მთავარი,სიახლეები

ბულვარში უკანონო მშენებლობა დადასტურდა, რა მოხდება თუ „ამბასადორი“ თვითნებობას გააგრძელებს

24.06.2020
ბულვარში უკანონო მშენებლობა დადასტურდა, რა მოხდება თუ „ამბასადორი“ თვითნებობას გააგრძელებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, ბათუმის ბულვარში შეთანხმებულ ოთხსართულიან პროექტზე უნებართვოდ მეხუთე სართულის მშენებლობისთვის შპს „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა. ჯგუფმა მშენებლობა მას შემდეგ შეამოწმა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება შპს “ამბასადორის” შენობის სართულიანობის ცვლილებას, კერძოდ, ნაცვლად 4 სართულისა, კომპანიას მე-5 სართულის აშენება აქვს დაწყებული.

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ კომპანია მეხუთე სართულის დაშენების დაწყებისთვის დააჯარიმა, ამავდროულად წერს იმასაც, რომ „შენობის სიმაღლის საერთო მოცულობა არ გაზრდილა“. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, პროექტის მიხედვით რა სიმაღლის უნდა იყოს შენობა და უკვე აშენებული შენობას რა სიმაღლე აქვს.

კმდს განმარტებით, გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირების მიზნით, სასამართლოშია გადაგზავნილი.

სააგენტოს დირექტორის მოადგილის ოლეგ ბოლქვაძის განმარტებით, კომპანია გააფრთხილეს ასევე, რომ შეაჩეროს მშენებლობა და მუშაობა მხოლოდ პროექტის შესაბამისად გააგრძელოს:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ისევ დავაჯარიმებთ კომპანიას გასამმაგებული ჯარიმით და ამჯერადაც გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ჯარიმას კიდევ გავასამმაგებთ და ასე შეიძლება გაგრძელდეს – ამას ითვალისწინებს კანონი. ჩვენი პრაქტიკის მიხედვით სასამართლო ერთი კვირიდან ერთი თვის ვადაში განიხილავს ასეთ საქმეებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენ სასამართლოსგან მხოლოდ დაჯარიმებას არ ვითხოვთ, ვითხოვთ მშენებლობის პროექტის შესაბამისობაში მოყვანასაც“.

დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე გავლენიანი კომპანიის, შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

კომპანიას ოთხი სართულის მშენებლობის [პლუს სამი მიწის ქვემოთ] ნებართვა აქვს, თუმცა 15 სართულის აშენება სურს. ცოტა ხნის წინ, კომპანიას, ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით და საკრებულოს თანხმობით, მიმდინარე მშენებლობის გვერდით გადასცა მიწის ნაკვეთი იჯარით, 15 წლის ვადით. ამ საკითხის მხარდაჭერა, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ საკრებულოს თავმჯდომარეს, სხდომის მიმდინარეობისას გაგზავნილი sms – შეტყობინებითაც მოსთხოვა: „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. 

_____

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ, შპს „ამბასადორს“, 2018 წლის 16 იანვარს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბათუმის ზღვისპირა ბულვარში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის ნებართვა მიანიჭა.

სააგენტოს ინფორმაციით, ნებართვის საფუძველზე, მიმღები კომისია, სამუშაოების შუალედურ მონიტორინგს, დადგენილ ვადებში ახორციელებდა, თუმცა მიმდინარე მშენებლობასა და სააგენტოსთან შეთანხმებული პროექტის შესაძლო შეუსაბამობასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო კითხვები.

„2019 წლის 13 ნოემბერს საპროექტო დოკუმენტაციიდან კიდევ ერთი გადახვევის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ შპს ,,ამბასადორი’’ ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და კომპანია 10 000 ლარით დაჯარიმდა.“

უკვე დაწყებულია მუშაობა ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაზე, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ბათუმის ბულვარისთვის არსებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება, ძველი ბულვარის კონსერვაცია, სარეკრეაციო ზონის, კვების თუ დასასვენებელი ობიექტების მოწესრიგება.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: