მთავარი,სიახლეები

მსოფლიო პრესის სატირული ნახატების კონკურსის გამარჯვებულები

22.10.2020 • 1947
მსოფლიო პრესის სატირული ნახატების კონკურსის გამარჯვებულები

მსოფლიო პრესის სატირულ-იუმორისტული ნახატების ყოველწლიური, რიგით მე-15 კონკურსი World Press Cartoon 2020 წელს პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში ჩატარდა. ფესტივალის ძირითადი გზავნილი პრესისა და სიტყვის თავისუფლების დაცვაა.

გერმანელი ილუსტრატორი,  ფრანკ ჰოფმანი, რომლის კარიკატურამაც ბორის ჯონსონზე გრანპრი დაიმსახურა, მიიჩნევს, რომ სიტყვისა და პრესის თავისუფლება მსოფლიოში ამჯერად შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ისე, როგორც არასდროს.

„თუ დააკვირდებით, გაზეთები სულ უფრო იშვიათად ან საერთოდ აღარ ბეჭდავენ სატირულ ილუსტრაციებს. ჩემი აზრით, ეს პრობლემაა. საქმე სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ეხება, გაზეთებში ეს ჟანრი უკვე იგნორირებულია, თუ ზოგიერთ სახელმწიფოში კარიკატურა ცენზურას ექვემდებარება, ეს ძალიან პრობლემური რამაა,“ – ამბობს ფრანკ ჰოფმანი. მისი კარიკატურა ბორის ჯონსონზე გამოცემა Eulenspiegel-ის 2019 წლის ნოემბერის ნომერში დაიბეჭდა.

ბორის ჯონსონი/მხატვარი ფრანკ ჰოფმანი

კონკურსზე წარდგენილი ათასობით ნახატიდან 2019 წელს შექმნილი 280 კარიკატურა შეარჩიეს. კონკურისის მონაწილე მხატვრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2019 წელს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, ცენზურის დიდი ტალღა იყო.

„პრესის თავისუფლების შეზღუდვა ძალიან ცუდ გავლენას ახდენს კარიკატურაზეც, ამ ჟანრში დახელოვნებული მხატვრების დიდმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, ზოგი ცენზურას დაექვემდებარა, ზოგიც დააკავეს, არიან კარიკატურისტები, რომლებიც აიძულეს თავად წასულიყვნენ. ვფიქრობ თავისუფალ ადამიანს შეუძლებელია არ უყვარდეს იუმორისტული ნახატი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და დავიცვათ კარიკატურის ჟანრი, საჭიროა საზოგადოებამაც გააცნობიეროს რამდენად მნიშვნელოვანი ეს,“- ამბობს კონკურს World Press Cartoon – ის დირექტორი, ანტონიო ანტუნეში.

პრესის თავისუფლება, კლიმატის ცვლილება მიგრაციული კრიზისი და აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომები – ამ ძირითად თემებზე იყო შექმნილი კარიკატურები, რომლებიც საკონკურსოდ შეარჩიეს. აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების თემას ეხმაურებოდა კარიკატურა, რომელმაც  საერთაშორისო კონკურსის მეორე პრიზი მიიღო და ბრაზილიელ მხატვარს, კაუ გომეშს ეკუთვნის,  ეს კარიკატურა ბრაზილიურ გაზეთ A Tarde-ში დაიბეჭდა.

სი ცზიმპინი/მხატვარი: კაუ გომეში

მხატვარი განმარტავს, რომ ნამუშევარი ჩინეთის აღმავლობას ეხმაურება, რაც მისი აზრით აღელვებთ პრივილეგირებულ  ამერიკელებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას იმპერიად მიიჩნევენ.

„ლათინური ამერიკის რამდენიმე ქვეყანასა და ნაკლებად პრივილეგირებულ ქვეყნებზე აისახება სწორედ ის უკუჩვენებები, რაც აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ომებს ახლავს თან,” – ამბობს კაუ გომეში.

წელს პირველად კარიკატურების კონკურსზე ინტერნეტში გამოქვეყნებული ილუსტრაციაც გაიტანეს, რომელიც ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორს, კრისტინ ლაგარდს ეხებოდა. ნახატი ანიმაციების ჰოლანდიურ პლატფორმაზე Cartoon Movement-ზე გამოქვეყნდა პირველად და კონკურსის მესამე პრიზი მიიღო.

ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორი, კრისტინ ლაგარდი/მხატვარი: პედრო სილვა

მისი ავტორი, კარიკატურისტი პედრო სილვა ამბობს, რომ რახან ეს ჟანრი გაქრობის პირასაა, აუცილებელია შეიქმნას ილუსტრაციების, კარიკატურებისა და შარჟების ინტერნეტპლატფორმები მკითხველთა და დამთვალიერებელთა იმ აუდიტორიისთვის, ვისაც ამბის გადმოცემის ეს სატირული ფორმა მოსწონს.

მეორე პრემია მიიღო ესპანურ გაზეთ Mundiario-ში გამოქვეყნებულმა, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟარ ბოლსონაროს კარიკატურამ, რომლის ავტორიც მხატვარი დარიოა.

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟიარ ბოლსონარო/მხატვარი: დარიო

ნომინაციაში Gag Cartoon პირველი პრიზი მიანიჭეს ბერძენ მხატვარს გეორგოპოლისს ნახატისთვის ,,გზავნილი ბოთლში”.

გზავნილი ბოთლში/მხატვარი: გეორგოპოლისი

ამავე ნომინაციის მეორე პრიზი ერგო ნიკარაგუელი მხატვრის, Px Molina-ს ნახატს ,,პოპულიზმი”

პოპულიზმი/მხატვარი: Px Molina

 

მესამე პრიზი კი მიიღო ხორვატიელი კარიკატურისტის ნახატმა „ახალი მსოფლიოს ლიდერები”.

 

ახალი მსოფლიოს ლიდერები/მხატვარი: ლისტი

  • კატეგორიაში: „სარედაქციო კარიკატურები” პირველ ადგილზე გავიდა თურქი ავტორის, აიტოსის „მსოფლიო პოლიტიკა”.

მსოფლიო პოლიტიკა/მხატვარი: აიტოსი

მეორე ადგილი მიიღო კაუ გომესის ზემოთ მოცემულმა ნახატმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის, სი ცზიმპინის გამოსახულებით.

მესამე პრიზი ერგო ბერძენ მხატვარს, კონტურისს, ნახატისთვის ,,სამაშველო და ყვითელი ჟილეტები”. ნახატი ბერძნულ გაზეთებში Efimerida-სა და Syntakton-ში გამოქვეყნდა.

სამაშველო და ყვითელი ჟილეტები/მხატვარი: კონტურისი

კონკურს World Press Cartoon 2020 -ის საუკეთესო ნამუშევრები პორტუგალიის ქალაქ კალდაშ-და-რაინიაში იქნება წამოდგენილი 15 ნოემბრამდე – კულტურისა და კონგრესის ცენტრში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: