მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ძაღლის გული | ცოტნე ცხვედიანი

10.11.2020 • 2689
ძაღლის გული | ცოტნე ცხვედიანი

 

ავტორი: ცოტნე ცხვედიანი

ვისაც გახსოვთ 2011 წელი და 26 მაისი,  არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორ აშუქებდა მაშინ მედია  პროცესებს და როგორ სპეკულაციურ შეფასებას აძლევდნენ პოლიტიკოსები და ინტელექტუალები მოვლენებს. ვირუსულად ვრცელდებოდა აქციის მონაწილეთა კადრები, რომელზე დაყრდნობითაც მაყურებელს მთელი ეს პროცესი ჭკუიდან შეშლილი, მარგინალი ადამიანების  აგონიად  უნდა წარმოედგინა, რომელთაც ფეხი ვერ აუწყვეს პროგრესს და წარსულში დაბრუნება სურდათ.

მაშინ მათმა ამ სტრატეგიამ გაამართლა. ერთი მუჭა ხალხი მარტო დარჩა, ვერც შევამჩნიეთ, ძალიან სწრაფად მასხარების ხუმრობებს სასაკლაო მოჰყვა.  გარდაიცვალა  აქციის ორი მონაწილე  და პოლიციელი. ასობით ადამიანი დაშავდა, მრავალი მოქალაქე პოლიციის სასტიკი წამების მსხვერპლი გახდა. მაშინ ნეოლიბერალი ინტელექტუალები განსაკუთრებული ცინიზმით ხუმრობდნენ სიმღერაზე. აქციაზე იტალიელი მუშა ქალების სიმღერა Bella ciao ისმოდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ანტიფაშისტური წინააღმდეგობის მეომრებმა სამყაროს გააცნეს.

უფრო შორეული წლებიც უნდა გავიხსენოთ. ზვიად გამსახურდიას მომხრეების სრული გამარგინალება შეძლო პუტჩისტურმა მთავრობამ და ინტელიგენციამ. ტელევიზია და ჟურნალები მათ სახედაკარგულებად წარმოაჩენდა, ხოლო პარალელურად ჯაბა იოსელიანს პათეტიკურ სტატიებს უძღვნიდნენ.  მაშინ ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას მომხრეებით მიტინგის დახვრეტით დასრულდა.

ყველა, ვინც ახლა ცდილობს ხალხის  პროტესტი მხოლოდ რამდენიმე მარგინალი „ნაციონალის“ პროვოკაციად შერაცხოს და ასე მარტივად გასცეს ურთულეს კითხვებს პასუხი, ხვალ მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ სისასტიკეზე დახუჭავს თვალს. ეს უკვე ვნახეთ 20 ივნისს.

ქართული ოცნების „გამპრავებლებს“ დაავიწყდათ ნაციონალური მოძრაობის  „გამპრავებლების“ პროფესიული ავადმყოფობები.

„პოსტივის“ ეთერში [სამნი & Co.სამნი & Co.  2/11/2020]  ვნახეთ სიუჟეტი, რომელიც ეძღვნება  ლაშა ნაცვლიშვილის სტატიას, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა „პრაიმ ტაიმში“.

ლაშა ნაცვლიშვილი ცდილობს საკუთარი ტელევიზიის დახმარებით მოირგოს ბრძენის, უფრო მეტიც, წინასწარმეტყველის როლი. ჟურნალისტი ამბობს, რომ ნაცვლიშვილმა ზუსტად განჭვრიტა  მიმდინარე პროცესები.

სტატია გამჭრიახი  პროკურორის ხელითაა დაწერილი, თუმცა ოპერატიული მუშაობისთვის შეუფერებელი ფორმით. სამკაულებიან პოეტს ბაძავს და არაფერი გამოსდის: „ჭკნობამორეული ლეიბორისტი მეძავი, მიტოვებული ქალისთვის დამახასიათებელი შურისძიების დაუძლეველი ვნებით აღსავსე, ბოღმით თვალ და გონებადაბინდული ურწმესი ბერძენიშვილი”.

ნაცვლიშვილი ამ უნიჭო სახეებს არ ჯერდება და კომსომოლის ალღოთი ციტირებს ლენინს,  მაგრამ პოეზიაზე ცუდად გამოსდის.

სწორედ აქ ვხედავთ ლაშა ნაცვლიშვილის გამჭრიახობის ფორმულას. ის პოლიციელია და კრიმინალების სიტყვებით ლაპარაკობს, ამ წესით ის, რეაქციონერია  და უნდა მტრების,  რევოლუციონერების ენაც ისწავლოს. ორივე შემთხვევაში პროფესიულ აქცენტს ვერ იშორებს და ავიწყდება, რომ კომსომოლი რევოლუციონერი არ არის. ისინი  მაშინ ჩნდებიან, როცა რევოლუცია მთავრდება.

ლაშა ნაცვლიშვილს სჯობდა ამ ენაზე ესაუბრა აღსრულების პოლიციის ვეტერან მაღალჩინოსან ნიკა მელიასთან, რომელმაც მთავარი არხის ეთერში გუბაზ სანიკიძის წინააღმდეგ პოლიციური ჩაგვრის სცენა მოგვიწყო, შესაბამისი ფრაზებით და თეატრალური ჟესტებით.

მსხვილი კაპიტალი და მისი დაფინანსებული პარტიები ახერხებენ მშრომელი და უმუშევარი, ყველაზე უფრო ღარიბი ადამიანების მოტყუებას, იოლად შეძლეს  არსებული წინააღმდეგობა,  საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ.

ტოტალური უმუშევრობის და სიღარიბის პირობებში სამთავრობო და ოპოზიციური პარტიები ლამის ერთადერთ მსხვილ დამსაქმებლად მოგვევლინნენ. ისინი კორპორატიულ სულისკვეთებას თანამოქალაქეების ზიზღზე აგებენ.

პარტიები არიან ჟურნალისტების ლამის ერთადერთი დამსაქმებლები. ლექტორები და მასწავლებლები ასევე დასაქმებულნი არიან პროპაგანდისტულ ორგანოებში.

ამ ვითარებაში, როცა ორივე ძალა ასეთი ხერხებით იბრძვის, მთავრობა და მისი მომხრე ინტელექტუალები ცდილობენ დამალონ ხალხის ნამდვილი ტანჯვა და მრისხანება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: