მთავარი,სიახლეები

იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე

09.11.2020
იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე

დღეს, 9 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საღამოს ათი საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციას ღამის 10 საათის შემდეგ „მოჰყვება ადეკვატური, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაუკონკრეტებია, რა სახის რეაგირებას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, 9 ნოემბრიდან ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება დილის 5 საათამდე როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით. მთავრობის ცნობით, პირი, რომელიც ამ რეგულაციას დაარღვევს, 2 000 ლარით დაჯარიმდება.

დღეს, ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. ოპოზიციური პარტიები არ გეგმავენ საქართველოს პარლამენტში შესვლას.

აქციები მიმდინარეობს ბათუმსა და თბილისში. ოპოზიცია ითხოვს ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.

გუშინ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ, მათ შორის ჟურნალისტებიც. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: