რესტორნებსა და კაფე-ბარებს ღამის 10 საათიდან შეუძლიათ მიტანის სერვისით იმუშაონ

მთავრობის 10 ნოემბრის დადგენილებით, 22:00 საათიდან 07:00 საათამდე რესტორნების, ბარების, კაფეების მუშაობის აკრძალვა აღარ შეეხება მათ მიერ მიტანის მომსახურებას, ანუ ე.წ. დელივერსერვისს.

საქართველოს მთავრობამ რესტორნების/ბარების/კაფეების მუშაობა საღამოს 22:00 საათიდან 07:00 საათამდე ოქტომბრის ბოლოს ჯერ თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში, ნოემბრის დასაწყისში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა.

ამასთან, საქართველოს 7 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა 10 ნოემბრიდან აღარ გავრცელდება შიდა გადაზიდვებზე.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/496978/

 

 

 

გერმანიაში არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩემოდანში ბევრი საცვალი ჰქონდა – SZ.de

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში გერმანიაში შესასვლელად მნიშვნელოვანი საფუძველია საჭირო. ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად ექიმთან ვიზიტი ითვლება. სწორედ მსგავსი მოსაწვევის მქონე საქართველოს მოქალაქე ქალს დააბრუნებენ გერმანელი მესაზღვრეები უკან, სამშობლოში. მოტივი – ქალის ჩემოდანში ბარგი არ შეესაბამებოდა მის განმარტებას ექიმთან ვიზიტის შესახებ – ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა SZ.de ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიუნხენის აეროპორტში 29 წლის ქალმა საქართველოდან მგზავრობის მიზეზად დაასახელა ქირურგიული ოპერაცია. პოლიციამ ქალს არ დაუჯერა. სამართალდამცავების ვერსიით, ქალი სავარაუდოდ „პროსტიტუციაში ჩართვის“ განზრახვით აპირებდა გერმანიაში შესვლას.

მართალია, ქალს მოეპოვებოდა ცნობა, რომ მას ნიურნბერგის კლინიკაში მნიშვნელოვანი ქირურგიული ოპერაცია ჰქონდა დანიშნული, მაგრამ სასაზღვრო პოლიციამ მიიჩნია, რომ ეს ყალბი ცნობაა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, მათი ეჭვის საფუძველი იყო საკმაოდ პიკანტური – მესაზღვრეების თქმით, ახალგაზრდა ქალს ჩემოდანში იმაზე მეტი საცვალი ჰქონდა, ვიდრე მას სტანდარტულად, ოპერაციის შემთხვევაში დასჭირდებოდა.

გამოძიება ყალბი ცნობის გაცემაზე დაიწყო.

____________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო

თურქი ემიგრანტი ექიმების წყვილი, რომელთა შექმნილ ვაქცინას მსოფლიო ელის

9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია. 2020 წლის იანვრიდან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს.

ვაქცინის ტესტირება ნოემბრის მესამე კვირამდე გაგრძელდება, შემდეგ კი პრეპარატი მარეგულირებლებს გაეგზავნება დასამტკიცებლად. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა უკვე განაცხადა, რომ გერმანია ვაქცინის 100 მილიონ დოზას მიიღებს პირველ ეტაპზე, 2021 წლის პირველ კვარტალში.

კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც ახლა მთელი მსოფლიო იმედით ელის, გერმანულმა კომპანია BioNTech-მა გამოიგონა, რომელიც იმუნოლოგმა უღურ შაჰინმა დაარსა ცოლთან, იმუნოლოგ ოზლემ თურეჯთან და ყოფილ მასწავლებელთან, ავსტრიელ კიბოს ექსპერტთან, პროფესორ კრისტოფ ჰუბერთან ერთად.

უღურ შაჰინი თურქეთში დაიბადა, იგი 4 წლის იყო, როცა მისი მშობლები გერმანიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და „ფორდის“ ქარხანაში დაიწყეს მუშაობა. მედიის ცნობით, შაჰინის მამა მუშა იყო, უღური კი ექიმობაზე ოცნებობდა.

შაჰინმა სამედიცინო განათლება კიოლნის უნივერსიტეტში მიიღო. გერმანულ მედიასთან ის ამბობს, რომ დღის 4 საათამდე ლექციებზე იჯდა, შემდეგ კი გვიან ღამემდე ლაბორატორიაში მუშაობდა და ველოსიპედით მიდიოდა სახლში.

სწავლის დასრულების შემდეგ შაჰინმა იმუნოლოგიისა და ონკოლოგიის მიმართულებით დაიწყო მუშაობა ჯერ კიოლნის, შემდეგ კი ზაარლანდის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, ოზლემ თურეჯი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, სტამბოლიდან გერმანიაში ემიგრირებული ექიმის შვილი.

2001 წელს ცოლ-ქმარმა დაარსა კომპანია Ganymed Pharmaceuticals-ი, რომელიც ონკოდაავადებების პრეპარატებზე მუშაობდა. ამ კომპანიაში ჩადეს მსხვილი ინვესტიცია გერმანელმა მილიარდერმა ძმებმა, შტრუნგმანებმა. „ფორბსის“ ცნობით, 2016 წელს ეს კომპანია იაპონურმა  Astellas Pharma-მ იყიდა 1,4 მილიარდ დოლარად.

2008 წელს კი წყვილმა, პროფესორ ჰუბერთან ერთად  კომპანია BioNTech-ი დააარსა, კვლავ ძმები შტრუნგმანების ინვესტირებით. მედიის ცნობით, BioNTech-ს დღემდე მრავალი კვლევა აქვს ჩატარებული. 2019 წელს კომპანიამ დადო ხელშეკრულება გეიტსების ფონდთან აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის მკურნალობის კვლევაზე, 2020 წელს კი ცნობილი გახდა, რომ BioNTech-მა გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტთან, Prifzer-თან SARS-Cov-2 ვაქცინის შესამუშავებლად.

„ფორბსი“ წერს, რომ ჯერ კიდევ თებერვალში უღურ შაჰინმა დაურეკა კატრინ იანსენს, Prifzer-ის ვაქცინების კვლევის განყოფილების უფროსს, და უთხრა, რომ მისი კომპანია მუშაობდა ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე და ჰკითხა, დაინტერესდებოდა თუ არა Prifzer-ი თანამშრომლობით. „მეკითხები? რა თქმა უნდა, გვაინტერესებს!“ – უპასუხა იანსენმა.

ამერიკული კომპანია დათანხმდა 1 მილიარდი დოლარით დაეფინანსებინა პირველი ხარჯები ვაქცინის შექმნისა და პირველადი წარმოებისთვის. „ფორბსის“ ცნობით, ავანსის სახით BioNTech-მა 185 მილიონი დოლარი მიიღო. მაშინ, როცა საზღვრები და ავიამიმოსვლა შეჩერებული იყო, საჭირო მასალა გერმანიიდან აშშ-ში Prifzer-ის ხელმძღვანელების კერძო თვითმფრინავით გადაჰქონდათ.

„ევრონიუსის“ ცნობით, BioNTech-ში, შაჰინის ზედამხედველობით, ვაქცინაზე ორი კვლევითი ჯგუფი მუშაობდა პარალელურად, კვირაში 7 დღე, უფრო სწრაფი შედეგის მისაღწევად. ექიმებს აფრთხილებდნენ, ესარგებლათ მხოლოდ პირადი ავტომანქანით, რათა არ ინფიცირებულიყვნენ და მუშაობა არ შეჩერებულიყო.

ამჟამად უღურ შაჰინი მაინცში ცხოვრობს, 55 წლისაა და BioNtech-ის ოფისში ყოველ დილას ველოსიპედით მიდის. „ფორბსის“ ცნობით, მისი ქონება 2,1 მილიარდს აღწევს და იგი 100 ყველაზე მდიდარი გერმანელის სიაშია.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ამჟამად BioNTech-ში მუშაობს 1300-ზე მეტი ადამიანი 60-ზე მეტი ქვეყნიდან და თანამშრომლების ნახევარზე მეტი ქალია.

გუშინ და დღეს შაჰინის შესახებ ბევრს წერს თურქული მედია, რომელიც შაჰინის თურქულ წარმოშობას უსვამს ხაზს. მედია ასევე ციტირებს ქრისტიან ოდენდალს, ევროპული რეფორმის ცენტრის მთავარ ეკონომისტს, რომელმაც ემიგრაციასთან კავშირში ტვიტერზე დაწერა, რომ წლების წინ შაჰინის მამა „ფორდის“ ქარხანაში სამუშაოდ ჩავიდა, მისი შვილი კი შესაძლოა გახდეს ადამიანი, რომელიც პანდემიას დაასრულებს.

საჯარო მოხელეების ჩხუბი ტენდერისთვის ხულოში ვიდეოკამერების წინ

„ტენდერის დათმობას ხულოში დავით რიჟვაძესთან დაკავშირებული ჯგუფი მთხოვდა, ამის გამო იყო შეხლა-შემოხლაც… პროკურატურა არ რეაგირებს, სამაგიეროდ, მე მიშვებენ სამსახურიდან. გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს, როცა კორონავირუსი მქონდა და სამსახურში ვერ დავდიოდი,“ – ამბობს თემურ ბერიძე, რომელიც 2010 წლიდან ხულოს არქივის უფროსია და პარალელურად ორ საწარმოს ფლობს.

„თემურ ბერიძის საქმეში“ ხულოს მერი ფიგურირებს და საკრებულოს წევრი – მინდია რიჟვაძე, ასევე დავით რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამაა და აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანი. თემურ ბერიძის ინტერესებს ახლა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს, სადაც მიიჩნევენ, რომ მის საქმეში ბევრი საეჭვო გარემოება ერთად დაგროვდა.

ერთ-ერთი ტენდერის გამო კონფლიქტი ხულოში გასული წლის ზაფხულში დაიწყო – მხარეებმა ჯერ ხულოში მერიის წინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფიზიკურად, შემდეგ კი საქმის გასარჩევად ბათუმში ჩამოვიდნენ და ბათუმის ყინულის სახლის წინ გააგრძელეს ჩხუბი. ფაქტზე გამოძიება 14 თვის წინ დაწყო, თუმცა პროკურატურას საქმე ამ დრომდე თაროზე აქვს შემოდებული.

თემურ ბერიძის თქმით, მას ხულოში გარეგანათების ტენდერის დათმობას სთხოვდნენ. ხულოს მერიამ ტენდერი 75 ათას ლარზე გამოაცხადა და ის კომპანიამ „გუნგლიმ“ მოიგო. ამ კომპანიამ სამუშაოების 69 719 ლარად შესრულების პირობა დადო.

„წინასწარ შევუთანხმდით კომპანია „გუნგლის“, რომ სამუშაოებს რეალურად ჩემი დაფუძნებული „მთის ხარისხი“ შეასრულებდა. ჩემი კომპანია 2016 წლიდან არსებობს, მაგრამ ტენდერის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომაც ეს მეთოდი გამოვიყენეთ… „გუნგლი“ თანახმა იყო, რომ მისი ქვეკონტრაქტორი  ვიქნებოდით,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

თუმცა ვიდრე გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება ხულოს მერი გააფორმებდა, თემურ ბერიძეს ტელეფონზე დაურეკეს.

„დამირეკა ჯამბულ აბულაძემ და შეხვედრა მთხოვა, ის თორნიკე რიჟვაძის ნათლიაა… მე მას ხულოს ცენტრში, მანქანაში ვესაუბრე,“ – იხსენებს თემურ ბერიძე. – „ჯამბულ აბულაძეს ვიცნობდი, მაგრამ მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა და მას არაფერი აკავშირებდა ამ ტენდერთან. მითხრა, რომ გარეგანათების ტენდერი უნდა დავთმო და თუ არ გავაკეთებ ამას, ზევით ურთიერთობები სერიოზულად გამიფუჭდება… ჯამბულ აბულაძე ამბობდა, რომ დავით რიჟვაძესთან დაკავშირებულ პირებს უნდა მოეგოთ ეს ტენდერი და ხელს ვუშლიდი.

ვუთხარი, რომ დავით რიჟვაძეს თავად შევხვდებოდი და აღნიშნულ საკითხს მოვაგვარებდი. თუ მათ პირობას დავთანხმდებოდი, ტექნიკური დოკუმენტაცია არ უნდა ამეტვირთა და მივიღებდი დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში მეორე ადგილზე გასული ინდმეწარმე „ზურაბ აბულაძე“ შეასრულებდა სამუშაოებს. ამ ზურაბ აბულაძის უკანაც რეალურად სხვა დგას…“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

თემურ ბერიძე ჯამბულ აბულაძეს იმ პირობით დაშორებია, რომ დავით რიჟვაძესთან შეხვედრა შედგებოდა, თუმცა ასე არ მოხდა – საკითხის მოგვარებაში ხულოს საკრებულოს წევრი, მინდია რიჟვაძე ჩაერთო.

„რადგან მინდია რიჟვაძესაც უარი ვუთხარი ტენდერის დათმობაზე, მომიწყვეს პროვოკაცია ხულოს მერიის შენობის წინ, სადაც ვიდეო კამერებიცაა. მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეუარცყოფაც, ექსპერტიზამ ჩემს სხეულზე მსუბუქი დაზიანებები დააფიქსირა… იქ იყო მინდია რიჟვაძეც… ეს გათვლილი იყო იმაზე, რომ როცა შეურაცხყოფას მოგაყენებენ, შენც უპასუხებ. თუ მე არ შევშინდებოდი და ტენდერზე უარს არ ვიტყოდი, ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ჩანაწერს, თუ მეც ვიჩხუბებდი,“ – აღნიშნავს თემურ ბერიძე „ბათუმელებთან“.

ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ დაპირისპირებაში თანასოფლელები ჩართულან – საჯარო მოხელეების კონფლიქტში თემურ ბერიძის მხარდაჭერას ღორჯომის სოფლებიდან ჯერ ხულოს ცენტრში, ხოლო შემდეგ ბათუმში, ყინულის სახლთან ჩამოსული ადამიანები ეცადნენ.

„რომ არა ეს ადამიანები, არ ვიცი, რა მოხდებოდა… ვეღარ გაბედეს ვერაფერი. ბათუმში დაახლოებით 200 კაცი იყო ჩამოსული ღორჯომიდან, მეორე მხარეს 30 კაცი იქნებოდა, შეხლა-შემოხლა აღარ იყო, ისე დავიშალეთ და გამოძიება დაიწყო. ტენდერზეც ხელშეკრულება გაგვიფორმეს და ჩვენ პირნათლად შევასრულეთ სამუშაოები, თუმცა გასული წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა. ახლა კი ჩემს „დასჯას“ გათავისუფლებით აპირებენ, რადგან მე ტენდერში დავით რიჟვაძის ჯგუფს ხელი შევუშალე და ჩემი პოლიტიკური გემოვნებაც განსხვავებულია – „ქართულ ოცნებას“ არ ვუჭერ მხარს,“ – გვიყვება თემურ ბერიძე.

ამ საქმის გამოძიება პროკურატურამ გასული წლის ზაფხულში დაიწყო სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი, მე-3 ნაწილი]. წელიწადის და სამი თვის გასვლის შემდეგ ამ საქმეს არც ბრალდებული ჰყავს, არც დაზარალებული. ძიება არ შეწყვეტილა და არც არაფერი დადგენილა. ამასობაში თემურ ბერიძემ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაციას“ მიმართა რისკის გამოსარიცხად – მის წინააღმდეგ რომ არ შეეტრიალებინათ საქმე. მას შემდეგ, რაც საქმეში საია ჩაერთო, პროკურატურამ ძალადობის მუხლით საქმე ცალკე გამოყო და ფიზიკური ძალადობის საქმეზე ხულოს საკრებულოს წევრი – მინდია რიჟვაძე ბრალდებულად მიიჩნია, თემურ ბერიძე – დაზარალებულად. ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ 2020 წლის გაზაფხულზე მიიღო, თუმცა საქმის განხილვა სასამართლოში დასრულებული არ არის.

ვიდრე გამოძიება გრძელდება დაპირისპირებულმა მხარემ – მინდია რიჟვაძემ საერთო ენა უკვე გამონახა თემურ ბერიძესთან.

„მინდია რიჟვაძეს დავუწერე, რომ შევურიგდი და არ მაქვს პრეტენზია, ასე ვარჩიე… ჩემთვის მთავარია რეაგირება მოხდეს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,“ – ამბობს თემურ ბერიძე.

ვინაიდან თემურ ბერიძეს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, მას ძალადობის საქმეც გააცნეს. პროკურატურას ჯამბულ აბულაძეც გამოუკითხავს და ხულოს მერიც.

„რეალურად მოწმეები უთითებენ, რომ დაპირისპირება ეხებოდა ტენდერს. ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ გამოკითხვის დროს თქვა, რომ მასთან მივიდა მინდია რიჟვაძე, რომელიც უკვე განაწყენებული იყო თემურ ბერიძეზე ტენდერის გამო. ხულოს მერი ამბობს, რომ ის კონფლიქტის დეტალებს არ გასცნობია და საერთოდ არ იცის, რაზე დაუპირისპირდნენ მხარეები ერთმანეთს, მე უბრალოდ მხარეების შერიგებას ვცდილობდიო…“ – გვიყვება საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე.

ამავე საქმეშია ხულოს მერიის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც ხულოს საკრებულოს წევრი – მინდია რიჟვაძე თემურ ბერიძეს ხელს არტყამს. ეს ვიდეოჩანაწერი საია-ს იურისტს, პაატა დიასამიძესაც ნანახი აქვს და სასამართლოს საჯარო სხდომაზეც აჩვენებენ, თუ მანამდე განრიდება არ გაუფორმეს მინდია რიჟვაძეს იმის გამო, რომ მას თემურ ბერიძე შეურიგდა.

„არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა, თემურ ბერიძე ჩემი მეგობარია… კადრები გაქვთ თქვენ? ვინ გითხრათ, რომ იყო დაპირისპირება?… რაფერ გინდათ ახლა, რვაჯერ დამისვამ კითხვას და სხვანაირად გიპასუხებ?“ – ეს მინდია რიჟვაძის პასუხებია კითხვებზე, რაც ამ საქმეში ჩნდება. საკრებულოს წევრი, ბრალდებული მინდია რიჟვაძე ამ ეტაპზე გირაოს გარეშე ჰყავს სასამართლოს გათავისუფლებული. უცნობია, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა როდის დასრულდება.

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საჯარო განცხადებით 2020 წლის 19 აგვისტოს მოითხოვა გამოძიების დროულად დასრულება, თუმცა საია-ს თხოვნას გამოხმაურება პროკურატურის ნაცვლად არქივის სამმართველოში მოჰყვა – ამ უწყებამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო იმის გამოსარკვევად, თუ რამდენად აქვს თემურ ბერიძეს, როგორც ხულოს არქივის უფროსს, ბიზნესსაქმიანობის უფლება.

ადმინისტრაციული წარმოება 2 ნოემბერს დასრულდა – არქივის სამმართველოში მიიჩნიეს, რომ თემურ ბერიძე არღვევს კანონს „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“. არქივის სამმართველო თემურ ბერიძის გათავისუფლებაზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა, რადგან ეს უწყება აჭარის განათლების სამინისტროს ექვემდებარება. აჭარის განათლების სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტში კი გადაწყვეტილება ერთ თვეში უნდა მიიღონ.

პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი განმარტავს, რომ თემურ ბერიძე კანონს არ არღვევს, რადგან კანონი, რომელზეც არქივის სამმართველო მიუთითებს, კრძალავს საჯარო სამსახურის პარალელურად ბიზნესის მართვას და არა წილების, ან აქციების ფლობას.

„თემურ ბერიძემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც საწარმოს – „მთის ხარისხის“ დირექტორი არის არჩილ მელაძე“, – დასძინა პაატა დიასამიძემ.

„მან ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა, რომ წილი სამართავად გადაცემული აქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მაკა ივანიშვილმა, ის აჭარის საარქივო სამმართველოს უფროსია და ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც თემურ ბერიძე, როგორც საჯარო მოხელე არღვევს კანონს „საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.

მაკა ივანიშვილს ვუთხარით, რომ ასეთი დოკუმენტი რომც არ წარმოედგინა თემურ ბერიძეს, ეს საჯარო რეესტრშია ხელმისაწვდომი. არქივის უფროსს ვკითხეთ: რომ არა პოლიტიკური ინტერესი, რატომ გახდა აქტუალური თემურ ბერიძის ბიზნესსაქმიანობა ახლა, როცა ის კომპანიაში წილს 2016 წლიდან ფლობს?

„ვალდებული ვარ კანონის წინაშე რეაგირება მოვახდინო. თქვენ როგორ გგონიათ, ხელმძღვანელი რისთვის არის, რომ მარტო სავარძელში ვიყო, ბეჭედი დავარტყა რაღაცას და ხელფასი ავიღო?… თემურ ბერიძე მეშვიდე წელია ჩემი თანამშრომელია, დღეს გავხდი მისთვის ცუდი ხელმძღვანელი? არ შეიძლება საჯარო მოხელეს ჰქონდეს კომერციული საქმიანობა და მით უმეტეს, როცა ამბობს, სხვა მართავსო, იმათ ეჩხუბათ…

არ ვიცი, მე პოლიციელი არ ვარ. ჯერ ერთი, ძალიან ცუდად იქცევა იმიტომ კი არა, რომ აი, თქვენ მოგმართათ, მიმართოს ნებისმიერს, მე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მოსულიყო ჩემთან და გვესაუბრა, ეთქვა, რომ რაღაც პრობლემა აქვს. მას აქვს წარმოდგენა, ვიჩხუბებ, ვიკამათებ და აბა, ერთი რამე გააკეთეთ. ის იყენებს არასწორ მიმართულებას, რომ თითქოს პოლიტიკურად ვდევნი მას…

მე სამმართველოს უფროსი ვარ და არავითარი გვერდითი დინებები არ მაქვს… ახლა გადასულია ეს საქმე სამინისტროში, მოდით, დაველოდოთ… მე უბრალოდ მოვახდინე ფაქტობრივი რეაგირება, რომელიც ყველა საჯარო სამსახურში უნდა მოხდეს. ასე რომ არ ყოფილიყო, ხომ მეტყოდით: ქალბატონო მაკა, რატომ არ გქონდათ რეაგირებაო?“ – აღნიშნა მაკა ივანიშვილმა „ბათუმელებთან“.

საარქივო სამმართველოს უფროსმა ვერ დაგვისაბუთა, მისი აზრით რატომ არღვევს თემურ ბერიძე ბიზნესში წილის ფლობით კანონს. მაკა ივანიშვილი თვლის, რომ თემურ ბერიძე „ძალიან ცუდად მოიქცა ჩხუბში“ და კიდევ: „მილიონჯერ გავაფრთხილე, ჯერ იყო და საპატრულო პოლიციას ეჩხუბებოდა, ვეუბნებოდი, არ შეიძლება ასე ყველა წამში ვიღაცას ეჩხუბო, საჯარო მოხელე ხარ და თმენის ვალდებულება გაქვს-მეთქი.“

მაკა ივანიშვილი გააღიზიანა კითხვამ დავით რიჟვაძეზე. ის ამბობს, რომ დავით რიჟვაძეს საერთოდ არ იცნობს და ახლა რომ დაინტერესდა საარქივო სამმართველო თემურ ბერიძის ბიზნესის წილებით, პოლიტიკა არაფერ შუაშია.

„მე საერთოდ არ ვიცნობ დავით რიჟვაძეს. გამიგია, ვინც არის, მაგრამ არ ვიცნობ და შემიძლია ხატზე დავიფიცო,“ – დასძინა მაკა ივანიშვილმა.

საარქივო სამმართველოს უფროსმა „ბათუმელებთან“ თქვა ისიც, რომ თემურ ბერიძე არქივის იურისტებს ემუქრება, თუმცა უწყებას, ან მის რომელიმე თანამშრომელს სამართალდამცავი უწყებებისთვის არ მიუმართავთ.

საარქივო სამმართველომ ადმინისტრაციული წარმოების დროს სხდომაც გამართა, სადაც თემურ ბერიძის საკითხზე იმსჯელეს. თემურ ბერიძის თქმით, სხდომაზე იურისტებმა თქვეს, რომ კანონი არ ირღვევა, დოკუმენტში კი სხვა რამ ჩაიწერა. თემურ ბერიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ამ სხდომის ოფიციალური აუდიო ჩანაწერი გაქრა – მაკა ივანიშვილმა მას წერილობით უპასუხა, რომ ფაილი დაზიანდა და აღარ არსებობს.

მაკა ივანიშვილი: „იურისტები იწერდნენ, შესაძლოა, არ იცოდნენ უბრალოდ ჩაწერა, არ ვიცი, ან გაებნათ, არ გაუჭედათ, რაღაც მოხდა… შეუძლია თავიდან ჩაწეროს იურისტები ადვოკატების წინაშე“.

საარქივო სამმართველოს ოფიციალურ დოკუმენტში არც ის დაუმალავს, რომ თემურ ბერიძის საქმეზე მოკვლევას მას შემდეგ აწარმოებს, როცა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოძიების დროულად დასრულება მოითხოვა.

„ძალიან ბევრი საეჭვო გარემოებაა: გამოძიება 333-ე მუხლით, ანუ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე არ სრულდება, როცა გავაპროტესტეთ ამ საქმის გაჭიანურება საჯაროდ, ადმინისტრაციული და შემდეგ დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყეს, თანაც თემურ ბერიძის ბიზნესსაქმიანობის შესახებ წლების წინ იყო ცნობილი, ეს არ იყო საიდუმლო,“ – აღნიშნავს პაატა დიასამიძე.

„ბათუმელების“ კითხვას მოკლედ უპასუხა დავით რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამამ. მას ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.

„მაგ საქმესთან არანირი შემხებლობა მე არ მაქვს და არც მინდა მაგ პიროვნებაზე საუბარი, კარგად ბრძანდებოდეთ,“ – დაგვემშვიდობა დავით რიჟვაძე.

სააპელაციო სასამართლომ არც ერთი საარჩევნო დავა არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. სააპელაციო სასამართლომ არც ერთი საჩივრი არ დააკმაყოფილა, ბათუმის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებით, სადაც ერთი [ნაწილობრივ] საჩივარი დააკმაყოფილეს.

„დისტანციური წესით შედგა განხილვა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით შეგვატყობინა მოსამართლის თანაშემწემ, გადაწყვეტილებები ჯერ არ ჩაგვბარებია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, პაატა დიასამიძე. ეს ორგანიზაცია ბათუმში 14 საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.

საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს სხვა სამოქალაქო და პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც.

„სხვა მოლოდინი არც გვქონდა, მაგრამ ეს ფორმალური პროცედურა უნდა გაგვევლო,“ – ამბობს უშანგი მიქელაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების დამცველი სასამართლოში.

ბათუმში სულ 7 გაერთიანებული საჩივარი [თითო საჩივარი რამდენიმე საუბნო კომისიას ეხებოდა] მომზადდა, მათგან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა ნაწილობრივ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. 75 საჩივრიდან ერთ უბანზე დასთანხმდა ხმების გადათვლას ბათუმის საოლქო კომისიაც.

ჯამში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 15 გაერთიანებული საჩივარი განიხილა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით.

ნახევარი მილიონი აგიტატორების ხელფასებისთვის – „ოცნების“ 1 თვის ხარჯი

ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აგიტატორების შრომის ანაზღაურებისთვის 592 207 ლარი დახარჯა. აუდიტისთვის წარდგენილი დეკლარაცია 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამ დრომდე წარდგენილ დეკლარაციებში პარტიას კოორდინატორებისა და  აგიტატორებისთვის ხელფასის სახით დარიცხული თანხების შესახებ არაფერი ჩაუწერია. თუმცა „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ როგორც აგვისტოში, ასევე სექტემბრის თვეში ანაზღაურება მიიღეს – თითოეულმა თვეში 150 ლარი.

აგიტატორების ხელფასის გარდა პარტიის დეკლარაციაში ნაჩვენებია იმ პირების ხელფასების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ორგანიზებისთვის ჰყავდა დასაქმებული.

მათგან ყველაზე მაღალი ანაზღაურება, 10 000 ლარი ლაშა ნაცვლიშვილს მიუღია, ის „ოცნების“ მრჩეველია სტრატეგიული კომუნიკაციების დარგში. შემდეგ მოდის გიორგი კობახიძე, ოპერატიული პიარსამსახურის პროდიუსერი – მისი ხელფასი 5000  ლარია.

საერთო ჯამში 17 პირის ხელფასებში ოცნებას 39 888 ლარი გადაუხდია.

ამ პერიოდში მმართველ პარტიას კერძო პირებისა და კომპანიებისგან, შეწირულობის სახით, 4 მილიონ 972 260 ლარი აქვს მიღებული.

__

ამავე თემაზე:

კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს

პირველი თოვლი ხულოში – სოფელ თხილვანას იალაღები

სოფელ ქვედა თხილვანას იალაღი – შუამთა ხულოში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2150 მეტრზე. სოფელი ტურისტულად საინტერესოა აქ, არის ორი – დიდი და პატარა  ტბა.

შუამთა. დათოვლილი ტბა. ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე.

სოფელში პირველი თოვლი 6 ნოემბერს მოვიდა. ამ დროისთვის თოვლის საფარი 20-25 სმ-ია.

სოფელი შუამთა. ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე.

შუამთის ტბებიდან ხედები ხიხანის ციხეზე და მის შემოგარენზე იშლება.

პირველი თოვლი შუამთაში. 2020 წელი.

როგორც ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, თოვლი ჯერ მხოლოდ მთებშია და დაბლობში არ დაუთოვია.

ხის ქოხი დათოვლილი ტბის პირას. ფოტო: თეიმურაზ ქამადაძე.

სილქფესტი ერთი დღით ინტერნეტისა და სასაუბრო პაკეტების რჩეულ კომბინაციებს გთავაზობთ

ერთდღიანი აქციის ფარგლებში,  11 ნოემბერსსილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი 19₾  – კომბინაციით *019#
  • ულიმიტო სასაუბრო – 10₾ კომბინაციით *202#
  • 3GB – 4₾  კომბინაციით *202#
  • 5GB + 100 წუთი – 7₾  კომბინაციით *202#

[/checklist]

 პაკეტების გააქტიურდება 30 დღით. 

მომხმარებელი შეძლებს შეუზღუდავადერთად და ცალცალკე აღნიშნული შეთავაზებების ჩართვას.ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს და ისარგებლოს  რჩეული კომბინაციებით.  

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, ინტერნეტით სარგებლობის ტარიფია  – 1 MB – 15 თეთრი. წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის თბილისსა და რეგიონებში.

ბათუმში იცვლება №1, №1ა, №2, №2ა, №3 და №4 სამარშრუტო ხაზებზე მოძრაობა

ბათუმის მერიის ცნობით, ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში სანიაღვრე არხის მოწყობის მიმდინარე სამუშაოების გამო აღნიშნულ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.

კობალაძის ქუჩის მიმართულებით სამუშაოები 20 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო ინასარიძის ქუჩაზე სამუშაოების დასრულების ვადა კი 20 დეკემბერია.

შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს №1, №1ა, №2, №2ა, №3 და №4 სამარშრუტო ხაზებზე.

ავტობუსები იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:

  • №1 – აღმაშენებლის, აბუსერიძის, გენ .აბაშიძის, ფიროსმანის, შარტავას, გორგილაძის, ჯავახიშვილის, რუსთაველის ქუჩებით
  • №1ა – რუსთაველის, ჯავახიშვილის, გორგილაძის, შარტავას, ფიროსმანის, გენ. აბაშიძის, აბუსერიძის, აღმაშენებლის ქუჩებით
  • №2 – აეროპორტის გზატკეცილი, აბუსერიძისა და ჭავჭავაძის ქუჩებით
  • №2ა – კაჩინსკების, ხიმშიაშვილის, შარტავას, აბუსერიძის, ჭავჭავაძის ქუჩებით
  • №4 – აღმაშენებლის, აბუსერიძის, გენ. აბაშიძის, ფიროსმანის ქუჩებით

უკუმიმართულება – იგივე.

  • №3 – გრიბოედოვის, აბუსერიძის, შარტავას, ხიმშიაშვილის ქუჩებით

უკუმიმართულება – ხიმშიაშვილის, შარტავას, ფიროსმანის, გორგილაძის ქუჩებით.

ძაღლის გული | ცოტნე ცხვედიანი

 

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

ვისაც გახსოვთ 2011 წელი და 26 მაისი,  არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ აშუქებდა მაშინ მედია  პროცესებს და როგორ სპეკულაციურ შეფასებას აძლევდნენ პოლიტიკოსები და ინტელექტუალები მოვლენებს. ვირუსულად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეთა კადრები, რომელზე დაყრდნობითაც მაყურებელს მთელი ეს პროცესი ჭკუიდან შეშლილი, მარგინალი ადამიანების  აგონიად  უნდა წარმოედგინა, რომელთაც ფეხი ვერ აუწყვეს პროგრესს და წარსულში დაბრუნება სურდათ.

მაშინ მათმა ამ სტრატეგიამ გაამართლა. ერთი მუჭა ხალხი მარტო დარჩა, ვერც შევამჩნიეთ, ძალიან სწრაფად მასხარების ხუმრობებს სასაკლაო მოჰყვა.  გარდაიცვალა  აქციის ორი მონაწილე  და პოლიციელი. ასობით ადამიანი დაშავდა, მრავალი მოქალაქე პოლიციის სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა. მაშინ ნეოლიბერალი ინტელექტუალები განსაკუთრებული ცინიზმით ხუმრობდნენ სიმღერაზე. აქციაზე იტალიელი მუშა ქალების სიმღერა Bella ciao ისმოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მეომრებმა სამყაროს გააცნეს.

უფრო შორეული წლებიც უნდა გავიხსენოთ. ზვიად გამსახურდიას მომხრეების სრული გამარგინალება შეძლო პუტჩისტურმა მთავრობამ და ინტელიგენციამ. ტელევიზია და ჟურნალები მათ სახედაკარგულებად წარმოაჩენდა, ხოლო პარალელურად ჯაბა იოსელიანს პათეტიკურ სტატიებს უძღვნიდნენ.  მაშინ ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას მომხრეებით მიტინგის დახვრეტით დასრულდა.

ყველა, ვინც ახლა ცდილობს ხალხის  პროტესტი მხოლოდ რამდენიმე მარგინალი „ნაციონალის“ პროვოკაციად შერაცხოს და ასე მარტივად გასცეს ურთულეს კითხვებს პასუხი, ხვალ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სისასტიკეზე დახუჭავს თვალს. ეს უკვე ვნახეთ 20 ივნისს.

ქართული ოცნების „გამპრავებლებს“ დაავიწყდათ ნაციონალური მოძრაობის  „გამპრავებლების“ პროფესიული ავადმყოფობები.

„პოსტივის“ ეთერში [სამნი & Co.სამნი & Co.  2/11/2020]  ვნახეთ სიუჟეტი, რომელიც ეძღვნება  ლაშა ნაცვლიშვილის სტატიას, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა „პრაიმ ტაიმში“.

ლაშა ნაცვლიშვილი ცდილობს საკუთარი ტელევიზიის დახმარებით მოირგოს ბრძენის, უფრო მეტიც, წინასწარმეტყველის როლი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ნაცვლიშვილმა ზუსტად განჭვრიტა  მიმდინარე პროცესები.

სტატია გამჭრიახი  პროკურორის ხელითაა დაწერილი, თუმცა ოპერატიული მუშაობისთვის შეუფერებელი ფორმით. სამკაულებიან პოეტს ბაძავს და არაფერი გამოსდის: „ჭკნობამორეული ლეიბორისტი მეძავი, მიტოვებული ქალისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული ურწმესი ბერძენიშვილი”.

ნაცვლიშვილი ამ უნიჭო სახეებს არ ჯერდება და კომსომოლის ალღოთი ციტირებს ლენინს,  მაგრამ პოეზიაზე ცუდად გამოსდის.

სწორედ აქ ვხედავთ ლაშა ნაცვლიშვილის გამჭრიახობის ფორმულას. ის პოლიციელია და კრიმინალების სიტყვებით ლაპარაკობს, ამ წესით ის, რეაქციონერია  და უნდა მტრების,  რევოლუციონერების ენაც ისწავლოს. ორივე შემთხვევაში პროფესიულ აქცენტს ვერ იშორებს და ავიწყდება, რომ კომსომოლი რევოლუციონერი არ არის. ისინი  მაშინ ჩნდებიან, როცა რევოლუცია მთავრდება.

ლაშა ნაცვლიშვილს სჯობდა ამ ენაზე ესაუბრა აღსრულების პოლიციის ვეტერან მაღალჩინოსან ნიკა მელიასთან, რომელმაც მთავარი არხის ეთერში გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგ პოლიციური ჩაგვრის სცენა მოგვიწყო, შესაბამისი ფრაზებით და თეატრალური ჟესტებით.

მსხვილი კაპიტალი და მისი დაფინანსებული პარტიები ახერხებენ მშრომელი და უმუშევარი, ყველაზე უფრო ღარიბი ადამიანების მოტყუებას, იოლად შეძლეს  არსებული წინააღმდეგობა,  საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ტოტალური უმუშევრობის და სიღარიბის პირობებში სამთავრობო და ოპოზიციური პარტიები ლამის ერთადერთ მსხვილ დამსაქმებლად მოგვევლინნენ. ისინი კორპორატიულ სულისკვეთებას თანამოქალაქეების ზიზღზე აგებენ.

პარტიები არიან ჟურნალისტების ლამის ერთადერთი დამსაქმებლები. ლექტორები და მასწავლებლები ასევე დასაქმებულნი არიან პროპაგანდისტულ ორგანოებში.

ამ ვითარებაში, როცა ორივე ძალა ასეთი ხერხებით იბრძვის, მთავრობა და მისი მომხრე ინტელექტუალები ცდილობენ დამალონ ხალხის ნამდვილი ტანჯვა და მრისხანება.

აჭარის პოლიციის უფროსს კორონავირუსი აქვს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, კოტე ანანიაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში მკურნალობს.

„მსუბუქი სიმპტომები მაქვს, სერიოზული არაფერი, სიცხე არ მაქვს,“ – უთხრა კოტე ანანიაშვილმა „ბათუმელებს“.

კოტე ანანიაშვილი წუხელ გვიან ღამითაც იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომელიც ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან იმართება.

ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის შენობასთან რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.

აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის წრიულამდე მოძრაობა ერთ ზოლში შეზღუდულია

ბათუმის მერიის ცნობით, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის IV ფაზის ფარგლებში, ტბელ აბუსერიძის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის წრიულამდე არსებულ მონაკვეთში წყალარინების ,,E” კოლექტორის მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ქუჩის ერთ ზოლში შეზღუდულია.

ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის ორმხრივი მოძრაობა შესაძლებელია ქუჩის მეორე ზოლში.

სამუშაოები მონაკვეთების მიხედვით, ეტაპობრივად დაიწყო და ამ დროისთვის პარალელურად სამ ადგილას მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, კოლექტორის მშენებლობა 2021 წლის მაისისთვის უნდა დასრულდეს.

„ევექსი“ აცხადებს, რომ გრიპის ვაქცინა შემოიტანეს – ფასი 70 ლარია

კომპანია „ევექსი“ განცხადებას ავრცელებს სეზონური გრიპის ვაქცინის გაყიდვასთან დაკავშირებით.

კომპანიის ცნობით, „ევექსისვე“ კლინიკებში ფრანგული წარმოების „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინა 10 ნოემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

„პანდემიის გამო ვაქცინებს კომპანია 2 ნაწილად მიიღებს (პირველი ნაწილი – 10 ნოემბრიდან, მეორე ნაწილი – ნოემბრის ბოლოს) და ხელმისაწვდომი იქნება ევექსის ყველა კლინიკაში.
ვაქცინაციისთვის აუცილებელია მიმართოთ თქვენთვის სასურველ ევექსის კლინიკას.

მათთვის კი, ვინც შეზღუდული რაოდენობის გამო 10 ნოემბრიდან ვერ მიიღებს ვაქცინას, შესაძლებლობა გექნებათ წინასწარ დარეგისტრირდეთ და აიცრათ ნოემბრის ბოლოს.

ამისათვის, გთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა. 

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ევექსი კლინიკებში 3-კომპონენტიანი ვაქცინა შეზღუდული რაოდენობით სექტემბრის მეორე ნახევარში იყო ხელმისაწვდომი,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის განცხადებით, სეზონური გრიპის ვაქცინის ფასი წელს 70 ლარია. გასულ წლებში ოთხკომპონენტიანი ვაქცინის ფასი საშუალოდ 40 ლარი იყო.

წელს სეზონური გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საქართველოში გაიზარდა, თუმცა ამ დრომდე ვაქცინა დეფიციტურია.

საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა გაკეთდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ცენტრის ცნობით, ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, თუმცა სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებულია სეზონის განმავლობაში.

გრიპის სეზონი წელს განსაკუთრებით ბევრს აშფოთებს, რადგან ამ დაავადების მთავარი სიმპტომები – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე ახალი კორონავირუსის სიმპტომების მსგავსია.

კორონავირუსისა და გრიპის ზოგადი სიმპტომები

30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად გამარჯვებულთა გამოვლენის ვადა გადაიწია

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამის ფარგლებში, 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად წარდგენილი განაცხადებიდან [ბიზნესიდეებიდან] გამარჯვებულების გამოვლენა 8 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ვადა „აწარმოე საქართველომ“ 24 ნოემბრამდე გადაწია.

2020 წელს, ამ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით 26 307 ბიზნესიდეაა წარდგენილი.

სააგენტოში – „აწარმოე საქართველოში“ – ადრე აცხადებდნენ, რომ პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების შესახებ პასუხებს 15 ნოემბრამდე მიიღებდნენ ელფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, თუმცა, ეს ვადაც გადაიწევს.

პროგრამის მიხედვით, გამარჯვებული ბიზნესიდეების გამოვლენის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასული გამარჯვებულები წარადგენენ უკვე ბიზნესგეგმებს/პროექტებს, რომლებსაც სააგენტო შეაფასებს და ამის შემდეგ გააფორმებს დასაფინანსებელი პროექტების ავტორებთან ხელშეკრულებებს.

„აწარმოე საქართველოში“ დირექტორის ბრძანებით გადაიწია და გახანგრძლივდა პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვის ვადაც.

თუ თანხის ჩარიცხვა 2021 წლის 6 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო და 10 თებერვალს დასრულებულიყო, ახალი ბრძანებით, თანხის ჩარიცხვა 2021 წლის 12 თებერვალს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ახალი ვადები:

პროგრამის განხორციელების განახლებული ვადები / წყარო: „აწარმოე საქართველოში“

2020 წელს პროგრამის სამიზნე ტერიტორიულ ერთეულებს თბილისიც დაემატა.

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი მიმართულების ბიზნესსაქმიანობა დაფინანსდება – აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“.

ბიზნესის მიმართულებები, რომლებიც დაფინანსდება, ნახეთ აქ.

ბათუმში 50 წლის ქალი მოკლეს

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის ქალი მოკლეს, ის ბელორუსიის მოქალაქეა. მკვლელობა სავარაუდოდ დანით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დადასტურდა კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 22 ადამიანი – 10 ნოემბერი

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში 22 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან თბილისში –  11, აჭარაში – 4, იმერეთში – 6 და ქვემო ქართლში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსით ქვეყანაში 521 ადამიანია გარდაცვლილი.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, დღეს 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა ვირუსისგან,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  10 ნოემბრის  მონაცემებით სულ 47 390-ია.

10 ნოემბერს გამოვლენილი 2 970 შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

ოფიციალური ინფორმაციით, 10 ნოემბრისთვის აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის  15 713. 4 709 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 361, აჭარაში – 732.

ქვეყანაში 656 მძიმე პაციენტია. მათ შორის, თბილისში – 341, აჭარაში – 109. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 265 პირი – მათ შორის, თბილისში – 153, აჭარაში – 60. 3 066 პირი  არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 542 – აჭარაში, ხოლო 1 053 – თბილისში. 7 938 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.

აჭარაში კოვიდის 653 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 ადამიანი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 653 შემთხვევა დადასტურდა. კლინიკებში გარდაიცვალა 4 ადამიანი.

10 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით სულ კორონავირუსის 2 970 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის: თბილისში გამოვლენილია 1 130 შემთხვევა, აჭარაში – 653, იმერეთში – 463, ქვემო ქართლში – 90, შიდა ქართლში – 105, გურიაში – 67, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 202, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 93, სამცხე-ჯავახეთში – 49, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348  პირი.

იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე

დღეს, 9 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საღამოს ათი საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციას ღამის 10 საათის შემდეგ „მოჰყვება ადეკვატური, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაუკონკრეტებია, რა სახის რეაგირებას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება დილის 5 საათამდე როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. მთავრობის ცნობით, პირი, რომელიც ამ რეგულაციას დაარღვევს, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

დღეს, ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ოპოზიციური პარტიები არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას.

აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

გუშინ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, მათ შორის ჟურნალისტებიც. 

 

ბსუ-ს სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვენ – პეტიცია

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ასლან ბაკურიძე პეტიციას ავრცელებს. პეტიციაში საუბარია იმაზე, რომ რადგან პანდემიიდან გამომდინარე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი სრულყოფილად ვერ ხორციელდება, უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადის შემცირებაზე უნდა იფიქროს. პეტიციას ამ დროისთვის ათასზე მეტი სტუდენტი აწერს ხელს.

„უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს იმ ხარისხის განათლების მიწოდებას, რაც სააუდიტორიო სივრცეში სწავლით მიიღწევა. სტუდენტებისთვის არ არის ხელმისაწვდომი სწავლისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკა, საინფორმაციო და სხვა საშუალებები, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით არის განსაზღვრული (2.5.მუხლის ,,გ” პუნქტი)…

ამდენად, მოვითხოვთ ხელშეკრულების არსებითი პირობის გადახედვას. კერძოდ, სტუდენტთა სწავლის საფასურის შემცირებას უნივერსიტეტის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის პროპორციულად!!!“, – ნათქვამია პეტიციაში.

„ბათუმელები“ ასლან ბაკურიძესაც ესაუბრა და ჰკითხა, თუ კონკრეტულად რა რესურსებზე არ მიუწვდებათ სტუდენტებს ხელი დისტანციური სწავლების დროს.

„რეალურად ჩვენ უნდა გვქონდეს ბიბლიოთეკა, აუდიტორიული მასალები, რაზეც ხელი არ მიგვიწვდება. დისტანციურ სწავლებაზე გადასვლით, უნივერსიტეტმა დაზოგა გარკვეული ხარჯები. მაგალითად, კომუნალური, საკანცელარიო ხარჯები და ბევრი ისეთი რესურსი, რაც აუდიტორული სწავლების ფორმატში გვჭირდებოდა სტუდენტებს.

ამიტომ, რატომ უნდა გადავიხადოთ სწავლის სრული საფასური, თუკი ვერ ვსარგებლობ ყველა რესურსით, რაც მჭირდება“, – ამბობს ასლან ბაკურიძე.

მისი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემების წინაშე, პეტიცია საშუალებას მისცემთ უფრო მასშტაბურად გამოიკვლიონ სტუდენტების აზრი ამ საკითხზე.

„1 400 სტუდენტი უკვე გაეცნო და ხელიც მოაწერა, რაც არ არის ცოტა. რამდენი პროცენტით შეამცირებს ადმინისტრაცია სწავლის საფასურს, პრინციპში ეს მისი კეთილი ნებაა და ამისთვის თვითონ უნდა გადახედოს ბიუჯეტს“, – ამბობს ბაკურიძე.

ბსუ-ს ადმინისტრაცია „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებდა, რომ ისინი ითვალისწინებდნენ პანდემიიდან გამომდინარე კრიზისებს, ამიტომ სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზეს, რაზეც ასლან ბაკურიძე ამბობს, რადგან პანდემია არ დასრულებულა, ეკონომიკური კრიზისი კი კიდევ უფრო ღრმავდება, ინდივიდუალური გრაფიკიც არ არის ამ შემთხვევაში სტუდენტისთვის შეღავათი.

„რადგან პანდემია გაგრძელდა და თუ სტუდენტს პირველ თვეში არ ჰქონდა მუშაობის შესაძლებლობა, არც ახლა აქვს. ეკონომიკური მდგომარეობა უფრო მწვავდება. სტუდენტები ძირითადად მაინც საზაფხულო სამუშაოებზე იყვნენ დასაქმებული და ისეთ სფეროებში მუშაობდნენ, რომელთა უმეტესობა დღეს გაჩერებულია. შემოსავლის წყარო შეუწყდათ სტუდენტებს.

გარდა ამისა, დისტანციური სწავლების გრაფიკიც ისეა გადანაწილებული, რომ იძულებული ხარ მთელი დღე კომპიუტერთან გაატარო. 2-2-საათიანი შუალედები გვაქვს მხოლოდ ლექციებს შორის და სადმე რაიმე მცირე სამუშაოც რომ გამოგიჩნდეს, ვერ ვახერხებთ მუშაობას ამ გრაფიკის გამო. ან ლექციები უნდა გააცდინო, ან იმუშაო“, – ამბობს ბაკურიძე.

გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია, ბათუმში აქცია გრძელდება [LIVE]

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქცია ღამის 10 საათის შემდეგ, გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად, გრძელდება.

ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ოპოზიციური პარტიები არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას.

აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

ბათუმის პარალელურად აქცია გრძელდება თბილისშიც. „სირცხვილიას“ აქტივისტები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ტომარა შეშით გადაადგილდებოდნენ, პოლიციის 6-მდე ეკიპაჟმა გააჩერა.

სად შეძლებთ ბათუმში D-დიმერის კვლევას, რითაც თრომბის განვითარების რისკი დგინდება

რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თრომბოემბოლიური გართულებები კოვიდისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი და D–დიმერი, შესაძლოა, ბინაზე გადაყვანილ პაციენტებს ჩაუტარონ.

ბათუმის კოვიდსასტუმროში ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმედ არ იყო შეფასებული და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სწორედ კოვიდით გამოწვეული თრომბოემბოლია იყო. 

თრომბოემბოლიის დროს სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი სცილდება სისხლძარღვის კედელს, გადადის სისხლის ნაკადით და ახშობს სხვა, უფრო მცირე დიამეტრის სისხლძარღვს.

თრომბის განვითარების რისკის დადგენა შესაძლებელია სისხლის საერთო ანალიზისა და D – დიმერის კონცენტრაციის რაოდენობრივი განმსაზღვრელი კვლევით. ეს კვლევა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ერთგვარი მარკერია თრომბოემბოლიური გართულების რისკისა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში D – დიმერის კვლევაზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში კვლევის ხელმიუწვდომელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ D – დიმერის კონცენტრაციის რაოდენობრივი განმსაზღვრელი კვლევა ვერსად ჩაიტარეს.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა, სად შეიძლება ბათუმში D – დიმერის კვლევის ჩატარება.  ჩამონათვალი ასეთია:

  • სამედიცინო კვლევითი ლაბორატორია „მერლაბი“

„მერლაბში“ გვითხრეს, რომ D – დიმერის კვლევა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ლაბორატორიაში, ასევე ბინაზე გამოძახებითაც. ლაბორატორიაში ეს კვლევა 50 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით კი – 60 ლარი.

ლაბორატორია „მერლაბში“ ამბობენ, რომ D – დიმერის კვლევაზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიზარდა, თუმცა რეაქტივების მარაგი აქვთ.

  • „მედცენტრი“ 

„მედცენტრში“ გვითხრეს, რომ D – დიმერის კვლევის მსურველები მათ კლინიკასაც სულ უფრო ხშირად მიმართავენ. კლინიკაში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ამ კვლევის რეაქტივები აქვთ, თუმცა რამდენ ხანს ექნებათ, არ იციან.

კვლევის ჩატარების მსურველს, თუ ის კოვიდინფიცირებული არ არის და თვითიზოლაციაში არ იმყოფება, შეუძლია „მედცენტრში“ ადგილზე მივიდეს.

D – დიმერის კვლევის ფასი „მედცენტრში“ მისვლისას 30 ლარია. ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების შემთხვევაში კი საფასურს 30 ლარი ემატება.

„მედცენტრში“ განმარტავენ, რომ D – დიმერის კვლევის ჩატარების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ, პაციენტის ასაკის და მდგომარეობის მიხედვით.

  • სამედიცინო ცენტრი ციტო

D – დიმერის კვლევა სამედიცინო ცენტრ ცოტოშიცაა ხელმისაწვდომი. ლაბორატორიაში, ადგილზე მისვლის შემთხვევაში ეს კვლევა 52 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით კი 62 ლარი.

კოაგულოგრამის საფასური ამ ლაბორატორიაში 30 ლარია ადგილზე. შინ გამოძახების შემთხვევაში კი 40 ლარი.

  • საზღვაო ჰოსპიტალი

საზღვაო ჰოსპიტალში D – დიმერის კვლევის საფასური 50 ლარია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველი ადგილზე ჩაიტარებს კვლევას. ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისი ამ კვლევის ჩასატარებლად საზღვაო ჰოსპიტალს არ აქვს.

  • სამედიცინო ლაბორატორია „მრჩეველი“

ლაბორატორია „მრჩეველში“ D – დიმერის კვლევა 11 ნოემბრამდე შეჩერებულია, რადგან რეაქტივები დიდი მოთხოვნის გამო მალე გათავდა. 11 ნოემბრიდან ლაბორატორია რეაქტივებით მომარაგებას ელის.

კვლევა ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ბინაზე გამოძახებითაც. D – დიმერის კვლევა „მრჩეველში“ 66 ლარი და 70 თეთრი ღირს – როგორც ადგილზე, ასევე ბინაზე გამოძახებით.

 

ვის აკლდება ბათილი ბიულეტენები

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულმა ოქმებმა, დისბალანსის და ქაოსურად ჩასწორებული ციფრების გარდა, ბათილი ბიულეტენების ოდენობითაც მიიქცია ყურადღება. შესაბამის გრაფაში ჩაწერილი ციფრები აჩვენებს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე 100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, შესაბამისად დაიკარგა ამდენივე ხმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. „11 665 ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა, 3478  ბიულეტენი კი დაკარგულად ითვლება“, – ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი ბათუმის საოლქო კომისიაში უშანგი მიქელაძე.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მიზანმიმართულად აფუჭებენ არა „ოცნების“, არამედ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერ ბიულეტენებს. შესაბამისად, ესეც გაყალბების ერთ-ერთი გზაა. ოპოზიციაში აცხადებენ იმასაც, რომ ეს ხმები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემთხვევაში ძირითადად იმ პარტიებს დააკლდათ, რომელთა მონაცემებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბარიერს მიახლოებული იყო. ასევე დააკლდათ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული სიით დამატებით კიდევ ერთი ან ორი მანდატის მოსაპოვებლად.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ბიულეტენი ბათილდება თუ ის დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და ასევე ბეჭდით. ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა [შემოხაზულია ერთზე მეტი სუბიექტი, გადახაზულია ყველა სუბიექტი და ა.შ.], კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა კონვერტის გარეშე …

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, რესპუბლიკელ თამარ კორძაიას ინფორმაციით, რაზეც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, პროპორციული უბნების ოქმების რაოდენობა, სადაც დისბალანსი დაფიქსირდა 986 -ია. ამ უბნებზე დაკარგული [გამქრალი] ბიულეტენების რაოდენობა არის 4025, ხოლო პროპორციული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 63 335. იმ უბნებზე, სადაც არ ჯდება ბალანსი მოსული ამომრჩევლის რაოდენობა არის 597 633.

„შესაბამისად, სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა. ეს ამომრჩევლის 17%, ხოლო არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველი 31 %-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემებში არ შეგვიყვანია სპეციალური უბნების შედეგები“.

რაც შეეხება მაჟორიტარულს, კორძაიას ინფორმაციით, 2000-ია ისეთი მაჟორიტარული უბანი, რომელშიც არ ჯდება ბალანსი. ამ უბნებზე დაკარგული [გამქრალი] ბიულეტენების რაოდენობა არის 13 125, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 81 931, ხოლო მოსული ამომრჩევლის რაოდენობა სადაო უბნებში არის 1 124 544.

„არჩევნებზე მოვიდა 1 970 000 ადამიანი. ნახევარზე მეტი ადამიანების ხმების დათვლა არის საეჭვო იმიტომ, რომ ყველა უბანი 2000 უბნიდან არის საეჭვო. შესაბამისად, საქართველოს საერთო ამომრჩევლის 31%-ის ხმები შეუძლებელია დაითვალოს და ეს მონაცემები არის საეჭვო”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

დისბალანსები ოქმებში საარჩევნო ადმინისტრაციებმა კომისიის წევრების, ძირითადად მდივნის და თავმჯდომარის ახსნა-განმარტებითი ბარათების საფუძველზე გაასწორეს. გასწორების ოქმების მიხედვით, იმ უბნებში, სადაც ასზე მეტი ბათილი ბიულეტენი ფიქსირდებოდა, მათი ოდენობა უმეტესწილად 40-20-მდე შემცირდა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ასეთ შემთხვევაშიც მაღალია.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 8 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.14%-ია. ცესკოს ინფორმაციაში დიფერენცირებული არ არის გაბათილებული ოქმებიდან რამდენ შემთხვევაში გაფუჭდა ბიულეტენი რეგისტრატორის ბეჭდის ან ხელმოწერის არქონის გამო და რამდენჯერ ამომრჩევლის მიზეზით.

ცესკო განმარტავს, რომ  პარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. მაგალითად, 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით [ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 62 680 ].

წელს ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცათ 2 ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდებოდა საკრებულოს შუალედური ან მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლებმა 3 ბიულეტენი მიიღეს. ხოლო აჭარის რეგიონში (6 მუნიციპალიტეტში) 4 ბიულეტენი – 2 საქართველოს პარლამენტის, 2 კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ბათუმის ოლქში ბათილი ბიულეტენების გადახედვა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რითაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.

დაშავებული ჟურნალისტების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართა

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ჟურნალისტები შეუერთდნენ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით თბილისში გამართულ აქციას „ნუ გვაბრმავებ!“.

გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკოსთან აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ ჟურნალისტები, დაზიანდა მათი ტექნიკაც.

„გუშინ ვნახეთ კადრები, როცა დამიზნებით ესროლეს ოპერატორებს, ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ  პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, ჟურნალისტებზე ძალადობის მერამდენე წრეზე მივდივართ, უკვე აღარც ვიცი. ვფიქრობ, ამ ტიპის სოლიდარობა და აქციები ხელისუფლებას შეახსენებს, რომ ჟურნალისტები მარტო არ არიან და ერთმანეთის გვერდით დგანან. როგორც არ უნდა დაგვარბიონ, ხელი შეგვიშალონ და გვესროლონ, მაინც გავაგრძელებთ პროფესიულ საქმიანობას”- ამბობს TV პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია. გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სწორედ TV პირველის ოპერატორს დაუზიანდა თვალი წყლის ჭავლით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

ნატო გოგელია, TV პირველის ჟურნალისტი

„დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს წყლის ჭავლს დამიზნებით არ ასხამენ. არც თვალებს თხრიან და პირიქით მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. სწორედ ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, ვისი საშუალებითაც იგებს მოსახლეობა ამბებს. გამიზნულად აზიანებდნენ გუშინ მათ ტექნიკას, ალბათ იმიტომ, რომ არ გაეშუქებინათ რაც ხდებოდა და არ მიეტანა ადამიანებამდე ინფორმაცია. ასე არ იქცევა განვითარებული ქვეყნის ხელისუფლება, რომელსაც ესმის, რომ ჟურნალისტი ხიდია მოსახლეობასა და მიმდინარე, მნიშვნელოვან მოვლენებს შორის” – ამბობს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი თეა ვარშალომიძე.

თეა ვარშალომიძე, „მთავარი არხის” ჟურნალისტი

„ქრონიკა პლუსის“ ჟურნალისტი, ხვიჩა მამულაძე ბათუმში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ გამართულ აქციაზე დაშავდა, სადაც შუშის ვიტრინა ჩამოიმსხვრა.

„მიმდინარე ამბავს ვაშუქებდი და ამ დროს დავშავდი. გუშინაც რამდენიმე ჟურნალისტი დაშავდა აქციაზე, რეზინის ტყვიებიც გვახსოვს, დამიზნებით ნასროლი. მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, მოგვცეს საშუალება მედიის წარმომადგენლებს, ვიმუშაოთ მშვიდ ვითარებაში,” – ამბობს ხვიჩა მამულაძე.

ხვიჩა მამულაძე, ქრონიკა პლუსის ჟურნალისტი

დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან წინასაარჩევნო კამპანიაც იკრძალება

მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა.

აღნიშნული დადგენილება, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად“ მიიღო და ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა.

ამ წესების ერთ-ერთი პუნქტით, რომელიც მთავრობამ წინასაარჩევნოდ, 9 სექტემბერს, დაამტკიცა, „იზოლაციისა და კარანტინის წესებით განსაზღვრული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე (აგიტაციაზე)“.

9 ნოემბრის დადაგენილებაში კი მთავრობამ ხაზგასმით მიუთითა, რომ აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ შვიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვაზე, ანუ, საღამოს 10 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაციის მიზნითაც აკრძალულია.

რა პერიოდით გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა, უცნობია. პარალელურად, მმართველი პარტია რამდენიმე ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, ოპოზიცია კი, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა და მათ დასაკმაყოფილებლად აქციებს მართავს. შესაბამისად, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ ქალაქებში დაწესებულ შეზღუდვებს.

8 ნოემბერს თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, 19 პირი კი პოლიციამ დააკავა. აქცია დაიშალა და ის რუსთაველის გამზირზე დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. საპროტესტო აქცია იმართება ბათუმშიც.

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი [IDFI] მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად კომენდანტის საათია და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

IDFI-ის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

ასეთი რამ მთავრობის დადგენილებაში გაწერილი არ არის.

დადგენილების მიხედვით, გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ:

  • „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
  • ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;
  • განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე“.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებს სახლიდან გააპროტესტებენ. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ კი უარს ამბობს დაემორჩილოს 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას.

_____________

ფოტოზე: პოზიციის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი 

https://netgazeti.ge/news/496775/

 

რა იწვევს სმენის დაქვეითებას და აქვს თუ არა ასაკს გავლენა

თანამედროვე სამყაროში სხვა დაავადებების გავრცელებასთან ერთად მოიმატა სმენის დაქვეითების ფაქტებმაც. ახალგაზრდების მიერ ყურსასმენების გამოყენება, ხმამაღალი მუსიკის მოსმენა, ხმაურიანი გარემო, ვიბრაცია სმენის დაქვეითებას იწვევს. მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალ “მედცენტრის” ოტორინოლარინგოლოგი, სურდოლოგი და სმენის აპარატების სპეციალისტი ეკატერინე ჩიგოგიძე მოგვიყვება, რა იწვევს სმენის გაუარესებას და რა საშუალებები არსებობს მისი გაუმჯობესებისთვის.

[checklist]

  • რა იწვევს სმენის დაქვეითებას? ასაკის მატებასთან ერთად უნდა ველოდოთ, თუ ახალგაზრდებშიც ხშირია?

[/checklist]

სმენის დაქვეითება საკმაოდ ხშირი და ასაკისგან დამოუკიდებელი მოვლენაა, რომლის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს – დაწყებული გენეტიკიდან, დამთავრებული გარემო პირობებით (ხმაური, ვიბრაცია). განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ სმენის პრობლემებს ბავშვებში. ბავშვს სრულფასოვნად უნდა ესმოდეს ბგერები და ხმები, რათა სწორად და მკაფიოდ შეძლოს მეტყველებაც. დღეს დიდი თუ პატარა, ყველა ყურსასმენით დადის ქუჩაში და ხშირ შემთხვევაში, დასაშვებზე მაღალ ხმაზე აქვთ ჩართული, რაც აზიანებს სმენას.

[checklist]

  • როგორ ხდება სმენის დაქვეითების გამოვლენა?

[/checklist]

სმენის დაქვეითებას ძირითადად თვით პაციენტი შეიგრძნობს, თუმცა  სამწუხაროდ  ეს მაშინ ხდება, როდესაც სმენის დაქვეითების უკვე შორს წასული ფორმაა. სწორედ ამიტომ არსებობს  სმენის სკრინინგ პოგრამები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ, ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ სმენის დაქვეითება და შესაბამისად ვმართოთ ის, თუნდაც სასმენი აპარატის საშუალებით.

ჩვენთან, კლინიკა მედცენტრში, უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით შესაძლებელია დროულად აღმოვაჩინოთ სმენის დაქვეითება და სწორად ვმართოთ მისი განვითარება.

[checklist]

  • რამდენად რთული პროცედურაა სმენის გამოკვლევა?

[/checklist]

სმენის გამოკვლევა აბსოლუტურად უმტკივნეულო და უსაფრთხო პროცედურაა, რომელიც უტარდება როგორც მოზარდებს (ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან), ასევე ზრდასრულებს. გამოკვლევა  სპეციალური მოწყობილობების აუდიომეტრის და ტიმპანომეტრის საშუალებით ტარდება. ეს ორი გამოკვლევა ურთიერთშემავსებელია და ორივეს დიდი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის სწორად ჩამოყალიბებაში.

[checklist]

  • როდის არის ის საჭირო სმენის აპარატი?

[/checklist]

სმენის აპარატი ახდენს ბგერის გაძლიერებას, მის გაწმენდას და სუფთა სახით პაციენტისთვის მიწოდებას. ის ეხმარება სმენადაქვეითებულ ადამიანს გარემომცველი ბგერებისა და საუბრის ამოცნობაში.
აპარატი არსებული ხმის მოდელირებით და გაძლიერებით პაციენტს ყურამდე აწვდის ამა თუ იმ აქამდე დაკარგულ ბგერებს, ხმებს, რომლებსაც მანამდე ის ვერ მოისმენდა, მაგალითად: ჩიტების ჭიკჭიკი, საათის წიკწიკი, ჭურჭლის წკარუნი ან ელემენტარულად თუნდაც კარზე ხმადაბალი დაკაკუნება.

[checklist]

  • რამდენად ხელმისაწვდომია სმენის აპარატები?

[/checklist]

ბგერის სისუფთავეზე, სიწმინდეზეა დამოკიდებული აპარატის ხარისხი და ფასი, აგრეთვე, პაციენტის მიერ აპარატთან შეგუების უნარი. ამის მიხედვით არსებობს ანალოგის და ციფრული ტიპის აპარატები.

ანალოგის ტიპის აპარატს გააჩნია შეზღუდული ხმის მიწოდების დიაპაზონი, ფაქტობრივად, ის მხოლოდ არსებული ხმების გაძლიერებას და მცირედ სისუფთავეს უზრუნველყოფს, რეგულირდება ხელით, გააჩნია მექანიკური ხმები და უხდება სწორხაზოვანი აუდიოგრამის მქონე პაციენტს, რომლის სმენის დაქვეითება თანაბარია ყველა სიხშირეზე. ასეთ აპარატს შესაბამისად ფასიც ნაკლები აქვს.

ციფრული აპარატები არის პროგრამირებული აპარატები, სწორდება კომპიუტერის საშუალებით ინდივიდუალურად, ყველა ტიპის სმენის დაქვეითებაზე და თითოეულ ყურზე ცალ-ცალკე. აქვთ დამატებით მრავალი სხვადასხვა ფუნქცია, ასევე პროგრამები, რომლებიც პაციენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა გარემოში ყოფნისას ინდივიდუალურად თვითონ აკონტროლოს მისთვის კომფორტული სმენის ზონა.

და რაც მთავარია, ციფრულ აპარატს გააჩნია არხები, სწორედ არხების რაოდენობა განაპირობებს მიწოდებული ბგერის სისუფთავეს და ბუნებრივობას.

[checklist]

  • რამდენ არხიანია აპარატი?

[/checklist]

მინიმალური იწყება 6 არხიდან და იზრდება 8; 12; 16; 24; 32-არხამდე.

ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვებში განსაკუთრებით საჭიროა მაღალარხიანი აპარატის ტარება, რადგან ბავშვმა გამართულად და სრულფასოვნად შეძლოს მეტყველება (მინიმალური 12-არხიანი ციფრული აპარატი).

[checklist]

  • შესაძლებელია თუ არა ყურის აპარატი სხვებისგან შეუმჩნევლად ეკეთოს ადამიანს?

[/checklist]

არსებობს  სხვადასხვა ფერის და ფორმის აპარატები. ფორმის მიხედვით: ყურსუკანა, ყურშიდა  და არხშიდა აპარატები. აპარატის ფორმის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, სმენის დაქვეითების ტიპისა და აუდიოგრამის მონაცემების მიხედვით. ყურსუკანა აპარატი საჭიროებს ინდივიდუალურ ნიჟარას, რომელიც გარეთა სასმენი მილის ზომის აღების შემდეგ ჩამოისხმება. ყურშიდა და განსაკუთრებით არხშიდა აპარატები თითქმის შეუმჩნეველია.

[checklist]

  • როგორ ხდება აპარატის დარეგულირება და რამდენად ხშირად არის საჭირო?

[/checklist]

პირველ ვიზიტზე ტარდება სმენის გამოკვლევა, დგინდება დაქვეითების ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში ხდება სასმენი აპარატის შერჩევა-მორგება. პაციენტი ორ-სამ კვირაში აპარატთან შეგუების შემდეგ მოდის განმეორებით ვიზიტზე, სადაც ხდება კონკრეტული, მისთვის საჭირო (სამუშაო გარემოში ან სახლის პირობებში)  პროგრამების შერჩევა, გასწორება და უშუალოდ დაკარგულ ბგერებზე მუშაობა. ასევე პაციენტს ენიშნება კითხვითი თერაპია, რათა დაკარგული ბგერები და ხმები კვლავ სწორად გააგონოს ყურს.

რაც შეეხება დარეგულირებისთვის ვიზიტების რაოდენობას – ეს ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის, პაციენტის აპარატთან შეგუებაზე.

[checklist]

  • სმენის აპარატების ექიმის დანიშნულების გარეშე შეძენის შესაძლებლობა თუ არის?

[/checklist]

უნდა გვახსოვდეს,  რომ არსებობს მრავალი სახეობის სასმენი აპარატი, მაგრამ მათი შერჩევა სპეციალისტის გარეშე შეუძლებელია. სასმენი აპარატი  არ არის ბანალური ყურსასმენი ან მხოლოდ ხმის გამაძლიერებელი საშუალება, არამედ წარმოადგენს სრულყოფილ დახვეწილ ტექნოლოგიას, რომელიც ახდენს სმენის რეაბილიტაციას და შენარჩუნებას, ასევე არსებული ჯანმრთელი  ნერვული სმენის რეცეპტორების გავარჯიშებას.  მასთან ადაპტაციისთვის საჭიროა მოთმინება, დრო და ვარჯიში, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ. შესაბამისად, არ არის რეკომენდებული ექიმის გარეშე აპარატის შერჩევა და შეძენა.

 

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე შშმ პირებს უმასპინძლეს [ვიდეო]

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე შეზღუდული შესალებლობის მქონე პირებს ვუმასპინძლეთ. სტუმრებს მათთვის გამოყოფილი სივრცე და ინფრასტრუქტურა დავათვალიერებინეთ.

შშმ პირებისთვის სტადიონზე 60 ადგილია გათვალისწინებული, ასევე საპარკინგე სივრცე, სველი წერტილი და კვების პუნქტი.

ბათუმის სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა საარჩევნო დავებიდან 

„ეს არის ცალსახად დაუსაბუთებელი“, – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის სამართლებრივი შეფასება მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. ქვეყნის მასშტაბით საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო დავების განხილვა დასრულდა – ასობით საჩივრის ფონზე თითზე ჩამოსათვლელად, რამდენიმე უბანზე ხმები ხელახლა გადათვალეს. პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსად, უკვე მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, რომ საოლქო კომისიებისგან ერთგვარი აღიარების მოსმენის მიუხედავად, რომ, მაგალითად, უბანზე „ხმების მეტობაა“, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში შაბლონს წერენ: „ეს გავლენას ვერ მოახდენს შედეგზე“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავებზე სულ 7 გაერთიანებული საჩივარი შევიდა. სასამართლომ მხოლოდ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

მას შემდეგ, რაც ბათუმის საოლქო კომისია 75 საჩივრიდან მხოლოდ ერთ უბანზე დათანხმდა ხმების გადათვლას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაერთიანებული საჩივრით სასამართლოს მიმართა. საჩივარი სულ 14 საუბნო კომისიას ეხებოდა და საია ამ უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. მოსამართლე კობა გოცირიძე არც ერთ უბანზე არ დათანხმდა ხმების ხელახლა გადათვლას.

„მოსამართლემ ფაქტობრივად საოლქო კომისიის მოსაზრებები გაიზიარა მხოლოდ, მას არ დაუსაბუთებია გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლე არ მიდის იმ შეფასების იქეთ, რომ ეს სასამართლოს შეფასებით არსებით გავლენას ვერ მოახდენდა შედეგზე. საოლქო კომისიაც აღიარებდა პროცესზე, ბევრია ბიულეტენიო… არსებობს ახსნა-განმარტებები, მაგრამ ეს უკვე არის საეჭვო გარემოება, უნდა გადამოწმებულიყო, თუ ნამდვილად ისეა, როგორც ეს ახსნა-განმარტებაშია მითითებული. მოსამართლეს არც პროცესზე უმსჯელია დასაბუთების ნაწილში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იურისტი პაატა დიასამიძე.

მოსამართლე კობა გოცირიძემ ხმების ხელახლა გადათვლასა თუ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა „სამართლიან არჩევნებსაც“. ეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია ბათუმის სასამართლოში ბათუმის საოლქო კომისიის სამ განკარგულებას ასაჩივრებდა.

„ჩვენ ვასაჩივრებდით შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსს, არასრულ მონაცემებს ოქმებში, გადასწორებას… ვითხოვდით ხმების გადათვლას და ოქმების ბათილად ცნობას, ასევე კომისიის წევრებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაგალითად, როდესაც ოქმში ციფრი გადასწორებულია და არ ახლავს შესწორების ოქმი, ეს იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – დაჯარიმებას 500 ლარით, მაგრამ საოლქო კომისიამ ჩათვალა, რომ მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა გამოეყენებია,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა.

მადონა ბერიძე ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო დავების გასაჩივრების შემჭიდროვებულ ვადებზეც.

„საღამოს 6 საათს აკლდა ზუსტად სამი წუთი, როცა სასამართლოს საჩივრები ჩავაბარეთ, მანამდე 2 საათი გვქონდა დრო საჩივრების მოსამზადებლად. ერთია რა გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, მაგრამ სერიოზული პრობლემაა ეს შემჭიდროვებული ვადები,“ – დასძინა მადონა ბერიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შედარებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გაუმართლა – მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ამ ორგანიზაციას ერთი საჩივარი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და 7 საჩივრიდან ხმების გადათვლას დათანხმდა ერთზე – ბათუმის 85-ე საარჩევნო უბანზე.

„ამ უბანზე პრობლემა იყო ის, რომ შესწორების ოქმიც არასწორად იყო შედგენილი,“ – გვიყვება მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი. – „შემაჯამებელ ოქმში „გირჩს“ მიღებული ხმების 4-ის ნაცვლად ჩაუწერეს ამ პარტიის სიის ნომერი – 36. ბალანსი არ ჯდებოდა. შესწორების ოქმში კი ისევ არასწორად ჩაწერეს მონაცემები… ხმების გადათვლის შედეგად საოლქო კომისიაში ამ დილით ეს დადასტურდა“.

მალხაზ ჭკადუას თქმით, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უარი თქვა ისეთ უბანზე ხმების ხელახლა გადათვლაზეც, სადაც შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 106 ხმით მეტობა გამოდიოდა.

„შესწორების ოქმით კი, პირიქით, ხმების ნაკლებობა დადგინდა. ეს იყო ბათუმის 69-ე უბანზე,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 4 საარჩევნო დავა ჰქონდა ხელვაჩაურის სასამართლოშიც. აქაც მოსამართლე  ნუგზარ მგელაძემ ერთი საჩივარი დააკმაყოფლა და 25-ე უბნის ხელახლა გადათვლას დათანხმდა.

25-ე უბანზე პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული და ბათილი ბიულეტენების ჯამი არ ემთხვევა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიამ ერთით მეტი ხმა ჩაუწერა, ხოლო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამ უბანზე იყო 8 და არა 7.

ბათუმის საოლქო კომისიის 38-ე განკარგულება გაასაჩივრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საჩივრებიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ გვქონდა გაერთიანებული საჩივარი, მოსამართლემ ფორმალური განხილვა მოაწყო, არც სხდომაზე და არც სხდომის შემდეგ ჩვენ ვერ მივიღეთ დასაბუთება, რატომ არ დაკმყოფილდა საჩივარი… საჩივრები ეხებოდა ბიულეტენების მეტობებს, დაკარგულ ბიულეტენებს, დისბალანსს,“ – გვითხრა იურისტმა უშანგი მიქელაძემ, იგი სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთ საჩივარზე, რომლითაც ეს პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგებს ქობულეთში ასაჩივრებდა – აქ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ცოტნე ანანიძეს საოლქო კომისიის მიერ დამატებული 22 ხმის შემდეგ აღარ დასჭირდა მეორე ტური.

საარჩევნო დავებს სააპელაციო სასამართლო დღეს საღამოს განიხილავს.

დაგვიანებული მკურნალობა – ბათუმში კოვიდით 39 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმის სამედიცინო ცენტრში 6 ნოემბერს Covid 19-თ გარდაიცვალა 39 წლის ნათია ჯაიანი, რომელსაც ვირუსი კლინიკაში შეყვანის შემდეგ, 4 ნოემბერს პისიარ ტესტით დაუდასტურდა. აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი შოკი და ესენციური ჰიპერტენზია. პაციენტი კლინიკაში 3 ნოემბერს მიიყვანეს.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმე იყო და შესაბამისად მოთავსდა რეანიმაციაში. კორონავირუსით ფილტვების დაზიანების ხარისხი იყო ძალიან მაღალი, კლინიკაში გვითხრეს, რომ გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობაა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით გარდაიცვალა 5 ადამიანი.

9 ნოემბრის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 37 675 პირი იმყოფება, აქედან  5 637 – თბილისში, 16 360 – აჭარაში და 4 403 პირი – იმერეთში.

ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი 21 საათამდე იმუშავებს – მერია

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება.

ბათუმის მერიის ცნობით, შეზღუდვების გათვალისწინებით, ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მუშაობას 21:00 საათზე დაასრულებენ.

ასევე, მერიის განცხადებით, ბათუმში დასუფთავების სამსახური შესაბამის სამუშაოებს 21:00 საათამდე შეასრულებს. რაც შეეხება „ბათუმის წყლის“ ტექნიკურ სამსახურებს, მათი მუშაობის გრაფიკი არ იზღუდება. გადაუდებელი გამოძახების შემთხვევაში რეაგირება ხორციელდება სემეკთან არსებული შეთანხმების შესაბამისად.

შეზღუდვის დროს მუდმივი გადაადგილების საშვის მისაღებად კომპანიებმა უნდა მიმართონ დარგობრივ უწყებებს, ხოლო მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე – მუნიციპალურ ინსპექციას ნომერზე – 577539485. ერთჯერადი გადაუდებელი საშვის ასაღებად მოქმედებს ცხელი ხაზი 144-1.

გვამის 150 ჩანთა არასაკმარისი აღმოჩნდა – აჭარის სამინისტრო დამატებით 300 ჩანთას ყიდულობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 300 ცალ გვამის ჩანთას ყიდულობს. უწყება აცხადებს, რომ ეს კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა გვამებისთვის სჭირდება და გადაუდებელი აუცილებლობის გამო ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 000 ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერით შესყიდული გვამის ჩანთების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ტენდერით კი, სამინისტრომ, 2020 წლის 9 სექტემბერს, გვამის 150 ჩანთა შეისყიდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესის თანახმად, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთაში. COVID19 ინფექციით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი გაიზარდა, რისთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდა ელექტრონული ტენდერით შესყიდული რაოდენობა და დადგა საჭიროება შესყიდვისა“, – აღნიშნულია განაცხადში, რომლითაც სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

პოტენციურ მიმწოდებლებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად დადგენილია, რომ შესასყიდი საქონლის მოსაწოდებლად საჭიროა ხელშეკრულების დადებიდან 5 დღე – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარაში, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ვირუსით კი 5 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსით სულ 193 ადამიანი გარდაიცვალა.

გახარია აქციაზე: ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ აქციასა და იქ განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო ინსტიტუტების “ნგრევის” მოწოდებად აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მომხდარზე მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს. საკოორდინაციო საბჭოზე გახარიამ ასევე თქვა, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილს ცესკოს შტურმით აღების მცდელობაც ჰქონდათ.

“ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა – სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“,-აცხადებს გახარია.

პრემიერი ასევე საუბრობს ოპოზიციასთან მოლაპარაკებების აუცილებლობაზე და მიიჩნევს, რომ პროცესებმა ქუჩიდან პოლიტიკურ პლატფრმებზე უნდა გადაინაცვლოს.

“ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა,” – აცხადებს გახარია.


ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა, გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, საოლქო კომისიები ან უარს ამბობენ საჩივრების განხილვაზე, ან ფორმალურად განიხილავენ. შესაბამისად, ისინი საპროტესტო აქციებზე ხელახალ არჩევნებსა და ცესკოს შემადგენლობის სრულად განახლებას ითხოვენ. 8 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციამ მასშტაბური აქცია გამართა, მოგვიანებით კი ცესკოსთან გადაინაცვლეს, სადაც პოლიციას ბარიკადები აქვს მოწყობილი.

სპეცრაზმმა ცესკოსთან შეკრებილ რამდენიმე ათეულ აქციის მონაწილეს, სანამ მათ რუსთაველის გამზირიდან დაძრული ნაკადი შეუერთდებოდა, წყლის ჭავლი დაუშინა. შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გუშინვე გაავრცელეს განცხადებები, რომ ხელისუფლების მიერ წყლის ჭავლის გამოყენება არაპროპორციული იყო და არღვევდა ადამიანთა თავისუფლად შეკრების უფლებას. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია კი მიიჩნევს, რომ ცივ ამინდში წყლის ჭავლის გამოყენება არასათანადო მოპყრობას უტოლდება.

აქციებზე მყოფ პირებზე გადაადგილების შეზღუდვა არ უნდა გავრცელდეს – IDFI

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი – IDFI  საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, არ მიიღოს Covid19-თან დაკავშირებული ისეთი შეზღუდვები, რომლებიც მიზანმიმართულად დააზიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ დღეიდან, 9 ნოემბრიდან, დაწესებულ შეზღუდვებზე, რომლის თანახმადაც ღამის 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე ქვეითად და ტრანსპორტით  გადაადგილება იკრძალება.

IDFI მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად კომენდანტის საათია და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

„კომენდანტის საათი სხვა არაფერია თუ არა მიმოსვლის თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა. სახელმწიფოს 7 ძირითად ქალაქში, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 50% ისთვის, ნებართვის გარეშე გადაადგილების ბლანკეტური/საყოველთაო აკრძალვა არ არის წერტილოვანი ღონისძიება.  ეს არის კომენდანტის საათი – „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის მასშტაბური ღონისძიება, რომელიც სახელმწიფოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ დაანონსებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ასახულა მთავრობის შესაბამის სამართლებრივ აქტში, რაც ნიშნავს, რომ კომენდანტის საათი დღეს ღამის 12 საათამდე ვერ ამოქმედდება,“ – ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IDFI-ის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

„აღსანიშნავია, რომ ზოგადად, კომენდანტის საათის მთავრობის მიერ ერთპიროვნულად, საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობის გარეშე დაწესება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ამასთან, მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური შეზღუდვის მიმდინარე/დაგეგმილ მანიფესტაციებზე გავრცელება მეტად გაამწვავებს ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ მდგომარეობას“.

რა უნდა ვქნათ 10 საათის შემდეგ, თუ სასწრაფო გვჭირდება და არ მოდის – გადაადგილების შეზღუდვა

დღეს, 9 ნოემბერს, 22:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილება შეიზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზეზით მთავრობამ წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 7 ნოემბერს გამოაცხადა.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პანდემიის პირობებიდან გამომდინარე მოქალაქეებს – არაკოვიდ პაციენტებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, ექიმების ჯგუფი კი მათ დროულად ვერ მიაკითხავს? – როგორც ამ დრომდეც ბევრჯერ ითქვა, გამოძახების სიმრავლის გამო სასწრაფოს ჯგუფი ადრესატამდე ხშირად რამდენიმე საათის დაგვიანებით მიდის, რასაც პანდემიის პირობებში დასაშვებად მიიჩნევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

ასეთ პირობებში მოქალაქეები ხშირად, მაგალითად, არაკოვიდ პაციენტების საავადმყოფომდე მისაყვანად საკუთარ რესურსებს იყენებდნენ. დაწესებული შეზღუდვის გამო, დღეს 22:00 საათის შემდეგ, ქუჩაში გასვლის შემთხვევაში მათ დაჯარიმება ელით.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქემ ნებისმიერ შემთხვევაში 112-ს უნდა მიმართოს. თუმცა, განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს მთავრობის ცხელ ხაზზე. ამ უწყების ცნობით, დღეს 17:00 საათზე აამოქმედებს ცხელი ხაზის ახალ ნომერს 14 41 – რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ერთჯერადი საშვის მიღებას შეძლებენ.

იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც დღეიდან, 22:00 საათის შემდეგ, შეზღუდვის პირობებში გამონაკლისის სახით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე გადაადგილება დასჭირდებათ, მთავრობა ერთჯერად საშვს დაუშვებს, საშვის მიღებას მოქალაქეები ცხელი ხაზის საშუალებით შეძლებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, რაზეც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვა არ შეეხება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს [ მაია ცქიტიშვილი ამ დღისთვის პრემიერის მოვალეობის შემსრულებელია, ვიდრე პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში კრონავირუსის გამო მკურნალობს].

ასევე გაიცემა საშვები “საოპერაციო  შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედიადაწესებულებების ფუნქციონირებისათვის და ასევე მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ ონლაინ გაიმართა

ანიმაციური ფილმების მე-12 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“ წელს განსხვავებულ ონლაინ ფორმატში გაიმართა. ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფესტივალების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.

ფესტივალზე შემოსული 2074 ფილმიდან, სელექცია გაიარა 118-მა ფილმმა, რომლებიც გადანაწილდა 7 საკონკურსო კატეგორიაში. ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიურის მიერ.

ფილმების ჩვენებებთან ერთად, ფესტივალი დატვირთული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამით. მასტერკლასები, ვორქშოპები, ფილმების ჩვენებები და სხვა საინტერესო აქტივობები, რომელიც ფესტივალ „თოფუზის“ ფარგლებში გაიმართა, საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ახალი იდეების აღმოსაჩენად და უნარების განსავითარებლად. „თოფუზი“ რეგიონში ანიმაციური ფილმების ყველაზე მასშტაბური ფესტივალია, რომელშიც ჩართული არიან ანიმაციურ კინოში მოღვაწე პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ახალგაზრდა დამწყები ხელოვანებისთვის. დღესდღეობით ანიმაციის სასწავლო სტუდიები საქართველოს 6 ქალაქში ფუნქციონირებს და მათ დაარსებას სწორედ ფესტივალ „თოფუზმა“ დაუდო სათავე.

მნიშვნელოვანია, რომ წელს, გლობალური პანდემიის მიზეზით, განსხვავებული ფორმატით, მაგრამ მაინც ჩატარდა ფესტივალი „თოფუზი“ და ვიმედოვნებთ, ის ისევ აღმოაჩენს ახალ ტალანტებს.

დეტალები იხილეთ ვებ გვერდზე: www.adf.ge

FB – www.facebook.com/festivaltofuzi

დღისით უნალექოდ, ღამით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე ბათუმსა და აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან წვიმა; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ნოემბერს ჰაერის ტემპერატურა აჭარაში იქნება:

  • სანაპირო რაიონებში ღამით 10-15 გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო;
  • მთაში, ღამით 2-7 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო.

ზღვის ტალღის სიმაღლე 5-10დმ (2-3ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსია.

მომდევნო ორ დღეს, 11 და 12 ნოემბერს, აჭარის სანაპირო ზოლში და მთიან რაიონებში ღამით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ელვა-ჭექა. 13 და 14 ნოემბერს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

სასწრაფოს თანამშრომლის კოვიდით დაღუპვის შემთხვევაში ოჯახს 10 000 ლარს მისცემენ – ბრძანება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრეზე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის 6 ნოემბერს გამოსცა. ბრძანება დღეს, 9 ნოემბერს, ამოქმედდა და ის 1-ლი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდება.

მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულებაში.

ამ დრომდე, აღნიშნული დებულების მიხედვით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი უფლებამოსილი იყო, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გაეცა ერთჯერადი ფულადი დახმარება, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით.

ეს უფლებამოსილება ცენტრის დირექტორს კვლავ უნარჩუნდება.

Exit mobile version