კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა

17.01.2020
უნდა გაიზარდოს თუ არა „ამბასადორ ბათუმის“ პროექტის მასშტაბი ბულვარში – რიჟვაძე უარზეა

„რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, არსებული ნებართვის პირობებში რამდენ სართულზეც არის თანხმობა, უნდა აშენდეს იმდენი, არც მეტი და არც ნაკლები ერთმნიშვნელოვნად“  – გვიპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორ ბათუმის“ სამშენებლო პროექტის მასშტაბის გაზრდასთან დაკავშირებით.

კომპანიამ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, შეთანხმებული ოთხსართულიანი პროექტის [ამას ემატება სამი სართული მიწის ქვემოთ] კიდევ 11 სართულით გაზრდა მოითხოვა. მთავრობის თავმჯდომარემ გვითხრა ისიც, რომ ამ საკითხზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ უკვე იმსჯელა და უარი თქვა.

თორნიკე რიჟვაძეს ვკითხეთ ისიც, ამ მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემთხვევაში ეჭვქვეშ ხომ არ დადგება გადაწყვეტილება ბულვარის განაშენიანების გეგმის მომზადებასთან დაკავშირებით, რასაც საზოგადოებაში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა:

„ჩვენ ჩვენს პოლიტიკაში ვართ აბსოლუტურად თანმიმდევრულები და თუ გადახედავთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ეს თანმიმდევრულობა იგრძნობა ყველაფერში ცალსახად. რაც შეეხება ბულვარის განაშენიანების გეგმას, ეს არის მიმდინარე დოკუმენტი, რომელზეც ძალიან კარგი რეპუტაციის მქონე პარტნიორები მუშაობენ. როცა დასრულდება, ეს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს ბულვარში რაიმე სახის ხელოვნურ ჩარევას ან ხელოვნურ განაშენიანებას. რა თქმა უნდა, ამაშიც ჩვენ ვიქნებით პრინციპული და თანმიმდევრულები,“ – გვითხრა თორნიკე რიჟვაძემ.

ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორ ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვს.

კომპანიამ ბულვარში სამშენებლო მოედანი 2016 წელს მოაწყო. ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა.

საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება და გათხრის მასშტაბები ბათუმში თავიდანვე ამძაფრებდა ეჭვებს, რომ კომპანიას აქ უფრო მაღალი შენობის აგება სურდა. ეს ეჭვები 2019 წლის ბოლოს დადასტურდა, როდესაც კომპანიამ სააგენტოს ძეგლების საბჭოს შენობის მასშტაბის გაზრდის მოთხოვნით მიმართა.

ვინ და რატომ აძლევს რუსეთის მოქალაქეებს ბულვარში უკანონო მშენებლობის უფლებას 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: