მთავარი,სიახლეები

16 წლის ოპერატორი, რომელსაც ბანკზე თავდამსხმელმა ესროლა – ვხედავდი, როგორ ამომიღო მიზანში

22.10.2020
16 წლის ოპერატორი, რომელსაც ბანკზე თავდამსხმელმა ესროლა – ვხედავდი, როგორ ამომიღო მიზანში

„არ მიმიტოვებია მაინც გადაღება“, – რამდენჯერმე გაიმეორა ჩვენთან საუბრის დროს ილია ჯიშკარიანმა. ის 16 წლისაა და გუშინ, 21 ოქტომბერს, პირველი ოპერატორი იყო, ვინც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გადაღება დაიწყო. ილია ჯიშკარიანს თავდამსხმელმა სავარაუდოდ ორჯერ ესროლა. ილია ტელეკომპანია „ოდიშის“ ოპერატორია.

ილია ჯიშკარიანს რომ თავდამსხმელმა ორჯერ დამიზნებით ესროლა, ამის შესახებ მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელიაც ჰყვება: „…დაინახა ფანჯრიდან, რომ ვიღაცა უღებდა და მისი მიმართულებით გაისროლა… ავტომატიდან ისროლა ორი ტყვია მისი მიმართულებით. თუმცა მერე, როცა კონტაქტში შევედით მასთან, – 7 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, რაღაცა კონტაქტი დამყარდა, – რომელიღაცა მძევალმა ჰკითხა, ხომ არ დაშავდა ის ადამიანი, რომელსაც ესროლა. მაგრამ მან თქვა, რომ ისე არ უსვრია, რომ დაშავებულიყო,“ – იხსენებს ირაკლი კვარაცხელია.

ილია ჯიშკარიანი „ბათუმელებთან“ იხსენებს, რომ როცა სროლის ხმა გაიგო, ამ დროს ჟურნალისტთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე ხალხის გამოკითხვას იწერდა.

„გავიგონეთ სროლის ხმა და გავიქეცით. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი, შტატივი არ მქონდა ისედაც წამოღებული“, – გვიყვება ილია ჯიშკარიანი, რომელიც არ დაჭრილა და მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო. – „მივედი და ძალიან ცუდი სიტუაცია იყო უკვე იქ, ბანკს ძარცვავენო, გავიგე.

ბანკის პირველ სართულზე იყვნენ ამ დროს, იატაკზე ჰყავდა დაწვენილი ადამიანები… ნიღბიანი კაცი დავინახე ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული, მიდიმოდიოდა… დაახლოებით სამი წუთი ვიღებდი და მივხვდი, რომ დამინახა, შემხედა და ორჯერ დამიზნებით მესროლა.

არ ვიცი რა ვიგრძენი. როგორია, ვიღაც გიმიზნებს და გესვრის, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი… ჟურნალისტმა გაქცევა მოესწრო ამ დროს, მე კამერას დავტაცე ხელი და მანქანას ამოვეფარე. პოლიციელებიც იქვე იყვნენ, გამოდი, ბიჭო, გამოდიო, ყვიროდნენ… პარკის მხარეს გამომიყვანეს, მერე ხეს ამოვეფარე და ისევ ვიღებდი, არ შემიწყვეტია მე გადაღება… მერე მივხვდი, რომ ცოტა ზურგი მეწვოდა…. ნაკაწრები მქონდა, როგორც ჩანს, რეზინის ტყვია მომხვდა… არ ვიცი, როგორ და საიდან, რასაც ვხედავდი, AKM-ის სისტემის იარაღი დამიმიზნა და მესროლა… ამ დროს სხვა ოპერატორები და ჟურნალისტებიც მოვიდნენ.

გამოძიებას ჯერ არ დავუკითხივარ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი პროფესია,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ილია ჯიშკარიანმა.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/491202/

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: