განათლება,მთავარი,სიახლეები

როდის ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები სკოლებში, სადაც დისტანციური სწავლებაა

20.10.2020 • 1835
როდის ჩატარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები სკოლებში, სადაც დისტანციური სწავლებაა

საჯარო სკოლებში, სადაც დისტანციური ან შერეული/ჰიბრიდული მოდელით მიმდინარეობს სწავლა, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა მოსწავლე სასწავლო პროცესს უშუალოდ სკოლის შენობაში დაუბრუნდება.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრძანება 19 ოქტომბერს გამოსცა.

„2020-2021 სასწავლო წელს იმ საჯარო სკოლებში, სადაც საბაზო ან/და საშუალო საფეხურებზე სასწავლო პროცესი ხორციელდება დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული ან/და ჰიბრიდული მოდელით, მოსწავლეთა თვითმმართელობის არჩევნები ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შესაბამის საჯარო სკოლებში სრულად დაშვების შემდეგ“, – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.

მოსწავლეთა თვითმმართველობას, რომელიც საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულია, გარკვეული უფლებები აქვს. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, თვითმმართველობას შეუძლია გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშაოს და წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს, რომელმაც ეს რეკომენდაციები სკოლის ადმინისტრაციამდე უნდა მიიტანოს.

კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა 20 ოქტომბრის ბრიფინგზე საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ უფროსკლასელები [VII-XII კლასები] საკლასო ოთახებს მიმდინარე სემესტრში დაუბრუნდებიან.

ჩხენკელი: უფროსკლასელები სკოლას ამ სემესტრში დაუბრუნდებიან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: