგრანტებს მიწა და სახლი საკუთრებაში?
მე როდესაც ვიყავი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე, ზუსტად 7 თვეში შევიძინეთ 184 სახლი. ეს იყო 2004 და 2005 წლებში. დღემდე წალკაში შეძენილია სულ 500-მდე სახლი, ანუ ფაქტობრივად შემდეგი 16 წლის განმავლობაში, რაც მე იქ არ ვარ, შეძენილია 316 სახლი.
საკუთრებაში გადაცემის შესახებ მე შევადგინე, იქ იყო გაწერილი კრიტერიუმები და ჩვენ ავტომატურ რეჟიმში გადავცემდით ოჯახს სახლს. იქ გვეწერა, რომ შიდამიგრაცია არ უნდა მომხდარიყო და მეპატრონეს არ ჰქონდა ამ სახლის გაყიდვის ან გასხვისების უფლება, ვიდრე შვილები სრულწლოვანი არ გახდებოდნენ, ეს იყო მიზეზი… მიწების გაფორმებაზეც, როგორც ვიცი, პრობლემაა გადაფარვა, რადგან ამ დრომდე მიწების ერთიანი რეესტრი არ არსებობდა.
გაქვთ თუ არა დათვლილი – რამდენი ფული იქნება საჭირო ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყოველწლიურად და რა დროში შეძლებთ მის მოგვარებას?
ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბაზრო ღირებულებიდან გამომდინარე უნდა მივცეთ ადამიანს ფული, როცა ეუბნები, რომ უნდა დატოვოს მამაპაპისეული ქონება, იმ მოცემულ მომენტში რაც ეღირება, ის უნდა მივცეთ. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 500 ოჯახის დაკმაყოფილება უნდა შევძლოთ, რომ 4 წელიწადში მეტწილად გადავწყვიტოთ ეკომიგარანტების პრობლემა. რაც შეეხება თანხებს, ჩვენ ძალიან დიდ დანაზოგს მოვიზიდავთ. მაგალითად, პროგრამაში გვიწერია, რომ სათამაშო ბიზნესი უნდა დაიბეგროს უფრო მეტად და შემოსული თანხა მოხმარდეს განათლებას.
ეკომიგრანტებისთვის სად ნახავთ ფულს და რამდენი იქნება ამისთვის საჭირო ყოველწლიურად?
თუ ჩვენ გვეყოლება მცირე და ეფექტური მთავრობა, რამდენიმე ათეულ მილიონს დავზოგავთ. ჩვენ გვაქვს მარეგულირებელი კომისიები, რომლის თავმჯდომარეებსაც 24 ათას ლარზე ნაკლები ხელფასი არ აქვთ, ამათ ეკონომიის ხარჯზე დაიზოგება თანხა. ახლა მე რომ ვთქვა ერთი ან მეორე თანხა, ეს იქნება არასწორი. ვფიქრობთ, რომ 25 ათას დოლარზე ნაკლები არ უნდა მიიღოს ეკომიგრანტმა, რომ სრულფასოვნად შეძლოს მისთვის მისაღები სახლის შეძენა. 25 ათასი ლარი, რასაც დღეს ვაძლევთ ეკომიგრანტებს, არის სადღაც 7-8 ათასი დოლარი და ამ ფასად ვერ იყიდი სახლს. ეს არის ზედაპირული დამოკიდებულება და პრობლემა რჩება პრობლემად.
რატომ უნდა დაიჯეროს ამომრჩეველმა, რომ ამას შეძლებთ? თქვენ იყავით სააკაშვილის და „ოცნების“ ხელისუფლებაშიც გადაწყვეტილების მიმღები პირი.
შეგიძლიათ ნახოთ არქივში – 2005 წელს, როცა ჩავთვალე, რომ არ მომწონდა იმდროინდელი პოლიტიკა, დავაფიქსირე ჩემი პროტესტი გადაცემა „დროებაში“ და წამოვედი. ამ ხელისუფლებაშიც მე არ ვემსახურებოდი „ოცნებას“. მე ვიყავი საჯარო მოხელე და ვემსახურებოდი ქვეყანას. ორივეჯერ მე წამოვედი მოქმედი ხელისუფლებიდან და არა გადამდგარ ხელისუფლებიდან. როცა სახლებს ვერ ვუფორმებდით ადამიანებს, ეს იყო ჩვენი დაპირისპირების რეალური მიზეზი მაღალჩინოსნებთან. ჩემი ოჯახი თავად იყო ეკომიგრანტი, ჩვენ 1981 წელს გადაგვასახლეს ასპინძაში… ამიტომაც, მე ეს პრობლემები კარგად ვიცი, მესმის ამ ადამიანების, ვიცი, რამდენად რთულია, როცა ცხოვრება გიწევს ახლიდან, როცა პრობლემების წინაშე რჩები მარტო.
რა გამორიცხავს, რომ იგივე არ მოხდება ახლაც, მით უმეტეს, „ლელო“ საარჩევნო პროგრამით არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს ეკომიგრანტებთან?
გაძლევთ პირობას, რომ როგორც კი 31 ოქტომბერს „ლელო“ გაიმარჯვებს, პირველ-ორში ჩვენს პროგრამაში დაემატება ეს ნაწილი. პრეზენტაციის დროს გვქონდა მსჯელობა, მაგრამ ვერ მოესწრო ეკომიგრანტებზე დამატება, უბრალოდ კი არ დაემატება, არამედ შეივსება.
„ლელოში“ არიან ენერგიული ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ რეპუტაცია, ისინი არ არიან გარეული პოლიტიკურ სიბინძურეში, რასაც ამდენი ხანია ვუყურებთ. ჩემი მიზანია, ამ ახალგაზრდებთან ერთად ჩემი იდეები განვიხილოთ. იმედი მაქვს, 4 წლის თავზე ეკომიგრანტების რაოდენობა იქნება მკვეთრად შემცირებული. ვერ ვიტყვი, რომ აღარ იქნება პრობლემა, მაგრამ ვიპოვით გამოსავალს.
[red_box] „პატრიოტთა ალიანსი“: მარჩიელობა რომ არ დავიწყო, ახალ წლამდე მეცოდინება ყველაფერი [/red_box]
ბატონო ზორბეგ, რას უნდა ელოდნენ ეკომიგრანტები თქვენგან? წინასაარჩევნო პროგრამაში თქვენც არაფერი გიწერიათ ამ ადამიანების შესახებ.
ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ადამიანმა აქ ცხოვრება შეძლოს. აქ მინიმუმ ისეთი გზებია, ტანკით უნდა იარო. სოფელს ვერ ნახავ, სადაც წყლის პრობლემა არაა… ეკომიგრანტებს რაც შეეხება, წალკაში მცხოვრები ადამიანების შესახებ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მათი იქ დამაგრების შესახებ, რა უნდა გაკეთდეს, ჩემთვის უცნობია. მიწები რომ ჰქონდეთ, აი ერთი ჰექტარი მიწა რომ ჰქონდეს ხულოელი გლეხს, ის არსადაც არ წავა. იქედან თუ ვინმე აქ ჩამოვიდა, ეს არის უმიწობის პრობლემა. როგორც ვიცი, სახელმწიფოს დაწყებული აქვს ბინების მშენებლობა, თუმცა როგორ მიმდინარეობს ეს მშენებლობები, ჩემთვის უცნობია. ჩემი აზრით, ძალიან ცოტაა 25 ათასი ლარი, რითაც ეკომიგრანტებს ეხმარებიან, ყველაზე ცოტა 30 ათასი დოლარი უნდა იყოს.
საიდან მოიტანთ თქვენ ამ თანხას?
შესწავლა უნდა ამ ყველაფერს. მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ ფული გაცემულია ისეთ ოჯახებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან დაზარალებული, მაგრამ ფული აიღეს და ისევ იქ ცხოვრობენ. ასე, ზეპირად რომ გაგცე პასუხი, არ ვიქნები მე მართალი. ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ სიღრმისეული შესწავლის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს გადაწყვეტილება, რომ პირველი რამდენიმე წელი არ ავიღებთ არც პრემიას და არც დანამატს. ამ გზით დაახლოებით 300 მილიონი დაიზოგება წლის განმავლობაში. ეს სავსებით საკმარისია ეკომიგრანტებისთვის.
მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის აპირებთ ფულის დახარჯვას? სხვა დაპირებები?
რა თქმა უნდა, ბიუჯეტში არის ცალკე თანხა, მაგალითად, სოციალური დახმარებისთვის, ესეც შესასწავლია. გაუგებარია, ოჯახს როცა ორი ავტომანქანა აქვს და იღებს სოციალურ დახმარებას და მეორე ოჯახს, ახლობელმა რომ გამონაცვალი სარეცხი მანქანა აჩუქა და დახმარება მოუხსნეს…
იქნებ კონკრეტულად გვითხრათ, რას უნდა ელოდოს თქვენგან ეკომიგრანტი?
მარჩიელობა რომ არ დავიწყოთ, მოდით, შევისწავლით და შემდეგ გაგცემთ პასუხს. მე არ ვიცი, რამდენი ადამიანია ეკომიგრანტი, რომელი კატეგორიის ზონებში ცხოვრობენ. რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე მაღალი საფრთხის შემცველი რაიონებიდან უნდა მოხდეს მოსახლეობის გამოყვანა. არ ვიცი, ამას რა თანხა დასჭირდება, არ ვენდობი ამათ შესწავლას.
რატომ არ შეისწავლეთ ეს პრობლემა, როგორც ოპოზიციონერმა?
მე სულ ორი თვე მქონდა ვადა, როცა მაჟორიტარობის კანდიდატად დამისახელეს. ორ თვეში ამას როგორ შევისწავლიდი? საარჩევნო კამპანია ვაწარმოო, თუ ეს გავაკეთო? მე ვიძლევი პირობას, რომ ახალ წლამდე შედეგს დავდებ, ახალ წლამდე მეცოდინება ყველაფერი.
რა შეგიძლიათ გვითხრათ, მაგალითად, „ოცნების ქალაქზე“, სადაც ეკომიგრანტებიც ცხოვრობენ. თქვენ როგორ მოაგვარებდით ამ პრობლემას?
ეს პრობლემა უნდა მოგვარებულიყო მაშინ, როცა იქ ცხოვრობდა 200 ოჯახი და ეს 2 ათასი, ან 3 ათასი არ გახდებოდა. 200 ოჯახის დახმარებას ნამდვილად შეძლებდა სახელმწფო, დროულად რომ მიეხედა ამ პრობლემისთვის.
ზორბეგ ბერიძე
„ევროპული საქართველო“: „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთ სახელმწიფომ ქონება უნდა გადასცეს
კითხვებს ეკომიგრანტების პრობლემებზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე პასუხობს
ბატონო სერგი, თქვენს წინასაარჩევნო პროგრამაში არაფერი წერია ეკომიგრანტების შესახებ. რას უნდა ელოდონ ეს ადამიანები თქვენგან?
პროგრამაში ყველაფერს ვერ გავწერთ, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, ეკომიგრანტებზე… ეკომიგრაცია არის ძალიან სერიოზული პრობლემა აჭარაში და არა მხოლოდ აჭარაში. მნიშვნელოვანი და მთავარია ამ ადამიანების სტატუსის განსაზღვრა და შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება სტატუსის შესაბამისად. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეკომიგრანტების ბაზებიც კი არ არსებობს. არც ის ვიცით, ზუსტად რამდენი ასეთი ადამიანია, სად ცხოვრობენ და ასე შემდეგ.
სერიოზული პრობლემაა ასევე საკუთრების ნაწილი. ჩვენი მიდგომაა ზოგადად, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება გადაეცეთ ადამიანებს, თემებს და მუნიციპალიტეტებს. ვფიქრობ, რომ ეკომიგრანტებსაც უნდა გადასცენ საკუთრებაში ქონება, სადაც ისინი ცხოვრობენ.
არგადაცემის არგუმენტი არის ის, რომ ეკომიგრანტმა ვერ შეძლოს სახელმწიფოსგან გადაცემული სახლის გასხვისება და იმავე პრობლემის წინაშე ისევ არ აღმოჩნდეს.
ვფიქრობ, ეს არის პიროვნული თავისუფლების ამბავი. თუ აძლევ მას საკუთრებას, უნდა მისცე. რაც თქვენ დაასახელეთ, ეს არის ბუნებრივია პრობლემა, მაგრამ ჩვენ არ გვგონია, რომ მსგავსი ირიბი შეზღუდვები უნდა არსებობდეს. ეს არასწორია.
ეკომიგრანტები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. შესაბამისად, ვფიქრობთ, ბიუროკრატიული ხარჯების მაქსიმალური შემცირებით, უნდა მოხდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფის, მათ შორის, ეკომიგრანტების სოციალური დახმარებების გაორმაგება. რაც მთავარია, ისინი უნდა იყვნენ ჩართული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სერგი კაპანაძე
გაქვთ თუ არა მიახლოებით მაინც დათვლილი, რა დაჯდება დახმარების გაორმაგება და რის ხარჯზე შეძლებთ ამ დაპირების შესრულებას?
მარტო ეკომიგრანტების ციფრი არ მახსოვს, ჯამურად ჩვენი სოციალური პაკეტი, პენსიონერები, შშმ პირები და ასევე ეკომიგრანტები, მოიცავს 3.8 მლრდ ლარს. ამ ციფრში ეკომიგრანტების კომპონენტი ძალიან მცირეა, მაგრამ ჩვენი ხედვა არის მასშტაბური. ჩვენ ამ დახმარებების გაორმაგებას შევძლებთ ბიუროკრატიული და არასაჭირო თანხების შემცირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მცირე კომპენსაცია, რომელიც ეკომიგრანტებს არ უკმაყოფილებს ინტერესს, არ უნდა იყოს შეთავაზებული, როგორც ალტერნატივა იმ საცხოვრებელი სახლისა, სადაც აღარ აქვთ ცხოვრების პირობები.
ჩვენ გავაორმაგებთ არსებულ კომპენსაციებს და დახმარებებს რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით: ვამბობ ბიუროკრატიულ და არასაჭირო ხარჯებს, რადგან ვინმეს არ ეგონოს, საჯარო სამსახურის შემცირებას ვაპირებთ. აქ იგულისხმება ძირითადად ავტოპარკით დაწყებული, რბილი ავეჯით დასრულებული შესყიდვების შემცირებას, ასევე იმ პროგრამების შეჩერება, რომელთა შესრულებაც არ ქმნის არანაირ დოვლათს და გამოიყენება იმისთვის, რომ მთავრობამ მასთან დაახლოებულ ჯგუფებს, ბიზნესებს მისცეს ფული. ამგვარი პროგრამების შეჩერება გამოიწვევს სოციალური პროგრამების გაზრდას.
როგორია თქვენი პარტიის მიდგომა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე? ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მეწყერსაშიშ ზონებში ჰესების მშენებლობამ, თანაც შესაბამისი კვლევების გარეშე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეკომიგრანტების პრობლემები.
საქართველო, რაც დრო გადის, მოიხმარს უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას და გვაქვს ფუნდამენტური ეროვნული ინტერესი, რომ არ ვიყოთ ენერგეტიკის მხრივ რუსეთზე დამოკიდებული, საკუთარი რესურსების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა მიმაჩნია, რომ ჰესების მშენებლობა პირდაპირ უნდა იყოს შეთანხმებული ადგილობრივ მცხოვრებლებთან იმ ადგილებში, სადაც ეს ჰესები შენდება და სადაც ის პოტენციურად პრობლემებს უქმნის თემებს. თუ ამის წინააღმდეგია მოსახლეობა, მაშინ იქ ჰესი არ უნდა აშენდეს, მაგრამ სახელმწიფოს ამოცანა უნდა იყოს, რომ ჰესი აშენდეს. არ შეიძლება, სახელმწიფომ უარი თქვას მასშტაბურ ჰესებზე.
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ცხოვრობს არაერთი ეკომიგრანტი. უმრავლესობით რომ მოხვიდეთ, რას შეცვლიდით მათთვის?
ეგ არის პრობლემა, რომელიც სპეციფიკურია, ერთი კონკრეტული დასახლებაა. აქ მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება, ვისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს ამის მოგვარება. ჩემი აზრით, კერძო საკუთრებაში სახელმწიფო ქონების გადაცემა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. უნდა გადავცეთ პირდაპირ… უნდა მივყიდოთ თუ სხვა ფორმით, ეს არ ვიცი ზუსტად, მაგრამ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ქონება არ არის დოვლათის შემქმნელი, ის უნდა გადავიდეს კერძო საკუთრებაში.
მაგრამ „ოცნების ქალაქის“ შემთხვევაში საუბარია თვითნებურად შეჭრაზე, ზოგიერთი მათგანი ეკომიგრანტიც არ არის… არ ფიქრობთ, რომ თქვენი ეს მიდგომა წაახალისებს სახელმწიფო ქონების თვითნებურად მისაკუთრებას?
არა, აქ საუბარია ფორსმაჟორზე. შესაბამისად, ვისაც ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწია, ის უნდა იქნას დაკმაყოფილებული, მას ალტერნატიული ფართობი უნდა შესთავაზონ… ჯობია, კონკრეტულმა მოქალაქემ იხეიროს, ვიდრე მთავრობამ და მერე უაზროდ დახარჯოს ეს ფული. მერე ის მოქალაქე გაყიდის ქონებას, რაც კერძო საკუთრებაში გადავა. მაინცა და მაინც სახელმწიფომ რატომ უნდა იხეიროს ამ საკუთრებით?
[red_box] „ნაციონალური მოძრაობა“: „იფიქრეს, რომ მილიარდერი ივანიშვილი დაეხმარებოდათ“ [/red_box]
კითხვებს მიშა ბოლქვაძე პასუხობს, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ხულოში, შუახევში, ქედასა და ხელვაჩაურში
ბატონო მიშა, „ოცნების“ ხელისუფლება ამაყობს იმით, რომ ახალი საცხოვრებელი კორპუსები აუშენეს ეკომიგრანტებს. თქვენ რის გაკეთება შეძელით ეკომიგრანტებისთვის?
ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აშენდა ეს ბინები და მერე აქციები დასჭირდათ. კარგია, რომ არაერთი ოჯახი დაკმაყოფილდა… ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მოვასწარით ყველა ოჯახის დაკმაყოფილება, ხოლო „ქართული ოცნებისგან“ პირობის შესრულება საერთოდ ვერ ვნახეთ. ჩვენს დროს ბევრ ადგილას იყვნენ შესახლებულები და გადაეცათ ბინა საკუთრებაში აჭარისწყალზე, მაჭახლისპირში… შემდეგ გაჩნდა „ოცნების ქალაქი“ და რვა წელია ხელისუფლებისგან ისმის მხოლოდ დაპირება, ერთი ნაბიჯიც არაა გადადგმული.
„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ „საცხოვრებელი ბინები გადაეცემათ ეკომიგრანტებს, ბარაკებში და ოცნების დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს“. რომელი კატეგორიის ეკომიგრანტები მიიღებენ საცხოვრებელს და რა დაჯდება ეს?
პირველ რიგში, აქ მოვიაზრებთ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ 1800 ოჯახს, მათ შორის, იმ ოჯახებს, რომლებიც ეკომიგრანტები არ არიან, მაგრამ ძალიან უჭირთ… ჩვენ ასევე ვაპირებთ საცხოვრებლით დავაკმაყოფილოთ კიდევ 1000 ოჯახი, რომელიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს და აქვს გეოლოგის დასკვნა. თითოეული ოჯახისთვის ვაპირებთ 50 ათასი ლარის დახარჯვას. აშენდება საცხოვრებელი კორპუსი და გადაეცემათ საცხოვრებელი ბინები. აქ საუბარია ასევე მრავალშვილიან ოჯახებზე, ბარაკებში მცხოვრებ ადამიანებზე. გარდა ამისა, პერიოდულად უნდა მოხდეს თანხის გამოყოფა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ ფერდსამაგრი სამუშაოები, დამცავი კედლები და ასე შემდეგ.
მაგრამ ეკომიგრანტი დაახლოებით 30 ათასია ქვეყანაში. რას უნდა ელოდონ ისინი და რაც ჩამოთვალეთ, ამისთვის ფულს სად ნახავთ?
ჩვენ უნდა მოვსპოთ კორუფცია და პირადი კომფორტისთვის ბიუჯეტის ხარჯვა. მაგალითად, თუკი უმაღლეს საბჭოს ახლა ემსახურება 14 ავტომანქანა, უნდა მოემსახუროს მხოლოდ ერთი ავტომანქანა, ისიც მხოლოდ სტუმრის გადასაადგილებლად. მილიონები დაიხარჯა წყლის სისტემებში მუნიციპალიტეტებში და წყალი არ აქვს მოსახლეობას.
ამომრჩეველი არ გეუბნებათ, გუშინ იყავით ხელისუფლებაში და გაგეკეთებინათ იგივე, რასაც ახლა ამბობთო? „ოცნების ქალაქის“ ბათუმში გაჩენაც ხომ ამას აჩვენებს, რომ თქვენ თავის დროზე ვერ მოაგვარეთ ეკომიგრანტების პრობლემები?
ხელვაჩაურის მაგალითზე გეტყვით, რომ არაერთ ოჯახს გადავეცით თანხა 10-15 ათასი ლარი, მაგრამ ალბათ ეს არ იყო საკმარისი ან არამიზნობრივად ხარჯავდნენ. ფაქტია, რომ მათ ეს პრობლემა არ მოუგვარდათ.
რაც ვერ მოაგვარა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მაგის პასუხისმგებლობა აიღო 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“. რვა წელია გასული და რა შეიცვალა? ჩვენ ამ რვა წლის განმავლობაში გავაანალიზეთ, დავთვალეთ და პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, რომ ყველა დავაკმაყოფილოთ, რაც ვერ მოვასწარით 2012 წლამდე. ჩვენ ხომ იგივე არ უნდა ვიმეოროთ, რომ „ოცნება“ იყო ხელისუფლებაში და რატომ არ დაგაკმაყოფილათო. ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ჩვენ ერთხელ ჩვენი მოსახლეობა ჭაობიდან ამოვიყვანეთ და სამწუხაროდ, ბევრი კარგი და კეთილი საქმე ვერ მოვასწარით, მათ შორის, ყველა ეკომიგრანტის დაკმაყოფილება. მათ უნდოდათ უკეთესობა და გადაწყვიტეს, რომ მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაეხმარებოდა ხალხს, მაგრამ 8 წლის ბოლოს ყველა დარწმუნდა, რომ ასე არ მოხდა.
მიშა ბოლქვაძე
მთავარი ფოტო: თედორაძეების ოჯახი, რომელიც მეწყრის შედეგად ცოცხლად დაიმარხა საკუთარ სახლში
მსოფლიო პრესის სატირულ-იუმორისტული ნახატების ყოველწლიური, რიგით მე-15 კონკურსი World Press Cartoon 2020 წელს პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში ჩატარდა. ფესტივალის ძირითადი გზავნილი პრესისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა.
გერმანელი ილუსტრატორი, ფრანკ ჰოფმანი, რომლის კარიკატურამაც ბორის ჯონსონზე გრანპრი დაიმსახურა, მიიჩნევს, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება მსოფლიოში ამჯერად შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.
„თუ დააკვირდებით, გაზეთები სულ უფრო იშვიათად ან საერთოდ აღარ ბეჭდავენ სატირულ ილუსტრაციებს. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა. საქმე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ეხება, გაზეთებში ეს ჟანრი უკვე იგნორირებულია, თუ ზოგიერთ სახელმწიფოში კარიკატურა ცენზურას ექვემდებარება, ეს ძალიან პრობლემური რამაა,“ – ამბობს ფრანკ ჰოფმანი. მისი კარიკატურა ბორის ჯონსონზე გამოცემა Eulenspiegel-ის 2019 წლის ნოემბერის ნომერში დაიბეჭდა.
ბორის ჯონსონი/მხატვარი ფრანკ ჰოფმანი
კონკურსზე წარდგენილი ათასობით ნახატიდან 2019 წელს შექმნილი 280 კარიკატურა შეარჩიეს. კონკურისის მონაწილე მხატვრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2019 წელს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, ცენზურის დიდი ტალღა იყო.
„პრესის თავისუფლების შეზღუდვა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს კარიკატურაზეც, ამ ჟანრში დახელოვნებული მხატვრების დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, ზოგი ცენზურას დაექვემდებარა, ზოგიც დააკავეს, არიან კარიკატურისტები, რომლებიც აიძულეს თავად წასულიყვნენ. ვფიქრობ თავისუფალ ადამიანს შეუძლებელია არ უყვარდეს იუმორისტული ნახატი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ კარიკატურის ჟანრი, საჭიროა საზოგადოებამაც გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანი ეს,“- ამბობს კონკურს World Press Cartoon – ის დირექტორი, ანტონიო ანტუნეში.
პრესის თავისუფლება, კლიმატის ცვლილება მიგრაციული კრიზისი და აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომები – ამ ძირითად თემებზე იყო შექმნილი კარიკატურები, რომლებიც საკონკურსოდ შეარჩიეს. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების თემას ეხმაურებოდა კარიკატურა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსის მეორე პრიზი მიიღო და ბრაზილიელ მხატვარს, კაუ გომეშს ეკუთვნის, ეს კარიკატურა ბრაზილიურ გაზეთ A Tarde-ში დაიბეჭდა.
სი ცზიმპინი/მხატვარი: კაუ გომეში
მხატვარი განმარტავს, რომ ნამუშევარი ჩინეთის აღმავლობას ეხმაურება, რაც მისი აზრით აღელვებთ პრივილეგირებულ ამერიკელებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იმპერიად მიიჩნევენ.
„ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასა და ნაკლებად პრივილეგირებულ ქვეყნებზე აისახება სწორედ ის უკუჩვენებები, რაც აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომებს ახლავს თან,” – ამბობს კაუ გომეში.
წელს პირველად კარიკატურების კონკურსზე ინტერნეტში გამოქვეყნებული ილუსტრაციაც გაიტანეს, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორს, კრისტინ ლაგარდს ეხებოდა. ნახატი ანიმაციების ჰოლანდიურ პლატფორმაზე Cartoon Movement-ზე გამოქვეყნდა პირველად და კონკურსის მესამე პრიზი მიიღო.
ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორი, კრისტინ ლაგარდი/მხატვარი: პედრო სილვა
მისი ავტორი, კარიკატურისტი პედრო სილვა ამბობს, რომ რახან ეს ჟანრი გაქრობის პირასაა, აუცილებელია შეიქმნას ილუსტრაციების, კარიკატურებისა და შარჟების ინტერნეტპლატფორმები მკითხველთა და დამთვალიერებელთა იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ამბის გადმოცემის ეს სატირული ფორმა მოსწონს.
მეორე პრემია მიიღო ესპანურ გაზეთ Mundiario-ში გამოქვეყნებულმა, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟარ ბოლსონაროს კარიკატურამ, რომლის ავტორიც მხატვარი დარიოა.
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟიარ ბოლსონარო/მხატვარი: დარიო
ნომინაციაში Gag Cartoon პირველი პრიზი მიანიჭეს ბერძენ მხატვარს გეორგოპოლისს ნახატისთვის ,,გზავნილი ბოთლში”.
გზავნილი ბოთლში/მხატვარი: გეორგოპოლისი
ამავე ნომინაციის მეორე პრიზი ერგო ნიკარაგუელი მხატვრის, Px Molina-ს ნახატს ,,პოპულიზმი”
პოპულიზმი/მხატვარი: Px Molina
მესამე პრიზი კი მიიღო ხორვატიელი კარიკატურისტის ნახატმა „ახალი მსოფლიოს ლიდერები”.
ახალი მსოფლიოს ლიდერები/მხატვარი: ლისტი
კატეგორიაში: „სარედაქციო კარიკატურები” პირველ ადგილზე გავიდა თურქი ავტორის, აიტოსის „მსოფლიო პოლიტიკა”.
მსოფლიო პოლიტიკა/მხატვარი: აიტოსი
მეორე ადგილი მიიღო კაუ გომესის ზემოთ მოცემულმა ნახატმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ცზიმპინის გამოსახულებით.
მესამე პრიზი ერგო ბერძენ მხატვარს, კონტურისს, ნახატისთვის ,,სამაშველო და ყვითელი ჟილეტები”. ნახატი ბერძნულ გაზეთებში Efimerida-სა და Syntakton-ში გამოქვეყნდა.
სამაშველო და ყვითელი ჟილეტები/მხატვარი: კონტურისი
კონკურს World Press Cartoon 2020 -ის საუკეთესო ნამუშევრები პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში იქნება წამოდგენილი 15 ნოემბრამდე – კულტურისა და კონგრესის ცენტრში.
„ქობულეთში დაყაჩაღებული მანქანა საქართველოს ბანკს არ ეკუთვნის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ბანკში.
კადრებში, რომელსაც TV 25 ავრცელებს, ჩანს საქართველოს ბანკის ფილიალი, რომელიც შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც.
არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 55 ათასი ევრო. თუმცა ამ თანხის ოდენობა სხვა არც ერთი ოფიციალური წყარო არ ადასტურებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ძარცვის მუხლით, თუმცა შს სამინისტრო თანხის ოდენობას ჯერჯერობით ვერ აზუსტებს.
____
გუშინ, რამდენიმე საათის განმავლობაში, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მათგანი, ირაკლი კვარაცხელია, „მთავარს“ ვიდეოზარით ჩაერთო, თავდამსხმელთან ერთად ოთახში 19 მძევალი იმყოფებოდა. ირაკლი კვარაცხელიამ გუშინ საღამოს დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა მძარცველს ფული მიუტანა და ისინი თავდამსხმელთან ერთად შენობას ტოვებენ. თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
გასული 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დღეს გამოვლენილი 1595 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს 563 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335,
ქვემო ქართლში – 77,
შიდა ქართლში – 69,
გურიაში – 53,
სამეგრელო და ზემო სვანეთში – 42,
კახეთში – 17,
მცხეთა-მთიანეთში – 26,
სამცხე-ჯავახეთში – 24,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0.
21 ოქტომბრის დღის პირველი ნახევრის მონაცემებით, 3 155 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 584, აჭარაში – 646.
მძიმე პაციენტი გვყავს 381, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 79.
საქართველოს მთავრობის მონაცემებით, 1 848 პირი არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 144 – აჭარაში, ხოლო 555 – თბილისში. 7 164 პირი მკურნალობს ბინაზე, კარანტინშია 4 408 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 939, აჭარაში – 2 221.
31 ოქტომბერს თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რაოდენობა 7-ზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო კომისია ჩაითვლება სპეცჯგუფად და ჩაატარებს კენჭისყრას. საუბნო საარჩევნო კომისიაში სულ 12 წევრია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით:
„თუ კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდა, საუბნო საარჩევნო კომისიები ჩაითვალოს სპეციალურ ჯგუფებად (შემდგომში – სპეცჯგუფი) გარდაქმნილად და სპეცჯგუფს მიეცეს უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.
სპეცჯგუფის კვორუმად განისაზღვროს არსებული შემადგენლობის უმრავლესობა და სპეცჯგუფის წევრებისთვის ფუნქციების მინიჭება განხორციელდეს თავმჯდომარის მიერ წილისყრის გარეშე.
თუ კენჭისყრის დღეს აღმოჩნდება, რომ არსებული სპეცჯგუფის შემადგენლობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ჩატარებას, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია დაუყოვნებლივ იკრიბება და განკარგულებით არსებულ შემადგენლობას ამატებს სპეცჯგუფის იმდენ წევრს, რამდენიც უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას“.
„2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის მორიგი/აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგი/საკრებულოების შუალედური/მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების სპეციალურ ჯგუფებად შესაძლო გარდაქმნის შესახებ“ დადგენილება ცესკომ 21 ოქტომბერს მიიღო და ის დღეიდან, 22 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
„დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში,“ – აღნიშნულია ცესკოს დადგენილებაში.
ბათუმის მერია მეორად საბავშვო კარუსელს განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე უპირობოდ ყიდის. წინა აუქციონზე გასაყიდი ფასი 22 ათასი ლარი იყო, ამჯერად კი, გასაყიდი ფასი 16 500 ლარია [ბიჯი 250 ლარი]. აუქციონის მონაწილემ ამ თანხის ნახევარი – 8 250 ლარი, ბეს სახით, წინასწარ უნდა გადაიხადოს. აუქციონი 2 ნოემბერს დასრულდება.
აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან 15 დღის ვადაში, ხოლო აუქციონზე შეძენილი ქონების ღირებულება შემძენმა სრულად უნდა დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში.
აუქციონის მიხედვით, „გამარჯვებულს გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს (სრულ ღირებულებას) და საგარანტიო თანხას/„ბე-ს“ ოდენობას შორის არსებული სხვაობის მითითებულ ვადაში სრულად გადახდის შემთხვევაში, ხოლო თუ წარმოდგენილია საბანკო გარანტია (საგარანტიო ფურცელი), საბანკო გარანტია უბრუნდება უკან, მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდის შემთხვევაში“.
ამასთან, „თუ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადაიხადეს ბე, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში [და ამ მიზეზით აუქციონი არ შედგება], აუქციონში მონაწილეობისთვის გადახდილი ბე სრულად ირიცხება ბათუმის ბიუჯეტში.
ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ გადახდილი ბე სრულად ირიცხება ბათუმის ბიუჯეტში ასევე, თუ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ან განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ან, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა“ და ბათუმის საკრებულოს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული წესი და პირობები.
რამდენად სწრაფად იღებთ სამედიცინო მომსახურებას კორონავირუსის პანდემიის პირობებში? გთხოვთ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში და თითოეულ შეკითხვაზე დააფიქსიროთ თქვენი პასუხი.
საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული პირი თუ სასაზღვრო პუნქტში წარადგენს ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის საბუთს, ის კარანტინის ნაცვლად დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას.
შესაბამისი ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში დღეს, 21 ოქტომბერს, შევიდა და დღესვე ამოქმედდა.
უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს თუ PCR კვლევის საბუთი არ ექნება, მას სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევს.
ახალი ცვლილებით:
„უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას;
PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადასვლას“.
PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის მქონე „პირის მიერ ივსება სპეციალური განაცხადი ვებგვერდზე – www.stopcov.ge განთავსებული ელექტრონული აპლიკაციის მეშვეობით.“ – აღნიშნულია კანონში.
კანონში არ არის დაზუსტებული, რომ PCR კვლევის დამადასტურებელ საბუთში კვლევის შედეგი უნდა იყოს უარყოფითი, რომ პირი კარანტინის ნაცვლად გადავიდეს თვითიზოლაციაში. ან რა ხდება მაშინ, როცა შედეგი არის დადებითი. „ბათუმელები“ განმარტებისთვის საქართველოს მთავრობას დაუკავშირდა.
„თუ უცხოეთიდან ჩამოსული პირის PCR კვლევის შედეგი იქნება დადებითი, ამ შემთხვევაში ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის წარმომადგენლები საზღვარზე გადაწყვეტენ – ამ პირმა მკურნალობა კოვიდკლინიკაში გააგრძელოს, კოვიდსასტუმროში თუ თვითიზოლაციაში, ანუ ბინაზე“ – გვითხრეს მთავრობის ცხელ ხაზზე.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ იმის შესახებ, რომ 21 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ქვეყანაში PCR ლაბორატორიაში აღებული ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე შემოვიდნენ და გადაინაცვლონ თვითიზოლაციაში, გუშინ, 20 ოქტომბერს განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება 15 ოქტომბერს დააანონსა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თუმცა მან ამ წესის ამოქმედების ვადად ნოემბერი დაასახელა.
პანდემიის საწყის ეტაპზე სომხეთში კორონავირუსის ბევრად მეტი შემთხვევა იყო დარეგისტრირებული, ვიდრე საქართველოსა და აზერბაიჯანში ერთად. COVID19-ის დადასტურებული შემთხვევებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში სომხეთი კვლავ პირველ ადგილზეა [68 530], შემდეგ მოდის აზერბაიჯანი [46 593], შემდეგ კი საქართველო [21 208]; თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობით საქართველო სომხეთის სტატისტიკას მიუახლოვდა.
20 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში 1 351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სომხეთის მაჩვენებელზე [1 896] დაახლოებით 500-ით ნაკლებია.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი აქტიური შემთხვევა სომხეთშია – 18 190, შემდეგ საქართველოში – 12 033, ბოლოს კი აზერბაიჯანში – 5 503.
საქართველოში ახალი შემთხვევების დიდი მატება სექტემბრის თვეში დაიწყო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 172 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში სომხეთში გარდაიცვალა 20 ადამიანი, საქართველოში – 14, აზერბაიჯანში კი – 7. აქტიური შემთხვევების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გლობალური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ჰაერის დაბინძურებამ თითქმის ნახევარი მილიონი ბავშვის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია მათი სიცოცხლის პირველ თვეში. ჩვილების უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში იმყოფებოდა. ჰაერის დამაბინძურებლების ზემოქმედება საზიანოა ნაყოფისთვისაც. მას შეუძლია გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ახალშობილის დაბალი წონა.
ორივე ეს ფაქტორი ასოცირდება ახალშობილთა მაღალ სიკვდილიანობასთან – ამის შესახებ გლობალური ჰაერის მდგომარეობის 2020 წლის ანგარიშში წერია, რომელიც მოიცავს ჰაერის ხარისხისა და ჯანმრთელობის დონეების, ტენდენციების მრავალმხრივ ანალიზს ყველა ქვეყნისთვის.
“მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქალები, რომლებიც წვრილი ნაწილაკებით დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ქვეშ არიან ქრონიკულად, უფრო მეტი რისკი აქვთ გაუჩნდეთ შვილი ძალიან მცირე წონით ან ძალიან ადრე (ნაადრევი მშობიარობა). ეს ბავშვები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელი რიგი გართულებების უდიდესი რისკის წინაშე არიან და ეს ასახულია ჩვილების ჯანმრთელობის ტვირთის შეფასებაში, მათი ცხოვრების პირველი თვის მანძილზე”, – ვკითხულობთ კვლევის ანგარიშში.
მიიჩნევა, რომ ჰაერის დაბინძურება ორსულ ქალზე და მის ნაყოფზე ზემოქმედებს იმგვარად, როგორც, მაგალითად, თამბაქოს მოხმარრება, რაც ნაადრევი მშობიარობის საკმაოდ ცნობილი რისკფაქტორია. “ერთი სარწმუნო მექანიზმია – დამაბინძურებელ ნაწილაკებს ან მათ კომპონენტებს შეუძლიათ გადაადგილდნენ ფილტვების მემბრანებზე და გადავიდნენ სხეულის სხვა ნაწილებზე. ეს ნეგატიურ გავლენას ახდენს პლაცენტის ფუნქციასა და ნაყოფზე. მეორე ის არის, რომ დამაბინძურებლებმა შეიძლება გამოიწვიონ სისტემური ანთება ან ჟანგვითი სტრესი, რაც გავლენას ახდენს როგორც ორსულის, ასევე მისი ბავშვის ჯანმრთელობაზე”, – წერია კვლევაში.
მსოფლიოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მიზეზი შემთხვევათა 20%-ში ჰაერის დაბინძურებაა, რაც უმეტესწილად მცირე წონით გამოწვეულ გართულებებსა და ნაადრევ მშობიარობას უკავშირდება.
COVID19 პანდემიის შედეგად მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოლექტიური საზრუნავის/პრობლემის სათავეში მოექცა. თუმცა ჰაერის დაბინძურება, რომელიც “მსოფლიოს მასშტაბით, ნაადრევი სიკვდილიანობის რიგით მე-4 რისკის ფაქტორია და რომელსაც სიკვდილიანობის რისკის ფაქტორებში მხოლოდ მაღალი არტერიული წნევა, თამბაქოს მოხმარება და არასწორი კვება უსწრებს”, კვლავ იგნორირებულია მსოფლიოს ბევრ ნაწილში.
როგორც ბოლო თვეებში შევიტყვეთ, ძირითადი ზიანი, რაც ჰაერის დაბინძურებამ ჩვენს რესპირატორულ და კარდიოვასკულარულ ჯანმრთელობას მიაყენა, ადამიანები უფრო მოწყვლადი გახადა COVID 19-ის შედეგების მიმართ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვერი გაცილებით უფრო მავნედ ზემოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე ჰაერის ნებისმიერი სხვა დამაბინძურებელი – “მტვრის მყარი ნაწილაკების კომპონენტებს წარმოადგენს სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, ნახშირბადი, მინერალური მტვერი და წყალი, რომლებიც ჰაერში შეწონილ მდგომარეობაში არსებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებების მყარი და თხევადი ნაწილაკების რთული ნარევისგან შედგება”.
ჰაერის ხარისხისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შეფასებისთვის გამოიყენება მტვრის მყარი ნაწილაკების დიფერენციაცია ფრაქციებად მათი აეროდინამიკური დიამეტრის ზომის შესაბამისად. კერძოდ, PM10 (ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით 10 მკმ) და PM2.5 (ნაწილაკები აეროდინამიკური დიამეტრით 2.5 მკმ). სწორედ ეს უკანასკნელნი მიიჩნევა ყველაზე საშიშად ჯანმრთელობისთვის, რადგან შესწევთ უნარი შეაღწიონ ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში და ხელი შეუშალონ ჰაერცვლას ფილტვებს შიგნით. საქართველოში ჰაერში PM10 მტვრის ნაწილაკების შემცველობა იზომება და ის ძალიან ხშირად აჭარბებს ზღვრულ ნორმას. მაგალითად, საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს 14 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] მაჩვენებელმა 63,41 შეადგინა, რაც ცუდი მაჩვენებელია. ცუდია, ასევე მყარი ნაწილაკების [PM2,5] შემცველობაც – 27,26.
2019 წელს, ჰაერის დაბინძურებამ მსოფლიოში მე-4 ადგილი დაიკავა სიკვდილიანობის მთავარ რისკფაქტორებს შორის, რის შედეგადაც თითქმის 6,75 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა ნაადრევად.
ბათუმში, ადლია-კახაბრის დასახლებაში, მიწის 9 ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობიან აუქციონზე ყიდის. ნაკვეთების საერთო ფართობი 14 759 კვ/მ-ია, მათი გასაყიდი საწყისი ფასი კი, ჯამში, 1 567 000 ლარი.
ნაკვეთების ფართობები 917 კვ/მ-იდან 5015 კვ/მ-მდეა, გასაყიდი საწყისი ფასი კი – 100 ათასიდან 502 ათასამდე ლარი. თითოეული ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში მომავალმა მესაკუთრემ არანაკლებ 200-300 ათასამდე ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სამინისტროს ინფორმაციით, „აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა წარმოების ან/და დახურული ტიპის საწყობი უნდა აამოქმედონ. თითოეულ ობიექტზე დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე“.
აუქციონების პირობების მიხედვით, ამ ნაკვეთებზე ინერტული მასალების წარმოება იკრძალება. აუქციონები 2020 წლის 28 ოქტომბერს დასრულდება.
საერთო პირობები თითქმის ყველა ნაკვეთისთვის იდენტურია [გარდა საბანკო გარანტიისა და საინვესტიციო ვალდებულებისა].
გამარჯვებული საბოლოო საპრივატიზებო საფასურს აუქციონის დასრულებიდან 3 ეტაპად გადაიხდის და სრულად 2022 წლის 20 სექტემბრამდე დაფარავს.
გამარჯვებულს ასევე ევალება:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი „სამრეწველო ზონა 1“-ის შესაბამისი საწარმოს (წარმოების ხაზი, გარდა ინერტული მასალების წარმოებისა) მშენებლობის ნებართვის მიღება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში, საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა/ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 36 თვის ვადაში საწარმოს ამოქმედება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა შეადგენდეს საქართველოს მოქალაქეებს;
დასაქმებულთა რაოდენობისა და საწარმოს პროფილის შენარჩუნება ობიექტის ამოქმედებიდან არანაკლებ 15 წლის განმავლობაში;
პროექტში არაუგვიანეს 36 თვის ვადაში შესაბამისი ოდენობით ინვესტიციის განხორციელება.
აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი მიწის ნაკვეთები
ადლია-კახაბერში სამინისტრო კიდევ ერთ ნაკვეთს ყიდის 11 270 ლარად, რომლის ფართობი 135 კვ/მ-ია, თუმცა – უპირობოდ. აუქციონში აღნიშნულია, რომ გასაყიდ ნაკვეთზე მდებარეობს მომიჯნავე ნაკვეთზე განლაგებული შენობა-ნაგებობის კედელი.
განმეორებით აუქციონზე იყიდება ასევე მიწის ნაკვეთი, რომელიც ახალსოფელში მდებარეობს. 5 440 კვ.მ მიწის ნაკვეთის საწყისი გასაყიდი ფასი ამჯერად 370 ათასი ლარია. 9,5 ათასი ლარით ნაკლები, ვიდრე წინა აუქციონზე.
„დაბეჯითებით გეუბნებით, რომ ეს პანდემია არ გათავდება ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში, ხუთ თვეში და შესაძლოა არც ერთ წელიწადში. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი, როცა ვირუსი თანდათან დასუსტდება და პანდემია სხვადასხვა გათვლებით ერთ წელიწადში შესაძლოა ჩაქრეს. ამასობაში ჩვენ გვიწევს მასთან ერთად ცხოვრება. ამას უნდა მივეჩვიოთ,“ – აღნიშნა დღევანდელ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.
ამირან გამყრელიძის თქმით, „შიდსი უკვე ჩაანაცვლა კოვიდმა,“ რადგან კორონავირუსით მსოფლიოში დაავადებულთა 10 პროცენტი მძიმე შემთხვევაა, 1 პროცენტი – კრიტიკული.
„…ვნახეთ, რომ უკვე 10 თვეა ვერ მოხდა გარღვევა, ვერც მკურნალობაში, არც ვაქცინა არ არის მიყვანილი ბოლომდე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ფართო საზოგადოებაში… რჩება აქტიურად ეს ხუთი პრევენციული ღონისძიება, მათ შორის პირველი არის პირბადე,“ – თქვა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 21 ოქტომბერს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის აჭარაში – 369.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა – გარდაიცვალა 14 ადამიანი, მათ შორის ერთი 30 წლამდე ახალგაზრდა.
21 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში 7 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ ღამით გარდაიცვალა 90 წლის ქალი, მას პნევმონია ჰქონდა და გულის ქრონიკული უკმარისობა, აორტის სარქველის მძიმე სტენოზი, არტერიული ჰიპერტენზია; ასევე 62 წლის ქალი, რომელსაც ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, თანმხლები დაავადება კი – თირკმლის უკმარისობა.
ბათუმის სამედიცინო ცენტრში დღეს დილით გარდაიცვალა 75 წლის კაციც, მასაც პნევმონია დაუდგინეს და გულის უკმარისობა, აორტული სარქველის ნაკლოვანება, არტერიული ჰიპერტენზია. ამავე კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 წლის ქალიც, რომელსაც ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, 78 წლის ქალს კი აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და პნევმონია.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ღამით გარდაიცვალა 73 წლის ქალი, რომელსაც ჰქონდა პნევმონია და რესპირატორული დისტრეს სინდრომი, მეინინგიომა, პოლინეიროპათია, 54 წლის კაცს კი, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, ასევე სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავადება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებში მკურნალობს 637 ადამიანი, მათ შორს, 24 არასრუწლოვანია და 30 ორსული, რენიმაციაში მოთავსებულია 84 პაციენტი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 11, გამოჯანმრთელდა 301 პაციენტი და ჯამში გამოჯანმრთელებულების რაოდენობაა – 5684 პაციენტი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მდგომარეობით რეგიონში 56 თავისუფალი საწოლი არსებობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 21 208-მდე გაიზარდა.
ბოლო რამდენიმე თვეა ანოსმია ანუ ყნოსვის დაკარგვა მნიშვნელოვნად უკავშირდება COVID 19-ს. აპრილის თვეში ჯანმომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ოფიციალურად შეიტანა COVID 19-ის სიმპტომების ჩამონათვალში. ანოსმიის მაჩვენებლები SARS-COV-2-ის დადებით პაციენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება კვლევებში და 30-70% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის ყნოსვის დაკარგვა COVID 19-ის ერთადერთი სიმპტომია.
იმის დასადგენად, თუ როდის უბრუნდება ყნოსვა და გემოს შეგრძნება კოვიდინფიცირებულ ან კოვიდგადატანილ პაციენტებს, ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი კვლევა ტარდება. რამდენიმე მათგანის თანახმად კოვიდის შემდეგ სუნისა და გემოს შეგრძნების დაბრუნებას 10 დღე ან რამდენიმე კვირა სჭირდება. იწვევს თუ არა კორონავირუსი ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უფრო ხანგრძლივად დაკარგვას, ჯერ არ არის ცნობილი.
ამერიკის ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევისფარგლებში გაანალიზდა კოვიდპაციენტთა პირველი 237 ჩანაწერი, რომელმაც აჩვენა, რომ ყნოსვის დაკარგვა ან შესუსტება აღინიშნა პაციენტთა 73% -ში COVID 19-ის დიაგნოზის დასმამდე და ეს იყო COVID 19-ის საწყისი სიმპტომი მათ 26,6% -ში.
პაციენტთა 27% -ში აღინიშნა გარკვეული გაუმჯობესება საშუალოდ 7.2 დღეში. ამ ჯგუფის 85 პროცენტს ყნოსვა გაუუმჯობესდა 10 დღის განმავლობაში.
წამყვანი მკვლევარი, პროფესორი კარლ ფილპოტი, რომელიც ასევე მუშაობს ყნოსვისა და გემოს დარღვევებით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაცია Fifth Sense-სთან [მეხუთე გრძნობა], BBC-სთან ინტერვიუშიამბობს, რომ კვლევების თანახმად, კოვიდპაციენტების უმრავლესობას, ვისაც ანოსმია აწუხებთ, ყნოსვის შეგრძნება რამდენიმე კვირაში უბრუნდებათ.
სხვადასხვა კვლევაში განმარტებულია, რომ COVID 19-თან დაკავშირებული ანოსმია განსხვავდება უბრალო ვირუსის შეყრის შედეგად დაკარგული ყნოსვისგან, რომელიც რინიტს ან ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციებს მოჰყვება.
„…პაციენტთა უმეტესობა აღნიშნავს ყნოსვის უეცარ და თითქმის სრულად დაკარგვას, ანუ ანოსმიას, რომელსაც იშვიათად ახლავს სხვა ნაზალური სიმპტომები, როგორიცაა ცხვირის გაჭედვა, სეკრეცია ან რინორეა (ცხვირის ლორწოვანი გარსის ექსუდატის ჭარბი გამოყოფა)”- წერია ნიქოზიის საერთო ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის, კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და ატიკონის საერთო ჰოსპიტლის ინფექციური დაავადებების კვლევის ლაბორატორიის, ასევე ათენის ეროვნული და კაპოდისტრული უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევაში.
COVID 19-თან დაკავშირებული ანოსმიის შესახებ, პროფესორი ფილპოტი ამბობს, რომ განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც კორონავირუსს გამოყოფს სხვა რესპირატორული ვირუსებისგან, მართლაც არსებობს. ეს ნიშნავს, რომ კოვიდპაციენტებისა და ჩვეულებრივი გრიპის მქონე პაციენტების განსხვავება შესაძლებელია ყნოსვისა და გემოს შეგრძნების ტესტით. მისი თქმით, ადამიანებს შეუძლიათ თავად ჩაიტარონ ეს ტესტი სახლში ისეთი პროდუქტების გამოყენებით, როგორიცაა; ყავა, ნიორი, ფორთოხალი ან ლიმონი.
ორგანიზაცია Fifth Sense თავის ვებგვერდზე COVID19-ის პანდემიისას ყნოსვის დარღვევის სადიაგნოსტიკო ტესტის შესახებ წერს. არსებობს მთელი რიგი საერთაშორისოდ აღიარებული სუნის იდენტიფიკაციის კლინიკური/სამეცნიერო ტესტები, რომლებსაც ყნოსვის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის იყენებენ:
„ასეთ კვლევებში ხშირად იყენებენ არომატებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სუნს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოიყენოთ ისეთი საგნები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული სუნი, რომლებიც ადვილად ამოსაცნობია და ნაცნობია მათთვის, ვისაც უტარდება ტესტირება.
მაგალითად, ფორთოხლის, ვანილის და პიტნის სუნის გამოცნობას ძალიან პატარა ასაკის ბავშვებიც შეძლებენ. უფრო დიდებისთვის დამატებით შეიძლება ნივრის, ყავისა და ქოქოსის სუნის გამოყენება. სატესტო სუნის სია შეიძლება ადაპტირდეს კულტურის, ასაკობრივი დიაპაზონისა და სხვა გარემოებების მიხედვით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
პროფესორმა ენდრიუ ლეინმა, რომელიც ცხვირისა და სინუსური პრობლემების ექსპერტია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სპეციალისტების გუნდთან ერთად შეისწავლაცხვირის უკანა ნაწილის ქსოვილების ნიმუშები იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს სუნის დაკარგვა. შედეგად, მათ განსაზღვრეს ფერმენტის უკიდურესად მაღალი დონე, რომელიც ცხვირის მხოლოდ იმ არეში იყო, რომელიც პასუხისმგებელია ყნოსვაზე. ეს ფერმენტი, სახელწოდებით ACE-2, მიიჩნევა “შესვლის წერტილად”, რომელიც საშუალებას აძლევს კორონავირუსს სხეულის უჯრედებში მოხვდეს და გამოიწვიოს ინფექცია.
ცხვირი ერთ-ერთი ადგილია, საიდანაც Sars-CoV-2 ვირუსი ხვდება სხეულში. კვლევის ავტორები ახლა დამატებით ექსპერიმენტებს ატარებენ იმის დასადგენად, იყენებს თუ არა ვირუსი ამ უჯრედებს სხეულში შესასვლელად და ინფიცირებისთვის. „თუ ეს ასეა, ჩვენ შეგვიძლია ინფექციის დაძლევა ანტივირუსული თერაპიებით, რომლებიც პირდაპირ ცხვირიდან მიიღება”, – ამბობს პროფესორი BBC-სთან ინტერვიუში.
საჯარო სკოლებში, სადაც დისტანციური ან შერეული/ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს სწავლა, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესს უშუალოდ სკოლის შენობაში დაუბრუნდება.
ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრძანება 19 ოქტომბერს გამოსცა.
„2020-2021 სასწავლო წელს იმ საჯარო სკოლებში, სადაც საბაზო ან/და საშუალო საფეხურებზე სასწავლო პროცესი ხორციელდება დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული ან/და ჰიბრიდული მოდელით, მოსწავლეთა თვითმმართელობის არჩევნები ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შესაბამის საჯარო სკოლებში სრულად დაშვების შემდეგ“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
მოსწავლეთა თვითმმართველობას, რომელიც საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულია, გარკვეული უფლებები აქვს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, თვითმმართველობას შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს და წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს, რომელმაც ეს რეკომენდაციები სკოლის ადმინისტრაციამდე უნდა მიიტანოს.
კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა 20 ოქტომბრის ბრიფინგზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უფროსკლასელები [VII-XII კლასები] საკლასო ოთახებს მიმდინარე სემესტრში დაუბრუნდებიან.
stopcov.ge-ს 20 ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი სულ დაუდასტურდა 19 857 პირს. აქედან გამოჯანმრთელდა 8 666, ხოლო გარდაიცვალა 158 პირი.
თუ ამ მონაცემებს შევადარებთ, დღეს საქართველოში 11 033 კოვიდინფიცირებული პაციენტი უნდა იყოს. თუმცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით, ქვეყანაში დღეს 10 159 კოვიდინფიცირებული პაციენტია. ანუ, 874 ინფიცირებულის საკითხი გაურკვეველია.
„ბათუმელები“ შეეცადა გაერკვია, თუ რატომაა ასეთი ცდომილება მონაცემებში. პასუხი ვერც მთავრობის [144] და ვერც ჯანდაცვის [1505] ცხელ ხაზზე ვერ მივიღეთ. საბოლოოდ ჯანდაცვის სამინისტროს წერილობით მივმართეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით [20 ოქტომბრის 00 საათისთვის] საქართველოში:
კორონავირუსი დაუდასტურდა სულ – 19 857 პირს
მათ შორის გამოჯანმრთელდა – 8 666
გარდაიცვალა – 158
სტაციონარში იმყოფება – 2 817
კოვიდსასტუმროში – 1 672
ბინაზე კი მკურნალობს – 5 670 ინფიცირებული
კარანტინის რეჟიმშია – 4 726
თვითიზოლაციაში კი – 21 962 პირი
ამ მონაცემების მიხედვით, დღეს რომ არჩევნები იყოს, საარჩევნო უბნებზე ვერ მივა 36 847 პირი, ანუ საერთო ამომრჩეველთა თითქმის 1% [თუმცა, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იზოლაციაში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ].
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კომისიას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 3 558 291 საარჩევნო ასაკის მქონე პირის მონაცემი გადასცა: „მონაცემები ცესკოში დამუშავდება და უახლოეს მომავალში ამომრჩეველთა საბოლოო რაოდენობა იქნება ცნობილი“.
ცესკოს ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ.
2020 წლის ლიტერატურული პრემია “საბას” ჟიურიმ აქამდე 7 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. დღეს კი გამოვლინდა „წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტების ვინაობა. ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული კი ფინალისტების დასახელების გარეშე, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდება.
წლის საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები არიან:
„კორონავირუსის პანდემიამდე ცენტრში 24 საათის განმავლობაში საშუალოდ 13 000-მდე ზარი შემოდიოდა, დღევანდელი მონაცემებით კი, ოპერატორები 18 000-მდე ზარს პასუხობენ. შესაბამისად, მობილიზებულია დამატებითი ცვლები, რათა თითოეულ ზარზე ოპერატიულად მოხდეს რეაგირება,“ – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი – 112.
ცენტრის ინფორმაციით, თითოეულ მოქალაქეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შემთხვევაში, შეუძლია დარეკოს 112-ზე. ვირუსთან დაკავშირებული შეტყობინებები კი ოპერატორების მხრიდან კლასიფიცირდება და მწვავე შემთხვევები – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, ხოლო არამწვავე გამოძახებები – ოჯახის ექიმებს გადაეცემა.
„ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების მიუხედავად, 112-ში, 24 საათის განმავლობაში, 3000-მდე არამიზნობრივი და საინფორმაციო ტიპის ზარი ფიქსირდება, რაც აფერხებს მუშაობის პროცესს… მოქალაქეებს კი, გთხოვთ, დარეკეთ, მხოლოდ მაშინ, როცა გესაჭიროებათ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო/სამაშველო სამსახურების დახმარება. ასევე, დაგვიკავშირდით კორონავირუსული სიმპტომების გამოვლენისთანავე, რათა მიიღოთ შესაბამისი კონსულტაცია ოჯახის ექიმისგან.
112 არის გადაუდებელი დახმარების ნომერი, კორონავირუსის მართვის პროცესში დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებსა და დაშვებებზე დაკავშირებული საინფორმაციო ტიპის შეკითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მთავრობის ცხელ ხაზს – 144“ – აღნიშნულია 112-ის განცხადებაში.
გარდა ამისა, მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით, ცვლილება შევიდა იზოლაციისა და კარანტინის წესებში, რომლის მიხედვითაც:
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, COVID19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე ინფორმაციას [ახალი შემთხვევების სახელობით სიას ელექტრონული ფორმატით, მათი საკონტაქტო მონაცემების მითითებით] ყოველდღიურად აწვდის 112-ს; 112 კი, ამ ინფორმაციას, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასების მიზნით, აწვდის შესაბამის ამბულატორიულ დაწესებულებებს.
„თითქმის 7 თვე გავიდა გადაწყვეტილების მიღებიდან და წერილობით გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. კანონით, ერთ თვეში უნდა ჩაგვბარებოდა… კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება რადგან არ არსებობს, ეს ექიმები, ვისაც ვედავებოდით, დაბალ პოზიციებზე, მაგრამ მაინც განაგრძობენ მუშაობას,“ – ამბობს თამილა გაბაიძე. ის 2017 წლის იანვარში კურორტ „გოდერძიზე“ დაღუპული თემურ გაბაიძის დაა და ოჯახის ინტერესების დამცველიც სასამართლოში. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება 2020 წლის 23 მარტს მიიღო, თუმცა მოსამართლე თამარ მეშველიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხარეებს ამ დრომდე არ ჩაჰბარებიათ.
გადაწყვეტილება ამ საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 2018 წლის თებერვალში მიიღო. სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის პროფესიულმა საბჭომ ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმატოლოგს და ანესთეზიოლოგს სახელმწიფო სერტიფიკატები გაუუქმა, ხოლო შპს „ემერჯენს სერვისის“ ექიმს სამი თვით შეუჩერა სახელმწიფო სერტიფიკატი. ამ უკანასკნელი ექიმის მიმართ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვდა სასამართლოში თემურ გაბაიძის ოჯახი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, თემურ გაბაიძის დაღუპვის საქმეზე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ ხელახლა უნდა განიხილოს იმ ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც თემურ გაბაიძეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.
„ბათუმელებმა“ სცადა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავშირებოდა, თუმცა არც საქალაქო ტელეფონზე და არც პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
სასამართლოსთვის ამ საქმეზე მიუმართავს სააგენტოს მიერ დასჯილ ორ ექიმსაც, ვისაც სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი უვადოდ გაუუქმეს, თუმცა სასამართლომ ექიმების პოზიციები არ გაიზიარა.
ამ საქმეზე თემურ გაბაიძის ოჯახის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავდა. საია-ს იურისტი, ილონა დიასამიძე მიიჩნევს, რომ ხშირია სასამართლოში საქმის გაჭიანურების შემთხვევა, თუმცა ორგანიზაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, უჩივლებს თუ არა მოსამართლეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
„მოსამართლის თანაშემწე ვერ გვეუბნება კონკრეტულ მიზეზს, რის გამო ვერ გვაბარებენ გადაწყვეტილებას, ის მხოლოდ გვიბოდიშებს… ასე იკარგება სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპი. ჩაბარების გარეშე გადაწყვეტილება ვერც კანონიერ ძალაში შევა და ვერც გასაჩივრდება,“ – განმარტავს ილონა დიასამიძე.
საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა დააყენოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ საბჭო თითქმის არასდროს არ სჯის მოსამართლეებს. ყველაზე მკაცრი სანქცია, რაც შესაძლოა იუსტიციის საბჭომ გამოიყენოს, მოსამართლეობიდან გათავისუფლებაა.
მთავარი ფოტო: მოსამართლე თამარ მეშველიანი და 2017 წელს დაღუპული თემურ გაბაიძე
37 წლის ამიდ მამედოვი თბილისის ქუჩებში გამვლელებს აჩერებს და სთხოვს, ჩაწერონ ვიდეო და გაავრცელონ ინტერნეტით მისი ამბავი.
ამიდ მამედოვი ამბობს, რომ იძულებულია საზოგადოებას მიმართოს დახმარებისთვის, რადგან მარტოა დედასთან, არ აქვს ღამის გასათევი, საკვები, სამოსი და მედიკამენტები დედისთვის.
ამიდ მამედოვი ბაქოელი ირანელია და როგორც თავად გვიყვება, ეთნიკური წარმომავლობის გამო ბაქოში ბევრი პრობლემა შეექმნა. ამიდს არც მოქალაქეობა აქვს დედისგან განსხვავებით, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამიდი ამბობს, რომ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, დღიურად ქირაობს ბინას და ყოველ დღე თავშესაფრის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ამიდ მამედოვი ყვება, როგორ აღმოჩნდა საქართველოში, რას ითხოვს ახლა საზოგადოებისგან, საქართველოს ხელისუფლებისგან და ბაქოში როგორი იყო მისი ცხოვრება.
ამიდ მამედოვი:
ბაქოელი ირანელები ვართ. ჩვენთვის ბაქოში ყველა გზა მოჭრილია. როცა ძალიან გიჭირს ცხოვრება საკუთარ ქალაქში, იძულებული ხარ წახვიდე სხვაგან. ჩვენსავით უამრავი ბაქოელი ირანელი მიდის აზერბაიჯანიდან.
მამაჩემი იყო ირანელი, დედის ბაბუაც. ირანში რომ წავიდეთ, იქაც ძალიან რთულია ცხოვრება, მოქალაქეობის მიღების პროცესი.
დედას და ბებიას ბაქოში ბინა ჰქონდათ. ბებია გარდაიცვალა. ბინის გაყიდვა და სხვა, უფრო პატარა ბინის ყიდვა გვინდოდა. 3000 დოლარი მისცეს დედას თავიდან, გადმოგვიფორმე და დანარჩენს მალევე მოგცემთო. მოგვატყუეს. ასე დავკარგეთ ბინა და დავრჩით უსახლკაროდ.
ბაქოში 4 წელი უცხოელების ქარხანაში ვმუშაობდი მღებავად. ვღებავდი დიდ კონტეინერებს. მებაღედაც ვიმუშავე, ფანჯრებსაც ვწმენდდი დიდ მარკეტებში. მოქალაქეობის არმქონე პირი ვარ. დავიბადე უზბეკეთში, დედა იქ იყო, როცა მე გამაჩინა, მერე ბაქოში დავბრუნდით. მაქვს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი და დაბადების მოწმობა. 18 წელია ვწერ უზბეკეთის მთავრობას, ვუგზავნი ჩემი საბუთების ასლებს, რომ მოქალაქეობა მივიღო, მაგრამ ამაოდ. ბაქოში კი ძნელია მოქალაქეობის არმქონე ადამიანისთვის რაიმე სამსახურის პოვნა.
როცა აზერბაიჯანში ბინის გარეშე დავრჩით, გვიწევდა პარკში ღამის გათევა ხანდახან. ბოშები ხომ არ ხართო, გვეკითხებოდნენ პოლიციელები. როცა იგებდნენ, რომ ბაქოელი ირანელები ვართ, პოლიცია გვეუბნებოდა, რომ წავსულიყავით ჩვენს ირანში, რომ ირანთან სომხეთი მეგობრობს.
როცა ვამბობდი, რომ არ ჰქონდათ ასე ლაპარაკის უფლება და რომ დედაჩემი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ვარცხვენთ ქვეყანას და ქალაქს.
რადიოში, გაზეთში, ტელევიზორში, ყველამ ჩაწერა ჩვენი ინტერვიუ აზერბაიჯანში, მაგრამ ხელისუფლებისგან რეაქცია არ ყოფილა. მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები დაგვეხმარნენ რამდენიმე სიუჟეტის შემდეგ, 2 თვის ქირით, წამლებით, საკვებით და სამოსით.
დედას პენსიაც არ ეკუთვნის ჯერ აზერბაიჯანში, 58 წლისაა, პენსია იქ ქალებისთვის 65 წლიდან გაიცემა. მთავრობის რომელიმე აპარატში განცხადება რომ შეგვქონდა, გვეუბნებოდნენ, რომ სომხები ვართ, რახან ჩვენს ისტორიულ სამშობლოსთან, ირანთან სომხეთი მეგობრობს.
ხშირად მიგვიმართავს აზერბაიჯანელი დეპუტატებისთვის სატელევიზიო ეთერით, რომ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ პასუხად ვიღებდით, რომ წავსულიყავით ირანში და იქ გვეთხოვა საცხოვრებელი და სამსახური.
ხუთი დღე ვიდექით ბაქოში, ომბუდსმენ ელმირა სულეიმანოვას ოფისთან და არავინ მოგვისმინა. ბაქოში ჩვენ არავინ გვცნობს.
სკოლაც კი არ მაქვს დამთავრებული. ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავყავდი დედაჩემს ბავშვობაში. ჩემი ირანული წარმომავლობის გამო ბავშვობაშიც ბევრი დამცირება გადამიტანია.
მამა გარდაცვლილია, დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოპერაცია სჭირდება. სამი წლის წინ დასაქმების იმედით საქართველოში ჩამოვედით.
ვწმენდდი დიდი მაღაზიების ვიტრაჟებს და ასე გამოვიმუშავებდი ფულს, მთავაზობდნენ სხვა სამსახურსაც, ტვირთის ზიდვას, მაგრამ ეს ვერ შევძელი. ვერ ვახერხებ კვებას ყოველდღე და დასუსტებული ვარ, ძვლები მტკივა. რასაც გამოვიმუშავებდი, ვიხდიდით დღიურ ბინაში მე და დედაჩემი, საჭმლის ფული აღარ გვრჩებოდა. ხან ტურისტები, ხან ქართველი აზერბაიჯანელები, ხანაც სასულიერო პირები გვეხმარებოდნენ საკვებით, სამოსით, მედიკამენტებით.
ჩვენთვის ყველა კარი დახშულია. ხმას ვერავის ვაწვდენთ, ჯოჯოხეთური ტანჯვაა ეს.
ვითხოვთ სამოსს: ღამით ვიყინებით მე და დედაჩემი, დედა თხელი კაბითაა და ფილტვები სტკივა გამუდმებით, ყოველდღე მაღალი წნევა აქვს, იქნებ ვინმე მედიკამენტებით, სამოსით და საკვებით დაგვეხმაროს. ვთხოვ საქართველოს სახელმწიფოს, დამასაქმოს სადმე, არსებობა რომ შევძლო, თავის შეფარება რომ შევძლო სადმე. იქნებ რამე გამოინახოს ჩვენთვის, ყველასთვის უცხო ადამიანებისთვის დროებითი სამყოფი.
ნაცნობები გვყავს სტამბოლში და გვითხრეს, რომ იქ დასაქმება მარტივია, დედასაც ვუმკურნალებდი, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია. რომც გაიხსნას საზღვარი, დედა ვიზის გარეშე გადავა, მაგრამ მე როგორც მოქალაქეობის არმქონეს, 50 დოლარი მჭირდება ვიზისთვის, ესეც არარსებული თანხაა ჩვენთვის.
კალაძე იყო ახალი წლის დღეებში ქუჩაში გამოსული და ვუთხარით ჩვენი გასაჭირი. გვითხრა შემოიტანეთ განცხადება მერიაში და შევეცდებით დაგეხმაროთო, დავწერე განცხადება და პასუხიც არ მიმიღია.
ახლა ვცხოვრობთ სახლში, სადაც ყოველდღიურად უნდა გადავიხადოთ ოთახის საფასური, არ ვიცი რით, ხან ვისი, ხან ვისი დახმარებით, როცა გაგვაგდებენ, გავათევთ ისევ ქუჩაში და ასე გრძელდება“.
განახლება
რესპონდენტის ნებართვით და მკითხველების თხოვნით ვასაჯაროებთ ამიდ მამედოვის ტელეფონისა და საბანკო ანგარიშს ნომრებს:
„გარდაუვალი მეორე ტალღა ან შემდეგი პიკი არ არსებობს, ის კონტროლს ექვემდებარება, ის ჩვენს ხელშია, როგორც ინდივიდუალური პირების, ისე მთავრობის ხელმძღვანელობის; მკაფიო ეროვნული გეგმის საშუალებით, რომელიც გულისხმობს ადგილობრივ დონეზე მიზნობრივი კონტროლის ზომებს, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ პანდემიის მომდევნო ტალღები,“ – განაცხადა ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ბრიფინგის დროს.
ჯანმოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, რა იგულისხმება იზოლაციასა და კარანტინში და ხაზი გაუსვეს, რომ ასეთ დროს აუცილებელია შინ თუ სხვა ადგილას განთავსებული ადამიანებისთვის შესაბამისი ყურადღების დათმობა, მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.
მარია ვან კერჰოვმა მთავრობებს მიმართა:
„გამოიყენეთ დრო გონივრულად. როცა „აფეთქებებს“ კონტროლს ქვეშ მოაქცევთ, დარჩით მზადყოფნაში, მოემზადეთ მეტისთვის, რადგან შესაძლოა იყოს მეორე ტალღა და ამ გლობალურად ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვირუსს სჭირდება ადამიანები, კლასტერები, რომ გავრცელდეს და სწორედ ამისთვის უნდა იყოთ მზად.
ვფიქრობ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას თუ, რამდენად მნიშვნელოვანია კონტაქტების იზოლაცია და კარანტინი. ჩვენ ამას ვიმეორებთ გამუდმებით, მაგრამ ალბათ ღირს, რომ კვლავ ვთქვათ, კონტაქტების კარანტინში განთავსება იდეალურ შემთხვევაში, გულისხმობს კარანტინს სახლების გარეთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მსოფლიოს ყველა კუთხეში შესაძლებელი, ამიტომ განვმარტოთ, კარანტინში განთავსება სახლში 14 დღის განმავლობაში ნიშნავს სამსახურში არ წასვლას, არც სურსათისთვის მაღაზიაში გასვლას, ნიშნავს, რომ ადამიანს არ ჰქონდეს პირდაპირი ურთიერთობა მეგობრებთან, ნიშნავს, არ მიიღოს სტუმრები სახლში.
იმ ადამიანებს, ვინც კარანტინში არიან, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა, რადგან მათ, რა თქმა უნდა, კვლავ სჭირდებათ შემოსავალი, სჭირდებათ ოჯახების რჩენა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ მხარდაჭერა ამ პერიოდის განმავლობაში, ეს გაწყვეტს გადადების ჯაჭვს. იზოლაციისა და ახალი შემთხვევების კონტაქტების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია ეს გამოვიდეს“.
ბათუმის საკრებულო მერიას ავალებს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ქალაქის ტერიტორიაზე „გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგდება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობისთვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.“
საკრებულოს 30 ივნისის დადგენილებით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი წესი ბათუმის მერიას 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა საკრებულომ ეს ვადა გადაწია.
საკრებულოს ივნისის გადაწყვეტილებით, გარემოვაჭრეები ბათუმში გათავისუფლებულნი არიან გარე ვაჭრობის უფლების საფასურის გადახდის ვალდებულებისგან.
გარემოვაჭრეები გადასახადებს საკრებულოს მიერ ახალი წესის დამტკიცებამდე აღარ გადაიხდიან, ვინაიდან „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის შესაბამისი დადგენილება ძალადაკარგულია.
ეს დადგენილება აწესრიგებდა და ადგენდა ბათუმში პროდუქტებით, სუვენირებით და სხვა საქონლით ვაჭრობის, რესტორნების, კაფე-ბარების, და სხვა საზკვების ობიექტების წინ სავაჭრო-სარეალიზაციო დანიშნულების ნივთების: მაგიდა სკამები, საჩრდილობელი თუ სხვა სავაჭრო ინვენტარის, ჯიხურების, სწრაფი გადახდის აპარატების, ატრაქციონების და ა.შ განთავსების საფასურს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამ პროცესის უზრუველსაყოფად თითოეულ მუნიციპალიტეტში, საოლქო საარჩევნო კომისიების მოქმედების საზღვრებში 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შექმნეს და ამ უბნების დაკომპლექტების მიზნით კონკურსიც გამოაცხადეს.
ცესკოს განმარტებით, სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
ცესკოს შესაბამისი დადგენილების მიხედვით, რომელიც 19 ოქტომბერსაა გამოცემული, თითოეულ ასეთ ჯგუფში 12 წევრი იქნება. სპეცჯგუფის წევრად კი შეიძლება აირჩიონ მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელიც დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
როგორც სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისე საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით: ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით.
დადგენილების მიხედვით სპეციალური ჯგუფის წევრებმა ამომრჩევლისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიისა და საარჩევნო ბიულეტენის გადაცემა ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ ერთნახევარი მეტრის დისტანციის დაცვით უნდა მოახერხონ.
თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, უკვე აქვთ შესაძლებლობა ზეპირი განცხადებით მიმართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22:00 საათის ჩათვლით.
სპეციალური საარჩევნო უბნები გაიხსნება დილის 07:00 საათზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება დილის 08:00 საათიდან, რომელიც გასტანს 20:00 საათამდე.
გადასატანი საარჩევნო ყუთი სპეციალურ საარჩევნო უბანზე დაბრუნდება 21:00 საათამდე. ამის შემდეგ, სპეციალური საარჩევნო უბნები, უსაფრთხოების წესების დაცვით, არჩევნებში ჩართული მხარეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობით დაითვლიან ხმებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ასევე არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, შესაბამისი ვადების გათვალისწინებით, დროულად მომართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რაც უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას და ჩართულობას საარჩევნო პროცესებში.
რაც შეეხება რეგისტრირებულ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცესკოს ინფორმაციით აკრედიტებულ მედიას და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დააკვირდნენ კენჭისყრის დღის მიმდინარეობასა და ხმების დათვლის პროცესს. ისინი, ასევე შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა სპეციალური სიის საშუალებით და გამოიყენონ მათი აქტიური საარჩევნო უფლება.
როგორც რეგისტრირებულმა ადგილობრივმა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, ისე აკრედიტებულმა მედიამ და საარჩევნო სუბიექტებმა საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით უნდა მიმართონ 26 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით და წარადგინონ მათი წარმომადგენლები სპეციალურ ჯგუფებში.
20 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის კოვიდკლინიკებში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კოვიდით გარდაიცვალა 82 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. 19 ოქტომბერს პაციენტი გარდაიცვალა. მისი დიაგნოზი იყო: „კოვიდ19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, სომნოლენცია. თანმხლები დაავადებები: თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია“.
ორი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით. 62 წლის ქალს ჰქონდა კორონავირუსი და, ასევე: „პნევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბერი ტიპი 2, სიმსუქნე“.
ამავე კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა 65 წლის კაცი, რომელსაც 9 დღე მკურნალობდნენ. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლები: ფილტვის კიბო, ფილტვის ობსტრუქციული დაავადება,“ – აღნიშნულია დიაგნოზში.
გუშინ 40 წლის ქალი გარდაიცვალა კორონავირუსით ბათუმის სამედიცინო ცენტრში. იგი კლინიკაში 19 ოქტომბერს, გამთენიისას შეიყვანეს, ხოლო საღამოს 8 საათზე ქალი გარდაიცვალა. „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის ჭვალი. თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი, თანდაყოლილი ცერებრული დამბლა,“ – აღნიშნულია დიაგნოზში.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 15 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.
სად შეიძლება კორონავირუსზე ტესტის ჩატარება? – ეს ბოლო დროს ერთ-ერთი აქტუალური კითხვაა.
ბათუმში, დღეის მდგომარეობით, სამ ადგილასაა შესაძლებელი უფასო ტესტის ჩატარება. ბათუმის პირველ პოლიკლინიკაში, ინფექციურ საავადმყოფოში და საზღვაო ჰოსპიტალში. თუმცა იმისათვის, რომ უფასო ტესტი ჩაიტაროთ, აუცილებელია გქონდეთ სიცხე და კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები. გარდა კლინიკებისა, ცხელების ნიშნის მქონე პაციენტებს შეუძლიათ მისვლა კოვიდ სასტუმრო “ბიზნეს ლეგენდაში” (ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა #1). კოვიდსასტუმროში ცხელების ნიშნის მქონე პაციენტებს ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ.
ბათუმში ასევე არის რამდენიმე კლინიკა, სადაც მოქალაქეებს ფასიანი ტესტის გაკეთება შეუძლიათ.
გთავაზობთ კლინიკების მისამართებს და ფასების ნუსხას, სადაც კორონავირუსზე ტესტის ჩატარება არის შესაძლებელი.
საოჯახო მედიცინის ცენტრი თამარის დასახლებაში
კორონავირუსზე როგორც სწრაფი ტესტის, ისე PCR კვლევის ჩატარება შესაძლებელია თამარის დასახლებაში მდებარე საოჯახო მედიცინის ცენტრში.
სწრაფი ტესტის ღირებულება 60 ლარია და პასუხი 15 წუთში გექნებათ.
რაც შეეხება PCR კვლევას, თუკი პასუხის გაგება იმავე დღეს გსურთ, კვლევა 200 ლარი ღირს, ხოლო თუ მეორე დღეს, მაშინ 150 ლარი.
მისამართი: თამარის დასახლება, ტბეთის #4;
ტელეფონი: 588 88 23 23.
მედცენტრი
კლინიკა მედცენტრს ორი სერვისი აქვს. ტესტის ჩატარების მსურველებს საშუალება აქვთ კლინიკაში მივიდნენ ან სახლში გამოიძახონ სამედიცინო პერსონალი.
კლინიკაში ჩატარებული სწრაფი ტესტის ღირებულება 60 ლარია. მოქალაქე პასუხს დაახლოებით 30 წუთში იღებს. PCR კვლევის ღირებულება 150 ლარია და ტესტის აღებიდან 24 საათში იღებთ პასუხს.
იმ შემთხვევაში, თუკი ტესტის ჩატარება სახლიდან გაუსვლელად გსურთ, ფასები იზრდება. ბინაზე ჩატარებული სწრაფი ტესტის ღირებულება 70 ლარია, ხოლო PCR კვლევის ღირებულება – 200 ლარი.
მისამართი: პუშკინის #118 (შემოსასვლელი 26 მაისის ქუჩის მხრიდან); თამარის დასახლება, ტბეთის #4;
ტელეფონი: 577 52 33 92; 588 88 23 23.
მერლაბი
კორონავირუსზე სწრაფი ტესტის ჩატარება შესაძლებელია ლაბორატორია „მერლაბში“. უშუალოდ ლაბორატორიაში ჩატარება 50 ლარი ღირს, ბინაზე მისვლით – 70 ლარი.
„მერლაბის“ მისამართი: ბათუმი. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #9ა.
ტელეფონი: 514 91 27 27; (0422) 22 00 12
საზღვაო ჰოსპიტალი
კორონავირუსზე სწრაფი ტესტის და PCR კვლევის ჩატარება შესაძლებელია ასევე საზღვაო ჰოსპიტალშიც.
PCR კვლევის ღირებულება 200 ლარია, ხოლო სწრაფი ტესტის ღირებულება 100 ლარია. თუ დილის ცხრის ნახევრამდე ჩააბარებთ ნიმუშს, პასუხი საღამოს ექვს საათზე გეცოდინებათ, ხოლო თუ შუადღის ოთხ საათამდე ჩააბარებთ, მაშინ პასუხს ღამის თორმეტი საათის შემდეგ გაიგებთ.
კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უფროსკლასელები [VII-XII კლასები] საკლასო ოთახებს მიმდინარე სემესტრში დაუბრუნდებიან.
„ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, ეს ამ სემესტრში მოხდება და წინასწარ ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. საჭიროა სამედიცინო რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა,“ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება არ ეხება აჭარის რეგიონს, სადაც სასწავლო პროცესი კლასებში არ განახლებულა. განათლების მინისტრმა ასევე თქვა, რომ თუკი მშობლებს სურვილი ექნებათ, შესაძლებელი იქნება მოსწავლეები დისტანციური სწავლების რეჟიმში დარჩნენ.
განათლების მინისტრის თქმით, ამ კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ის სკოლები გადავლენ დისტანციურ რეჟიმზე, სადაც საარჩევნო უბნებია გახსნილი. ეს გადაწყვეტილება საარჩევნო უბნების მოსამზადებლად მიიღეს.
მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა უნივერსიტეტებზეც. მისი განმარტებით, უნივერსიტეტებში მხოლოდ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობისთვის იკრიბებიან.
„მათ აქვთ მაქსიმალურად მოქნილი გრაფიკი იმისთვის, რომ დაცული იყოს დისტანცია. საუნივერსიტეტო სივრცეში სტუდენტი, პროფესორი, ყველანი არიან პირბადით… ჩვენ ვახდენთ უნივერსიტეტებზე დაკვირვებას და თუ იქნება გადაცდომა, იქნება რეაქცია,“ – თქვა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
გუშინ, ღამით, ძლიერი წვიმის დროს ბათუმის `რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ხე წაიქცა, რის შედეგადაც ორი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.
გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ხე დაზიანებული არ იყო და ის სავარაუდოდ ძლიერი ქარის გამო წაიქცა. გამწვანების სამსახურმა ხე უკვე დაამუშავა და ადგილიდან გაიტანა.
გამწვანების სამსახურმა ხე უკვე დაამუშავა და ადგილიდან გაიტანა
მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს [ანუ 28, 29 და 30 ოქტომბერს] ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ – ამის შესახებ 20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს დღეები საჭიროა იმისთვის, რომ ამ სკოლის შენობებში საარჩევნო უბნის გახსნის მიზნით ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს გაიმართება.
რელიგიის თანასწორობის საკითხებს საარჩევნო პროგრამებში არ ან ნაკლებად ეხებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ახლა არჩევნების მოგებას ცდილობენ. ისინი ამომრჩეველს არ სთავაზობენ მოდელს, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ სეკულარიზმს უზრუნველყოფს. პარტიებს არც იმაზე აქვთ მკაფიო პოზიციები, რა მოდელი შექმნის გარანტიებს, რომ არსებული, თუ წინა ხელისუფლების მსგავსად, პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფალი რელიგიურ ჯგუფს არ გაურიგდეს… ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ამბობს, რომ მათ პოლიტიკური კრიზისი არ ექნებათ.
რელიგიის თანასწორობის საკითხი საერთოდ არ არის ნახსენები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნოდ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში. ყოფილი მმართველ პოლიტიკური ძალა – „ნაციონალურ მოძრაობა“ კი, რომლის მმართველობის დროსაც განსაკუთრებით გაძლიერდა ეკლესია თუ ცალკეული მაღალი იერარქი, აცხადებს, რომ „საპატრიარქო არასდროს დამდგარა სააკაშვილის გვერდით“.
ვის რა ხედვა აქვს რელიგიის თანასწორობაზე? – „ბათუმელები“ ხუთ პოლიტიკურ სუბიექტს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა „პატრიოტთა ალიანსის“, „ლელოს“, ნაციონალური მოძრაობის“,„ევროპული საქართველოს“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატებთან.
„ქართული ოცნება“ არ საუბრობს
მმართველ პარტიას სეკულარული სახელმწიფოს მოდელის გაძლიერებაზე არაფერი უწერია თავის საარჩევნო პროგრამაში.
პარტიის ხედვების გასაგებად „ბათუმელები“ ამ პარტიაში რამდენიმე გავლენიან პირს დაუკავშირდა. მათ საუბარი არ ისურვეს. შესაბამისად, უცნობია, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რა საფეხურზე აინაცვლებს ამ პარტიის ურთიერთობა გავლენიან რელიგიურ ჯგუფთან და რას უქადის მათი პოლიტიკა უმცირესობებს.
ქართული ოცნებიდან საკითხზე საუბარი არ ისურვეს
[red_box]„პატრიოტთა ალიანსი“: დედა ეკლესიის დაცვა ჩვენი ვალია[/red_box]
„პატრიოტთა ალიანსიდან“ კითხვებს საპარლამენტო სიის მე-3 ნომერმა გოჩა თედორაძემ უპასუხა.
ბატონო გოჩა, თქვენი პარტია არც ცდილობს სეკულარიზმის პრინციპის დაცვას. მაგალითად, „ობიექტივის“ სტუდიაში ეკრანზე ლოგოც გაქვთ გამოტანილი – „დაიცავი ეკლესია“. არ გვახსენდება სხვა რელიგიური ჯგუფები დაგეცვათ. რატომ არ შეიძლება ამომრჩეველს გაუჩნდეს განცდა, რომ თქვენ პრაქტიკულად თეოკრატიულ სახელმწიფოს გვთავაზობთ?
ჩვენ როცა ვამბობთ, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება უნდა ხდებოდეს პროპორციულად, თავშივე გამოვრიცხავ ამით თქვენს ნათქვამს. ჩვენ ვიცით, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები საქართველოში არის უმრავლესობა ხომ? თავისთავად საპატრიარქოს დაფინანსება იქნება მეტი, ვიდრე სხვა კონფესიების. რა არის ამაში გასაკვირი? და თუ ვამბობთ, რომ უნდა დავიცვათ ეკლესია, ამაში რას ხედავთ? როცა თავდასხმა ხდება ეკლესიაზე ბევრი მიმართულებით, გამოვედით ინიციატივით, დაიცავით ეკლესია. ასეთივე ინიციატივით გამოდის „ობიექტივი“.
ანუ თქვენ მიიჩნევთ, რომ ეკლესიას თავს ესხმიან, თუმცა სხვა რელიგიურ ჯგუფებზე თავდასხმა არ გახსენდებათ, მაგალითად, ქობულეთში, როცა მუსლიმთა პანსიონს ღორის თავი მიაჭედეს…
ჩვენ არასდროს წინააღმდეგი არ გამოვსულვართ მეჩეთის მშენებლობის, ჩვენ გამოვედით წინააღმდეგი მხოლოდ აზიზიეს მეჩეთის, ვისგანაც შენდებოდა და ვისი ფულით შენდებოდა… საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე არის მუსლიმთა და ქართველთა ძმობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მუსლიმთა და ქართველთა ძმობაზე ჩვენ ვსაუბრობთ ყველა დღე და ამის დანახვა ალბათ არ გინდათ, ეს თქვენ ვერ შეამჩნიეთ. ამიტომ, აზრს მოკლებულია ახლა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ. ჩვენ დავინახეთ, რომ დედა ეკლესია იყო დასაცავი და დავიცავით, არ ვართ ზოგადად მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი. არავითარი დისკრიმინაციისკენ ჩვენ არ მოგვიწოდებია არასდროს. არც ამის მომხრე ვართ, ყველაფერში სამართლიანობის პრინციპიდან გამოვდივართ. თუ გამოვედით და ვთქვით, რომ დაიცავი დედა ეკლესია, ვთვლით, რომ ეს ჩვენი ვალი იყო.
საარჩევნო პროგრამაში გიწერიათ: „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი რწმენა“, სხვა რელიგიურ ჯგუფებზე არაფერს წერთ. „ჩვენს რწმენაში“ გულისხმობთ მართლმადიდებელ ქრისტიანობას?
რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი თვითმყოფადობაც უნდა შევინარჩუნოთ, რწმენაც და მამულიც.
საქართველო სეკულარული სახელმწიფოა კონსტიტუციის მიხედვით. სხვა რელიგიის აღმსარებლებს რას ეუბნებით, თუ მათ თქვენს რიგებში საერთოდ არ განიხილავთ?
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი რწმენა, თქვენ უკვე ტენდენციურობისკენ მიდიხართ და ეს არაა მოსაწონი… გადახედეთ ჩვენს პარტიულ სიას, სიის მე-9 ნომერი ებრაელია, მე-14 ნომერი სომეხია, 22-ე ნომერი აზერბაიჯანელია და თქვენ ახლა კითხვას მისვამთ, რატომ არ განიხილავთო.
მე გეკითხებით ამომრჩევლებზე, რომელთაც აქვთ სხვადასხვა რწმენა და თქვენ ეუბნებით მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანობა დავიცვათო. რამდენად შესაძლებელია ამ გზავნილის შემდეგ სეკულარიზმის პრინციპის დაცვის მოლოდინი არსებობდეს?
იცით, დავალებას თუ გაძლევენ, სხვაგვარად შეასრულეთ, დავამთავრე მე… ერთი პარტიული სია მაჩვენეთ, რომელიც ასეთი იქნება, როგორიც ჩვენია, აზერბაიჯანელი მართლმადიდებელი ქრისტიანი ხომ არ არის? დავამთავრე მე, კარგად ბრძანდებოდეთ.
გოჩა თედორაძე
[yellow_box]„ლელო“: ჩვენ არ გვექნება ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ დაგვჭირდება სასულიერო პირების ჩარევა [/yellow_box]
კითხვებს „ლელოს“ საპარლამენტო სიის მე-19 ნომერი, სოფო შამანიდი პასუხობს
ქალბატონო სოფო, საარჩევნო პროგრამაში თქვენ საუბრობთ ე.წ. გერმანულ მოდელზე, ანუ რელიგიური ორგანიზაციების ნებაყოფლობით დაფინანსება საზოგადოების განწყობების შესაბამისად. რატომ იქნება ეს ეფექტური?
ჩვენ გამოვიტანეთ ე.წ. გერმანული მოდელი განსახილველად და, პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ განვიხილოთ ეს ყველა რელიგიურ ჯგუფთან რამდენად კარგი და ეფექტური იქნება. თქვენ იცით, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით მხოლოდ ოთხი რელიგიური კონფესია გამოიყო, რომელთაც უნაზღაურებენ საბჭოთა მმართველობის დროს მიყენებულ ზიანს, თუმცა ბევრად მეტია იმ კონფესიების რაოდენობა, რომელთაც ასევე მიადგათ ზარალი და ამიტომ დისკრიმინაციულია ასეთი გამოყოფა.
ეს მოდელი იქნება სამართლიანი, რადგან თუკი მე ვარ მუსლიმი, ჩემი გადასახადიდან უნდა შემეძლოს იმ რელიგიური გაერთიანების დაფინანსება, ვის მრევლადაც ვთვლი თავს. ამ პრინციპით მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლოა ბევრად მეტი შეხვდეს, რადგან ოფიციალურად 84 პროცენტია მართლმადიდებელი ქრისტიანი. ეკლესიის და საპატრიარქოს ავტორიტეტიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოისურვებს ნებაყოფლობით, საკუთარი გადასახადით გადაუხადოს ეკლესიას ფული. ამდენი წელია სულ ისმის, რომ აი, ეკლესიას ვაძლევთ 25 მილიონს, ყოველთვის ხდება ეს განსჯის და ეკლესიის ქილიკის საგანი, რაც ჩემთვის მიუღებელია, რადგან ის ზიანი, რაც მიადგა ეკლესიას საბჭოთა რეჟიმის პირობებში, მე არ ვიცი, ჩვენ შევძლებთ თუ არა საერთოდ ამ მორალური და მატერიალური ზიანის აღდგენას. ეს ზიანი არავის დაუთვლია და სავარაუდოდ ეს ბევრად მეტია, ვიდრე ის, რასაც ეკლესიას უხდის დღეს სახელმწიფო. ამგვარ პრინციპზე გადასვლა, როდესაც ადამიანები ნებაყოფლობით დააფინანსებენ თავიანთ რელიგიას, დაასრულებს ამ კამათს.
„ლელოსთვის“ მისაღები აღმოჩნდა ტყის ფონდის ნაწილის საპატრიარქოსთვის მართვაში გადაცემა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა და ასევე ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს. თქვენი ეს პოზიცია ხომ არ იყო გზავნილი საპატრიარქოსთვის, რომ თქვენც სასულიერო პირების სამსახურში ჩადგებით, თუკი ეპისკოპოსები წინასაარჩევნოდ, ან სხვა სიტუაციაში, როცა პოლიტიკური რეიტინგის პრობლემა შეგექმნებათ, თქვენც დაგეხმარებიან?
ჩვენ არ გვექნება ისეთი პოლიტიკური კრიზისი, რომ დაგვჭირდება სასულიერო პირების ჩარევა და ამით კონკორდატის დარღვევა, რადგან კონკორდატის მიხედვით, სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმეებში და პირიქით. ტყეებს რაც შეეხება, ჩვენს პროგრამაში წერია, რომ ბუნებრივი სიმდიდრე რაც გვაქვს, უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს და უნდა გადავიდეს ხალხის მმართველობაში. რაც შეეხება ტყეებს, მაშინ, როცა ეს საკითხი განიხილებოდა, იყო მსჯელობა, რომ ტყე ნადგურდება და ეს იყო ერთგვარი ტყის დაცვის საშუალება, თუმცა რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი არ არის, რადგან სახელმწიფოს აქვს რეგულაცია ტყეების დაცვასთან დაკავშირებით და ეს რეგულაციები უნდა ამოქმედდეს. არ უნდა ცდილობდე, სხვისთვის მატერიალური თუ არამატერიალური ქონების გადაცემას იმიტომ, რომ შენ თვითონ ვერ იცავ. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუკი მეჩეთს ან სხვა რელიგიურ დაწესებულებას ჰქონდა გარშემორტყმული ტყე, გადაეცეთ მართვაში. ეს გადაცემა ახსნილი იყო იმით, რომ ტყეს უკეთ მოუვლის ეკლესია, ვიდრე სახელმწიფო, ეს არასწორია, რადგან სახელმწიფომ უნდა შეძლოს მის განკარგულებაში არსებული რესურსების მოვლა… რატომ აკისრებ შენ ამხელა პასუხისმგებლობას ეკლესიას? ის ისედაც ბევრი საქმითაა დაკავებული, რომ უნდა მწყემსოს თავისი მრევლი, ათასი საგანმანათლებლო პროექტი აქვს, ღვთისმსახურებაში არიან და არასწორია, რომ ზედმეტად დაავალო და გადასცე ტყე, რომ მოუაროს, თუმცა მე ვერაფერს საწინააღმდეგოს ამაში ვერ ვხედავ.
თუ ტყე დაუცველია, რატომ არ სთხოვთ პასუხს ხელისუფლებას? თქვენ გამოსავალი იპოვეთ საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემაში და ეს აჩენს ეჭვს, რომ თქვენც წინა ხელისუფლებების მსგავსად ცდილობთ საპატრიარქო თქვენს პოლიტიკურ პარტნიორად აქციოთ, ვისთანაც შესაძლოა ფინანსური გარიგება გქონდეს და სანაცვლოდ პოლიტიკური სარგებელი მიიღო.
ეს გამორიცხულია, ასეთი საჭიროება „ლელოს“ არ დაუდგება, ჩვენ მაშინ კომენტარი გავაკეთეთ ამ კონკრეტულ ფაქტზე და ვერ დავინახეთ ამაში კატასტროფა, თორემ პოლიტიკურ პარტნიორად „ლელო“ საპატრიარქოს არ განიხილავს. „ლელო“ საპატრიარქოს განიხილავს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან აქტორს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში.
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მამუკა ხაზარაძე არ ეწინააღმდეგება, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მან მეჩეთის აგების საპირწონედ დააყენა თურქეთის ტერიტორიაზე ძველი ქართული ტაძრების რეაბილიტაციის საკითხი. თქვენთვის მართებულია ამგვარ ფორმატში მუსლიმი თემის ინტერესის დაცვა?
ეს ინტერვიუ იყო დაახლოებით ერთი წლის წინ და ვფიქრობ, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. მამუკა ხაზარაძე იყო ბათუმში და შეხვდა მუსლიმ მრევლს, მათ შორის იმ შენობაში, სადაც ახალი მეჩეთი უნდა აშენდეს. მან ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ მეჩეთი ბათუმში უნდა აშენდეს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რა დღეშია ჩვენი ძეგლები საზღვარგარეთ. მოდით, ჩვენ ჩვენსას მივხედოთ, აგერ გელათს რას უშვრება ხელისუფლება, ყველამ ვნახეთ. ასე რომ, სხვა ქვეყნებში რა ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჯერ ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ მემკვიდრეობას უდნა მივხედოთ.
თქვენ მხარს უჭერთ რელიგიის საკითხთა სააგენტოს გაუქმებას. რა შედეგს ელით ამისგან?
აბსოლუტურად ყველა კვლევა, შიდა თუ საერთაშორისო ამბობს, რომ ეს სააგენტო უნდა გაუქმდეს, რადგან რელიგიის სააგენტოს აქვს მხოლოდ მავნებლური მიდგომები, არაფერს ეს სააგენტო არ აკეთებს იმისთვის, რომ რელიგიური კუთხით თანასწორობა იქნას მიღწეული. ეს სააგენტო რელიგიურ უმცირესობებს უყურებს უსაფრთხოების ჭრილში და არა თანასწორობის ჭრილში. ის შექმნილია მხოლოდ იმისთვის, რომ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების შიგნით საქმიანობაში ჩაერიოს და მთავრობის ინტერესები გაატაროს.
სოფო შამანიდი
ენმ: შავი ჯიპები გვახსოვს… საპატრიარქო არასდროს მდგარა სააკაშვილის გვერდით
კითხვებს „გაერთიანებული ოპოზიციის“ საპარლამენტო სიის 37-ე ნომერი, მირდატ ქამადაძე პასუხობს
ბატონო მირდატ, თქვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა შესაძლობლობა პრაქტიკულ დონეზე დაეცვა სეკულარიზმი და ამის ნიშნები ჩანდა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ წლებში. თუმცა როგორც კი პოლიტიკური რეიტინგის პრობლემა შეგექმნათ, სცადეთ ეკლესიის გამოყენება. გვახსოვს სასულიერო პირების მაღალ იერარქიაში ჯიპების ჩამორიგება, საპატრიარქოსთვის მიწების და სხვა ქონების გადაცემა, დაფინანსების გაზრდა… სააკაშვილის ახლანდელი ბოდიში ეხება თუ არა ამ ტაქტიკას და რელიგიური უმცირესობების ჯგუფების ინტერესების უარყოფას?
იმ წლებში პარტიაში მე არ ვაქტიურობდი, მე 2014 წლიდან ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და არ ვიცი, რა პოლიტიკა წყდებოდა. მიხეილ სააკაშვილმა კონკრეტულად თქვა, თუ რას ეხება ეს ბოდიში და ძირითადად ეს ეხებოდა იმას, რომ მართლმსაჯულება არ იყო ქვეყანაში რეალურად თავისუფალი. ნებისმიერი პრობლემის საფუძველი, ჩემი აზრით, არის მართლმსაჯულება, როდესაც ქვეყანას ექნება თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, მაშინ ის პრობლემები, რასაც ედავებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მოხსნილი იქნებოდა. ასე კონკრეტულად არ ვიცი, სააკაშვილი ამ ბოდიშის უკან გულისხმობდა თუ არა რელიგიას და ჯიპების დარიგებას.
თქვენ თუ მიგაჩნიათ, რომ არის საბოდიშო „ნაცმოძრაობის“ მაშინდელი ტაქტიკა რელიგიურ ორგანიზაციებთან?
ჩემი პირადი შეხედულება არის ის, რომ საბოლოო ჯამში, როცა 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა დათმო ეს ხელისუფლება და მოვიდა ივანიშვილი, მთელი საპატრიარქო იდგა ივანიშვილის მხარეს. მახსოვს ჯიპების ჩამორიგებაც, მაგრამ მე არსად დამინახავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამით რამე დივიდენდი მიიღო, რადგან ყველა არჩევნებზე, მიხეილ სააკაშვილის გვერდით არ იდგნენ გავლენიანი სასულიერო პირები… არ ვიცი, რა იყო შავი ჯიპების ჩამორიგების მიზანი, ძალიან წვრილმანებში ჩავდივართ. გადამწყვეტ მომენტში, როცა პოლიტიკური კრიზისი ჰქონდა სააკაშვილს, მის გვერდით არ მდგარა სამღვდელოება. ფაქტობრივად საპატრიარქოს მხარდაჭერით მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი.
საპატრიარქო წინასაარჩევნოდ განცხადებებს არ ავრცელებდა, მაგრამ გვახსოვს ცალკეული ეპისკოპოსები, რომლებიც კონკრეტულ კანდიდატებს მხარს უჭერდნენ და ამას ქადაგებდნენ…
მე რაც მახსენდება, ერთადერთი იყო ფოთის ეპისკოპოსი, მე ვამბობ, რომ საპატრიარქო არასდროს მდგარა სააკაშვილის გვერდით და რომელიმე ერთი თუ ორი მღვდელმთავარი თუ როგორც პიროვნება თავის მოსაზრებას გამოთქვამდა, არ ვიცი. ჩვენ გვახსოვს, მაგალითად, რას იძახდა მეუფე იაკობი, ნაციონალები ვიწრო გზაში არ შემხვდნენო. რეალურად ძალა რასაც ჰქვია, გავლენიანი ძალა საპატრიარქოში ყოველთვის იყო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგი, ასე ჩანდა საჯაროდ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მიიღეს „ანტიდისკრიმინაციული კანონი“. თქვენი დაკვირვებით, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე დისკრინიმაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა?
მარტო კანონის მიღება არაა საკმარისი, ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. კანონი ბევრია, მაგრამ თუ ის არ მოქმედებს, რა კანონია? ჩვენ აღსრულების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი და ჩვენი განცხადებები არ უნდა იყოს მიმართული რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მიმართ. ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ ამ ქვეყანაში რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლება არსებობს და არავის უპირატესობა არ უნდა ჰქონდეს.
კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ რელიგიის კუთხით თანასწორობას მივაღწიოთ? მაგალითად, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაცია?
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ როცა ბიუჯეტიდან ამდენ თანხას ვიხდით და საეკლესიო ბიზნესი გაუმჭვირვალეა, როდესაც ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას, მათ შორის, ასეთ ძლევამოსილ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელსაც ნამდვილად აქვს საქართველოს წინაშე დამსახურება ისტორიულად, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ, სეკულარულ სახელმწიფოს თუ ვაშენებთ სხვა რელიგიურ კონფესიებთან მიმართებით… ჩვენ განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში გვყავს ერთი რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ისტორიის წინაშე დამსახურება არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ნიშნით სხვა ადამიანები დავჩაგროთ, მათი დისკრიმინაცია მოვახდინოთ. გვქონდა ჩვენ ფაქტი, როდესაც ქობულეთში ღორის თავი მიაჭედეს პანსიონს, ჭელაში მეჩეთს მინარეთი მოხსნეს, ბევრი ცუდი ნაბიჯი იყო და ხელისუფლების რეაგირება არ იყო ადეკვატური.
მე მიმაჩნია, რომ ჩვენს მიერ ბიუჯეტში გადახდილი თანხა უნდა ხმარდებოდეს ძირითადად ისეთ საკითხებს, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი, რაც შეეხება ჩემს სულიერი, შინაგან რელიგიურ სამყაროს, ამაში თუ მე თანხის გადახდა მინდა, პირადად უნდა შევწირო, ეს გადასახადის და იძულების დონეზე არ უნდა იყოს. ჩემი აზრით, ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს არცერთი რელიგიური ორგანიზაცია.
ეს თქვენი პოზიცია, მაგრამ პარტიის არ ვიცით – წინასაარჩევნო პროგრამაში არ ეხებით რელიგიის საკითხს.
არ არის რამე კონკრეტული გადაწყევტილება მიღებული, ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, პარტიაში იქნება ამაზე მსჯელობა.
რატომ არ იმსჯელეთ ამ საკითხზე აქამდე?
საჯაროდ არის გაცხადებული ჩვენი პოზიცია, რომ მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ადამიანების ჩაგვრა არის მიუღებელი… არ ვიცი ზუსტად, როდესაც პროგრამა მუშავდებოდა, ვერ გეტყვით, რატომ ვერ იმუშავეს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მიმართულებით, უფრო სხვა საკითხები იქნა პრიორიტეტად მიჩნეული ამ ეტაპზე.
მირდატ ქამადაძე
ევროპული საქართველო: რელიგიური ორგანიზაციები უნდა დააფინანსოს იმან, ვისაც ამის სურვილი აქვს
კითხვებს „ევროპული საქართველოს“ საპარლამენტო სიის მე-5 ნომერი, ტარიელ ნაკაიძე პასუხობს
ბატონო ტარიელ, სეკულარიზმის პრინციპს აქტიურად არღვევდა ის ხელისუფლება, რომელსაც თქვენი ამჟამინდელი ლიდერებიც წარმოადგენდნენ. თქვენ აქამდე იყავით „მუსლიმთა კავშირის“ ხელმძღვანელი. რის გამო დაიჯერეთ, რომ მათი პოზიცია შეიცვალა?
ზოგადად, წინა ხელისუფლებას ეს პრობლემა ჰქონდა და იყო ეკლესიის გამოყენებაც. სეკულარიზმის პრინციპის დარღვევა ჩანდა საჩუქრებით, დამოკიდებულებებით, რაც ზოგადად ჰქონდა იმ ხელისუფლებას. „ევროპული საქართველო“ სეკულარიზმის ქომაგია და ჩემი ამ გუნდში შესვლაც ამან განაპირობა. ჩემი მთავარი მოტივაცია ეს იყო. მე რისთვისაც ვიბრძვი ბოლო წლებია არის ის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს მაქსიმალურად სეკულარული, სახელმწიფო თავის საქმეს უნდა აკეთებდეს, რელიგია – თავისას, არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო რელიგიის საქმეებში. წინა ხელისუფლების პირობებშიც იყო ჩარევები, განსაკუთრებით მუსლიმთა თემის მიმართ, მუსლიმთა სამმართველო დაარსა მაშინ სუს-მა და ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა მაშინდელ ხელისუფლებას.
ნანობენ თქვენი ლიდერები ამას?
რა თქმა უნდა, ღიად არის საუბარი შეცდომებზე, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იქნა დაშვებული. ეს გუნდი პასუხისმგებლობას იღებს იმ შეცდომებზე, რაც იმ პერიოდში იქნა დაშვებული და სიკეთეებზეც, რაც მაშინ გაკეთდა.
რა გამორიცხავს იმას, რომ იგივე არ განმეორდება?
მეც ამ გუნდში ვარ და ვეცდები მაქსიმალურად არ დავუშვათ ის, რაც მაშინ მოხდა. მეორე: არაფერი არ არის გამორიცხული საერთოდ, თუმცა დამოკიდებულება და გეგმა, თავიდანვე მიდგომა ამ საკითხების მიმართ არის ამ პარტიაში პრინციპულად სწორი. ის ცდუნება, რაც ახლავს ხელისუფლებაში ყოფნას, გარკვეულწილად გამორიცხავს კოალიციური ხელისუფლება, სადაც უფრო ნაკლებად შესაძლებელია მსგავსი ცდუნებები, როცა კონკრეტულ ლიდერზე არაა დამოკიდებული ხელისუფლება.
რა მოდელს გვთავაზობთ, როგორ უნდა მივაღწიოთ რელიგიის კუთხით თანასწორობას?
მიგვაჩნია, რომ რელიგიური ორგანიზაციები უნდა იყვნენ თავისუფალი და მოქცეული მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში. ჩვენი პოზიციაა, რომ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება მოხდეს პროპორციულად, ანუ დააფინანსოს იმან, ვისაც ამის სურვილი აქვს. ეს მისაღებია თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაციისთვის. ჩვენ არ ვემხრობით დოტაციურ დაფინანსებას, რომელიც უამრავ პრობლემას წარმოშობს. მე შესაძლოა საერთოდ არ მინდოდეს რომელიმე რელიგიის დაფინანსება და ჩემი გადასახადი უნდა იყოს მიმართული ბავშვთა განვითარებისთვის, ან განათლებისთვის. ამის თავისუფლება უნდა ჰქონდეს ადამიანს, სახელმწიფო არ უდნა ფლანგავდეს ფულს რაღაც ორგანიზაციების განვითარებისთვის.
რაც შეეხება საკულტო ნაგებობების მშენებლობას, ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში და ეს არ უნდა ისაზღვრებოდეს დომინანტური რელიგიის, ან დომინანტი ორგანიზაციების შეხედულებების შესაბამისად. ვფიქრობ, კანონმდებლობის კუთხით ბევრი ცვლილება არ არის საჭირო, მთავარი არის ხელისუფლების პოლიტიკური ნება. კანონი უზრუნველყოფს ბევრ სიკეთეს, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არის.
ვის დაუჯეროს ამომრჩეველმა, როცა კონკრეტული მიდგომები რელიგიის თანასწორობის კუთხით წინასაარჩევნო პროგრამებში, მათ შორის, თქვენს პროგრამაში გაწერილი არ არის. ზოგადად ყველა პოლიტიკოსი ამბობს, რომ თანასწორობას უჭერს მხარს.
„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება და ქმედება ცნობილია, „ლელომ“ პირველსავე გამოსვლაზე შესაბამისი განცხადებები გააკეთა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე… ვფიქრობ, „ევროპულმა საქართველომ“ ამ კუთხით გარდამტეხი ნაბიჯი გადადგა ჩემი ამ გუნდში მიღებით, რადგან მე ვარ მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი და ამან შესაძლოა გამოიწვიოს დომინანტი რელიგიის რისხვა. ეს სერიოზული ნაბიჯი და განაცხადია, ეს არის ასევე გარდატეხა სტერეოტიპების. „ევროპულმა საქართველომ“ ეს ნაბიჯი ღიად გადადგა.