მთავარი,სიახლეები

დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან წინასაარჩევნო კამპანიაც იკრძალება

09.11.2020 • 1048
დიდ ქალაქებში საღამოს 10 საათიდან წინასაარჩევნო კამპანიაც იკრძალება

მთავრობის დადგენილებით, 9 ნოემბრიდან ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე იკრძალება საჯარო სივრცეში ყოფნა.

აღნიშნული დადგენილება, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით „საცხოვრებელ ადგილზე მოსახლეობის დარჩენის უზრუნველსაყოფად“ მიიღო და ცვლილება იზოლაციისა და კარანტინის წესებში შეიტანა.

ამ წესების ერთ-ერთი პუნქტით, რომელიც მთავრობამ წინასაარჩევნოდ, 9 სექტემბერს, დაამტკიცა, „იზოლაციისა და კარანტინის წესებით განსაზღვრული ღონისძიებები არ ვრცელდება წინასაარჩევნო კამპანიაზე (აგიტაციაზე)“.

9 ნოემბრის დადაგენილებაში კი მთავრობამ ხაზგასმით მიუთითა, რომ აღნიშნული პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ შვიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვაზე, ანუ, საღამოს 10 საათიდან [დილის 5 საათამდე] გადაადგილება, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა, წინასაარჩევნო კამპანია-აგიტაციის მიზნითაც აკრძალულია.

რა პერიოდით გაგრძელდება გადაადგილების შეზღუდვა, უცნობია. პარალელურად, მმართველი პარტია რამდენიმე ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული წესით არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, ოპოზიცია კი, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და არც მეორე ტურში აპირებს მონაწილეობის მიღებას.

ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა და მათ დასაკმაყოფილებლად აქციებს მართავს. შესაბამისად, აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ აპირებენ დაემორჩილონ ქალაქებში დაწესებულ შეზღუდვებს.

8 ნოემბერს თბილისში, ცესკოს შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა, 19 პირი კი პოლიციამ დააკავა. აქცია დაიშალა და ის რუსთაველის გამზირზე დღეს, 9 ნოემბერს, საღამოს 6 საათიდან განახლდება. საპროტესტო აქცია იმართება ბათუმშიც.

ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი [IDFI] მიიჩნევს, რომ ის, რასაც ხელისუფლებამ გადაადგილების შეზღუდვა დაარქვა, რეალურად კომენდანტის საათია და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას.

IDFI-ის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს გაიზიაროს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება კომენდანტის საათის გამოყენების თაობაზე, მან საკმარისი სიცხადით უნდა გაწეროს, რომ იგი არ ვრცელდება პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მიზნით ან იმყოფებიან შეკრების ადგილას.

ასეთი რამ მთავრობის დადგენილებაში გაწერილი არ არის.

დადგენილების მიხედვით, გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება მხოლოდ:

  • „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე;
  • საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებზე/სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
  • ჟურნალისტებზე, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებზე, რომელთა სიაც შეთანხმებულია ოპერაციულ შტაბთან;
  • განსაკუთრებული ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ პირებზე/ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე“.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 9 ნოემბერს რუსთაველზე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ვერ უერთდება, არჩევნების შედეგებს სახლიდან გააპროტესტებენ. ღონისძიება სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ კი უარს ამბობს დაემორჩილოს 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვას.

_____________

ფოტოზე: პოზიციის აქცია ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი 

https://netgazeti.ge/news/496775/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: