მთავარი,სიახლეები

იქნება აფთიაქში ვაქცინა სეზონური გრიპის წინააღმდეგ? სად ვიყიდოთ?

23.09.2020 • 3706
იქნება აფთიაქში ვაქცინა სეზონური გრიპის წინააღმდეგ? სად ვიყიდოთ?

„საქართველოში გრიპის ვირუსი ძირითადად ჩნდება ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ჩვენ ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს, რადგან იქნება თანხვედრა ორი ინფექციის – კოვიდის და გრიპის“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე დღის წინ.

გრიპის სეზონი წელს განსაკუთრებით ბევრს აშფოთებს, რადგან ამ დაავადების მთავარი სიმპტომები – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე ახალი კორონავირუსის სიმპტომების მსგავსია.

გრიპის სეზონი ახლოვდება, თუმცა ვაქცინა ჯერ ქვეყანაში არ არის. გრიპის ვაქცინა საქართველოში ოქტომბერში უნდა შემოვიდეს, სულ 135 000 ვაქცინა – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მანვე დასძინა, რომ ცდილობენ ეს მარაგი გააორმაგონ, თუმცა, ამ ვაქცინებს სახელწიფო შეიძენს ისეთი რისკის ჯგუფებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, ორსულები, დიაბეტის მქონე პირები და ა.შ., ხოლო მოსახლეობამ, ვინც რისკის ჯგუფში არ შედის, თავად უნდა იზრუნოს ვაქცინაციაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინას სეზონური გრიპით დაავადების რისკი შეუძლია შეამციროს 60%-ით მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში. შარშან სეზონური გრიპის ვაქცინა საქართველოში დეფიციტური იყო, ამაზე „ბათუმელებმა“ არაერთი სტატია მოამზადა, იყვნენ აცრის მსურველები, თუმცა ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში დაგვიანდა და ვაქცინა სააფთიაქო ქსელში არ იშოვებოდა.

რა ხდება წელს, ემზადება თუ არა ფარმაცევტული ბაზარი სეზონური გრიპის ვაქცინის შემოსატანად? – „ბათუმელები“ მსხვილ სააფთიაქო ქსელებს დაუკავშირდა ამის გასარკვევად.

„ავერსში“ გვითხრეს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინა უკვე შეკვეთილი აქვთ, თუმცა ვაქცინა საცალო ქსელში არ გაიყიდება:

„ჩვენ გვაქვს შეკვეთილი სამ და ოთხკომპონენტიანი სეზონური ვაქცინა. სამკომპონენტიანი ვაქცინა, „ინფლუვაკი“, შემოვა სექტემბრის ბოლოს და გადანაწილდება კლინიკებში, საცალო გაყიდვაში არ გაიყიდება. კლინიკები ატარებენ ვაქცინაციას და შესაბამისად, მოთხოვნის მიხედვით, ვაქცინა გადაეგზავნებათ კლინიკებს.

რაც შეეხება ოთხკომპონენტიან ვაქცინას, „ვაქსიგრიპს“, ეს ვაქცინა მოგვეწოდება ნოემბრის თვეში“, – გვითხრეს კომპანია „ავერსის“ პრესსამსახურში. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ვაქცინაციის ფასს კლინიკა თავად ადგენს, „ჩვენი მხრიდან ფასი არ შეიცვლება, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი“, – გვითხრეს პრესსამსახურში.

კორონავირუსისა და გრიპის ზოგადი სიმპტომები

კომპანია „გეფაში“ ამბობენ, რომ სამკომპონენტიან, ჰოლანდიურ ვაქცინას ისინი სექტემბრის ბოლოს ელოდებიან, ხოლო ოთხკომპონენტიან, ფრანგულ ვაქცინას – ნოემბერში. „გეფა“ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ორ მსხვილ სააფთიაქო ქსელს მართავს – „ფარმადეპოსა“ და „ჯიპისის“.

აქ გვითხეს, რომ შარშანდელთან შედარებით წელს უფრო მეტ ვაქცინას შემოიტანენ, თუმცა ეს დამოკიდებულია მომწოდებლებზეც, რადგან სეზონური გრიპის ვაქცინაზე მსოფლიოში მოთხოვნა გაიზარდა კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

„ჩვენ მაქსიმუმი გვაქვს შეკვეთილი „სანოფისთვის“ [ოთხკომპონენტიანი, ფრანგული ვაქცინის მწარმოებელი კომპანია], გვინდა 30 000 მაინც შემოვიტანოთ, რაც შარშანდელზე მეტია, მაგრამ ჯერჯერობით არ გვაქვს პასუხი „სანოფისგან“, რამდენს მივიღებთ. ეს კომპანია, პირველ რიგში, აკმაყოფილებს სახელმწიფო ტენდერებს და შემდეგ გადადის კომერციულ სექტორზე“, – გვითხრეს „გეფაში“. კომპანიაში ამბობენ, რომ ფასი გრიპის ვაქცინაზე სავარაუდოდ გაიზრდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება, ამიტომ აცრა უნდა გაკეთდეს გრიპის სეზონის დაწყებამდე. ცენტრის ცნობით, ვაქცინაციისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, თუმცა იქნება თუ არა ხელმისაწვდომი ამ დროისთვის გრიპის ვაქცინა ყველა მსურველისთვის, ჯერ უცნობია.

„ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც დაუკავშირდა კითხვით, აქვს თუ არა ცენტრს რეკომენდაციები კერძო სექტორისთვის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. აქ გვითხრეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ საკითხზე განცხადებას გაავრცელებს მას შემდეგ, როგორც კი საქართველოში სახელწიფოს მიერ შეკვეთილი სეზონური გრიპის ვაქცინა შემოვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: