რას ფიქრობთ კაცზე, რომელიც ქალს სცემს და ფსიქოლოგიურად ძალადობს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის ქუჩებში 11 კაცს ესაუბრა. ამჯერად თავად კაცებს ვკითხეთ, როგორ ესმით, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობა? ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა დასახმარებლად, ან როგორი კაცია მოძალადე? პასუხების მოსმენის შემდეგ მკაფიოდ გამოჩნდა ერთი რამ: თაობებს შორის შეხედულებები იცვლება. იცვლება ლექსიკაც, რომლითაც თაობები ძალადობის შესახებ საუბრობენ.
მაგალითად, ხანში შესული კაცები ქალის მიმართ ხშირად ახსენებენ ფრაზებს: „მანდილოსანია და მოფერება სჭირდება“, „პოლიცია არაა საჭირო, მოითმინოს“, ან „თუ დამნაშავე არაა, რატომ სცემეს?“ შუა ასაკის კაცები ამ ტერმინებს ნაკლებად იყენებენ, ძალადობას ემიჯნებიან, თუმცა უჭირთ იმის აღწერა, თუ რა არის, მაგალითად, ფსიქოლოგიური ძალადობა.
სიტყვა „ფსიქოლოგს“ კი ახალგაზრდა კაცები ყველაზე ხშირად ახსენებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მოძალადეს და მსხვერპლ ქალსაც, პირველ რიგში, ფსიქოლოგი სჭირდება. ახალგაზრდების ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა „დაზარალებულიც“. ახალგაზრდები ამ თემაზე საუბარს უფრო იმაზე აქცენტირებით იწყებენ, რომ სურთ, დაზარალებულის მხარეს დადგნენ.
კიდევ ერთი ტენდენცია – ნებისმიერი თაობის კაცებს საერთო ჯამში ერთი რამ აერთიანებთ: ძალადობის თემაზე აღარავინ „ღლიცინებს“. ამ საკითხზე უფიქრიათ და არავინ გეტყვით ფრაზას, რასაც წლების წინ ხშირად მოისმენდით, როცა ანალოგიურად კითხვას დასვამდით: „პრობლემები დაილია?“
ხანში შესულები: „ქალს უნდა მოეფერო“
„ქალს უნდა მოფერება“, – გვითხრა ბათუმელმა ჯუმბერ რომანაძემ, რომელსაც ცენტრალურ პარკში ვესაუბრეთ ქალებზე ძალადობის შესახებ. მას მიაჩნია, რომ კაცი, რომელიც ქალზე ძალადობს, არაკაცია, თუმცა იმავდროულად მისთვის გასაგებია მიზეზი, რის გამოც ოჯახში კონფლიქტი შესაძლოა ხდებოდეს. ჯუმბერ რომანაძე დაუშვებლად მიიჩნევს, ძალადობის გამო ქალმა პოლიციას მიმართოს.
„თუ არ ჰყავს პატრონი ახლა და უპატრონოა, ძმა არ ჰყავს, მამა, მაშინ უნდა მიმართოს პოლიციას, აბა, რა უნდა ქნას, თუ ძმა ჰყავს, მიხედავს უპოლიციოდაც… ოჯახი ო-ჯახია, პრობლემები ყველგან არის, ხანდახან ხდება, მაგრამ სულ არაა საჭირო ჩხუბი. პოლიცია შორს. ქალები რომ ძალადობენ მამაკაცებზე, მაგას რატომ არ ამბობთ? ყველაფრის უფლება რომ მისცეს ქალებს?“ – კითხულობს ჯუმბერ რომანაძე.
რა შემთხვევაში არის ქალი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი? – კითხვის პასუხად რესპონდენტმა ასეთი შემთხვევა მოიყვანა: „მაგალითად, ქალს ფული არ მიაქვს ოჯახში, ბავშვებს ხო ჭამა უნდათ?“
თუკი ახალგაზრდები გეტყვიან, რომ ქალები თავად გააქტიურდნენ და მედიაც ხშირად აშუქებს ძალადობის შემთხვევებს, ხანში შესულებს მიაჩნიათ, რომ ოჯახში ძალადობის გაზრდილი სტატისტიკა ძირითადად სიღარიბეს უკავშირდება.
„გაჭირვებამ და უმუშევრობამ, უფულობამ მოიტანა ეს, როცა ადამიანი გამოუვალ სიტუაციაშია და აღარ იცის, რა ქნას… უკიდურეს სიტუაციაში უნდა მიმართოს ქალმა პოლიციას, ეს უნდა იყოს უკიდურესი გამოსავალი. აჯობებს ერთმანეთში გამონახონ საერთო აზრი, ვიდრე პოლიციას უთხრან,“ – გვიპასუხა ემზარ გოგიტიძემ. ქალებზე საუბრის დროს მანაც ახსენა, რომ საჭიროა „მოფერება და დარიგება“.
„ფსიქოლოგიური ძალადობა მოდის უფულობისგან, გაჭირვებიდან, კაცი ყველაფერზე ნერვიულობს… როცა კაცი კმაყოფილია ფულით, ცხოვრებით, იმას ძალადობა არ სჭირდება,“ – მიიჩნევს კაკო თურმანიძე. ისიც მიიჩნევს, რომ ძალადობა დაუშვებელია, თუმცა არ მიიჩნევს, მაგალითად, რომ ძალადობაა, როცა ქალს, ან თუნდაც საკუთარ ცოლს სამოქმედო სივრცედ მხოლოდ ოჯახი და სამზარეულო განუსაზღვრა.
„მე ვარ მამაკაცი და ოჯახს ვმართავ მე, ქალი უნდა იყოს სახლში, „კუხნაში“, კაცი წავიდეს, მოიტანოს, ქალმა მისი საქმე გააკეთოს, ქალის ბიზნესის და პოლიტიკის არ მჯერა მე… როგორც თანამედროვე კაცი, ასე მივიჩნევ,“ – კატეგორიულია კაკო თურმანიძე და დამატებითი კითხვების მოსმენა ამ საკითხზე აღარ სურს.
კაკო თურმანიძე დარწმუნებულია იმაშიც, რომ, მაგალითად, მის ცოლს არასდროს გასჩენია ან არ უნდა გაუჩნდეს პროტესტი მისი ამგვარი დამოკიდებულების გამო. კაკო თურმანიძეს ჩვენ ასევე ვკითხეთ, რატომ შეიძლება არ სურდეს ქალს აკეთოს ბიზნესი ან პოლიტიკა.
„ვარიანტი არაა, ჩემი ცოლი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, მაგას მან არ იტყვის, არც მისი შვილები და შვილიშვილები. ჩემს სიცოცხლეში მასეთი რამე არ მოხდება… თუ აქვს მაგის სურვილი, რომ მისმა ტვინმა მაი გაქაჩოს [ბიზნესი]… მე ჩემს ქალს – იამზე კახიძეს ვთხოვ, რომ ქუხნაში ცხელი საჭმელი დამახვედროს, სახლი სუფთად დამხვდეს,“ – გაცხარდა კაკო თურმანიძე.
განსხვავებულად ფიქრობს რეზო მიქელაძე, რომელსაც ბულვარში შევხდით. მასაც მიაჩნია, რომ სიღარიბეა ძალადობის მთავარი მიზეზი, თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად ქალებს სთხოვენ ოჯახის რჩენას.
„უმეტესად კაცის ბრალია ძალადობა… არაფერი არ შემოაქვს კაცს ოჯახში და ავალებენ ქალს, ასე ხდება უმეტეს შემთხვევაში,“ – ამბობს რეზო მიქელაძე.
„თუ დამნაშავე არაა, რატომ სცემს და ძალადობს? ესე იგი, რაღაცას აშავებს ქალი, რომ მამაკაცი უჯავრდება… გამოდის, რომ ან „იგულავა“ ქალმა სხვასთან, ან რამე არასწორი გააკეთა ისეთი, რაც ქმარს არ გაუხარდა,“ – გვიპასუხა რომან ნაკაშიძემ.
მისი აზრით, ძალადობა დაუშვებელია, თუმცა „პოლიციამდე არ უნდა მივიდეს საქმე“ და თუ კაცი არ გამოსწორდება, დაშორება ჯობია. რომან ნაკაშიძეს მტკიცედ სჯერა, რომ ძალადობას თავისი მიზეზი ანუ გამართლება აქვს.
შუა ასაკი: „ქალმა უნდა დათმოს ცოტა
მოძალადის გამართლებისკენ საუბრის წაყვანას რომ ცდილობენ, ასეთი კაცის პოვნა საშუალო ასაკის ადამიანებშიც არაა რთული.
„გააჩნია სიტუაციას, რა მხრივ ცემს, რა მიზნით ეჩხუბება… ყველა სიტუაციას გააჩნია თავისი მუხლი, მიზეზი, პუნქტი, არის სიტუაციები, როცა მამაკაცი მართალია, არის სიტუაციები, როცა მანდილოსანია მართალი,“ – გვიპასუხა რუსლან მამულაძემ. ის ჭავჭავაძის ქუჩაზე სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს.
რუსლან მამულაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია ქალზე ძალადობის საიდუმლოდ შენახვის ტრადიცია.
„არ გვსურს ქართველებს გახმაურება, იხარშავს ბევრი თავისთვის გულში, რომ სხვამ არ გაიგოს, არ გაიგონოს, ცუდად არ იფიქროს, ვინ რას იფიქრებს, ეს ძალიან ცუდია… თუ ადამიანს ვერ გააგებინებ, ჯობია, ჩხუბს და ძალადობას, გაშორდე,“ – დაასრულა რუსლან მამულაძემ.
ფსიქოლოგიურ ძალადობად, მაგალითად, ჯაბა შაინიძეს კაცის მხრიდან „ცოტა ხმის წამოწევა“ მიაჩნია. მისი აზრით ეს ტრადიციის ნაწილია, რადგან „ოჯახის უფროსი კაცია და მთავარი სიტყვა კაცმა უნდა თქვას“.
„უნდა არსებობდეს შეთანხმება, მაგრამ თუ ვერ ეთანხმება წყვილი ერთმანეთს, პოლიციაში მიმართვამდე, ჯერ ერთმანეთში უნდა მოიძებნოს პრობლემა. ოჯახში მეტი პასუხისმგებლობა მამაკაცზეა… რაღაც მომენტში ქალმა უნდა დათმოს ცოტა,“ – ასრულებს ჯაბა შაინიძე.
ახალგაზრდები: შესაძლოა, არ მივმართო პოლიციას, მაგრამ ეს ცუდია
„ძალადობა არ ნიშნავს მაინცადამინც იმას, რომ ფიზიკურად იძალადო. ძალადობაა, როცა მორალურ ზემოქმედებას ახდენ ქალზე და ბრძანებებს იძლევი, რადგან ფიქრობ, რომ მამაკაცი უფრო ჭკვიანია, ვიდრე ქალი,“ – მიიჩნევს ომარ ტუნაძე. ის სტუდენტია.
როგორი კაცია მოძალადე?
„ვფიქრობ, რომ უფრო გაუცნობიერებელია ის ადამიანი, ძირითადად კულტურამ განსაზღვრა მისი ცნობიერება… კაცს ჰგონია, რომ ის არის ყველაფრის მცოდნე, რაც, ბუნებრივია, არაა სწორი. ეს მხოლოდ მითოლოგიაა, რომ კაცი ყოველთვის ქალზე უფრო ჭკვიანია,“ – გვიპასუხა ომარ ტუნაძემ.
ის არ გვიმალავს, რომ მის გარშემოც ყოფილა ძალადობის შემთხვევა და კონფლიქტის მიჩუმების შემდეგ განცდა დარჩა, რომ რეალურად მოძალადე არ შეცვლილა. ომარი მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ქალს და მოძალადესაც, პირველ რიგში, ფსიქოლოგი სჭირდება და შესაძლებელია, გარკვეულ შემთხვევებში, მოძალადის შეცვლა ფსიქოლოგმა შეძლოს.
„ქალი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა გაძლიერდეს… მოძალადის შემთხვევაში კი, მთავარი პრობლემა გაუნათლებლობაა,“ – დასძინა ომარ ტუნაძემ და მერე დანანებით იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ხშირად თავად ქალები არ აქტიურობენ, როცა მიაჩნიათ, რომ კაცი და მისი სურვილებია მთავარი.
ფსიქოლოგიაზე აკეთებს აქცენტს რომა ახალაძეც.
„ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია ასეთი კაცი, ვინც ძალადობს. ალბათ, უნდა მიმართონ სპეციალურ დაწესებულებებს, სადაც მსგავს საკითხებს განიხილავენ. იმედია, არის მსგავსი დაწესებულებები,“ – მიიჩნევს რომა ახალაძე.
უფროსი თაობისგან განსხვავებით, რომა ასევე იყენებს ფრაზას „დაზარალებული ქალი“.
„თუ არის საჭირო, ჩავერევი და აუცილებლად დავეხმარები დაზარალებულ ქალს, მორალურად დავუდგები გვერდით,“ – აღნიშნა მან.
„მოძალადეებს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, ციხე. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ ეს პრობლემა… ვხედავ, რომ იმატებს ეს შემთხვევები. უფრო სწორად, ხშირად აშუქებს მედია და პოლიციისთვის მიმართვამაც იმატა. უნდა გადალახონ ქალებმა ეს პრობლემა, ჩვენ ბევრი რამ უნდა გადავლახოთ ერთად, ეს არაა სირცხვილი…“ – გვითხრა გურამ გოგოტიშვილმა.
როგორ იმოქმედებთ, თუკი გაიგებთ, რომ რომელიმე თქვენი ახლობელი მოძალადეა?
„გულზე ხელი რომ დავიდო და სიმართლე გითხრათ, მეც რომ გავიგო, შესაძლოა, არ მივმართო პოლიციას, მაგრამ ეს ჩამორჩენილი მენტალიტეტია, ცუდია… მეც რაღაც მაკავებს, ეს უნდა გადავლახოთ. ცუდია შეხედულება, რომ ეს თითქოს სხვისი საქმეა,“ – გვიპასუხა გურამ გოგოტიშვილმა.