განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ და რას ასწავლის ბათუმელი მასწავლებელი, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა

17.06.2019 • 6930
როგორ და რას ასწავლის ბათუმელი მასწავლებელი, რომელიც ეროვნული ჯილდოს ათეულში მოხვდა

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მაია მენაბდე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის ამ კონკურსზე მისმა ყოფილმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მაია მენაბდე ბათუმის მე-3 საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „შპს განათლებაში“ მუშაობს. რითია გამორჩეული პედაგოგის პრაქტიკა, რა სიახლეებს ნერგავს სკოლაში და რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც, მისი აზრით, პედაგოგმა მომავალ თაობას უნდა გადასცეს? საკუთარ გამოცდილებასა და მეთოდებზე პედაგოგი „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ქალბატონო მაია, როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს თქვენი განსაკუთრებულობა, როგორც პედაგოგის და რითი გამოირჩევით სხვა კოლეგებისგან?

ყოველთვის ვცდილობ, ვიყო ინოვაციური, შემოქმედებითი, ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ და ვცდილობ, ეს სიახლე ყოველდღიურად შევიტანო ჩემს საგაკვეთილო პროცესში.

ერთ მაგალითს მოვიყვან, როცა დავინახე, რომ მოსწავლეებს სასვენი ნიშნების გამოყენების პრობლემა ჰქონდათ, ერთ დღეს მოვიფიქრე ასეთი რამ, რომ დაგვეწესებინა სასვენი ნიშნების დღე. აუცილებლად უნდა გვქონოდა რაღაც სახალისო აქტივობა, რომლის დროსაც ბავშვები უკეთ გაიგებდნენ სასვენი ნიშნების მნიშვნელობას. მოვიძიე ვახტანგ ჯავახაძის, ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსები სასვენ ნიშნებზე, ვუკითხავდი ლექსებს, სადაც არ იყო გამოყენებული სასვენი ნიშნები და ვაჩვენებდი, როგორ უშლიდა ინტონაციას ხელს სასვენი ნიშნების გამოუყენებლობა.

მოკლედ, ეს გრძელდებოდა მთელი სემესტრის მანძილზე და მნიშვნელოვნად შეიცვალა ბავშვების დამოკიდებულება. განსაკუთრებით ელოდნენ ამ დღეს ბავშვები, სახალისოც გახდა და საინტერესოც.

  • რისი ბრალია სასვენი ნიშნების მიმართ მოსწავლეების გულგრილობა, იმის ხომ არა, რომ, ვთქვათ, წინა წლებში გრამატიკა არ ისწავლებოდა ცალკე საგნად?

ზოგადად, ეს პრობლემა ადრეც იყო და ახლაც არის, მაგრამ სოციალური ქსელების აქტიურმა გამოყენებამაც გაააქტიურა, რადგან სოცქსელებში კომუნიკაციის დროს ბავშვები არ იყენებენ სასვენ ნიშნებს და ეს ჩვევა გადააქვთ შემდეგ ფურცელზე წერის დროსაც. შეიძლება იყოს უცხო ენის გავლენაც.

ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტებზე მუშაობის სწავლება. მაგალითად, მეექვსე წელია მაქვს მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი, სადაც ვატარებთ მონოლოგების კონკურსს ე.წ. TED-ის ფორმატში და ამაში ჩართული არიან სხვა სკოლების მოსწავლეებიც.

„ახალ სცენაზე“ გავაკეთეთ მონოლოგები, თვითონ ბავშვები ირჩევდნენ მათთვის აქტუალურ, საინტერესო თემებს, ირჩევდნენ პრობლემას და მისი გადაჭრის გზებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობდნენ 8 წუთის განმავლობაში.

მსგავს მონოლოგებს გაკვეთილებზეც ვაკეთებდით და ეს ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს.

რაც არ უნდა კარგი მოსწავლე იყოს, ჰაგიოგრაფიის სწავლება მაინც დამთრგუნველია. შევეცადე, ეს პროცესი გამემარტივებინა. ბავშვები დავაჯგუფე, ისტორიკოსებად, ლიტერატორებად, გეოგრაფებად და ა.შ. ყველამ მათი მიმართულებით იმუშავა. შემდეგ ეს ნამუშევრები ბლოგზე თვითონ განათავსეს. ყველაზე პასიური ვინც იყო, სწორედ მას დავავალე ბლოგის მართვა. ამ ყველაფერმაც კარგად იმუშავა.

  • რა პრობლემებზე ამახვილებენ მოზარდები ძირითადად ყურადღებას. რა საკითხები აინტერესებთ, რა აწუხებთ ყველაზე მეტად?

მაგალითად, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა,  უფროსების დამოკიდებულება ახალგაზრდების ჩაცმულობაზე, ზოგადად, განსხვავებულობის პრობლემა და დამოკიდებულება განსხვავებულების მიმართ, ქველმოქმედებაზე ჰქონდათ კიდევ საინტერესო თემები…

  • დღეს საუბარია იმაზე, რომ მოზარდებში გაზრდილია დეპრესიული ფონი. თუ ასწავლით გამოწვევების მართვას, თუ გქონიათ მსგავსი პრაქტიკა და რა ტიპის ცოდნას აძლევთ ბავშვს, გაქვთ რაიმე თქვენეული მეთოდი, რომელიც გამოცდილია პრაქტიკაში?

დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი, რადგან სოციალური ქსელების გააქტიურებამ  და სხვადასხვა გამოწვევამ გამოააშკარავა ჩვენი აგრესიულობა, მოძალადეობრივი დამოკიდებულება და ბავშვებიც ხდებიან ამის მსხვერპლი. რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. როცა ვხედავ, რომ ბავშვი ინდიფერენტულია, ან არ შედის კონტაქტში, ან აგრესიულია, ვცდილობ, პრობლემის გადაჭრის ჩემეული გზა ვიპოვო. ვეძებ ფსიქოლოგიურ თამაშებს. ერთხელ გამოვიყენე ფილმი, სადაც მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზეა  აქცენტი. მასწავლებელი შედის ძალიან აგრესიულ გარემოში, სადაც თეთრკანიანი და შავკანიანი ბავშვები კლანებად არიან დაყოფილი და მასწავლებელი ამ ბავშვებს ფსიქოლოგიურ თამაშს უტარებს. ეს თამაში გამოვიყენე ჩემს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, მე ეს კონკრეტული კლასის საჭიროებებსა და პრობლემებს მოვარგე და ვფიქრობ, რომ იმუშავა. საკუთარ თავზე დაკვირვება ხშირად გადამწყვეტია ადამიანისთვის, ყურადღებას ვაქცევ, რომ ბავშვებმა ისწავლონ თვითშეფასება და ეს სწორედ  საკუთარ თავზე დაკვირვებით მოდის.

  • სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ არა მარტო ბავშვებს, მოზარდებსაც უჭირთ წაკითხულის გააზრება. თქვენ როგორ ასწავლით კითხვის მნიშვნელობას, წაკითხულის გააზრებას  ბავშვებს, რაიმე განსაკუთრებული მიდგომა გაქვთ?

პირველ რიგში, აქ მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს ბავშვის დამოკიდებულება წიგნთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვი ხედავდეს, რომ უფროსიც კითხულობს. მე თუ რაიმეს წავიკითხავ და მომეწონება, აუცილებლად შემაქვს მათთან, ვესაუბრები ამაზე, ვუზიარებ ჩემს შთაბეჭდილებებს, მაგრამ არ ვავალებ, რომ აუცილებლად წაიკითხონ. შეიძლება ისეთ წიგნებზე მისაუბრია, რომლებიც მათი ასაკისთვის არ იყო შესაფერისი, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შეიძლება ამან დაგაინტერესოთ და ფრაგმენტულად, ეს შთაბეჭდილებები აქვთ ბავშვებს გონებაში ჩარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ შენი ემოციები დაკავშირებული იყოს კითხვასთან და ამას უნდა ხედავდნენ ბავშვები. კითხვამ უნდა გამოიწვიოს ფიქრი, ემოცია… ბუნებრივია, ყველაზე არ მოქმედებს, მაგრამ ეს არის ბიძგი იმისკენ, რომ ბავშვები წიგნებით დაინტერესდნენ.

ვფიქრობ, ჩემი სწავლების განსხვავებულობა იმაშია, რომ ყველანაირად ვცდილობ, ბავშვები ყველა პროცესში ჩავრთო, რაც მათ პასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს.

პასუხისმგებლობის სწავლება ლაპარაკით არ ხდება, გამოცდილება აჩვენებს, რომ რაც უფრო ჩავრთავთ  ბავშვებს ამა თუ იმ პროცესში და მივცემთ სადავეებს, ისინი ბევრად უფრო კარგად გააკეთებენ. მკითხველთა კლუბის მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა. ისინი გეგმავენ თემებს, ბლოგებს ქმნიან, მონაწილეობენ ინტერნეტპლატფორმის მართვაში.

  • ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ განათლება არ არის მხოლოდ ბევრი წიგნის წაკითხვა, არამედ გააზრება იმის, რას ვკითხულობთ და რას ვსწავლობთ აქედან. როგორ ასწავლით რა არის მთავარი ღირებულება, როგორ აწვდით ბავშვს?

ყველაფერი სწორედ აქეთკენ უნდა მიდიოდეს. მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა არაფრის მიმცემი არ არის ბავშვისთვის, თუ მას არ გაუჩნდა სწორი დამოკიდებულებები, სწორი ღირებულებები. ამიტომ, მე ამისთვის არ ვიყენებ მხოლოდ წიგნებს. მაგალითად, ბევრჯერ გამიკეთებია ანიმაციები, რომლებიც სწორედ ღირებულებებს გვასწავლის. რა არის სიკეთე, სიზარმაცე, რას იწვევს რასიზმი უფროსებში და ა.შ. –  ვუყურებთ და განვიხილავთ.

ბევრჯერ გამომიყენებია არასაპროგრამო მასალები, რადგან ასეთ რესურსებს მოკლებულნი არიან ბავშვები. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო გაკვეთილზე სტატიები, მონოლოგები, სატელევიზიო სივრცეში იყო ასეთი გადაცემა –  „ჩაის თემა“, სადაც ღირებულებებზეა ყურადღება გამახვილებული და ვასმენინებ ხოლმე. ჯერ ერთი, მოსმენის პრაქტიკაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს საზოგადოებაში დგას ამის პრობლემა. ვცდილობ, სხვადასხვა მხრიდან დავანახო ეს ღირებულებები მათ. კითხვის დროს მთავარია რა გაიგო, რა დაინახა და დაალაგა თუ არა მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი.

  • ზოგადად, არსებობს დამოკიდებულება, რომ ქართულის მასწავლებელმა ბავშვებს უნდა ასწავლოს პატრიოტიზმი და ხშირად ეს სწავლება გადადის გარკვეულ იდეოლოგიაში, ნაციზმში, განსხვავებულის მიუღებლობაში. თქვენ როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას?

არავითარ შემთხვევაში. მე ცალსახად მივიჩნევ, რომ მსგავსი იდეოლოგიური დამოკიდებულება არის დრომოჭმული. თვითონ ბავშვებიც არ მიგიღებენ ასეთს. ისინი სხვანაირად არიან განვითარებული, მათი ინტერესის, ინფორმაციის სფერო ბევრად უფრო ვრცელია, ამას არ მიიღებენ ბავშვები, თუ, რა თქმა უნდა, ეს იძულებით არ ხდება.

ზოგადად, მასწავლებლობა ბეწვის ხიდზე სიარულია. ამიტომ ვცდილობ, რომ ფრთხილად ვიარო ამ ხიდზე და არავის ზედმეტად არ მოვახვიო ჩემი შეხედულება.

ყოველთვის ვცდილობ, მათგან წამოვიდეს ინტერესი, თვითონ გამოთქვან ღიად რაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები, რომ შეეჩვიონ ბავშვები განსხვავებული აზრის მოსმენას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მათ არ აქვთ, ეს მინდა გაიაზრონ. ეს იქნება უმცირესობების, რელიგიის თუ სხვა საკითხები. ვცდილობ, ყველა მიმართულებით დავიცვათ ეს პრინციპი, თორემ რაც გვჭირს დღეს საზოგადოებას, ყველაფერი ნათელია, რატომაც გვჭირს.

  • გახშირდა მოზარდების გამოყენება ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფებების მხრიდან. რა შეიძლება გააკეთოს სკოლამ, რომ მოზარდები არ აღმოჩნდნენ ამ ძალების გავლენის ქვეშ?   

ისევ და ისევ სწორი ღირებულებების სწავლება და ამაზე ყურადღების გამახვილებაა მნიშვნელოვანი. განვითარებული საზოგადოება შეთანხმებულია იმაზე, რა არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები და ყველა განვითარებულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს გათავისებული.

თუკი რაიმე ღირებული შეუქმნია კაცობრიობას, სწორედ ამ ღირებულებებს ემყარება. სამშობლოს სიყვარული იწყება ძალიან მარტივიდან და ეს არ არის გულზე მჯიღის რტყმა, არამედ ის, თუ რამდენად პირნათლად ვასრულებთ ჩვენს საქმეს. სამშობლოს სიყვარული იწყება ჩვენი ყოველდღიური დამოკიდებულებით ერთმანეთის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: