ბათუმი,მთავარი,სიახლეები

200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს

14.10.2020 • 1670
200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს

საუბნო საარჩევნო ან საოლქო კომისიის წევრს, რომელიც 200-ლარიან კომპენსაციას იღებს, კომპენსაცია არ შეუწყდება იმ შემთხვევაშიც, როცა ის აიღებს ხელფასს, როგორც კომისიის წევრი.

ანუ 200 ლარს – კომპენსაციას და ხელფასს ერთდროულად მიიღებენ როგორც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე, ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა [პარტიების] წარმომადგენლები [თუ, რა თქმა უნდა, ისინი საარჩევნო კომისიებში დასაქმებამდე იღებდნენ ამ კომპენსაციას].

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით:

„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

[checklist]

  • ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;
  • ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

[/checklist]

ასეთ პირებზე ხელფასის გაცემის შესახებ და სხვა ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს მიაწვდის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შესაბამისი პარტია [წარმომადგენლის შემთხვევაში] – შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით.

მთავრობის დადგენილებით: „ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილნი არიან, 2020 წლის 25 დეკემბრამდე დააზუსტონ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია – თუ ამ ინფორმაციაში მონაცემები არასწორად/შეცდომით არის მითითებული და აღნიშნული იწვევს კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირისთვის კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.“

„ოცნება“ – 3, „ნაციონალური მოძრაობა“ – 1, „ევროპული საქართველო“ – 1, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული – 6, ანუ ერთ უბანზე სულ 12 პირი დათვლის ჩვენს ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ბათუმის საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებად კომისიებში წელსაც ის პირები იმუშავებენ, რომლებიც ამ არჩევნებამდე სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ფორმით – აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიებში „ოცნების“ ინტერესებს იცავდნენ. მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ.

ამ თემაზე ვრცლად:

ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: