ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გვამის 150 ჩანთა არასაკმარისი აღმოჩნდა – აჭარის სამინისტრო დამატებით 300 ჩანთას ყიდულობს

09.11.2020
გვამის 150 ჩანთა არასაკმარისი აღმოჩნდა – აჭარის სამინისტრო დამატებით 300 ჩანთას ყიდულობს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 300 ცალ გვამის ჩანთას ყიდულობს. უწყება აცხადებს, რომ ეს კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა გვამებისთვის სჭირდება და გადაუდებელი აუცილებლობის გამო ტენდერის გარეშე შეისყიდის. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 000 ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, ტენდერით შესყიდული გვამის ჩანთების რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა. ამ ტენდერით კი, სამინისტრომ, 2020 წლის 9 სექტემბერს, გვამის 150 ჩანთა შეისყიდა.

„ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა დაკრძალვის წესის თანახმად, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, გარდაცვლილი თავსდება გვამის ჩანთაში. COVID19 ინფექციით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი გაიზარდა, რისთვისაც არასაკმარისი აღმოჩნდა ელექტრონული ტენდერით შესყიდული რაოდენობა და დადგა საჭიროება შესყიდვისა“, – აღნიშნულია განაცხადში, რომლითაც სამინისტრომ შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

პოტენციურ მიმწოდებლებთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად დადგენილია, რომ შესასყიდი საქონლის მოსაწოდებლად საჭიროა ხელშეკრულების დადებიდან 5 დღე – აცხადებენ სამინისტროში.

აჭარაში, 9 ნოემბრის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ვირუსით კი 5 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აჭარაში კორონავირუსით სულ 193 ადამიანი გარდაიცვალა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: