მთავარი,სიახლეები

სად შეძლებთ ბათუმში D-დიმერის კვლევას, რითაც თრომბის განვითარების რისკი დგინდება

09.11.2020 • 4353
სად შეძლებთ ბათუმში D-დიმერის კვლევას, რითაც თრომბის განვითარების რისკი დგინდება

რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თრომბოემბოლიური გართულებები კოვიდისთვისაა დამახასიათებელი, მათ შორის, უსიმპტომო პაციენტებშიც, ამიტომ სისხლის საერთო ანალიზი და D–დიმერი, შესაძლოა, ბინაზე გადაყვანილ პაციენტებს ჩაუტარონ.

ბათუმის კოვიდსასტუმროში ოქტომბრის თვეში გარდაიცვალა 41 წლის ქალი, რომლის მდგომარეობაც მძიმედ არ იყო შეფასებული და მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი სწორედ კოვიდით გამოწვეული თრომბოემბოლია იყო. 

თრომბოემბოლიის დროს სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი სცილდება სისხლძარღვის კედელს, გადადის სისხლის ნაკადით და ახშობს სხვა, უფრო მცირე დიამეტრის სისხლძარღვს.

თრომბის განვითარების რისკის დადგენა შესაძლებელია სისხლის საერთო ანალიზისა და D – დიმერის კონცენტრაციის რაოდენობრივი განმსაზღვრელი კვლევით. ეს კვლევა, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ერთგვარი მარკერია თრომბოემბოლიური გართულების რისკისა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში D – დიმერის კვლევაზე მოთხოვნა გაიზარდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელებში კვლევის ხელმიუწვდომელობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ D – დიმერის კონცენტრაციის რაოდენობრივი განმსაზღვრელი კვლევა ვერსად ჩაიტარეს.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა, სად შეიძლება ბათუმში D – დიმერის კვლევის ჩატარება.  ჩამონათვალი ასეთია:

  • სამედიცინო კვლევითი ლაბორატორია „მერლაბი“

„მერლაბში“ გვითხრეს, რომ D – დიმერის კვლევა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ლაბორატორიაში, ასევე ბინაზე გამოძახებითაც. ლაბორატორიაში ეს კვლევა 50 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით კი – 60 ლარი.

ლაბორატორია „მერლაბში“ ამბობენ, რომ D – დიმერის კვლევაზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გაიზარდა, თუმცა რეაქტივების მარაგი აქვთ.

  • „მედცენტრი“ 

„მედცენტრში“ გვითხრეს, რომ D – დიმერის კვლევის მსურველები მათ კლინიკასაც სულ უფრო ხშირად მიმართავენ. კლინიკაში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ამ კვლევის რეაქტივები აქვთ, თუმცა რამდენ ხანს ექნებათ, არ იციან.

კვლევის ჩატარების მსურველს, თუ ის კოვიდინფიცირებული არ არის და თვითიზოლაციაში არ იმყოფება, შეუძლია „მედცენტრში“ ადგილზე მივიდეს.

D – დიმერის კვლევის ფასი „მედცენტრში“ მისვლისას 30 ლარია. ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების შემთხვევაში კი საფასურს 30 ლარი ემატება.

„მედცენტრში“ განმარტავენ, რომ D – დიმერის კვლევის ჩატარების სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ, პაციენტის ასაკის და მდგომარეობის მიხედვით.

  • სამედიცინო ცენტრი ციტო

D – დიმერის კვლევა სამედიცინო ცენტრ ცოტოშიცაა ხელმისაწვდომი. ლაბორატორიაში, ადგილზე მისვლის შემთხვევაში ეს კვლევა 52 ლარი ღირს, ბინაზე გამოძახებით კი 62 ლარი.

კოაგულოგრამის საფასური ამ ლაბორატორიაში 30 ლარია ადგილზე. შინ გამოძახების შემთხვევაში კი 40 ლარი.

  • საზღვაო ჰოსპიტალი

საზღვაო ჰოსპიტალში D – დიმერის კვლევის საფასური 50 ლარია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსურველი ადგილზე ჩაიტარებს კვლევას. ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისი ამ კვლევის ჩასატარებლად საზღვაო ჰოსპიტალს არ აქვს.

  • სამედიცინო ლაბორატორია „მრჩეველი“

ლაბორატორია „მრჩეველში“ D – დიმერის კვლევა 11 ნოემბრამდე შეჩერებულია, რადგან რეაქტივები დიდი მოთხოვნის გამო მალე გათავდა. 11 ნოემბრიდან ლაბორატორია რეაქტივებით მომარაგებას ელის.

კვლევა ამ ლაბორატორიაში შესაძლებელია როგორც ადგილზე მისვლით, ასევე ბინაზე გამოძახებითაც. D – დიმერის კვლევა „მრჩეველში“ 66 ლარი და 70 თეთრი ღირს – როგორც ადგილზე, ასევე ბინაზე გამოძახებით.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: