37 წლის ამიდ მამედოვი თბილისის ქუჩებში გამვლელებს აჩერებს და სთხოვს, ჩაწერონ ვიდეო და გაავრცელონ ინტერნეტით მისი ამბავი.
ამიდ მამედოვი ამბობს, რომ იძულებულია საზოგადოებას მიმართოს დახმარებისთვის, რადგან მარტოა დედასთან, არ აქვს ღამის გასათევი, საკვები, სამოსი და მედიკამენტები დედისთვის.
ამიდ მამედოვი ბაქოელი ირანელია და როგორც თავად გვიყვება, ეთნიკური წარმომავლობის გამო ბაქოში ბევრი პრობლემა შეექმნა. ამიდს არც მოქალაქეობა აქვს დედისგან განსხვავებით, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა. ამიდი ამბობს, რომ დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობს, დღიურად ქირაობს ბინას და ყოველ დღე თავშესაფრის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშეა.
ამიდ მამედოვი ყვება, როგორ აღმოჩნდა საქართველოში, რას ითხოვს ახლა საზოგადოებისგან, საქართველოს ხელისუფლებისგან და ბაქოში როგორი იყო მისი ცხოვრება.
ამიდ მამედოვი:
ბაქოელი ირანელები ვართ. ჩვენთვის ბაქოში ყველა გზა მოჭრილია. როცა ძალიან გიჭირს ცხოვრება საკუთარ ქალაქში, იძულებული ხარ წახვიდე სხვაგან. ჩვენსავით უამრავი ბაქოელი ირანელი მიდის აზერბაიჯანიდან.
მამაჩემი იყო ირანელი, დედის ბაბუაც. ირანში რომ წავიდეთ, იქაც ძალიან რთულია ცხოვრება, მოქალაქეობის მიღების პროცესი.
დედას და ბებიას ბაქოში ბინა ჰქონდათ. ბებია გარდაიცვალა. ბინის გაყიდვა და სხვა, უფრო პატარა ბინის ყიდვა გვინდოდა. 3000 დოლარი მისცეს დედას თავიდან, გადმოგვიფორმე და დანარჩენს მალევე მოგცემთო. მოგვატყუეს. ასე დავკარგეთ ბინა და დავრჩით უსახლკაროდ.
ბაქოში 4 წელი უცხოელების ქარხანაში ვმუშაობდი მღებავად. ვღებავდი დიდ კონტეინერებს. მებაღედაც ვიმუშავე, ფანჯრებსაც ვწმენდდი დიდ მარკეტებში. მოქალაქეობის არმქონე პირი ვარ. დავიბადე უზბეკეთში, დედა იქ იყო, როცა მე გამაჩინა, მერე ბაქოში დავბრუნდით. მაქვს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი და დაბადების მოწმობა. 18 წელია ვწერ უზბეკეთის მთავრობას, ვუგზავნი ჩემი საბუთების ასლებს, რომ მოქალაქეობა მივიღო, მაგრამ ამაოდ. ბაქოში კი ძნელია მოქალაქეობის არმქონე ადამიანისთვის რაიმე სამსახურის პოვნა.
როცა აზერბაიჯანში ბინის გარეშე დავრჩით, გვიწევდა პარკში ღამის გათევა ხანდახან. ბოშები ხომ არ ხართო, გვეკითხებოდნენ პოლიციელები. როცა იგებდნენ, რომ ბაქოელი ირანელები ვართ, პოლიცია გვეუბნებოდა, რომ წავსულიყავით ჩვენს ირანში, რომ ირანთან სომხეთი მეგობრობს.
https://www.facebook.com/fo1ve/videos/10224340736295797/
როცა ვამბობდი, რომ არ ჰქონდათ ასე ლაპარაკის უფლება და რომ დედაჩემი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო, გვეუბნებოდნენ, რომ ვარცხვენთ ქვეყანას და ქალაქს.
რადიოში, გაზეთში, ტელევიზორში, ყველამ ჩაწერა ჩვენი ინტერვიუ აზერბაიჯანში, მაგრამ ხელისუფლებისგან რეაქცია არ ყოფილა. მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები დაგვეხმარნენ რამდენიმე სიუჟეტის შემდეგ, 2 თვის ქირით, წამლებით, საკვებით და სამოსით.
დედას პენსიაც არ ეკუთვნის ჯერ აზერბაიჯანში, 58 წლისაა, პენსია იქ ქალებისთვის 65 წლიდან გაიცემა. მთავრობის რომელიმე აპარატში განცხადება რომ შეგვქონდა, გვეუბნებოდნენ, რომ სომხები ვართ, რახან ჩვენს ისტორიულ სამშობლოსთან, ირანთან სომხეთი მეგობრობს.
ხშირად მიგვიმართავს აზერბაიჯანელი დეპუტატებისთვის სატელევიზიო ეთერით, რომ დაგვხმარებოდნენ, მაგრამ პასუხად ვიღებდით, რომ წავსულიყავით ირანში და იქ გვეთხოვა საცხოვრებელი და სამსახური.
ხუთი დღე ვიდექით ბაქოში, ომბუდსმენ ელმირა სულეიმანოვას ოფისთან და არავინ მოგვისმინა. ბაქოში ჩვენ არავინ გვცნობს.
სკოლაც კი არ მაქვს დამთავრებული. ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოდან საავადმყოფოში დავყავდი დედაჩემს ბავშვობაში. ჩემი ირანული წარმომავლობის გამო ბავშვობაშიც ბევრი დამცირება გადამიტანია.
მამა გარდაცვლილია, დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ოპერაცია სჭირდება. სამი წლის წინ დასაქმების იმედით საქართველოში ჩამოვედით.
ვწმენდდი დიდი მაღაზიების ვიტრაჟებს და ასე გამოვიმუშავებდი ფულს, მთავაზობდნენ სხვა სამსახურსაც, ტვირთის ზიდვას, მაგრამ ეს ვერ შევძელი. ვერ ვახერხებ კვებას ყოველდღე და დასუსტებული ვარ, ძვლები მტკივა. რასაც გამოვიმუშავებდი, ვიხდიდით დღიურ ბინაში მე და დედაჩემი, საჭმლის ფული აღარ გვრჩებოდა. ხან ტურისტები, ხან ქართველი აზერბაიჯანელები, ხანაც სასულიერო პირები გვეხმარებოდნენ საკვებით, სამოსით, მედიკამენტებით.
ჩვენთვის ყველა კარი დახშულია. ხმას ვერავის ვაწვდენთ, ჯოჯოხეთური ტანჯვაა ეს.
ვითხოვთ სამოსს: ღამით ვიყინებით მე და დედაჩემი, დედა თხელი კაბითაა და ფილტვები სტკივა გამუდმებით, ყოველდღე მაღალი წნევა აქვს, იქნებ ვინმე მედიკამენტებით, სამოსით და საკვებით დაგვეხმაროს. ვთხოვ საქართველოს სახელმწიფოს, დამასაქმოს სადმე, არსებობა რომ შევძლო, თავის შეფარება რომ შევძლო სადმე. იქნებ რამე გამოინახოს ჩვენთვის, ყველასთვის უცხო ადამიანებისთვის დროებითი სამყოფი.
ნაცნობები გვყავს სტამბოლში და გვითხრეს, რომ იქ დასაქმება მარტივია, დედასაც ვუმკურნალებდი, მაგრამ საზღვრები ჩაკეტილია. რომც გაიხსნას საზღვარი, დედა ვიზის გარეშე გადავა, მაგრამ მე როგორც მოქალაქეობის არმქონეს, 50 დოლარი მჭირდება ვიზისთვის, ესეც არარსებული თანხაა ჩვენთვის.
კალაძე იყო ახალი წლის დღეებში ქუჩაში გამოსული და ვუთხარით ჩვენი გასაჭირი. გვითხრა შემოიტანეთ განცხადება მერიაში და შევეცდებით დაგეხმაროთო, დავწერე განცხადება და პასუხიც არ მიმიღია.
ახლა ვცხოვრობთ სახლში, სადაც ყოველდღიურად უნდა გადავიხადოთ ოთახის საფასური, არ ვიცი რით, ხან ვისი, ხან ვისი დახმარებით, როცა გაგვაგდებენ, გავათევთ ისევ ქუჩაში და ასე გრძელდება“.
განახლება
რესპონდენტის ნებართვით და მკითხველების თხოვნით ვასაჯაროებთ ამიდ მამედოვის ტელეფონისა და საბანკო ანგარიშს ნომრებს:
Tel.: 593 28 41 50 – ამიდ მამედოვი
(TBCBGE22)(GE93TB7748645064300027) – ამიდ მამედოვი