მთავარი,სიახლეები

ბათუმის სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა საარჩევნო დავებიდან 

09.11.2020 • 1228
ბათუმის სასამართლომ მხოლოდ 1 საჩივარი დააკმაყოფილა საარჩევნო დავებიდან 

„ეს არის ცალსახად დაუსაბუთებელი“, – ასეთია საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის სამართლებრივი შეფასება მოსამართლე კობა გოცირიძის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. ქვეყნის მასშტაბით საქალაქო სასამართლოებში საარჩევნო დავების განხილვა დასრულდა – ასობით საჩივრის ფონზე თითზე ჩამოსათვლელად, რამდენიმე უბანზე ხმები ხელახლა გადათვალეს. პოლიტიკური ოპოზიციის მსგავსად, უკვე მესამე სექტორის წარმომადგენლებიც საუბრობენ იმაზე, რომ საოლქო კომისიებისგან ერთგვარი აღიარების მოსმენის მიუხედავად, რომ, მაგალითად, უბანზე „ხმების მეტობაა“, მოსამართლეები გადაწყვეტილებებში შაბლონს წერენ: „ეს გავლენას ვერ მოახდენს შედეგზე“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო დავებზე სულ 7 გაერთიანებული საჩივარი შევიდა. სასამართლომ მხოლოდ ერთი საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

მას შემდეგ, რაც ბათუმის საოლქო კომისია 75 საჩივრიდან მხოლოდ ერთ უბანზე დათანხმდა ხმების გადათვლას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაერთიანებული საჩივრით სასამართლოს მიმართა. საჩივარი სულ 14 საუბნო კომისიას ეხებოდა და საია ამ უბნებზე ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. მოსამართლე კობა გოცირიძე არც ერთ უბანზე არ დათანხმდა ხმების ხელახლა გადათვლას.

„მოსამართლემ ფაქტობრივად საოლქო კომისიის მოსაზრებები გაიზიარა მხოლოდ, მას არ დაუსაბუთებია გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, მოსამართლე არ მიდის იმ შეფასების იქეთ, რომ ეს სასამართლოს შეფასებით არსებით გავლენას ვერ მოახდენდა შედეგზე. საოლქო კომისიაც აღიარებდა პროცესზე, ბევრია ბიულეტენიო… არსებობს ახსნა-განმარტებები, მაგრამ ეს უკვე არის საეჭვო გარემოება, უნდა გადამოწმებულიყო, თუ ნამდვილად ისეა, როგორც ეს ახსნა-განმარტებაშია მითითებული. მოსამართლეს არც პროცესზე უმსჯელია დასაბუთების ნაწილში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იურისტი პაატა დიასამიძე.

მოსამართლე კობა გოცირიძემ ხმების ხელახლა გადათვლასა თუ სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა „სამართლიან არჩევნებსაც“. ეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია ბათუმის სასამართლოში ბათუმის საოლქო კომისიის სამ განკარგულებას ასაჩივრებდა.

„ჩვენ ვასაჩივრებდით შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დისბალანსს, არასრულ მონაცემებს ოქმებში, გადასწორებას… ვითხოვდით ხმების გადათვლას და ოქმების ბათილად ცნობას, ასევე კომისიის წევრებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას, მაგალითად, როდესაც ოქმში ციფრი გადასწორებულია და არ ახლავს შესწორების ოქმი, ეს იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – დაჯარიმებას 500 ლარით, მაგრამ საოლქო კომისიამ ჩათვალა, რომ მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა გამოეყენებია,“ – გვითხრა მადონა ბერიძემ, „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორმა.

მადონა ბერიძე ყურადღებას ამახვილებს საარჩევნო დავების გასაჩივრების შემჭიდროვებულ ვადებზეც.

„საღამოს 6 საათს აკლდა ზუსტად სამი წუთი, როცა სასამართლოს საჩივრები ჩავაბარეთ, მანამდე 2 საათი გვქონდა დრო საჩივრების მოსამზადებლად. ერთია რა გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, მაგრამ სერიოზული პრობლემაა ეს შემჭიდროვებული ვადები,“ – დასძინა მადონა ბერიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შედარებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ გაუმართლა – მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ამ ორგანიზაციას ერთი საჩივარი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და 7 საჩივრიდან ხმების გადათვლას დათანხმდა ერთზე – ბათუმის 85-ე საარჩევნო უბანზე.

„ამ უბანზე პრობლემა იყო ის, რომ შესწორების ოქმიც არასწორად იყო შედგენილი,“ – გვიყვება მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი. – „შემაჯამებელ ოქმში „გირჩს“ მიღებული ხმების 4-ის ნაცვლად ჩაუწერეს ამ პარტიის სიის ნომერი – 36. ბალანსი არ ჯდებოდა. შესწორების ოქმში კი ისევ არასწორად ჩაწერეს მონაცემები… ხმების გადათვლის შედეგად საოლქო კომისიაში ამ დილით ეს დადასტურდა“.

მალხაზ ჭკადუას თქმით, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უარი თქვა ისეთ უბანზე ხმების ხელახლა გადათვლაზეც, სადაც შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 106 ხმით მეტობა გამოდიოდა.

„შესწორების ოქმით კი, პირიქით, ხმების ნაკლებობა დადგინდა. ეს იყო ბათუმის 69-ე უბანზე,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ 4 საარჩევნო დავა ჰქონდა ხელვაჩაურის სასამართლოშიც. აქაც მოსამართლე  ნუგზარ მგელაძემ ერთი საჩივარი დააკმაყოფლა და 25-ე უბნის ხელახლა გადათვლას დათანხმდა.

25-ე უბანზე პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული და ბათილი ბიულეტენების ჯამი არ ემთხვევა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ხელვაჩაურის საოლქო კომისიაში ხმების გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიამ ერთით მეტი ხმა ჩაუწერა, ხოლო ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ამ უბანზე იყო 8 და არა 7.

ბათუმის საოლქო კომისიის 38-ე განკარგულება გაასაჩივრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოში. მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ საჩივრებიდან არც ერთი არ დააკმაყოფილა.

„ჩვენ გვქონდა გაერთიანებული საჩივარი, მოსამართლემ ფორმალური განხილვა მოაწყო, არც სხდომაზე და არც სხდომის შემდეგ ჩვენ ვერ მივიღეთ დასაბუთება, რატომ არ დაკმყოფილდა საჩივარი… საჩივრები ეხებოდა ბიულეტენების მეტობებს, დაკარგულ ბიულეტენებს, დისბალანსს,“ – გვითხრა იურისტმა უშანგი მიქელაძემ, იგი სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს იცავდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთ საჩივარზე, რომლითაც ეს პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგებს ქობულეთში ასაჩივრებდა – აქ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ცოტნე ანანიძეს საოლქო კომისიის მიერ დამატებული 22 ხმის შემდეგ აღარ დასჭირდა მეორე ტური.

საარჩევნო დავებს სააპელაციო სასამართლო დღეს საღამოს განიხილავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: