მთავარი,სიახლეები

ნახევარი მილიონი აგიტატორების ხელფასებისთვის – „ოცნების“ 1 თვის ხარჯი

10.11.2020 • 1036
ნახევარი მილიონი აგიტატორების ხელფასებისთვის – „ოცნების“ 1 თვის ხარჯი

ახალი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინეს, „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის აგიტატორების შრომის ანაზღაურებისთვის 592 207 ლარი დახარჯა. აუდიტისთვის წარდგენილი დეკლარაცია 13 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

ამ დრომდე წარდგენილ დეკლარაციებში პარტიას კოორდინატორებისა და  აგიტატორებისთვის ხელფასის სახით დარიცხული თანხების შესახებ არაფერი ჩაუწერია. თუმცა „ოცნების“ კოორდინატორებმა ბათუმში, თბილისში, ოზურგეთში, ქობულეთსა და ხულოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ როგორც აგვისტოში, ასევე სექტემბრის თვეში ანაზღაურება მიიღეს – თითოეულმა თვეში 150 ლარი.

აგიტატორების ხელფასის გარდა პარტიის დეკლარაციაში ნაჩვენებია იმ პირების ხელფასების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც „ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ორგანიზებისთვის ჰყავდა დასაქმებული.

მათგან ყველაზე მაღალი ანაზღაურება, 10 000 ლარი ლაშა ნაცვლიშვილს მიუღია, ის „ოცნების“ მრჩეველია სტრატეგიული კომუნიკაციების დარგში. შემდეგ მოდის გიორგი კობახიძე, ოპერატიული პიარსამსახურის პროდიუსერი – მისი ხელფასი 5000  ლარია.

საერთო ჯამში 17 პირის ხელფასებში ოცნებას 39 888 ლარი გადაუხდია.

ამ პერიოდში მმართველ პარტიას კერძო პირებისა და კომპანიებისგან, შეწირულობის სახით, 4 მილიონ 972 260 ლარი აქვს მიღებული.

__

ამავე თემაზე:

კოორდინატორების არმია – ფორმულა, რითაც „ოცნება“ გამარჯვებას ცდილობს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: