მთავარი,სიახლეები

ვის აკლდება ბათილი ბიულეტენები

09.11.2020 • 1332
ვის აკლდება ბათილი ბიულეტენები

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ცესკოს ვებგვერდზე ატვირთულმა ოქმებმა, დისბალანსის და ქაოსურად ჩასწორებული ციფრების გარდა, ბათილი ბიულეტენების ოდენობითაც მიიქცია ყურადღება. შესაბამის გრაფაში ჩაწერილი ციფრები აჩვენებს, რომ ბევრ საარჩევნო უბანზე 100-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, შესაბამისად დაიკარგა ამდენივე ხმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს. „11 665 ბათილი ბიულეტენი დაფიქსირდა, 3478  ბიულეტენი კი დაკარგულად ითვლება“, – ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი ბათუმის საოლქო კომისიაში უშანგი მიქელაძე.

ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მიზანმიმართულად აფუჭებენ არა „ოცნების“, არამედ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერ ბიულეტენებს. შესაბამისად, ესეც გაყალბების ერთ-ერთი გზაა. ოპოზიციაში აცხადებენ იმასაც, რომ ეს ხმები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შემთხვევაში ძირითადად იმ პარტიებს დააკლდათ, რომელთა მონაცემებიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ბარიერს მიახლოებული იყო. ასევე დააკლდათ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული სიით დამატებით კიდევ ერთი ან ორი მანდატის მოსაპოვებლად.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ბიულეტენი ბათილდება თუ ის დამოწმებული არ არის რეგისტრატორის ხელმოწერითა და ასევე ბეჭდით. ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება, თუ შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა [შემოხაზულია ერთზე მეტი სუბიექტი, გადახაზულია ყველა სუბიექტი და ა.შ.], კონვერტში აღმოჩნდა დადგენილ რაოდენობაზე მეტი საარჩევნო ბიულეტენი, საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ყუთში აღმოჩნდა კონვერტის გარეშე …

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, რესპუბლიკელ თამარ კორძაიას ინფორმაციით, რაზეც მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, პროპორციული უბნების ოქმების რაოდენობა, სადაც დისბალანსი დაფიქსირდა 986 -ია. ამ უბნებზე დაკარგული [გამქრალი] ბიულეტენების რაოდენობა არის 4025, ხოლო პროპორციული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 63 335. იმ უბნებზე, სადაც არ ჯდება ბალანსი მოსული ამომრჩევლის რაოდენობა არის 597 633.

„შესაბამისად, სადავოა 597 633 ადამიანის ხმის დათვლის შესაძლებლობა. ეს ამომრჩევლის 17%, ხოლო არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველი 31 %-ია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მონაცემებში არ შეგვიყვანია სპეციალური უბნების შედეგები“.

რაც შეეხება მაჟორიტარულს, კორძაიას ინფორმაციით, 2000-ია ისეთი მაჟორიტარული უბანი, რომელშიც არ ჯდება ბალანსი. ამ უბნებზე დაკარგული [გამქრალი] ბიულეტენების რაოდენობა არის 13 125, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა – 81 931, ხოლო მოსული ამომრჩევლის რაოდენობა სადაო უბნებში არის 1 124 544.

„არჩევნებზე მოვიდა 1 970 000 ადამიანი. ნახევარზე მეტი ადამიანების ხმების დათვლა არის საეჭვო იმიტომ, რომ ყველა უბანი 2000 უბნიდან არის საეჭვო. შესაბამისად, საქართველოს საერთო ამომრჩევლის 31%-ის ხმები შეუძლებელია დაითვალოს და ეს მონაცემები არის საეჭვო”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

დისბალანსები ოქმებში საარჩევნო ადმინისტრაციებმა კომისიის წევრების, ძირითადად მდივნის და თავმჯდომარის ახსნა-განმარტებითი ბარათების საფუძველზე გაასწორეს. გასწორების ოქმების მიხედვით, იმ უბნებში, სადაც ასზე მეტი ბათილი ბიულეტენი ფიქსირდებოდა, მათი ოდენობა უმეტესწილად 40-20-მდე შემცირდა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ასეთ შემთხვევაშიც მაღალია.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათილი ბიულეტენების სტატისტიკა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ [ცესკო] 8 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ ინფორმაციით, 2020 წლის პარლამენტის პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო პროცენტული მაჩვენებელი 3.28%-ია, ხოლო მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.14%-ია. ცესკოს ინფორმაციაში დიფერენცირებული არ არის გაბათილებული ოქმებიდან რამდენ შემთხვევაში გაფუჭდა ბიულეტენი რეგისტრატორის ბეჭდის ან ხელმოწერის არქონის გამო და რამდენჯერ ამომრჩევლის მიზეზით.

ცესკო განმარტავს, რომ  პარლამენტის არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან. მაგალითად, 2016 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით პროპორციულ ნაწილში ნაკლებია 0.15%-ით, ხოლო მაჟორიტარული წესით ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით მცირედით მეტია, კერძოდ 0.03%-ით [ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 62 680 ].

წელს ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის, გადაეცათ 2 ბიულეტენი როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდებოდა საკრებულოს შუალედური ან მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლებმა 3 ბიულეტენი მიიღეს. ხოლო აჭარის რეგიონში (6 მუნიციპალიტეტში) 4 ბიულეტენი – 2 საქართველოს პარლამენტის, 2 კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის. ბათუმის ოლქში ბათილი ბიულეტენების გადახედვა იყო ერთ-ერთი მოთხოვნა, რითაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა, სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ოპოზიცია დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: