კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ბულვარში სასტუმროს აშენება დაუშვებელია – კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრი

17.02.2021 • 2654
ბულვარში სასტუმროს აშენება დაუშვებელია – კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრი

კულტურის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დასკვნით, ბათუმის ბულვარში, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 16-სართულიანი სასტუმროს აშენება უკანონო და დაუშვებელია.

კომპანია „ამბასადორ ბათუმს“ ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ 21 იანვარს მისცა, რასაც  ბათუმში პროტესტი მოჰყვა.

16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე საზოგადოება „ბათომი“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] სამართლებრივ დავას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში არსებითად დაეყრდნო კომპანიის დაკვეთით მომზადებულ კვლევას, რომელიც ბულვარის მიმდებარედ არსებული მასშტაბური მშენებლობების გათვალისწინებით, ბულვარის ტერიტორიაზეც დასაშვებად მიიჩნევდა მსხვილმასშტაბიანი შენობების აშენებას.

ამ დასკვნის საპირისპიროდ, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭომ საბაღე-საპარკო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობასთან და ძეგლის დაცვის პრინციპებთან შეუთავსებლად მიიჩნია.

ეს ცენტრი  საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ორგანოა.

„ბოლო ათწლეულში ბულვარის მიმდებარე მონაკვეთში განხორციელებული აგრესიული ინტერვენციის შედეგად აშენებულმა მაღლივმა შენობებმა – „ანბანის კოშკი“, სასტუმრო „რადისსონ ბლუ“, „პალმა“ და ტექნიკური უნივერსიტეტი, კანონით დადგენილი რეგულაციების დაცვის საჭიროება კი არ შეარბილა, პირიქით, მისი დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა და გააორმაგა. ცხადი გახადა, რომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში განხორციელებული მსგავსი უხეში ჩარევებით ქალაქის თვითმყოფადობას სრული გაქრობის საფრთხე შეექმნა… თუმცა აქამდე გადადგმული უპასუხისმგებლო ქმედებების გამო არ უნდა დავუშვათ ბულვარის, ქალაქის და საზოგადოების დაზარალება“, – წერია დასკვნაში.

სამეცნიერო საბჭო ასევე მიუთითებს, რომ  შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების გზები უნდა გამოიძებნოს ბათუმის ბულვარის, როგორც ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის ინტერესების უპირატესობის გათვალისწინებით, რასაც უზრუნველყოფს  საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

დასკვნაში ნათქვამია ისიც, რომ 2018 წელს თავად კომპანიის დაკვეთით მომზადებული სახელოვნებათმცოდნეო დასკვნაც პირდაპირ მიუთითებს ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი მშენებლობის დაუშვებლობაზე. კერძოდ კი, დასკვნაში, რომელიც დღემდე ინახება სააგენტოში, პირდაპირ საუბარია, რომ დაუშვებელია „მიმდებარედ არსებული ახალი მოცულობითი მასშტაბური ფორმების გამეორება-მიბაძვა“.

სპეციალისტები წერენ, რომ ბულვარში, საბაღე-საპარკო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა კომპანიის მიერ ძეგლის რეაბილიტაციადაა წარმოდგენილი.

კანონმდებლობის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ძეგლის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს წარმოადგენს, თუმცა ვერც სააგენტო და ვერც თავად კომპანია ვერ ასაბუთებს, როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ბულვარი, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მასში მაღალი მასშტაბის ბეტონისა და შუშის სასტუმროს მშენებლობამ, რომელზეც ცალსახა უარყოფითი საექსპერტო და საზოგადოებრივი შეფასებები არსებობს.

___________

ფოტოზე: აქცია ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობის აგების წინააღმდეგ. ფოტო: „ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: