Batumelebi | ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.

სამინისტროს განმარტებით, ინფიცირებული ქალი იმავე დღეს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში. მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.

„პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებს მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ასევე 55 წლის ქალი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ფილტვების ანთება ჰქონდა და ის კლინიკის ნაცვლად, ასევე კოვიდსასტუმროში იყო გადაყვანილი. ქალის მდგომარეობა 24 საათში დამძიმდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გადაჰყავთ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები კლინიკებში და რატომ ტოვებენ მათ სასტუმროებში, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი პაციენტების მდგომარეობა არ იყო შეფასებული როგორც კრიტიკული.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ აღნიშნული გარდაცვლილი პირების კოვიდსასტუმროში გადაყვანა იყო შეცდომა, რადგან მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები და გადაიხედება თუ არა ამ მიმართულებით პროტოკოლი, ნინო ნიჟარაძე ამბობს: „ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია“.

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბათუმში, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი იყო გარდაცვლილი კორონავირუსით:

ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com