სიახლეები,ჯანმრთელობა

როდის დაბრუნდება დაკარგული ყნოსვისა და გემოს შეგრძნება? – COVID19

21.10.2020 • 16905
როდის დაბრუნდება დაკარგული ყნოსვისა და გემოს შეგრძნება? – COVID19

ბოლო რამდენიმე თვეა ანოსმია ანუ ყნოსვის დაკარგვა მნიშვნელოვნად უკავშირდება COVID 19-ს. აპრილის თვეში ჯანმომ ყნოსვისა და გემოს დაკარგვა ოფიციალურად შეიტანა COVID 19-ის სიმპტომების ჩამონათვალში. ანოსმიის მაჩვენებლები SARS-COV-2-ის დადებით პაციენტებში მნიშვნელოვნად განსხვავდება კვლევებში და 30-70% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პაციენტისთვის ყნოსვის დაკარგვა COVID 19-ის ერთადერთი სიმპტომია.

იმის დასადგენად, თუ როდის უბრუნდება ყნოსვა და გემოს შეგრძნება კოვიდინფიცირებულ ან კოვიდგადატანილ პაციენტებს, ამ ეტაპზე საკმაოდ ბევრი კვლევა ტარდება. რამდენიმე მათგანის თანახმად კოვიდის შემდეგ სუნისა და გემოს შეგრძნების დაბრუნებას 10 დღე ან რამდენიმე კვირა სჭირდება. იწვევს თუ არა კორონავირუსი ყნოსვისა და გემოს შეგრძნების უფრო ხანგრძლივად დაკარგვას, ჯერ არ არის ცნობილი.

ამერიკის ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გაანალიზდა კოვიდპაციენტთა პირველი 237 ჩანაწერი, რომელმაც აჩვენა, რომ ყნოსვის დაკარგვა ან შესუსტება აღინიშნა პაციენტთა 73% -ში COVID 19-ის დიაგნოზის დასმამდე და ეს იყო COVID 19-ის საწყისი სიმპტომი მათ 26,6% -ში.

პაციენტთა 27% -ში აღინიშნა გარკვეული გაუმჯობესება საშუალოდ 7.2 დღეში. ამ ჯგუფის 85 პროცენტს ყნოსვა გაუუმჯობესდა 10 დღის განმავლობაში.

წამყვანი მკვლევარი, პროფესორი კარლ ფილპოტი, რომელიც ასევე მუშაობს ყნოსვისა და გემოს დარღვევებით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად შექმნილ საქველმოქმედო ორგანიზაცია Fifth Sense-სთან [მეხუთე გრძნობა], BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ კვლევების თანახმად, კოვიდპაციენტების უმრავლესობას, ვისაც ანოსმია აწუხებთ, ყნოსვის შეგრძნება რამდენიმე კვირაში უბრუნდებათ.

სხვადასხვა კვლევაში განმარტებულია, რომ COVID 19-თან დაკავშირებული ანოსმია განსხვავდება უბრალო ვირუსის შეყრის შედეგად დაკარგული ყნოსვისგან, რომელიც რინიტს ან ზედა სასუნთქი გზების სხვა ინფექციებს მოჰყვება.

„…პაციენტთა უმეტესობა აღნიშნავს ყნოსვის უეცარ და თითქმის სრულად დაკარგვას, ანუ ანოსმიას, რომელსაც იშვიათად ახლავს სხვა ნაზალური სიმპტომები, როგორიცაა ცხვირის გაჭედვა, სეკრეცია ან რინორეა  (ცხვირის ლორწოვანი გარსის ექსუდატის ჭარბი გამოყოფა)”- წერია ნიქოზიის საერთო ჰოსპიტლის ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის, კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და ატიკონის საერთო ჰოსპიტლის ინფექციური დაავადებების კვლევის ლაბორატორიის, ასევე ათენის ეროვნული და კაპოდისტრული უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევაში.

COVID 19-თან დაკავშირებული ანოსმიის შესახებ, პროფესორი ფილპოტი ამბობს, რომ განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც კორონავირუსს გამოყოფს სხვა რესპირატორული ვირუსებისგან, მართლაც არსებობს. ეს ნიშნავს, რომ კოვიდპაციენტებისა და ჩვეულებრივი გრიპის მქონე პაციენტების განსხვავება შესაძლებელია ყნოსვისა და გემოს შეგრძნების ტესტით. მისი თქმით, ადამიანებს შეუძლიათ თავად ჩაიტარონ ეს ტესტი სახლში ისეთი პროდუქტების გამოყენებით, როგორიცაა; ყავა, ნიორი, ფორთოხალი ან ლიმონი.

ორგანიზაცია Fifth Sense თავის ვებგვერდზე COVID19-ის პანდემიისას ყნოსვის დარღვევის სადიაგნოსტიკო ტესტის შესახებ წერს. არსებობს მთელი რიგი საერთაშორისოდ აღიარებული სუნის იდენტიფიკაციის კლინიკური/სამეცნიერო ტესტები, რომლებსაც ყნოსვის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის იყენებენ:

„ასეთ კვლევებში ხშირად იყენებენ არომატებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა სუნს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოიყენოთ ისეთი საგნები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული სუნი, რომლებიც ადვილად ამოსაცნობია და ნაცნობია მათთვის, ვისაც უტარდება ტესტირება.

მაგალითად, ფორთოხლის, ვანილის და პიტნის სუნის გამოცნობას ძალიან პატარა ასაკის ბავშვებიც შეძლებენ. უფრო დიდებისთვის დამატებით შეიძლება ნივრის, ყავისა და ქოქოსის სუნის გამოყენება. სატესტო სუნის სია შეიძლება ადაპტირდეს კულტურის, ასაკობრივი დიაპაზონისა და სხვა გარემოებების მიხედვით“, – აღნიშნულია ორგანიზაციის ვებგვერდზე. 

პროფესორმა ენდრიუ ლეინმა, რომელიც ცხვირისა და სინუსური პრობლემების ექსპერტია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში, სპეციალისტების გუნდთან ერთად შეისწავლა ცხვირის უკანა ნაწილის ქსოვილების ნიმუშები იმის დასადგენად, თუ როგორ შეიძლება კორონავირუსმა გამოიწვიოს სუნის დაკარგვა. შედეგად, მათ განსაზღვრეს ფერმენტის უკიდურესად მაღალი დონე, რომელიც ცხვირის მხოლოდ იმ არეში იყო, რომელიც პასუხისმგებელია ყნოსვაზე. ეს ფერმენტი, სახელწოდებით ACE-2, მიიჩნევა “შესვლის წერტილად”, რომელიც საშუალებას აძლევს კორონავირუსს სხეულის უჯრედებში მოხვდეს და გამოიწვიოს ინფექცია.

ცხვირი ერთ-ერთი ადგილია, საიდანაც Sars-CoV-2 ვირუსი ხვდება სხეულში. კვლევის ავტორები ახლა დამატებით ექსპერიმენტებს ატარებენ იმის დასადგენად, იყენებს თუ არა ვირუსი ამ უჯრედებს სხეულში შესასვლელად და ინფიცირებისთვის. „თუ ეს ასეა, ჩვენ შეგვიძლია ინფექციის დაძლევა ანტივირუსული თერაპიებით, რომლებიც პირდაპირ ცხვირიდან მიიღება”, – ამბობს პროფესორი BBC-სთან ინტერვიუში.

___________

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: